LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან გამიხარდა, როცა „ფორტუნამ“ ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ლიზა ფიშერს გადასცა საჩუქრად „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვებაზე” – ეკატერინე აბესაძე

6
artfmnewsshpw

გადაცემის ლაივი LIVE

3 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მსოფლიო მემინანქრეთა ასოციაციის წევრი, მხატვარი ეკატერინე აბესაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ეკა, რამდენად შემაფერხებელი აღმოჩნდა თქვენთვის პანდემია?

– რა თქმა უნდა, პანდემია ყველას საქმიანობაზე ნეგატიურად აისახა. თუმცა, მე მაინც უარი ვთქვი გაჩერებაზე, საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავე და რამდენიმე ახალი კოლექცია შევქმენი. ორი წელია მასშტაბური პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები, რომელიც უზარმაზარ კოლექციას – 200 ნამუშევარს აერთიანებს, თუმცა ისევ პანდემიის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა მისი მოწყობა. იმედია გამოფენა, რომელიც საქველმოქმედო იქნება საბოლოოდ მაინც გაიმართება, გაყიდვებით შემოსული თანხა კი, დაპირებისამებრ საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.

– თქვენ მხოლოდ ძველი ქართული წესით მუშაობთ მინანქარზე, რამდენად მოთხოვნადია ტრადიციული ქართული მინანქარი საზღვარგარეთ?

– ნამუშევრებს მართლაც ძველი ქართული ჩაკეჭნის წესით ვამზადებ, რადგან სწორედ ესაა ჩემი სავიზიტო ბარათი და ერთგვარი საფირმო ნიშანი. ამასთანავე, ნამუშევრები, რომლებიც აუცილებლად ოქროს ან ვერცხლის ბუდეშია ჩასმული, ფერთა სიმრავლით გამოირჩევა, რადგან ძალიან მიყვარს ფერები და ვთვლი, რომ მეც ისეთივე ფერადი ვარ, როგორც ჩემი მინანქარი.

– რამდენად ახერხებთ განსაკუთრებით საყვარელი ნამუშევრების თქვენთვის დატოვებას?

– თავიდან მხოლოდ ქართული მინანქრის აღორძინებისა და პოპულარიზაციისთვის ვმუშაობდი, მერე, როცა პოპულარობა მოვიპოვე და უამრავი კლიენტი შევიძინე, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ვზრუნავდი, დღეს კი, უკვე მაქვს ფუფუნება, ვიმუშავო საკუთარი სურვილით და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. საბედნიეროდ, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, რომელიც არა მხოლოდ მეხმარება და მხარს მიჭერს ყველა წამოწყებაში, არამედ მუშაობის სტიმულსაც მაძლევს.

– როგორც ვიცი, თქვენი მინანქარი საპატრიარქოს კოლექციაში ინახება, განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეთ პატრიარქსაც,

– ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქის კოლექციაში ჩემი საუკეთესო ნამუშევრები – გვირგვინები ინახება, წმინდა გიორგის ხატი კი, რომელიც ჩვენს პატრიარქს ვუსახსოვრე, დღეს მსოფლიო პატრიარქის კოლექციაშია, რითაც ძალიან ვამაყობ. დიდი ბედნიერებაა, რომ ჩემი მინანქრით ცნობილი ადამიანები იხიბლებიან, ძალიან გამიხარდა, როცა „ფორტუნამ“ ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ლიზა ფიშერს გადასცა საჩუქრად „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვებაზე.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მართალია, მასშტაბური გამოფენები იგეგმება ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკასა და ლატვიაში, მაგრამ დაზუსტებით ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყველაფერი ისევ პანდემიასა და ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები