LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

14
Copy of ART FM Talk With.

როგორ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას, რომელმა მუსიკალურმა მიმდინარეობამ მოახდინა მასზე გავლენა და ვინ არიან მომღერალი პარლამენტარები საინტერესო და სახალისო კითხვებს რადიოფორტუნასგადაცემაშირას უსმენენ ცნობილებიირაკლი კობახიძე პასუხობს.

ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა მობრძანებისათვის, მითუმეტეს, რომ წინასაარჩევნოდ ძალიან დაკავებული ხართ. როგორ გრძნობთ თავს ჩვენს სტუდიაში?

– დიდი მადლობა მოწვევისათვის, სტუდიაში არაჩვეულებრივი გარემოა და ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ, თქვენთან ერთად ვარ.

რის მიხედვით შეარჩიეთ შვიდეული, რომელსაც ახლა წარვუდგენთ მსმენელს?

– ძირითადად შევარჩიე ის სიმღერები, რომლებიც ჩემზე ბავშვობიდან განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა. არის ისეთებიც, რომლებსაც დღესაც სიამოვნებით ვუსმენ ​განტვირთვის მიზნით, რადგან ძალიან მომწონს.

როცა შეხვედრიდან შეხვედრაზე მიდიხართ, გაქვთ საშუალება რომ მუსიკას მოუსმინოთ?

– დღის განმავლობაში მუსიკის მოსმენას ნაკლებად ვახერხებ, უფრო საღამოობით, ძილის წინ ვუსმენ.

სიმღერების თანმიმდევრობა პირობითია, თუმცა, მოდით დავიწყოთ ბავშვობის საყვარელი ჯგუფით.

 

  1. The Beatles – Help

ჩემი მუსიკალური მოგონებები ძალიან ხშირად უკავშირდება “ბითლზს”. ამით იწყება ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება. როგორც ბევრი სხვა ადამიანისათვის, ჩემთვისაც “ბითლზი” იყო წამყვანი უცხოური ჯგუფი. მქონდა ფირფიტები და ვუსმენდი. მაშინ არც რადიო და არც სხვა საშუალება არ იყო, რომ მუსიკისთვის მოგესმინა, გარდა ფირფიტებისა. უცხოურ მუსიკას სხვანაირად ვერ მოუსმენდი. საბჭოთა კავშირში “ბითლზი” რაღაცნაირად დაუშვეს და მამაჩემმა მაშინვე მოიტანა სახლში ფირფიტები. ასე დაიწყო ჩემი სიყვარული “ბითლზის” მიმართ.

დღესაც, როცა საშუალება მაქვს, ყოველთვის ვუსმენ ამ ჯგუფს. მათი რეპერტუარიდან ბევრი სიმღერა მიყვარს, მაგრამ პირველი რაც ბავშვობას მახსენებს, არის „help”. იქ განსხვავებული მელოდიაა, პირველივე მოსმენის შემდეგ შემიყვარდა ეს სიმღერა. მეგობრებთან ერთადაც ვუსმენდი ხოლმე და მარტოც.

საინტერესოა, რატომ დაინტერესდით ჩვენი შემოთავაზებით და დაგვთანხმდით, ალბათ უამრავი შემოთავაზება გქონდათ. ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ ჭეშმარიტი მელომანი ხართ.

– გარდა იმისა, რომ მელომანი ვარ, თქვენს რადიოს ხშირად ვუსმენ ხოლმე, რამდენადაც ვიცი ყველაზე რეიტინგულია და ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია. თან მუსიკაც ძალიან ახლოს არის ჩემთან და დიდი მადლობა, რომ მაძლევთ საშუალებას, მუსიკაზე ვისაუბრო.

 მე ვიცი, რომ თქვენ ჯგუფშიც უკრავდით

-დიახ, სტუდენტობის დროს ვუკრავდი. სარდაფიც კი გვქონდა მოწყობილი პატარა სტუდიასავით თავისი ე.წ. კვერცხის “ლატოკებით” კედლებზე, რომლებიც ჩვენი ხელით გავაკარით (იცინის). ინსტრუმენტებიც შევიძინეთ მეგობრებმა და შევქმენით ჯგუფი. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ გავაკეთეთ. მე მუსიკალური განათლებაც მაქვს, ბავშვობაში შვიდწლედი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით და მუსიკა ჩემთან ყოველთვის ახლოს იყო. სტუდენტობისას გიტარის სწავლა დავიწყე, ერთ-ერთი უძლიერესი გიტარისტი,  ბაჩი ქიტიაშვილი გვასწავლიდა დაკვრას მე და ჩემს მეგობარს. ამ პერიოდს ბევრი კარგი მოგონება უკავშირდება.  ბაჩი ძალიან ძლიერი გიტარისტი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. პირველად შედარებით მარტივი შესასრულებელი რამდენიმე მელოდია ვისწავლე, მათ შორის  Animals-ის ცნობილი სიმღერა. ჯგუფის შექმნის იდეა გაჩნდა მეგობრებში, უბანში.შევიკრიბეთ 5 ადამიანი. ვუკრავდით დაახლოებით 1-2 წელი, მერე სხვადასხვა მიმართულებით დავიშალეთ, ჩემმა მეგობრებმა გააგრძელეს დაკვრა და ჯგუფიც ჰქონდათ. მე ჯგუფში გიტარისტი ვიყავი. მართალია, კონცერტი არ გვქონია, მაგრამ ძალიან კარგი მოგონებები მაქვს ამ პერიოდის შესახებ.

  1. Sting – It’s Probably Me

„სტინგი“ ბავშვობიდან მიყვარს, ერთმა მეგობარმა შემაყვარა, მეზობლები ვიყავით და ის უსმენდა. მუსიკას ყოველთვის სერიოზული ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ბავშვობაში. ერთი პერიოდი მარტო „სტინგს“ ვუსმენდი. მიმაჩნია, რომ ის არის მომღერალი, რომელსაც თითქმის ყველა სიმღერა კარგი აქვს. ხომ არიან შემსრულებლები, ვისიც მხოლოდ რამდენიმე კომპოზიციაა კარგი, დანარჩენი კი არ მოგვწონს. „სტინგის“ შემთხვევაში ჩემთვის ყველაფერი პირიქითაა.  ასარჩევი სიმღერა მისი შემოქმედებიდან ბევრია, მაგრამ მაინც დავასახელებ ერთს, ეს არის სიმღერა ბლუზის ელემენტებით, ერიკ კლეპტონის აკომპანემენტით.

კონცერტებს თუ ესწრებით, როცა გაქვთ საშუალება?

-სამწუხაროდ, ბოლო დროს, უკვე  წლებია ვერ მოვახერხე ვერაფრით, მაგრამ ცხადია კონცერტზე დასწრება მიყვარს, ეს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს გვიტოვებს.

  1. Queen – Killer Queen

Queen-ზეც მქონდა პერიოდი, როცა მხოლოდ ამ ჯგუფს ვუსმენდი. მათიც ბევრი სიმღერა მიყვარს, მაგრამ Killer Queen გამორჩეულია. მახსოვს,  მისი ფირფიტა არ იშოვებოდა მთელ თბილისში და ბოლოს პეკინზე აღმოვაჩინე. ეს იყო ფირფიტა, სადაც სხვებთან ერთად ეს სიმღერაც იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფირფიტას დეფექტი ჰქონდა და ხარვეზებით უკრავდა. სამწუხაროდ, ვერც გამოვცვალე და ვერც დავაბრუნე, მაგრამ მაინც ვახერხებდი რაღაცნაირად მოსმენას, ისე მიყვარდა ეს სიმღერა (იცინის).

  1. Metallica – Nothing Else Matters

ერთი პერიოდი ძალიან მიტაცებდა მეტალის მოსმენა და დაკვრა. ეს სიმღერა სწორედ იმ პერიოდს მახსენებს. როცა შენც უკრავ, ასეთ დროს კიდევ უფრო სხვანაირად უსმენ და აკვირდები სხვა შემსრულებლებს, შედიხარ ნიუანსებში, უსმენ გიტარისტს, ბასისტს, დრამერს. “მეტალიკა” იყო ჯგუფი, რომელსაც ძალიან ძლიერი შემსრულებლები ჰყავდა- როგორც სოლისტი, ასევე გიტარისტი, ბასისტები, დრამერი. ერთი პერიოდი მხოლოდ “მეტალიკას” ვუსმენდი და ახლაც ბევრი სიმღერა მიყვარს მათი რეპერტუარიდან, მაგრამ შემოგთავაზებთ ყველაზე მსუბუქ კომპოზიციას.

  1. ირაკლი ჩარკვიანი – „შენ ზღვას გავხარ

რა ემოცია მოაქვს თქვენთვის სიმღერას, რომელიც მესამე ადგილზე ?

ქართველ შემსრულებლებს დღემდე ვუსმენ.  სტუდენტობის დროსაც ვუსმენდი, როდესაც გერმანიაში ვცხოვრობდი. მაშინ ბევრი ახალი ჯგუფი და მომღერალი გამოჩნდა. თან  33ა-ს დისკები მქონდა წაღებული, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუსმენდი გერმანიაში. ასევე მქონდა ირაკლი ჩარკვიანის, გიგა მიქაბერიძის, ფრანის დისკები. ამ ყველა შემსრულებელს განსაკუთრებული ემოციები მოაქვს, მაგრამ ჩემთვის მათ შორის ყველაზე გამორჩეული მაინც ირაკლი ჩარკვიანია, რომლის შემოქმედებაც განსაკუთრებით მიყვარს და მის სხვა ჰიტებს შორის მაინც ამ სიმღერას გამოვარჩევდი.

  1. U2 – One

რა მოგონებასთან ასოცირდება ეს სიმღერა თქვენთვის?

– U2 ძალიან მიყვარს, ძალიან ხშირად ვუსმენ მათ სხვადასხვა კომპოზიციას, თუმცა აქ შემიძლია გამოვარჩიო პირდაპირ ეს სიმღერა მათ შემოქმედებაში, რომელსაც ბონო ძალიან კარგად ასრულებს. როგორც ვიცი, მან ეს სიმღერა მამამისს მიუძღვნა. ბონო საოცარი შემსრულებელია და ძალიან ხშირად ვუსმენ ხოლმე.

ამის გარდა რომელია ამოჩემებული სიმღერა, რომელსაც სულ უსმენთ?

-მაქვს ასეთი რამდენიმე და ერთ-ერთს ბოლოს მოგასმენინებთ.

თქვენ მუსიკაში ძალიან კარგადვე ერკვევით და გადაცემის შემდეგ მსმენელი სულ სხვა კუთხით გაგიცნობთ. საინტერესოა, საზოგადოებისათვის ცნობილ სხვა სახეებს, თქვენს მეგობრებს, თქვენს თანაპარტიელებს შორის კიდევ თუ არიან თქვენნაირი მელომანები?

-რა თქმა უნდა, ჩვენს პარტიაშიც და ზოგადად პოლიტიკაშიც. მაგალითად კახა კალაძეს ძალიან უყვარს მუსიკა და გამორიცხულია, რომ მუსიკის მოსმენის გარეშე იმგზავროს. მომღერლებიც გვყავს პარლამენტში: მამუკა მდინარაძე მღერის, შალვა ბაბუაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ისინი მუსიკალური ნიჭით არიან დაჯილდოებული.

როდესაც თქვენ და კახი ერთად მგზავრობთ, რას უსმენთ?

-ძალიან ჭრელი რეპერტუარი გვაქვს. (იცინის). მათ შორის იტალიურ სიმღერებს ვუსმენთ. ძალიან მიყვარს იტალიური და ლათინოამერიკული სიმღერები, მათ ნებისმიერ დროს შემიძლია მოვუსმინო.

  1. Isaac et Nora – Veinte Años

აი, ეს არის ჩემი ბოლო დროს ამოჩემებული სიმღერა, რომელსაც ყოველ საღამოს ვუსმენ.  ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. მას შემთხვევით წავაწყდი. ამ სიმღერას ასრულებს ოჯახი, განსაკუთრებით მუსიკალური პატარა გოგონაა. თუ არ ვცდები, ეს კუბური სიმღერაა, რომელსაც აქვს კლასიკური ვერსიებიც და ისინიც ძალიან კარგია,  მაგრამ მე ეს ვერსია განსაკუთრებით მიყვარს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები