LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით მოსახლეობის თუ კოლეგების მხრიდან: რაშია იმპლანტაციის უპირატესობა

15
11IMG-0295

გადაცემა Smile Care-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა მარგველაშვილი ესტუმრა და იმპლანტაციის შესახებ და მისი განვითარების ისტორიაზე ისაუბრა.

 

როდიდან დაიწყო მსოფლიოში იმპლანტაცია და საქართველო როდის შეუერთდა მარათონს?

მიჩნეულია, რომ პირველი იმპლანტი ანუ ხელოვნური კბილის ჩასმა ძვალში, ძვ.წ მე-6 საუკუნეში დაფიქსირდა. ერთ-ერთ სამარხში აღმოაჩინეს ამის დამამტკიცებელი საბუთი – ქვედა სამი ფრონტალური კბილის იმპლანტი, რომელიც დამზადებული იყო მოლუსკისგან. ამის შემდეგ დენტალურმა იმპლანტოლოგიამ ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გველის. ამ პროცესში განსაკუთრებული მომენტი იყო პროფესორ ბრონე მარკის მიერ აღმოჩენილი ოსტეო ინტეგრაცია. მან პირველი იმპლანტი 1965 წელს ჩაუსვა ერთ-ერთ შვედ პაციენტს და ის პაციენტი 2006 წელს გარდაიცვალა. იმპლანტი მას სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა.

იმპლანტაცია 60-იანი წლებიდან იღებს სტარტს, ამ წლების განმავლობაში როგორ განვითარდა, დაიხვეწა ეს სფერო?

ყველანაირად დაიხვეწა ფორმები, იმპლანტის დაფარვის საშუალებები. ბევრი რამე გაკეთდა იმისათვის, რომ იმპლანტი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მიახლოებული ბუნებრივ კბილთან. რაც შეეხება საქართველოს, სსრკ-ს ტერიტორიაზე დენტალური იმპლანტაცია 1985 წლამდე აკრძალული იყო. ბუნებრივია, ამ შეზღუდვამ სამედიცინო სფერო ძალიან უკან დასწია და მოსახლეობასაც ხელი შეუშალა, მიეღო ის თანამედროვე სტომატოლოგიური დახმარება, რომელიც პაციენტის ორთოპედიული რეაბილიტაციისთვისაა საჭირო.

რა ინოვაციური სიახლეები გვაქვს დღეს იმპლანტაციაში?

საქართველოში დენტალური იმპლანტაცია 1989 წელს დავიწყეთ. იმ დროს იმპლანტს სულ ორი ადამიანი აკეთებდა, ბატონი თამაზ დოლიძე და ბატონი სოსო გიგაური. დენტალური იმპლანტოლოგიის განყოფილებაში ვმუშაობდი მეც და მახსოვს, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით მოსახლეობის მხრიდან თუ კოლეგების მხრიდან, რადგან დენტალური იმპლანტოლოგიის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის სიმცირე იყო.

რა არის იმპლანტაციის უპირატესობები?

იმპლანტაციის უპირატესობა სხვა სახის რეაბილიტაციაა. ინტაქტური კბილების გამოყენება ანუ ხიდისებური კონსტრუქცია ჩემი და ჩემი ბევრი კოლეგის აზრით, არ არის სწორი მაშინ, როცა იმპლანტის შესაძლებლობა არსებობს. იმპლანტს ის უპირატესობა აქვს, რომ არ ითხოვს სხვა კბილების პრეპარირებას. მოსახსნელ პროთეზთან შედარებით ხომ უპირატესობა საერთოდ კოლოსალურია, ფუნქციური თვალსაზრისითაც და ესთეტიკური თვალსაზრისითაც.

რაიმე გართულებები ან უკუჩვენება თუ აქვს იმპლანტაციას?

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო ჩარევას, უკუჩვენებები და რისკფაქტორები დენტალურ იმპლანტაციასაც აქვს. სამგანზომილებიანი ტომოგრაფიული გამოკვლევა კარგი პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს. როცა იცი სწორად შეფასება, დიაგნოსტირება და დაგეგმარება რისკების რაოდენობაც მცირდება.

ასაკი თუ გვაქვს შეზღუდული?

ქვედა ასაკი შეიძლება იყოს შეზღუდული. სასურველია, რომ ბავშვთა ასაკში ნაკლებად მოხდეს იმპლანტაცია. ანუ მაშინ, როცა ყბის ძვალი ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია. ზედა ზღვარი რა თქმა უნდა, არ არის შეზღუდული. არის ისეთი კლინიკური შემთხვევები, როცა ორგანიზმი ჯანმრთელია 90 წელს ზემოთ ასაკშიც და დენტალური იმპლანტის ინტეგრირება ძალიან მარტივია, ფუნქციონირება კი საკმაოდ ხანგრძლივი. ზედა ზღვარს არაფერი არ განსაზღვრავს გარდა ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობისა.

როდის დაარსდა საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია და რამდენად დიდი როლი აქვს მას დარგის განვითარებაში?

უშუალოდ დენტალურ იმპლანტოლოგიაში ძალიან ბევრი სიახლეა, სამგანზომილებიანი პრინტერი უკვე ფართოდ გამოიყენება და შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ექიმებს დამატებითი ქირურგიული ჩარევის გარეშე განახორციელონ დენტალური იმპლანტაცია. ფაქტობრივად, ექიმისთვის ტექნიკური სამუშაოები გამარტივებულია.
რაც შეეხება უშუალოდ ასოციაციას, ის 2010 წელს დაარსდა. იმ დროს საქართველოში 10-12 იმპლანტოლოგი მოღვაწეობდა.
2011 წელს მე და ჩემმა კოლეგებმა, ჩვენს უკრაინელ კოლეგასა და მეგობართან, პროფესორ ზაბლუცკისთან ერთად ჩავატარეთ უნიკალური აქცია – „ჯანსაღი კბილები ჩვენს მშობელთა თაობას“. საქართველოს 10 კლინიკაში ჩატარდა ერთდროულად 20 ოპერაცია, ჩაისვა 81 დენტალური იმპლანტი, რა თქმა უნდა, ყოვლად უსასყიდლოდ. 20 პაციენტი კლინიკაში უკბილო ქვედა ყბით შევიდა და სრულიად ფუნქცია აღდგენილი 14 კბილით გავიდა.
ამის შემდეგ ჩავატარეთ 5 საერთაშორისო კონგრესი, მოწვეული გვყავდა მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები, რომლებმაც ჩვენს ექიმებს ყველა სიახლის შესახებ გააცნეს ინფორმაცია.
ჩვენც დავიწყეთ პროფესიული განვითარება, მასტერკლასები, ვორქშოფები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირდა დენტალური იმპლანტოლოგიის განვითარების რამდენიმე პროგრამა.
თუმცა, არსებობდა საკანონმდებლო ნაპრალი, დენტალურ იმპლანტოლოგიაში მოღვაწეობის უფლება მხოლოდ ყბა-სახის ქირურგების პრეროგატივა იყო. მხოლოდ ასეთი ლიცენზიის მქონე პირებს ჰქონდათ შესაბამის სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის უფლება. წელს ეს საკანონმდებლო ნაპრალიც აღმოიფხვრა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნილიყო ახალი სპეციალიზაცია ამ მიმართულებით.

ასოციაცია უახლოს მომავალში რაიმე მასშტაბურ ღონისძიებას ხომ არ გეგმავს?

როგორც უკვე აღვნიშნე 5 საერთაშორისო კონგრესი გვაქვს ჩატარებული და შარშან უნდა ყოფილიყო მე-6. თუმცა, პანდემიამ შეგვიშალა ხელი. თუკი რეგულაციები შესაძლებლობას მოგვცემს, შემოდგომისთვის დიდი საერთაშორისო კონგრესი გვაქვს დაგეგმილი.

რა რჩევებს მისცემდით თქვენს კოლეგებს?

რჩევას არ დავარქმევ, ეს იქნებ ჩემი გულწრფელი თხოვნა. ყოველთვის ეცადონ, რომ ახალი ინფორმაცია მიიღონ. დღეს ამის უამრავი შესაძლებლობა აქვთ. მიუხედავად პანდემიისა, ტარდება უამრავი ონლაინ ვებინარი, კონფერენცია. სექტემბერში პირველად, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის კონგრესი ონლაინ ჩატარდა. მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, დაესწრონ მეტ კონფერენციას და შემდეგ ეს გამოცდილება პრაქტიკაში დანერგონ.
გვჭირდება ასევე ახალი ტექნოლოგიებიც, რომელიც მუდმივად ვითარდება და მათი სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები