LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სვანიძე: „მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად შეიძლება წარმატების მიღწევა”

32

3 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” კომპანიის ”ქართული ზეთისხილი” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი გიორგი სვანიძე სტუმრობდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გიორგიმ ჯერ ჰოლანდიაში გააგრძელა სწავლა ბიზნესისა და ადმინისტრაციის კურსით, მერე კი, ჩიკაგოში გაემგზავრა, რომლის დასრულების შემდეგ, ჰოლანდიაში დააარსა პირველი კომპანია თანამოაზრეებთან ერთად. მოგვიანებით, გიორგიმ კვიპროსში, ბელგიაში, ყაზახეთსა და სინგაპურში გაფართოვა საკუთარი ბიზნესი, საზღვარგარეთ შეძენილი ცოდნით საქართველოში დაბრუნებულმა კი, მთელი კაპიტალი უზარმაზარ გამოცდილებასთან ერთად ქართულ წარმოებაში დააბანდა.    

– ბატონო გიორგი, როდის დაიწყეთ ზეთისხილის ბიზნესი საქართველოში და რა ეტაპზე ხართ დღეს?

– საქართველოში ბიზნესი 7 წლის წინ დავიწყეთ, სწორედ მაშინ დავრგეთ ზეთისხილის პირველი ნერგი, ყოველწლიურად ვამდიდრებდით და დღეს უკვე 300 ათასზე მეტი ნერგი გვაქვს. ჩემი პარტნიორები თურქები არიან, რომელთაც ზეთისხილის წარმოების უზარმაზარი ტრადიციაები და მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. თუმცა, ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ, როცა თურქეთში მოყვანილმა ნერგმა საქართველოში უფრო სწრაფად გაიხარეს. გარდა ამისა, ჩვენი ზეთისხილი თურქულისგან თხელი კანით და შედარებით მცირე ზომის კურკით განსხვავდება, რაც მისი გემოვნებით თვისებებსაც საგრძნობლად აუმჯობესებს, ნაყოფს კი, ბევრად მეტს ისხამს, ვიდრე თურქეთში. მოსავლის აღების შემდეგ კიდევ ერთი სასწაულის მოწმე გავხდით – როცა 1 ლიტრი ზეთი ჩვეულებრივ 4-5 კილოგრამიდან იწურება, ჩვენს შემთხვევაში 1 ლიტრს მხოლოდ 3 კილოგრამი დაჭირდა, რაც რა თქმა უნდა, მის უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს.  

– რამდენადაც ვიცი, საქართველოში თურქი ინსტრუქტორები ჩამოვიდნენ და ქართველ ფერმერებს სპეციალური ტრენინგი ჩაუტარეს. რამდენად სწრაფად აუღეს ალღო ქართველებმა ახალ საქმეს?

– თურქი ინსტრუქტორები 2-3 წლის განმავლობაში უტარებდნენ ტრენინგებს ქართველ ფერმერებს და აგრონომებს. ძალიან კარგი და სერიოზული გუნდი შევკრით, რომელიც ზეთისხილის ბაღებსაც უვლის და ქარხანაშიც უზრუნველყოფს გამართულ მუშაობას. ჩვენთან მხოლოდ პროფესიონალები მუშაობენ და მაშინ, როცა 85% საუკეთესო მაჩვენებელია ბაღის გახარებისთვის, ჩვენმა მაჩვენებელმა თითქმის 100% შეადგინა. რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევაში პატრიარქის კურთხევაც დაგვეხმარა, სწორედ ამიტომ ხარობს ყველა ნერგი ასე სწრაფად.

– თქვენი ბიზნესი ზრდაზეა ორიენტირებული  და არა მარტო ზეთისხილის, არამედ ჯერ ზეითუნის ზეთის წარმოებას, მერე კი, ატმის, გარგლის კურკის და ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას გეგმავს. რა დრო და რა თანხებია საჭირო ამ სუპერგეგმის განსახორციელებლად?

– ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც საქართველოში ზეთისხილის მწარმოებელი ფაბრიკა გავხსნა და ვინც საქართველო ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების რუქაზე დაიტანა. რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი გაფართოება იქნება. სამომავლოდ ატმის, გარგლის და ყურძნის წიპწის ზეთის წარმოებას ვაპირებთ.  

– თქვენი აზრით, როგორი ბიზნესგარემოა საქართველოში დღეს და რამდენადაა სახელმწიფო ჩართული  მის განვითარებაში?

– დიდი ხანია საქართველოში ვაწარმოებთ ბიზნესს, თუმცა, ის რასაც ქვეყნის მთავრობა, თუნდაც ეკონომიკის სამინისტრო ბოლო წლებში  ბიზნესის განვითარებისთვის აკეთებს, აქამდე არასდროს გაკეთებულა. უამრავი პროექტის გახსნება შემიძლია, რომელთა შორისაა ”აწარმოე საქართველოში” და ”დანერგე მომავალი”. გარდა ამისა, სწორედ სახელმწიფომ დააფინანსა ნერგების შესყიდვის 70% და წვეთოვნის 50%, ქარხნის მშენებლობაში 40%-იან გრანტი მივიღეთ, სესხი კი, სულ რაღაც 1%-ად ავიღეთ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და სიმართლე ვთქვა, ასეთი რამ არსად მინახავს. დღეს საქართველო საუკეთესო საინვესტიციო ქვეყანაა, სადაც ყველას სურს ჩამოსვლა და ინვესტიციის განხორციელება.

– რამდენადაც ვიცი, იმპორტული საქონელის ჩანაცვლება სწორედ ეროვნული პროდუქციით მოხდება. რა ხარისხისაა ქართული ზეთისხილი და რამდენად ენდობა მას ქართველი მომხმარებელი?

– საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ჩვენი პროდუქცია, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაა. ჩვენ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ გერმანულ ორგანიზაციასთან, რომელიც გეოლოგიურ სერთიფიკატს გასცემს. პლანტაციების მონიტორინგი ყოველწლიურად ხორციელდება და ყველა აღფრთოვანებულია, რადგან ჩვენ ყველა წესისა და კანონის დაცვით ვმუშაობთ. ვიყენებთ მხოლოდ ბიოლოგიურ სასუქს, რომელსაც კასპის ბიოლოგიური სასუქის ქარხანა უშვებს. ძალიან მალე შეძლებთ ჩვენი ზეითუნის ზეთს დააგემოვნებას და მიხვდებით, რამდენად განსხვავდება ის სხვა ანალოგიური პროდუქტისგან და რამდენად მაღალია მისი ხარისხი.    

– დაანონსებულ ექსპორტზე და მსოფლიო ბაზარზე რომ ვისაუბროთ, კონკრეტულად რომელი ბაზარია ჩვენთვის ყველაზე მომგებიანი და ვისთან გაქვთ მოლაპარაკება?

– პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველ მომხმარებელს გავასინჯებთ ქართულ ზეითუნის ზეთს და ყველა სუპერმარკეტის ქსელში შევიტანთ ჩვენს პროდუქციას. ქართულ ბაზარზე დამკვიდრების შემდეგ კი, საზღვარგარეთაც ვაპირებთ გასვლას. უკვე გვაქვს მოლაპარაკება ”კარფურთან”, ანუ ”კარფურის” ყველა ცენტრში შევა ჩვენი პროდუქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მომავალ წელს რუსეთის, შეერთებული შტატების და ევროპის ბაზარზე ვაპირებთ გასვლას. ასე რომ გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს.  

– როდის იქნება ზეთისხილის რთველი და თავად თუ აპირებთ მონაწილეობის მიღებას?

– სავარაუდოდ, მოსავლის აღებას ოქტომბრის ბოლოს დავიწყებთ და რამდენიმე თვე გაგრძელდება. მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ და სხვებსაც ვეპატიჟები. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვმუშაობთ სანერგეს გახსნაზე, სადაც ყოველწლიურად თვითონ გავახარებთ ნახევარ მილიონზე მეტ ნერგს. ნერგების გარკვეული ნაწილი გაიყიდება,   ნაწილი კი, ფერმერებს გადავცეთ, რათა მათ თავად მოიყვენონ ზეთისხილი და სწორედ მათგან ჩავიბაროთ მოსავალი.

– რამდენად რთულია ზეთისხილის ნერგის მოვლა?

– რთული არაა. პირიქით, ძალიან მარტივია.

– რა როლს ანიჭებთ საინფორმაციო კამპანიას და რამდენად მნიშვნელოვანია კარგი რეკლამა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის?

– როგორც ყველა სხვა პროდუქტს, ზეთისხილის წარმოებასაც სჭირდება გარკვეული მარკეტინგი. მოთხოვნა პროდუქციაზე ძალიან მაღალია, ამიტომ ვცდილობთ სწორი ნაბიჯები გადავდგათ და არ გავუცრუოთ ჩვენს მომხმარებელს იმედი. სავარაუდოდ, ნოემბრისთვის ჩვენი პროდუქცია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

– თავად როგორი კულინარი ბრძანდებით და რომელი კერძის მომზადება გიყვართ ყველაზე მეტად?

– კულინარია ჩემი ჰობია, გურმანი ვარ და ძალიან მიყვარს ხორცის და თევზის კერძების მომზადება.

– რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას საქმიანი შეხვედრაზე ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას?

– ნებისმიერ საქმეს და საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდები. რადგან, კარგად დაგეგმილი საქმე – ეს უკვე წარმატების ნახევარია. ვფიქრობ, ნებისმიერი ბიზნესპარტნიორი ოჯახის წევრივით უნდა უნდა მიიღო, ბიზნესი კი, საკუთარ შვილად ჩათვალო. ამგვარი დამოკიდებულებით დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საქმე გამოვა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ნდობაც, რადგან მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად შეიძლება წარმატების მიღწევა.

– რა თვისებას აფასებთ თანამშრომლებში ყველაზე მეტად?

– ყველაზე მეტად მონდომებას და შრომისუნარიანობას ვაფასებ, რადგან ვთვლი, რომ ადამიანი შეყვარებული უნდა იყოს იმ საქმეზე, რომელსაც აკეთებს.

– როგორ იბადება თქვენს კომპანიაში ახალი იდეები და რამდენად ხშირად ითვალისწინებთ თანამშრომლების აზრს?

– ნებისმიერ ახალ იდეას დიდი ყურადღებით განვიხილავთ, ყოველთვის ვითვალისწინებ თანამშრომლების აზრს და გადაწყვეტილებასაც აუცილებლად გუნდურად ვიღებთ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად, თუმცა აუცილებლად დაფიქრების და კარგად გაანალიზების შემდეგ.

ბლიცკითხვები:

– რამდენი კილოგრამი ზეთისხილი სჭირდება ერთ ლიტრ ზეთის?

– ზოგადად 4-5 კილოგრამი, ჩვენს შემთხვევაში კი, 3 კილოგრამიც საკმარისია.

– რა სლოგანი აქვს თქვენს კომპანიას?

– ”აწარმოე ახალი და საუკეთესო!”

– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვოვბიდან ბიზნესმენობაზე ვოცნებობდი.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ”გამარჯობა!”

– გიყვართ თუ არა სპორტი და სპორტის რომელ სახეობას ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან მიყვარს ცურვა.

– როგორ იწყება თქვენი დილა – ფინჯანი ყავით, ინტერნეტით თუ აუზზე სტუმრობით?

– აუზზე დავდივარ.

– ჟურნალისტების რა კითხვა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

– ჯერ არ შემხვედრია ჟურნალისტი, ვისი კითხვაც გამაღიზიანებდა.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– დიახ, ძველი ავტომობილების კოლექცია მაქვს.

– ფურცელი და ფანქარი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– თქვენ დაგხატავდით.

– თქვენი აზრით, წარმატების მისაღწევად რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს?

– აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს, ჰქონდეს მიზანი და ზუსტად იცოდეს რისი გაკეთება უნდა, რადგან სწორად დასახული მიზანი და მისი თანმიმდევრული განხორციელება განაპირობებს წარმატებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები