LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფინანსური მხარე საკმაოდ მძიმე თემაა ქართველი მუსიკოსისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველაფერი გაძვირდა” – ოთო ნემსაძე პრემიერით ,,ფორტუნაში”

4
otonemsadzeshow

გადაცემის ლაივი

რადიო „ფორტუნას“ ეთერში თავისი ახალი სიმღერის, „დაგვათენდას“ პრემიერის შემდეგ მომღერალი ოთო ნემსაძე „არტ FM”-ს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

-ოთო, ახალი სიმღერის პრემიერა ჩვენს ეთერში უკვე შედგა. მოდი, ზოგადად ვისაუბროთ, რა ხდება ზოგადად შენს კარიერულ ასპარეზზე?

ოთო ნემსაძე: სიახლე ალბათ არავისთვისაა, რომ ქართველი მომღერლები დიდი კონცერტებით განებივრებული არ ვართ. არის რამდენიმე არტისტი, ვისაც რამდენიმე მასშტაბური კონცერტი აქვს ყოველ წელს, თუმცა ასე მასიურად ჩვენ,მომღერლებს არ გვაქვს დიდი კონცერტები. ეს გასაგებიცაა, საქართველოში ბაზარი პატარაა, არ გვაქვს მილიონიანი ქალაქები,რომ კონცერტები ვატაროთ. აი მაგალითად, უკრაინაში, ჩემს მეგობრებში წელიწადში 40 სტადიონზე უწევთ კონცერტების გამართვა, იქ არის ამისი რესურსი. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონამდეა, შესაბამისად ძნელია მასშტაბური კონცერტების ჩატარება.

რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, ახლა დრო ნამდვილად მაქვს, რომ უფრო მეტი ვიმუშაო ამ კუთხით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვა სფეროშიც ვიყავი დასაქმებული, სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობდი, თუმცა წამოვედი, რადგან თავს კომფორტულად აღარ ვგრძნობდი. ამ პერიოდში ძალიან დავშორდი მუსიკას და მივხვდი, რომ თუ სხვა სფეროში ხარ, მუსიკაში ვერ იქნები, ან ნაწილობრივ იქნები, რაც კარგი ნამდვილად არ არის მუსიკოსისთვის. ზოგადად მიმაჩნია, რომ ადამიანმა ყველგან უნდა იმუშაოს, სადაც საშუალებაა, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც გადავწყვიტე მუსიკაში უფრო აქტიურად დაბრუნება, რადგან ეს ჩემი მოწოდებაა.

ფინანსური მხარე საკმაოდ მძიმე თემაა ქართველი მუსიკოსისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის სტუდიური მომსახურებაც. პირადად მე არ მაქვს საშუალება, რომ თვეში თუნდაც ერთ ახალ სიმღერაზე ვიმუშაო. ეს ნამდვილად არ უკავშირდება მცირე თანხებს. მე მაქვს ბედნიერება, რომ აქამდე მეგობრულად და რაღაცნაირად ვახერხებდი მუშაობას. ჩემი ბოლო სიმღერა „სანოშია“ ჩაწერილი, „სანო“ ძალიან დამიდგა გვერდით და ძალიან დამეხმარა ამ მხრივ. ამ სიმღერის პრემიერა ტელევიზიაში შედგა და შესაბამისად, „გაიკლიპა“ კიდევაც.

საბედნიეროდ, დღესდღეობით პანდემიის ფონზე მდგომარეობა უმჯობესდება და იმედია სტაბილურობასაც მივაღწევთ. ცოტა ხნის წინ რამდენიმე სიმღერა კიკვიძის პარკში შევასრულე და თავი ძალიან კარგად  ვიგრძენი. ოთხი ახალი სიმღერა დავუკარით ამ კონცერტზე და ხალხს იმდენად ენატრება კარგი მუსიკა, კონცერტები და გართობა,  რომ ადამიანებმა თავიდანვე აიტაცეს და ჩემთან ერთად მღეროდნენ.

მივხვდი იმასაც, რომ ახლა სწორ გზაზე ვდგავარ, ახლა მინდა რომ ძირითადად საავტორო მუსიკაზე ვიყო და ქავერებს თითქმის აღარ ვასრულებ.  სიმღერის მუსიკის და ტექსტის ავტორი  ზაზა ქოქრაშვილია, სიმღერა ჩაწერილია „ფრეშ ფიშ სტუდიოში“ და ასევე „ბეთხოს აუდიო ლაბორატორია“ იყო ერთ-ერთი მონაწილე სტუდია.

-კლიპის გადაღებას როდისთვის ველოდოთ ამ სიმღერაზე?

ოთო ნემსაძე:  კლიპის გადაღება ფინანსებთან არის დაკავშირებული, ძალიან მინდა რომ ეს მალე მოხდეს, მაგრამ ამჯერად  ისეთ პროფესიონალებთან თანამშრომლობას ვაპირებ, რომ გააჩნია ფინანსებს. რამდენიმე უცხოური კომპანიისგან არის ამ ეტაპზე შემოთავაზება. თუ ადრე ჩემი ხელით აწყობილ ვიდეო-რგოლებზე ვიყავი ორიენტირებული, ახლა ნამდვილი, ხარისხიანი კლიპის გადაღება მინდა, რაც როგორც აღვნიშნეთ, ფინანსებზეა დამოკიდებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები