LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან თამამი საქორწინო კაბა მქონდა და კომენტარებიც ძალიან უცნაური მივიღე” – ვერკა ჯაჯანიძე ,,არტ-FM”-ში

9
show924

გადაცემის ლაივი LIVE

21 სექტემბერს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” მოცეკვავე, სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებში საქართველოს ორგზის ჩემპიონი ვერკა ჯაჯანიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ კარიერაზე ისაუბრა.

– ვერკა, როდის გაგიტაცა სამეჯლისო ცეკვებმა?

– ბიძა და მამა არიან მოცეკვავეები და მეც მათ კვალს გავყევი. ჭიათურაში გავიზარდე, სადაც  ხუთი წლის ასაკში შემიყვანეს ქართული ცეკვის წრეზე. სწორედ იქ შემხვდა არაჩვეულებრივი პედაგოგი, რომელმაც ჯერ თვითონ ისწავლა სამეჯლისო ცეკვები, მერე კი სტუდია გახსნა. მე ორივე სტუდიაში ვსწავლობდი. რაიონში წარმოდგენაც არ გვქონდა, რამდენად უცნობი იყო სამეჯლისო ცეკვები საქართველოსთვის. 2007 წელს თბილისში ჩამოვედი და სტუდენტი გავხდი, ჩემს მეწყვილესთან ერთად დავიწყე რესტორნების, კორპორატიული წვეულებების შოუებში მონაწილეობა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბევრი საერთოდ არ იცნობდა ამ სტილის ცეკვებს. 2010 წელს რუსთავი 2-ის არხზე პროექტი “ნიჭიერი” დაიწყო, რომელშიც ჩემი მეწყვილის ინიციატივით მივიღეთ მონაწილეობა. მართალია, ფინალში გავედი, რაც პირველ წარმატებად იქცა, მაგრამ ძალიან რთული სტარტი გვქონდა, რადგან უამრავი სირთულის დაძლევა მოგვიხდა. პირველ რიგში, მაყურებლის რეაქციამ გაგვაკვირვა, რომელსაც ძალიან გაუჭირდა სიახლის მიღება, საკმაოდ უკმეხად მოგვიხსენებდნენ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს ოჯახებსაც. თავიდან ჩვენც იმედგაცრუებული ვიყავით, თუმცა ისევ ქორეოგრაფმა გადაგვარჩინა, რომელიც მუდმივად გვიმეორებდა, რომ აუცილებლად მოვიდოდა დრო, როცა ხალხი დააფასებდა ჩვენს ცეკვას.

– დღეს რას საქმიანობ?

– 10 წელია ქორეოგრაფი ვარ. ახლა თეა გობეჯიშვილის ცეკვის აკადემიაში ვასწავლი მოზარდებს სამეჯლისო ცეკვებს.

– დღეს რამდენად პოპულარულია სამეჯლისო ცეკვები?

– დღეს ძალიან პოპულარულია, რაც პირველ რიგში სწორედ ტელეშოუების დამსახურებაა. მართალია, ცოტა პანდემიამ შეგვიშალა ხელი, ორი წელი პრაქტიკულად გაჩერებული ვიყავით, მაგრამ წელს ნამდვილი ბუმია ჩვენს სტუდიაში.

– ფსიქოლოგების მტკიცებით, სწორედ სამეჯლისო ცეკვებია ორგანიზმის საუკეთესო განტვირთვა,

– აბსოლუტურად ვეთანხმები.

– ყოველთვის ორიგინალური და ძალიან ლამაზი სამოსით ცეკვავ. საერთო ჯამში რამდენი კოსტიუმი გაქვს?

– 8-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდი საცეკვავო მოედანს და 10 თვის მანძილზე 8 ქვეყანაში ვიმოგზაურე. მართალია, საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგრამ მაინც უამრავი კოსტიუმის შეკერვა მომიხდა, რადგან ყოველი გამოსვლისთვის ახალს ვამზადებ. საერთო ჯამში 16 კოსტიუმი მაქვს და ყველა ძალიან მიყვარს.

– რამდენად რეაგირებთ ჭორებზე?

– ჭორები ნაკლებად მახსენდება, უბრალოდ, ძალიან თამამი საქორწინო კაბა მქონდა და კომენტარებიც ძალიან უცნაური მივიღე.

– რამდენად ინტერესდება შენი შვილი, 5 წლის დემე ცეკვებით?

– დემე ჩემი მთავარი ქომაგი და გულშემატკივარია. თუმცა, ძალიან ეჭვიანობს, როცა მეწყვილესთან ერთად მხედავს.

– შენი აზრით, რა მომავალი აქვს სამეჯლისო ცეკვებს საქართველოში?

– დარწმუნებული ვარ, უფრო განვითარდება და ბევრად პოპულარული გახდება. მართალია, სამეჯლისო ცეკვები საკმაოდ ძვირადღირებულ სპორტის სახეობად ითვლება, მაგრამ ბოლო წლებში დაინტერესებაც ძალიან მაღალია.

– რას ურჩევ იმ მოზარდებს, ვისაც ახლა უნდა ცეკვების შესწავლა, რამდენად რთული და შრომატევადი პროფესიაა?

– რა თქმა უნდა, ძალიან შრომატევადია. ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ პირადი ცხოვრების და კარიერის შეთავსებას – პასუხი მარტივია, ძალიან შრომისმოყვარე ვარ, მინდა საუკეთესო ვიყო ჩემს პროფესიაში, ამიტომ დაუღალავად ვშრომობ. ვფიქრობ, თუ შენი საქმე გიყვარს, არაფერს დაიშურებ მაქსიმუმის მისაღწევად.

– რამდენად ანაზღაურებადია სამეჯლისო ცეკვები, რამდენად შეგიძლია იცხოვრო მხოლოდ ცეკვებით მიღებული შემოსავლით?

– კარგ მოცეკვავეს ანაზღაურებაც მაღალი აქვს, რადგან საერთაშორისო კონკურსების ფინალები საკმაოდ სოლიდურ ფულად პრემიას ითვალისწინებენ. საუკეთესოებს კი, თავად ორგანიზატორები იწვევენ და ხარჯებსაც თვითონ ანაზღაურებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები