LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან 50-წლიანი თანამშროლობის შემდეგ ნამდვილად არ ველოდი კოლეგებისგან ამგვარ შეურაცხყოფას” – ქეთი დოლიძე

15
keti-dolidze-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

8 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ რეჟისორი, ქალბატონი ქეთი დოლიძე სტუმრობდა, რომელმაც საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე „საჩუქარი“ ისაუბრა.

– ქალბატონო ქეთი, წელს ფესტივალის პროგრამა მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებით საინტერესოა. თავად რომელი სპექტაკლის ნახვას ურჩევთ თეატრის მოყვარულებს?

– პირველ რიგში, ავღნიშნავ, რომ ფატი დავითულიანი, რომელიც წელს შემოგვიერთდა და ძალიან დაგვეხმარა ფესტივალის ორგანიზებაში, ახლაც აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე თეატრთან. განსაკუთრებით რთული ტექნიკური აღჭურვილობის ტრანსპორტირება აღმოჩნდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფატის თავდაუზოგავი შრომით ყველა პრობლემური საკითხი მოაგვარდება. წელს ფესტივალი მართლაც არაჩვეულებრივ სტუმრებს უმასპინძლებს, რომელთა შორის განსაკუთრებით მაგი მარინის დასს ავღნიშნავ. სწორედ მისი საკულტო სპექტაკლი maybe („შეიძლება“), რომელიც ირლანდიელ მწერალს სამუელ ბეკეტს მიეძღვნა, გახსნის ჩვენს ფესტივალს 19 ოქტომბერს. ასე რომ, თეატრის მოყვარულებს პირველ რიგში, სწორედ ამ წარმოდგენის ნახვას ვთავაზობ, რადგან ავტორები მართლაც არაჩვეულებრივ სანახაობას გვპირდებიან. არანაკლებ საინტერესოა ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მეტად ორიგინალური ადაპტაცია „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“, რომელსაც Teatros del Canal (“ტეატრო დელ კანალ”) და ექსპერიმენტული თეატრალური ლაბორატორია draft in (“დრაფტ ინ”) წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს ქალი პერსონაჟი, ერთ-ერთ მთავარ როლს სერიალების პოპულარული მსახიობი ხაიმე ლორენტე შეასრულებს. ძალიან მხარებს ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის უმცროსი შვილიშვილის ვიქტორია ჩაპლინის ჩამობრძანება, რომელიც უაღრესად საინტერესო დადგმით გვეწვევა, კომპოზიტორ ედუარდო ტრასიერას ნამუშევარს Caída del Cielo (“დაცემული ანგელოზი”) – აკაპელას, 5 გიტარისა და აკუსტიკური დრამის ელემენტებით შექმნილ, ელქტრონულ როკად ქცეულ ტრადიციულ ფლამენკოს როსიო მოლინა წარმოადგენს, კარლ იუნგის ფილოსოფიური კვლევების მოტივებზე შექმნილ სპექტაკლს “გზაჯვარედინები სინქრონულობამდე” კი, ქეროლინ კარლსონის დასი შესთავაზებს პუბლიკას. ფესტივალი დადგმით “მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წარმოსახვა” დაიხურება, რომელიც ნაკლებად ჰგავს კლასიკურ დადგმას.

– ფესტივალს ყოველთვის უამრავი უცხოელი ჟურნალისტი სტუმრობს, თბილისი კი, კულტურული ცხოვრების ცენტრად იქცევა, რაც პირველ რიგში სწორედ თქვენი დამსახურებაა. საინტერესოა, წელს ვის ელით?

– ანდრი ჟოლდაკის პრემიერებს ყოველთვის სტუმრობენ სოლიდური ფესტივალების მესვეურები, ამიტომ ოთხი უმსხვილესი ფესტივალის დირექტორს და მენეჯერს თბილისშიც ვუმასპინძლებთ. სხვათაშორის, წელს არცერთი რუსული დასი არ მოგვიწვევია, ლია ახეჯაკოვასაც კი, უარი შევუთვალეთ, პროგრამა კი, ძალიან საინტერესოდ შევადგინეთ და მრავალრიცხოვანი სტუმრების წყალობით ერთი მეორეზე უკეთესი, სრულიად განსხვავებული დადგმა შევთავაზეთ მაყურებელს.

– აგრძელებთ თუ არა თანამშრომლობას თუმანიშვილის თეატრთან?

– მართლია, თეატრში დარჩა ჩემი რამდენიმე სპექტაკლი, მაგრამ ახლის დადგმას ნამდვილად არ ვაპირებ. ყველა სპექტაკლი, მათ შორის „ტრამვაი „სურვილი“ და „თავისუფალი წყვილი“ წარმატებით აგრძელებს სცენაზე ცხოვრებას, მხოლოდ „სერობის“ დადგმის უფლება არ მივეცი დასს, რომელიც დამოუკიდებლად და მხოლოდ საკუთარი ფინანსებით დავდგი. სამწუხაროდ, მე აღარ ვარ თეატრის შტატში, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგან თეატრის შექმნისას, დამფუძნებლებმა მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად და ბოლომდე გავუძღვებოდით თეატრს, თუმცა პირველი სწორედ მე გამანთავისუფლეს და ახლა, მხოლოდ უშტატო რეჟისორის სტატუსით ვსარგებლობ. მართალია, შვილები კატეგორიულად მიკრძალავენ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან 50-წლიანი თანამშროლობის შემდეგ ნამდვილად არ ველოდი კოლეგებისგან ამგვარ შეურაცხყოფას. ბევრჯერ მინდოდა თეატრის დატოვება, თუმცა ბატონი მიშას პატივისცემით, მისი იდეის ერთგულებით დავრჩი და ვფიქრობ, ძალიან შემეშალა. 1997 წელს, როცა ბატონ თემურ ჩხეიძეს ზოგიერთმა ბრიყვული არჩევნები მოუწყო და თეატრში არ მოუშვა, ოთხი წლის შემდეგ კი, თვითონ ეხვეწებოდნენ სპექტაკლის დადგმას, სწორედ მაშინ უნდა დამეტოვებინა თეატრი, თუმცა ვერ გავწირე.

– რეჟისორი რომ არ ყოფილიყავით, რა პროფესიას აირჩევდით?

– ალბათ არქეოლოგი ვიქნებოდი, რადგან ძალიან მიყვარდა და მაინტერესებს ეს სფერო, თუმცა საბოლოოდ მაინც ოჯახურმა ტრადიციამ გადაწონა და რეჟისურა ავირჩიე.

– რა ს ნიშნავს თქვენთვის ოჯახი?

– ჩემთვის ოჯახი უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ყველაეფერი ფასს ჰკარგავს, თუ სახლს სიმშვიდე და მყიდროება აკლია, თუმცა ოჯახად არა მხოლოდ შვილებს და შვილიშვილებს, არამედ მთელ ნათესავებას ვთვლი, რომელთაც პერიოდულად ვუყრი თავს და გრანდიოზულ საღამოს ვაწყობ. სხვათაშორის, თორნიკე მალე სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის დადგმას გეგმავს, რაშიც იმედი მაქვს კინოცენტრიც დაეხმარება, თამრიკო კი, მართალია, თუმანიშვილის თეატრის მსახიობია, მაგრამ როლებს ნაკლებად ღებულობს. ჩემი აზრით, თამრიკო ეკრანისთვისაა დაბადებული და მოხარული ვიქნები, თუ კინორეჟისორები მეტ ყურადღებას მიაქცევენ, რადგან მართლაც უზარმაზარი პოტენციალის პატრონია.

– რას თვლით დღეს თქვენს მათავარ მისიად?

– ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილიშვილი ლუკაა, რომელიც ბრწყინვალედ ხატავს, საკუთარი უნიკალური სამყარო აქვს და აბსოლუტურად განსხვავებულ სახეებს ქმნის. პრაქტიკულად მისთვის ვცოცხლობ და ძალიან მინდა მიიღოს საუკეთესო განათლება.

– რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

– იყავით მართალი და გულწრფელი, არასდროს იცრუოთ და არ შეუშინდეთ სირთულეებს, მოერიდეთ სიყალბეს და ფარისევლობას, ყველგან და ყოველთვის დაიცავით სიმართლე და სამართლიანობა!

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები