LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გამოფენა აფხაზეთში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოებით მოვაწყვე. როგორი ნისლიანი, წვიმიანი და ნაღვლიანიც დამხვდა აფხაზეთი, ზუსტად ისეთი ფოტოები ჩამოვიტანე” – ნანკა კიკალია

25
ნანკა-კიკალია

12 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მარკეტინგული სააგენტოს „მარკეტინგ ჰაბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანკა კიკალია სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობაზე, მრავალრიცხოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ნანკა, უამრავ გატაცებას შორის ერთ-ერთი ფოტოგრაფიაა. როგორ გაიხსენებთ გამოფენას, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია?

– გამოფენა აფხაზეთში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოებით მოვაწყვე. როგორი ნისლიანი, წვიმიანი და ნაღვლიანიც დამხვდა აფხაზეთი, ზუსტად ისეთი ფოტოები ჩამოვიტანე. უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია ექსპოზიციამ, რადგან ყველას აინტერესებდა, რა ხდებოდა აფხაზეთში, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამინაწყენდნენ არასასიამოვნო ინფორმაციის გახმაურებისთვის, არადა, მე მხოლოდ ის აღვწერე, რაც რეალურად ვნახე. მართალია, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და დიდი ხანია გატაცებული ვარ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთი გამოფენა გავაკეთე, მეორეს კი, მაშინ მოვაწყობ, როცა ფერადი ფოტოების ჩამოტანას შევძლებ დეოკუპირებული აფხაზეთიდან.

– როგორ შეაფასებთ უკვე განხორციელებულ პროექტებს და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– შესაძლოა, ძალიან მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ საკუთარ მისიად ადამიანებისთვის სიკეთის კეთება მიმაჩნია. სწორედ ასეთად ვთვლი ერთის მხრივ, შერიგებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის, მეორეს მხრივ, ბიზნესის განვითარებაში შეტანილ წვლილს. ბევრჯერ გამიგია გულდაწყვეტით ნათქვამი, რომ თითქოს სახელმწიფო არაფერს აკეთებს ხალხისთვის, არადა ჩემი აზრით, სწორედ ხალხია სახელმწიფო, ამიტომ ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს უკეთესი მომავლის შესაქმნელად ქვეყნისა და საკუთარი თავისთვის.

– რას თვლით უმთავრესად შერიგების პოლიტიკისთვის?

– ერთ-ერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა მითხრა, რომ ქართველებს აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიად მიგვაჩნია და არ გვინდა ადამიანების დანახვა. სწორედ მისი ნათქვამი გახდა ჩემთვის გარდამტეხი, როცა აფხაზების ახლოს გაცნობა და მათთან თანამშრომლობა გადავწყვიტე. სამწუხაროდ, ორივე მხარემ მძიმე შეცდომები დავუშვით, რამაც საბოლოოდ ერთმანეთის სიყვარულის უნარი დაგვაკარგვინა. მე მგონი დროა დავიწყოთ ფიქრი როგორ ვიბრუნებთ აფხაზეთს აფხაზებთან ერთად და როგორ ვაპირებთ მათთან ერთად ცხოვრებას, რადგან უმთავრესი სწორედ ხალხებს შორის ურთიერთობაა.

– რატომ დაინტერესდით მარკეტინგით?

– მარკეტინგი მეტწილად მათემატიკურად გათვლილ სვლებს ეფუძნება და ნაკლებად ითვალისწინებს შემოქმედებას, არადა კრეატიული აზროვნება ყველა სფეროსთვის აუცილებელია. სწორედ შემოქმედებითი ექსპერიმენტებით აღმოვჩნდი ამ სფეროში, როცა კომპანიებს საკუთარი იდეები შევთავაზე.

– ყველაზე საამაყო პროექტს ხომ ვერ გაიხსენებთ?

– ძალიან ვამაყობ, რომ მარკეტინგ ჰაბი ქართული რაგბის პარტნიორია, რადგან რაგბიც  მიყვარს და ყველაფერი ეროვნულიც.

– რას წარმოადგენს „მარკეტინგ ჰაბი“?

– ჩვენი სააგენტო ყველა მარკეტინგულ სერვისს აერთიანებს, თუმცა არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განვითარებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ „მერსედესის“ მოდის კვირეულთან და ნავთობკომპანია „ქონექთთან“, რომელიც მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე, სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდიური კომპანია RBO გახდა ჩვენი პარტნიორი, რომელიც მასშტაბური მშენებლობის დაწყებას გეგმავს ჩვენს ქვეყანაში.

– როგორც მოგწონთ სპორტულ ჟურნალზე მუშაობა?

– ძალიან საინტერესოა. მანამდე მხოლოდ ხელოვნებასა და კულტურაზე ვმუშაობდი, ახალა კი, სრულიად ახალ გამოცდილებას ვიძენ.

– რამდენად აქტუალურია ბეჭდური მედია?

– პირადად მე „ციფრული ადამიანი“ ვარ და სწორედ მისი მომავლის მჯერა, რადგან სწორედ ციფრული მედია აუქმებს საზღვრებს და ამარტივებს კომუნიკაციას ადამიანებს შორის.

– რა თმებს განიხილავს ჟურნალი The Diary?

– The Diary – ცხოვრების სტილის დღიურია, რომელიც უამრავ თემას აერთიანებს მოდის, თავის მოვლის, მოგზაურობისა და დეკორის ჩათვლით. წამყვან რუბრიკად GoGo შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ახალგაზრდა ქალბატონების ეხმარება საკუთარი იდეების განხორციელებაში.

– როგორ შეაჯამებთ 2022 წელს და რას გეგმავთ მომავალი წლისთვის?

– მიხარია, რომ წელს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, მომავალი წელი კი, დარწმუნებული ვარ სუპერ ჯადოსნური იქნება ყველასთვის. მთავარია, პოზიტიური ენერგია და სურვილები გავგზავნოთ კოსმოსში.

– რას ინატრებთ 2023 წლისთვის?

– ძალიან მინდა ისევე თავისუფლად ჩავიდეთ აფხაზეთში, როგორც აჭარაში ჩავდივართ.

– რას თვლით მყარი პარტნიორობის გარანტიად?

– ნდობას.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ვცდილობ სწრაფად მივიღო, რაშიც ინტუიციაც მეხმარება.

 

ბლიცკითხვები –

– რომელ პროფესიას შეითავსებდით?

– ძალიან მომწონს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ბევრ საინტერესოს გამოვიძიებდი და ბევრ არაკეთილსინდისიერ ბიზნესს ვამხელდი.

– რომელ ქალაქში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– პარიზში.

–  რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე გემრიელად?

– ძალიან კარგად გამომდის ხაჭაპურის გამოცხობა.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– ოჯახის წევრებს.

– როდის ხართ ყველაზე თავისუფალი?

– ყოველთვის თავისუფალი ვარ, რადგან სწორედ თავისუფლების შენარჩუნებაა ჩემთვის უმთავრესი.

– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებთ?

– წიგნი.

– უნარი, რომლის გამომუშავებაზეც მუშაობთ?

– მინდა, უფრო მიმტევებელი ვიყო და მეტად შემეძლოს პატიება.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ვარსკვლავს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და ჰუმანურობაა. ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტის განვითარებაზე ზრუნვა, ბევრი კითხვა, ახალი ინფორმაციის მოძიება და შინაგანი სამყაროს გამდიდრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები