LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ჩარკვიანის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

25
55609095_679638032469591_568339265499430912_n

რადიო „ფორტუნას” ეთერში გრძელდება ნია მოძმანაშვილის საავტორო მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს. ამჯერად გადაცემას  დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი  და პედაგოგი ბატონი გელა ჩარკვიანი ესტუმრა. როგორია მისი რჩეული შვიდი სიმღერა, ამას გადაცემიდან შეიტყობთ.

მეშვიდე ადგილზე მინდა ირაკლის სიმღერა შემოგთავაზოთ ,,მოდი წავიდეთ“. ეს არის მისი ერთ-ერთი ბოლო, ტრაგიკული სიმღერა, რომელსაც ჩემი ქალიშვილი დღემდე ვერ უსმენს. მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ირაკლი ამ სიმღერაზე კლიპს იღებდა, მე წავიყვანე გადაღებაზე მანქანით. როცა ეს სიმღერა გამოვიდა, ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის. აქ მინიშნებაა და ფაქტია, რომ ირაკლი რაღაცას გრძნობდა…

მეექვსე ადგილზეა ვაჟა აზარაშვილის სიმღერა ,,ისევ წვიმს, ისევ თოვს”. სხვათა შორის სიმღერის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ისაა, სიმღერას აქვს თუ არა ემოციური პიკი. შეიძლება დაწერო ისეთი სიმღერა, რომელსაც საერთოდ არ აქვს პიკი და იყოს ბრტყელი. ამ თვალსაზრისით კი ამ სიმღერას აქვს ეს ემოცია და პიკი, ამიტომ შემოგთავაზებთ მეექვსე ადილზე.

მეხუთე ადგილზე მინდა შემოგთავაზოთ Francis Lai – Theme From A Man And A Woman.  კომპოზიცია ფილმიდან ,,მამაკაცი და ქალი”. ეს არის ძალიან საინტერესო ფრანგული ლირიკა. ეს ფილმი არაფერი იქნებოდა, რომ არა ეს მუსიკა.ზოგადად francis lai ფილმების მუსიკას წერდა და ოსკარის მფლობელიცაა.

მეოთხე ადგილზეა The Girl From Ipanema. ეს არის 60-იანების ძალიან საინტერესო მუსიკაა. შეიძლება ითქვას, რომ ჟობინმა და ჟილბერტომ შექმნეს ახალი ტიპის მუსიკა, რომელსაც ბოსანოვა ჰქვია. შემდგომ იმდენად დაინტერესდნენ ამერიკელი ჯაზმენები, რომ ამ კომპოზიციაში მათ ცნობილი საქსაფონისტი Stan Getz შეუერთდა, რომელმაც მათთან ერთად ალბომიც ჩაწერა. ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც ჯაზური ვოკალია, თუმცა, ყველანაირ მუსიკას ვუსმენ…

მესამე ადგილზე გთავაზობთ Nat King Cole – The Party’s Over. ეს არის შესანიშნავი სიმღერა, ძალიან კარგი სიტყვებით. ესეც ფილმიდანაა და შეიძლება ითქვას, რომ კარგი სიმღერები უმეტესად ფილმშია გამოყენებული.

მეორე ადგილზე მინდა შემოგთავაზოთ  Ella Fitzgerald – Mr. Paganini. მახსოვს, როცა ირმა სოხაძე ძალიან პატარა იყო, მისმა პედაგოგმა მთხოვა ტექსტი ამ სიმღერისთვის და მე დავუწერე სიტყვები. ირმა ძალიან კარგად მღეროდა ჯაზს და ეს არის საოცარი სიმღერა, რომელსაც ხშირად ვუსმენ. მაგალითად რამდენიმე დღის წინ ჩემმა შვილიშვილმა მკითხა, რა სიმღერა მოუსმენდიო და ეს სიმღერა ვუთხარი.

პირველ ადგილზე გთავაზობთ Frank sinatra  – laura. ეს ნამუშევარი დაიწერა ფილმისთვის. ფილმი დიდი არაფერი იყო, თუმცა არის ძალიან რთული და კარგი მელოდია. შემდეგ დაუწერეს სიტყვები და ეს კომპოზიცია გახდა უკვე  სიმღერა, რომელიც ფრენკ სინატრამ შემოგვთავაზა. მიმაჩნია, რომ სიმღერებში ყველაზე საინტერესოა და თუ გინდა გაიგო ადამიანის სმენა, ეს სიმღერა უნდა ამღერო.(იცინის)

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები