,,ძალიან ვღელავდით, რადგან ნატალია მარტო, თან ორსული გაემგზავრა ბრიტანეთში" - ეკა მამალაძე სტუმრად ,,არტ-Fm"-ში

გადაცემის ლაივი LIVE

15 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს მომღერალი ეკა მამალაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ეკა, რა თქმა უნდა, ყველა დიდ პატივს სცემს ქალბატონ ნანის ბრწყინვალე ნიჭს და პროფესიონალიზმს. საინტერესოა, როგორია ის რეალურ ცხოვრებაში?

– ნანი ჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე დედაა. მართალია, ყოველთვის ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ არასდროს მიგვრძვნია უყურადღებობა, არ არასდროს განმიცდია სითბოს, სიყვარულის და მზრუნველობის ნაკლებობა. ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ აბსოლუტურად არაა საჭირო დედისა და შვილის მუდმივად ერთად ყოფნა, რადგან ნამდვილი სიახლოვისა და სრულფასოვანი ურთიერთობისთვის რამდენიმე საათიც საკმარისია.

– გქონიათ თუ არა ქალბატონ ნანის ჩრდილში მოქცევის შიში?

– რა თქმა უნდა, მქონდა. მეტიც, ნანისაც ბევრჯერ უთქვამს, თითქოს ჩემს მუსიკალურ კარიერას სწორედ ის უშლიდა ხელს, რაც სრული აბსურდია, რადგან ერთის მხრივ დედის, მეორეს მხრივ, შვილის წარმატებით ვარ ბედნიერი. უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ ჩემი ოჯახის მიმართ, რადგან ბევრჯერ მომისმენია უცნობებისგან თბილი და კეთილი სიტყვები. ვფიქრობ, ნამდვილი სიმდიდრე – სწორედ ხალხის სიყვარულია.

– მართალია, წლევანდელი წელი ქალბატონ ნანის მიეძღვნა, მაგრამ პანდემიამ უამრავი საინტერესო ღონისძიების გადადება გაიძულათ

– პანდემიამ მართლაც ჩაგვიშალა გეგმები. ჩემი საიუბილეო კონცერტის გადადებაც მომიხდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მაინც მოვახერხე “გარდენიაში” მისი მოწყობა. ძალიან არ მიყვარს ჩივილი და წუწუნი, პირიქით ყველაფრით კმაყოფილი და ცხოვრების მადლიერი ვარ.

– ხართ თუ არა ბედნიერი?

– რა თქმა უნდა, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ფანტასტიკური დედა, შვილები და მეგობრები მყავს. ყველა ჩემი ახლობელი კარგად და ჯანმრთელადაა. მართალია, ყველას თავისი ბედნიერება აქვს, მაგრამ ჩემთვის სწორედ ესაა უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ფასეული.

– მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ქალბატონი ნანის კონცერტების გამართვა, პირველ კონცერტს როდის გეგმავთ?

– არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მსგავსი მასშტაბურობა ცოტა მაშინებს. პირველ კონცერტში, რომელიც 21 ივლისს ნანის 85-ე დაბადების დღეზე გაიმართება წინანდალში, მისივე გადაწყვეტილებით მხოლოდ თვითონ და ნიკოლოზ რაჭველი მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა სიურპრიზებიც მრავლად იქნება. შემდეგი კონცერტები 26 და 28 აგვისტოს, მარიამობის დღეს მოეწყობა ბათუმის თეატრში.

– ქალბატონი ნანი ყოველთვის იშვიათი გემოვნებით იმოსება სცენაზე. საინტერესოა, ვინ ზრუნავს მის ჩაცმულობაზე?

– ერთად ვფიქრობთ კაბის დიზაინზე, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ყოველთვის ნანის ეკუთვნის. საოცარია, მაგრამ 85 წლის ასაკშიც საოცრად გემოვნებიანი და ყოველთვის თანამედროვეა.

– რამდენადაც ვიცი, 10 წლამდე ნატალიას საერთოდ არ უნდოდა სიმღერა. როდის გადაწყვიტა მუსიკოსობა და თქვენ რა როლი შეასრულეთ მის არჩევანში?

– ჩვენს ოჯახში მთავარი ყოველთვის სრულფასოვანი განათლების მიღება იყო. ასე გაიზარდა ჯერ ნანი, მერე მე. ნატალიაც საკმაოდ ადრე შევიყვანეთ ფორტეპიანოზე. მართალია, თვითონ არ უნდოდა, ზოგჯერ ზარმაცობდა და დაძალებაც ხშირად მიწევდა, მაგრამ ახლა ძალიან მადლიერია.

– რამდენიმე დღის წინ ნატალია კარდიფის პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის ფინალისტი გახდა

– ძალიან ვღელავდით, რადგან მარტო, თან ორსული გაემგზავრა ბრიტანეთში. თავიდან სრულ იზოლაციაში იყო და ცოტა დასუსტდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა სცენაზე და საერთოდ არ ეტყობოდა დაღლილობა. მართლაც ძალიან პრესტიჟულია კარდიფის ფესტივალია, უამრავმა ცნობილმა მომღერალმა სწორედ იქ მოსინჯა პირველად საკუთარი შესაძლებლობები, ამიტომ, ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე დიდი გამარჯვებაა.

ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World competition-ის ფინალისტია

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ძალიან საინტერესო საღამოს გაკეთებას ვაპირებ სექტემბერში. კონცერტს, რომელსაც ნანის მივუძღვნი განსხვავებული და ძალიან ორიგინალური ფორმატი ექნება.

– გაქვთ თუ არა დანაკლისის შეგრძნება?

– გეგმები ყოველთვის მრავლად მაქვს, თუმცა ხასიათიდან გამომდინარე ძალიან მიჭირს მათი განხორციელება. მართალია, არაფერი მიშლის ხელს, მაგრამ დროისა და საკმაოდ დიდი ენერგიის დახარჯვა მაინც მიწევს, ნანის შემთხვევაში კი, პირიქითაა – ყველაფერი მსუბუქად და მარტივად გამოსდის. წლების წინ ცოტა გული მწყდებოდა, მაგრამ ახლა ნაკლებად ვფიქრობ. დღეს კონცერტების მასიურად მოწყობაც ნაკლებად მხიბლავს. ამბობენ, თითქოს დედის და შვილის საერთო პროფესია ყოველთვის კონკურენციის და კონფლიქტის მიზეზი ხდება, საბედნიეროდ, ჩვენს შემთხვევაში ასე არაა.

– რომელ სიმღერას გამოარჩევდით სპეციალურად თქვენთვის შექმნილი კომპოზიციებიდან?

– სიმღერას უნიკალური თავისებურება აქვს – შეიძლება ჰიტი გახდეს, მაგრამ თავად შემსრულებელს არ მოსწონდეს, ან პირიქით, მომღერლისთვის იყოს ახლობელი და საყვარელი, მსმენელმა კი, არ მიიღოს. ნამდვილად არ მაქვს გამორჩეული სიმღერა, რადგან გარკვეული პერიოდი ყველა მიყვარდა, თუმცა, ყველაზე დიდი გავლენა ჩემს შემოქმედებაზე მაინც ჯანო კახიძემ, მაცაცო სებისკვერაძემ და ჯუმბერ ამანათაშვილმა მოახდინეს.  ვფიქრობ, სიმღერა იმ შემთხვევაშია ფასეული, როცა ნებისმიერ ეპოქას ერგება და არასდროს კარგავს აქტუალურობას.