LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედია, ეს საღამოც ისეთივე სასიამოვნო და დასასამახსოვრებელი იქნება პუბლიკისთვის, როგორც ძველი წარმოდგენები” – ლელა წურწუმია

12
lela-wurwumia-art-fm-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

1 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას  „არტ-FM“ მომღერალი ლელა წურწუმია სტუმრობდა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში დაგეგმილ კონცერტზე.

– ქალბატონო ლელა, როგორ ემზადებით გრანდიოზული კონცერტისთვის?

– წარმოდგენა სულ რამდენიმე დღეში გაიმართება სპორტის სასახლეში, რომელიც სპეციალურად შეირჩა სოლო კონცერტისთვის, რადგან უამრავ მაყურებელს იტევს და სრულფასოვანი შოუს მოწყობის საშუალებას იძლევა. სიმართლე ვთქვა, ძალიან ვღელავ, რადგან მსგავსი მასშტაბის წარმოდგენის ორგანიზება რთული და ყოველთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, დრო კი, ცოტა გვაქვს, ამიტომ მზადებაც ინტენსიურად მიმდინარეობს. არაჩვეულებრივ დეკორაციზე ვანიკო ჭელიძემ იზრუნა, გახმოვანებას ევროპელი ტექნიკოსები უხელმძღვანელებენ, ქორეოგრაფიულ ნაწილს კი, თეა დარჩია და ირაკლი ფიფია ჩაიბარებენ საკუთარ დასთან ერთად. რა თქმა უნდა, კონცერტში ჩემი მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ნოდიკო ტატიშვილი, სტეფანე და დუეტი „ჯორჯია“. ძალიან საინტერესოდ შედგა რეპერტუარი, რომელმაც ახალებურად გაკეთებული ძველი სიმღერები გააერთიანა. აუცილებლად ავღნიშნავ დუეტს Holi Moli-სთან და რამდენიმე სიმღერას, რომელთა ახალი – ელექტრონული ვერსია ჩავწერეთ.

– ახალი ნამუშევრების წარმოდგენას ხომ არ გეგმავთ კონცერტზე?

– მართალია, მეტწილად ძველ სიმღერებს შევასრულებ, მაგრამ რამდენიმე პრემიერითაც გავახარებ მსმენელს. განსხვავებულად წარმოვადგენ უკვე პოპულარულ კომპოზიციას „წამიყვანე სიყვარულთან“, რომლის ტექსტი ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, კლიპის ავტორი კი, ნესტან სინჯიკაშვილია. იმედია, ეს საღამოც ისეთივე სასიამოვნო და დასასამახსოვრებელი იქნება პუბლიკისთვის, როგორც ძველი წარმოდგენები. მიხარია, რომ 5 ათას ბილეთზე მეტი უკვე გაიყიდა, რაც ნათლად მიანიშნებს მსმენელის სიყვარულსა და მის ინტერესზე ჩემი შემოქმედების მიმართ.

– რამდენადაც ვიცი, დაგეგმილი შოუ უკვე მეექვსე სოლო კონცერტი იქნება,

– გეთანხმებით, პირველი სოლო კონცერტი 2000 წელს მოვაწყვე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სპორტის სასახლეში გაკეთებული ორი წარმოდგენის შემდეგ, ისევ ფილარმონიაში დავბრუნდი ორი საღამოთი, ახლა კი, სპორტის სასახლეში გადავწყვიტე მსმენელის მიწვევა, ყველაზე გრანდიოზულ შოუზე.

– რა თქმა უნდა, ნებისმიერ კონცერტზე უმთავრესი რეპერტუარი და წარმოდგენილი კომპოზიციებია, თუმცა მაყურებელი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს არტისტის ჩაცმულობას და იმიჯს. საინტერესოა, ვინ იზრუნა კოსტიუმების შექმნაზე და რაზე გაამახვილეთ ამჯერად ყურადღება?

– გეთანხმებით, ჩემი კოსტიუმებით ყოველთვის აქტიურად ინტერესდება პუბლიკა, ამიტომ ლოკაციის გათვალისწინებით ახლაც განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე მათ შერჩევაზე. ცნობილმა დიზაინერებმა, მათ შორის ავთანდილმა, დათუნა სულიკაშვილმა და მაია შანავამ არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოცეკვავეების კოსტუმების შექმნაზეც იზრუნეს. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი სამოსი შეიკერა, რომელიც იდეალურად მოერგება სპორტის სასახლის სცენას.

– რეგიონებში ხომ არ გეგმავთ კონცერტებით სტუმრობას?

– სულ ცოტა ხნის წინ მქონდა გასვლითი კონცერტი და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებ, თუმცა ახლა მცირე პაუზის აღება მინდა, სოლო კონცერტისთვის ძალისა და ენერგიის მოსაკრებად. აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტ ქართველებს, ვინც სპეციალურად ჩემი კონცერტისთვის ჩამოვიდა და საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნაც ჩვენთან ერთად გადაწყვიტა. ასე რომ, საღამოს უამრავი იუბილარი ეყოლება.

– მუსიკოსობის შემდეგ, ტელეწამყვანის ამპლუაც არაჩვეულებრივად მოირგეთ, უამრავ სფეროში მოსინჯეთ საკუთარი შესაძლებლობები, ტანსაცმლის დიზაინერობა ხომ არ გიცდიათ ოდესმე?

– აქსესუარების კოლექცია უკვე შევქმქნი თორნიკე ჯგენერაიასთან ერთად, სამკაულზე ლადო ფესვიანიძესთან ერთად ვიმუშავე, კოსტიუმების დიზაინს კი, უფრო საკუთარი წარმოდგენებისთვის ვამუშავებ.

– თქვენი აზრით, რა არის აუცილებელი ქართულ შოუბიზნესის გასავითარებლად?

– ვფიქრობ, მთავარი ფინანსებია, რადგან საკმარისი რესურსით ყოველთვის ბევრად ხარისხიანი პროდუქტი იქმნება.

– ყველა არტისტი აღნიშვას, ქართველი მსმენელის განსაკუთრებულობას, თქვენ როგორ შეაფასებთ თქვენს თაყვანისმცემელს?

– სხვებისგან განსხვავებით, ქართველი მსმენელი ყოველთვის ძალიან კრიტიკულია, არტისტისგან პროფესიონალიზმს და შესრულების მაღალ ხარისხს მოითხოვს, თუმცა თუ შეიყვარა, ბოლომდე და მთელი გულით ეყვარები.

– თქვენი შვილიც მუსიკოსობას ხომ არ გეგმავს?

– მართალია, ძალიან კარგი სმენა აქვს და არაჩვეულებრივად მღერის, მაგრამ მუსიკოსობა ნამდვილად არ უნდა, რადგან სწორედ მუსიკამ წაართვა მშობლები და ვფიქრობ, ერთგვარი პროტესტი აქვს ამ სფეროს მიმართ. მართალია, რამდენჯერმე შევთავაზე დუეტის ჩაწერა, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე.

– რას ურჩევთ ახალგაზრდა მუსიკოსებს?

– მთავარია, უყვარდეთ საკუთარი საქმე და ყველაფერს შეძლებენ, რადგან ნებისმიერი მიზნის მიღწევას სურვილი და მთელი გულით მონდომება სჭირდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები