LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავები მემკვიდრეობაზე – რა დროს მოგიწევთ სასამართლოში წასვლა ქონების მისაღებად

14
show195

გადაცემა ,,კანონის ფარგლებში” ამჯერად ეთერს უთმობს თემას, რომელზეც ნაწილობრივ ერთ–ერთ პირველ გადაცემაში ვისაუბრეთ, თუმცა კითხვები და პრობლემური საკითხები ისევ აქტუალურია, მოქალაქეებს აინტერესებთ, რა უნდა ქნან მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, თუ არსებობს ანდერძი, ან თუ პირის გარდაცვალებიდან 6 თვეში ნოტარიუსს არ მიმართეს, ამიტომ გადავწყვიტეთ იურისტი აბელ გეგია მოგვეწვია სტუმრად და მისი რჩევები გაგვეზიარებინა თქვენთვის.

– პირველ რიგში გვითხარით, მემკვიდრეობის რა სახეები არსებობს და ამ კუთხით რამდენად ხშირია დავები?

– პრაქტიკაში ხშირია ასეთი დავები. კანონი ცნობს მემკვიდრეობის ორ სახეს – პირველი : ნათესავები, მშობელი, შვილები, ცოლი და მეორე – როცა მამკვიდრებელი წერს ანდერძს და თავად განსაზღვრავს, ვის დარჩება მისი ქონება. თუ გარდაცვლილი პირი ანდერძს არ შეადგენს, მის საკუთრებაში არსებული ქონება გადავა კანონით მემკვიდრეებზე. თუ მას პირველი რიგის მემკვიდრეები ჰყავს ანუ მეუღლე, შვილები, მშობლები, მათ დარჩებათ ქონება. ასეთ დროს მეორე რიგის მემკვიდრეებზე ქონება არ განაწილდება.

– თუ არსებობს ანდერძი, ასევე მემკვიდრეები, მაგრამ ანდერძში ნახსენებია უცხო პირი, ასეთ დროს რა ხდება?

– სამოქალაქო კოდექსმა დაუშვა ცნება: სავალდებულო წილი. ეს ნიშნავს, რომ თუ მოანდერძემ ქონება დაუტოვა უცხო პირს, შვილს და მეუღლეს კი არაფერი უანდერძა, კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები მაინც მიიღებენ ქონების ნახევარს. მაგ. ერთი შვილი ჰყავს გარდაცვლილს, მთელი ქონება წესით მას უნდა მიეღო, მაგრამ ანდერძით სხვას დარჩება, ასეთ დროს, შვილი ქონების 50%–ს მაინც მიიღებს. ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებზე.

– ანდერძს აქვს თუ არა გარკვეული ვადა?

– ანდერძს ვადა არ აქვს, მაგრამ არის პროცედურა. სანოტარო ანდერძის დროს ანდერძი მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის მანძილზე იხსნება, მოიწვევს მემკვიდრეებს და შესაბამისად, გასცემს სამკვიდრო მოწმობას. ანდერძი მოქმედია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ თუ არ წარადგინეს ანდერძი, მერე შეიძლება დავის დაწყება, მიმართონ ნოტარიუსს და დაიწყონ შესაბამისი პროცედურები. ეს უკვე სამოქალაქო წესით სასამართლოს განსჯის საგანია.

– თქვენი მთავარი რჩევები რა იქნება ჩვენი მსმენელისთვის?

– სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ადამიანი გარდაიცვლება და მემკვიდრეები ქონებას ფლობენ, მაგრამ არ იფორმებენ. რჩევა იქნება მარტივი – გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში აუცილებლად მიმართონ ნოტარიუსს, რადგან ამ პერიოდში თუ არ გააკეთებენ, ნოტარიუსს აღარ აქვს უფლება სამკვიდრო უფლება გასცეს. ასეთ დროს სასამართლოში დავა მოუწევთ მხარეებს ან გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები