LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელდარ გეწაძის ვარსკვლავის გახსნა და გალაკონცერტი

10
eldar-gewadze-art-fm

24 ნოემბერს, 19.00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნება საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ზ. ანჯაფარიძის სახელობის ფონდის ოქროს მედლის მფლობელის, გოეთეს საზოგადოების საპატიო წევრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის ელდარ გეწაძის ვარსკვლავი. ეს ღირშესანიშნავი ფაქტი კი საზეიმო გალაკონცერტით აღინიშნება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თავად ელდარ გეწაძე, ისე მისი მოწაფეები – ოპერის თეატრის სოლისტები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.  შესრულდება არიები თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, მოცარტის, ვერდის, როსინის, პუჩინის, ჯორდანოს, პონკიელის, რახმანინოვის ოპერებიდან.

ელდარ გეწაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიში სწავლის პერიოდშივე პირველი პრემიები მოიპოვა: ვოკალისტთა რესპუბლიკურ კონკურსზე (1970 წ.), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ვოკალისტთა კონკურსზე (1971 წ.), ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსზე (1972 წ.); II პრემია გლინკას სახელობის ვოკალისტთა კონკურსზე (1975 წ.). 1973 წელს, მისი დებიუტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კიაზოს პარტიით შედგა ფალიაშვილის ოპერაში „დაისი“.

მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის განმავლობაში ელდარ გეწაძეს შესრულებული აქვს ბარიტონის ორმოცდახუთი წამყვანი პარტია. 2000-ზე მეტ გამოსვლას შორის ორმოცდაოთხი – საპრემიერო სპექტაკლი იყო. 1979 წელს, თარაშის როლის შესრულებისათვის ოთარ თაქთაქიშვილის ოპერაში „მთვარის მოტაცება“ მომღერალს თეატრალური საზოგადოების პრემია მიენიჭა „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“. იგივე პრემია მან წლის განმავლობაში განხორციელებული როლებისთვის 1980 წელს მიიღო.

მომღერლის რეპერტუარშია როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს საოპერო შედევრები: ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (მურმანი), „დაისი“ (კიაზო); თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“ (თარაში), „მინდია“ (ჩალხია), „პირველი სიყვარული“ (ქრისტეფორე); მთავარი პარტიები ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოში“, „მაკბეთში“, „ნაბუკოში“, „ტრავიატში“, „აიდაში“; მოცარტის „დონ ჯოვანიში“, პუჩინის „ჯანი სკიკიში“, „ტოსკაში“ და სხვ.

1997 წლიდან მომღერალი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მის აღზრდილებს მოპოვებული აქვთ ოცდახუთი საერთაშორისო ლაურეატის წოდება.

ელდარ გეწაძე:

„მე ფიზიკურად დედამიწაზე დღეს ვარ ალბათ იმიტომ, რომ ბევრი მინდოდა მემღერა და ბევრიც ვიმღერე. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, 2000 გამოსვლას რომ გადავაჭარბე. მოწინავე, დიდი როლი 45 მაქვს ნამღერი, 38 სეზონს ვხსნიდი ან ვხურავდი ჩვენს ოპერაში.

ერთ-ერთი საამაყო მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომლის გახსენებაც მიხარია, ეს არის სპექტაკლი, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი. გერმანიაში გამართულ „აბესალომ და ეთერს“ ვგულისხმობ, ვიჯექი, ვუსმენდი და ჩემს მეუღლესთან ერთად ვტიროდი. ჩვენ ვართ იმ დიდი ქვეყნის შვილები, სადაც ეს ოპერა დაიწერა. მაშინ ჩემი მეგობრები მღეროდნენ და დიდი მადლობა ყველა მათგანს. მგონია, რომ ხელოვნება იმისთვისაა, რომ მსმენელი იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მე ვიყავი. გერმანელებიც ტიროდნენ… “

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები