LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი ბავშვები” ანუ როგორ უშლის აღზრდის სტილი ხელს შვილებს გაზრდაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

11
nato-baqradze--7-rcheva

გადაცემის ლაივი LIVE

ოჯახი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ის პირველწყაროა, რომლითაც ყალიბდება ურთიერთობის მოდელები სხვა ადამიანებთან, უფრო ფართო სოციუმში. ბავშვი დაბადების შემდგომ იწყებს დამოუკიდებელ არსებობას. მას გარკვეულ ასაკამდე სჭირდება მშობლების მზრუნველობა იმისათვის, რომ შეძლოს დამოუკიდებლად  ცხოვრება. ჩვენს რეალობაში ადამიანი სრულწლოვანია 18 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იურიდიულად  პასუხისმგებელია საკუთარ ქცევასა და გადაწყვეტილებებზე. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ქრონოლიგიური ასაკი უსწრებს ფსიქოლოგიურ ასაკს, ანუ 20-25 წლის და მეტი ასაკის ადამიანი მოუმწიფებელია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. “დიდი ბავშვები” ანუ როგორ უშლის აღზრდის სტილი ხელს შვილებს დამოუკიდებლობაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნატო ბაქრაძემ ისაუბრა.

აღზრდის სტილში დღეს პრობლემები გვაქვს?

აღნიშნული საკითხი შესაძლოა სხვადასხვა ჭრილში განვიხილოთ.  პირველი რაც საყურადღებოა, ეს  სოციო-კულტურული და სტერეოტიპული დამოკიდებულებებია. ზრდასრულობა თავისთავად გულისხმობს ოჯახისაგან დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილებების მიღების უნარს, პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე. ჩვენს კულტურაში მრავალთაობიანი ოჯახები თაანარსებობენ, სწორედ ეს ხდება გარკვეულწილად ხელისშემშლელი ფაქტორი. არ არსებობს მკაფიო საზღვრები, რომლის საშუალებითაც ადამიანი ჩაითვლება ზრდასრულად. ასაკით უმცროსი ოჯახის წევრი ავტომატურად ნიშნავს ბავშვს. ამიტომ ადამიანებს უჭირთ ცალკე ცხოვრება და ხშირად 40-45 წლის ზრდასრული ადამიანიც კი “ბავშვია”.

ბავშვის მიერ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პირველი გამოვლინება სამი წლიდან იწყება. როდესაც ის ამბობს ფრაზას: „მე თვითონ“.  ამ დროს კი პირველი წინაღობა მშობლის შიში და ჰიპერმზრუნველობაა, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევს და აფერხებს მას.

სამი წლის ასაკში ბავშვი იწყებს საკუთარი ძალების მოსინჯვას, ცდილობს სხვების დაუხმარებლად ჭამოს, აძვრეს სკამზე და მათი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პირველი უგულებელყოფაც, სწორედ ამ პერიოდში ხდება. როცა ბავშვი ითხოვს თვითონ ჭამოს, მშობელი არ აძლევს ამის საშუალებას, იმის გამო რომ დაისვრება; როცა  ცდილობს  სკამზე აძვრეს, მშობელს ხელში აჰყავს და თვითონ დასვამს, რადგან შესაძლოა რამე იტკინოს. ბავშის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავისთავად აუცილებელია, თუმცა აუცილებელია ზოგჯერ დაეცეს და ეტკინოს კიდეც, იმისათვის რომ განვითარდეს და ცდისა და შეცდომის გზით იპოვოს სწორი გზები.

რატომ განიხილავენ საზოგადოების ნაწილში შვილს, როგორც საკუთრებას?

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მშობელი შვილს დამოუკიდებელ ცხოვრებაში არ უშვებს, ისაა, რომ შვილი სამწუხაროდ მისთვის საკუთრებად განიხილება, რაც ბუნებრივია არასწორი შეხედულებაა. მშობელი უნდა იყოს გიდი ბავშვის ცხოვრებაში, მან უნდა შეამზადოს ახალი ადამიანი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ბავშვი ხშირად გარშემორტყმულია ჰიპერზრუნვით, ყურადღებით, სიმკაცრით, მას არ აძლევენ შეცდომის დაშვების უფლებას, უგულებელყოფილია მისი, როგორც პიროვნების სურვილები, ის ხდება უინიციატივო, სხვის შეფასებებზე  დამოკიდებული.  ასეთი გავლენები ადამიანს ზრდასრულობამდე მიყვება. იგი არ არის ბრძოლისუნარიანი, ვერ გრძნობს და განიცდის პიროვნულ საზღვრებს, არ იცის მარცხის შემთხვევაში, როგორ იმოქმედოს, ამიტომ გამუდმებით საჭიროებს სხვის ზრუნვასა და ზედამხედველობას.  მშობელი კი იმდენად ჩაფლულია შვილზე ზრუნვაში, რომ ვერ ამჩნევს რამდენად უმწეო მდგომარეობაში ამყოფებს მას. ასეთ სიტუაციაში მცხოვრები პიროვნება სრულიად მოუმზადებელია  დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

სქესი  და როლი…სად უშვებენ მშობლები შეცდომას?

პრობლემები იწყება არასწორი აღზრდის სტილიდან, პრაქტიკულად დაბადებიდან მშობლებს აქვთ არასწორი მიდგომა სქესის მიხედვით. მაგალითად, გოგონების შემთხვევაში განუსაზღვრავენ როლს, როგორიც ქალის, როგორც ცოლისა და დედის.  გოგონებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან პირადი სივრცის ორგანიზებას, სისუფთავის დაცვას, თავის მოვლას. ბიჭების შემთხვევაში, კი როლს განუსაზღვრავენ, როგორც კაცის, რომელსაც ვიღაცამ უნდა მოუაროს და იზრუნოს. სამწუხაროდ, ბიჭებს არავინ ასწავლის, გამოავლინონ როგორი მზრუნველი ქმრები ან მამები იქნებიან. გოგონებთან შედარებით, პირადი სივრცის ორგანიზებასაც ნაკლებად ასწავლიან. ამ ფუნქციას ჯერ დედა ასრულებს, შემდგომ კი დედის შეხედულებითვე, ცოლმა უნდა შეითავსოს. როცა ბავშვი ასე იზრდება,  სწორედ აქედან იწყება მისი პრობლემები ზრდასრულობაში.

რეალიზებული მშობელი, მშობლებს შორის ურთიერთობა…

შვილების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს  მშობლების შეუმდგარი ცხოვრება. მათ შორის ემოციური დამოკიდებულება და კავშირი. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია რამდენად,  რეალიზებულია დედა და მამა. რეალიზებულ მშობლებს ბავშვის მიმართ სხვა მოლოდინები აქვთ, შესაბამისაც იცვლება აღზრდის სტილიც. მშობლების შეუმდგარი პირადი ცხოვრება ანგრევს შვილების ურთიერთობებსაც.  ხშირია, როდესაც ბავშვის დაბადების შემდგომ მეუღლეებს შორის წარმოიშვება გარკვეული სირთულეები, რადგან ქალები მეუღლის  როლს მთლიანად ანაცვლებენ დედის როლით და როდესაც მეუღლეებს შორის ემოციური კავშირი ირღვევა, გაუცნობიერებლად დედები ბიჭი შვილებისგან ელიან იმ სიმძლავრის უკუკავშირს, რასაც რეალურად მეუღლისგან ითხოვენ.

ხშირად დედები ვერ იღებენ შვილის ცოლებს, გაუცნობიერებლად ეჭვიანობენ მათზე და ჰგონიათ რომ მათი როლი, რომელიც შეუცვლელი უნდა ყოფილიყო შვილის ცხოვრებაში, ვიღაც სხვა ქალმა მიითვისა. ამიტომ ეწინააღმდეგებიან შვილების ცალკე საცხოვრებლად გაშვებას. ეშინიათ თავიანთი მნიშვნელობის დაკარგვის.

რეალურად კი მშობლებისაგან დამოუკიდებლად ცხოვრება თავად შვილებისათვის აუცილებელია, იმისათვის რომ მათ იგრძნონ და გააცნობიერონ თავიანთი ძალები, პასუხისმგებლობები, განვითარდნენ, იზრუნონ თავიანთ ცხოვრებასა და ოჯახზე.

აღზრდის სტილის, ოჯახში ნანახი ურთიერთობების მოდელების, სოციო-კულტურისა და ტრადიციების გავლენა უპირობოა. მსგავს გარემოში გაზრდილი ადამიანები ბოლომდე ირგებენ მინიჭებულ როლს, ირიდებენ ყოველგვარ პასუხისმგებლობას, არ ცდილობენ განვითარდნენ, მათთვის ეს ჩვეულ ცხოვრებისეულ მოცემულობად ყალიბდება. მაგრამ, სად არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ზრდასრული ადამიანი უნდა განიცდიდეს?! მნიშვნელოვანია ადამიანმა დაინახოს და გააცნობიეროს საკუთარი მდგომარეობა, ცხოვრების სტილი. არის საკითხები, რომლებამდეც ადამიანი დამოუკიდებლად უნდა მივიდეს.

 7 რჩევა ნატო ბაქრაძისგან:

  1. ბუნებრივია შვილს არასდროს ექნება იმ რაოდენობის გამოცდილება, რამდენიც თქვენ დაგიგროვდათ, მხოლოდ თქვენი მაგალითითა და ზრუნვით( აარიდოთ ყველა სირთულე) ისინი ვერ შეძლებენ განსაზღვრონ რა არის სწორი და რა არა. მიეცით შვილებს უფლება იგრძნონ დამოუკიდებლობა, დაუშვან შეცდომები და პასუხი აგონ ამ შეცდომებზე. მიეცით საშუალება ჰქონდეთ პასუხისმგებლობა საკუთარი ცხოვრებისადმი;
  2. ეცადეთ თავად განვითარდეთ, იპოვეთ საქმიანობა, რომელიც მოგწონთ, რომელშიც შეძლებთ რეალიზებას;
  3. მკვეთრად გამიჯნეთ მეუღლისა და დედის როლი, ერთი მეორეს ვერ ჩააანაცვლებს. ჯანსაღ ოჯახურ გარემოში ორივე როლს თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს;
  4. დაუტოვეთ შვილებს პირადი სივრცე, იმისათვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობებისა და რესურსების რეალიზება;

შვილებს:

  1. მკვეთრად დააფიქსირეთ თქვენი სურვილი და პოზიცია;
  2. მიიღეთ განათლება, გქონდეთ პროფესია, იკითხეთ ბევრი და იპოვეთ თქვენი ადგილი საზოგადოებაში.
  3. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.

 გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები