LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნადიბაიძე: „რა ვქნა, მიდით, გადამიარეთ, არ არის პრობლემა…“

9
გიორგი-ნადიბაიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი გიორგი ნადიბაიძე, რომელმაც წამყვანის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.  

გადაცემის ლაივი LIVE

საკმაოდ დიდი პაუზა გქონდა და საზოგადოების წინაშე არ ჩნდებოდი…

რთული საკითხია, ასე მარტივად ამაზე ვერ გიპასუხებთ. პანდემიის პერიოდს, სხვათა შორის, არ შეუშლია ჩემთვის ხელი. მართალია, ცოტა პასიური გავხდი, მაგრამ შინაგანი ბრძოლის უნარი არ დამიკარგავს, მაბედნიერებს სიმღერა.

მინდა, შევეხო თემას,  რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი  მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ის მომენტი, როცა რუსულ პროექტში მიიღე მონაწილეობა, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი?

რაც უნდა გააკეთო, ყველას თავს ვერ მოაწონებ. ამ პროფესიაში არაფერი ხდებოდა საქართველოში, ყველა ამბობს, რომ მხოლოდ ამ საქმით საქართველოში ვერაფერს გახდები, ეს თვითშეფასებაზეც მოქმედებდა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემნაირად ბევრი მომღერალი ფიქრობს.

რატომ უნდა გავიყვანო ყველაფერი პოლიტიკაში,  ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო სწორი და პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. თან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ჩაიწერა ომამდე. ბევრმა პოლიტიკურად მიკერძოებულმა მედიამ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. წერდნენ, იმღერა ოკუპანტების მქუხარე ტაშის ფონზეო. ყველა კომენტარი არ წამიკითხავს და არც ვაპირებ წაკითხვას. გეტყვით, რომ ზოგადად, კონტრაქტი დაიდო სექტემბერში, მე ისედაც ვაპირებდი ქვეყნიდან  წასვლას. ვერ წარმოვიდგენდი, თუ დაიწყებოდა ომი და ასეთი უბედურება მოხდებოდა. ეს ყველაფერი ჩაიწერა ომამდე, შესაბამისად, ბადეში დაგვიანებით მოხვდა. აი, მერე კი დაიწყო ჩემი ღელვა, რომ გადაცემა ყველაზე არასახარბიელო მომენტში გავიდოდა. აზრს შევეგუე.  ვერ ვუყურებდი, გადაცემა არ მინახავს. მე ამის აფიშირებას არ ვაპირებდი, ეს გააკეთა ერთმა ბლოგერმა. მაინც მესიამოვნა, რომ ვნახე ამდენი დადებითი შეფასება. მეც ვერ გავამართლებ ვერავის, რომ ამ მოცემულობაში წავიდეს რუსეთში და იმღეროს. რა ვქნა, მიდით, გადამიარეთ, არ არის პრობლემა.

რატომ წახვედი მაინცდამაინც რუსეთში და არა სხვა ქვეყანაში, სადაც ამ პროექტის არაერთი ანალოგია? 

შემოთავაზება მქონდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა საბერძნეთიდანაც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ დამაინტერესა.

წინ მეორე ტურია, როდის იქნება?

სიმართლეს გეუბნებით, არ ვიცი, როდის, რა და სად იქნება. არ ვაპირებ ამის გამომზეურებას.

სიმღერა როგორ აარჩიეთ?

ერთი ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას, სიმღერას არჩევს ჯგუფი. ავტომობილით ვმოძრაობდი და ეს სიმღერა ჩაირთო, ვიფიქრე, რატომაც არა თქო, მიყვარს „ბოიზ თუ მენი“. ცოტა რთული იყო 4 მამაკაცის სიმღერის შესრულება, თუმცა მერე დავფიქრდი, ვცადე, მომეწონა და დამტკიცდა პირველი ეტაპისთვის ეს სიმღერა.

რამდენად იყო მოთხოვნა, რომ რუსული სიმღერა შეგესრულებინა?

კი, იყო მოთხოვნა, ქართულ სიმღერასაც განვიხილავდით. მე მინდოდა ინგლისურენოვანი რეპერტუარის შესრულება. მეორე ტურში კი სურდათ, რუსული სიმღერა მემღერა,  იმ წუთში იმოქმედა, ვიცოდი, რასაც ნიშნავდა ეს. მე უარი ვთქვი, არ შევასრულე.

მოდი, გავიხსენოთ კონკურსი „ვოისი“, რომელიც საქართველოში ჩატარდა და შენი მენტორი იყო ქეთა თოფურია, მას შემდეგ თუ გქონია მასთან კონტაქტი?

არა, არ მქონია კონტაქტი მასთან პროექტის შემდეგ, იმის შემდეგ, ჩვენ სცენაზე არ გადავკვეთილვართ. ძალიან მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს.

შენ ხარ მომღერალი, რომელსაც არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა, თანაც, წარმატებულად, რას ეტყვი შენს მსმენელს, რა გეგმები გაქვს, აპირებ თუ არა კიდევ რომელიმე პროექტში მონაწილეობას?

იმედია, მექნება საშუალება, მივიღო მონაწილეობა, მაქვს ენერგია და მინდა დავხარჯო, სცენაზე დგომის მომენტი და სიმღერა ძალიან მაგარია. ვფიქრობ, სხვაგანაც მივიღო მონაწილეობა,  სანამ ასაკი მიწყობს ხელს. ხმა დღეს გაქვს და ხვალ არ გექნება, უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა. აქ ასე გვიწევს მომღერლებს ცხოვრება. ვაპირებ, ვაკეთო რაღაც რაღაცები,  სხვათა შორის, რამდენიმე სიმღერა ჩავწერე, მაგრამ  ახლა ახალს რთულად იღებენ, უფრო ძველი მოსწონთ.

რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, ისევ მარტო ხარ?

ისევ რატომ? როდის ვიყავი მარტო? ჩემთან სულ არიან…ზოგადად, არ ვარ სოციალური და ამიტომაც არ ვრცელდება ბევრი არაფერი, არ ვცდილობ რაღაცების აფიშირებას. არა, მარტო არ ვარ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები