LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაზის საერთაშორისო დღეს ჩვენს ქალაქს უამრავი ცნობილი მუსიკოსი ესტუმრება – „არტ-FM“

7
mqdze

გადაცემის ლაივი LIVE

23 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“ სტუმრებმა პროდიუსერმა თამარ მიქაძემ და სახელმწიფო ორკესტრის “ბიგ-ბენდის” შემქმნელმა ბატონმა გაიოზ კანდელაკმა ჯაზის დღეზე ისაუბრეს, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად, 2012 წლიდან საქართველოც აღნიშნავს.

 – თამუნა, როდის აღინიშნა მსოფლიომ ჯაზის საერთაშორისო დღე პირველად?

– ჯაზის საერთაშორისო დღის აღნიშვნა  2011 წელს დაწესდა იუნესკოს გადაწყვეტილებით. საინტერესო ინიციატივას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გამოეხმაურა, საქართველო კი, რომელიც ყოველთვის ცნობილი იყო თავისი მუსიკალური ტრადიციებით, ერთი წლის შემდეგ შეუერთდა და რამდენიმე წელია სწორედ ამ დღის აღსანიშნად მასპინძლობს ცნობილ და ყველასთვის საყვარელ მუსიკოსებს. წელს ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ორგანიზატორობა „ნიჭიერთა ათწლედმა“ ითავა კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

– სად და როდის გაიმართება კონცერტი?

– მართალია, ძალიან გვინდოდა კონცერტის ბოტანიკურ ბაღში მოწყობა, მაგრამ ამინდმა შეგვიშალა ხელი და ღონისძიება კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გადავიტანეთ, სადაც დასწრება ყველასთვის უფასო იქნება. ასე რომ, 30 აპრილს არა მხოლოდ ჯაზის, არამედ მუსიკის ყველა მოყვარულს სიამოვნებით ვეპატიჟებით ჩვენს ღონისძიებაზე.

– წელს ვინ იქნება კონცერტის მთავარი სტუმარი?

– მიხარია, რომ წელს ევროპაში ძალიან პოპულარულ მესაყვირეს, ქართველ ემიგრანტს ირაკლი დავრიშაშვილს (დავრიშევს) ვუმასპინძლებთ, რომელიც თავის დროზე ლუი არმსტრონგის პარტნიორი და კონფერანსიე იყო. გარდა ამისა, უამრავი ცნობილი მუსიკოსი ესტუმრება ჩვენს ქალაქს კონცერტის ფარგლებში და სიამოვნებით გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ისტორიული დღე გველის, რადგან სწორედ იმ შემსრულებლებს ვმასპინძლობთ, ვინც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ევროპული ჯაზ-მუსიკის განვითარებაში.

– ბატონო გაიოზ, თქვენ როდის აღმოჩინეთ ქართველი მუსიკოსი ირაკლი დავრიშაშვილი?

– წლების წინ საზღვარგარეთ მისი ფირფიტა შევიძინე და სწორედ მაშინ მოვუსმინე პირველად. სამწუხაროდ, ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი აღმჩნდა, ნამდვილი გვარიც მხოლოდ ახლა გავიგე და ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენთან სტუმრობას გადაწყვიტა. არანაკლებ სასიამოვნოა, რომ მასთან ერთად სხვა ფრანგი მუსიკოსებიც გვეწვევიან. ფრანგული ჯაზს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰავანასა და ტოკიოს შემდეგ, სწორედ პარიზი იქცა ჯაზის საერაშორისო დღის მასპინძლად.

– რამდენადაც ვიცი, 2022 წელს შესაძლოა თბილისმა უმასპინძლოს ყველას საყვარელ მუსიკალურ დღესასწაულს?

– ჩემი ინფორმაციით მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს, რასაც ჯაზის დღის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, არაჩვეულებრივი პიანისტი და კომპოზიტორი ჰერბი ჰენკოკიც იზიარებს. ჰენკოკი ერთხელ უკვე სტუმრობდა საქართველოს და ჩვენი მუსიკალური ტრადიციების გაცნობაც მოასწრო. ძალიან მიხარია, რომ კონცერტი სწორედ კონსერვატორიაში ეწყობა, რომელიც წლების მანძილზე ეჭვის თვალით უყურებდა მუსიკის ამ მიმდინარეობას, ახლა კი, ბატონ რეზო კიკნაძის ხელმძღვანელობით კათედრაც კი არსებობს.

– თქვენი აზრით რა განაპირობებს ჯაზის პოპულარობას?

– ჯაზი მსოფლიო მუსიკაა, რომელზეც რამდენიმე თაობა გაიზარდა. მიმდინარეობას საფუძველი ლუი არმსტრონგმა, ოსკარ პიტერსონმა და ელა ფიცჯერალდმა ჩაუყარეს, მათი ტრადიციები კი, ტელონიუს მონკმა, ეროლ გარნერმა, მაჰალია ჯექსონმა, ბევრმა სხვამ გააგრძელა და ძალიან სასიხარულოა, რომ ერთ-ერი მათ შორის ქართველი ირაკლი დავრიშაშვილიცაა.

– საინტერესოა, “ბიგ-ბენდი” როგორ აღნიშნავს ჯაზის დღეს?

– ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ბატონ გივი გაჩეჩილაძესთან უკვე შევაჯერეთ რეპერტუარი, რომელიც ზუსტად მოერგო დღესასწაულს. სავარაუდოდ, არმსტრონგის ცნობილ კომპოზიციას what a wonderful world ირაკლი დავრიშევი შეასრულებს ორკესტრთან ერთად, ნესი ჯიბლაძე კი, რამდენიმე ფრანგულ სიმღერას შესთავაზებს პუბლიკას თავისი არაჩვეულებრივი ვოკალით.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს ორკესტრს?

– ივლისის თვეში მასშტაბურ ტურნეს მოვაწყობთ „ქართულ ხმებთან“ ერთად და საქართველოს 11 ქალაქში ვიმოგზაურებთ. არაჩვეულებრივი პროგრამა შევკარით და ამჯერად იმ ქალაქებს ვესტუმრებით, რომელთა მონახულება გასულ წელს ვერ შევძელით. ამასთანავე, აზერბეიჯანის ჯაზ-ფესტივალზე ვგეგმავთ გამგზავრებას, მოლაპარაკებას ვმართავთ  ფრანგებთან და გვაქვს რამდენიმე სიურპრიზიც, რომელთა გახმოვანებისგან ჯერ თავს შევიკავებ. სულ ცოტა ხნის წინ გივი გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილე ავღნიშნეთ, რომელიც  ქაუნთ ბეისის „ბიგ-ბენდის“ სოლისტმაც მიულოცა. სხვათაშორის, თავის დროზე სწორედ ქაუნთ ბეისის ორკესტრის სტანდარტით შევქმენით ჩვენი ბიგ-ბენდი.

– როგორ აფასებთ თქვენი შვილიშვილის მუსიკალურ გატაცებას, რამდენად თვლით მას საკუთარი გზის გამგრძელებლად?

– ნიკა კი, ჯერ ლონდონში სწავლობდა ეკონომიკას, მერე ლოს-ანჯელესში გადაინაცვლა და მუსიკის ბიზნესით დაინტერესდა. ძალიან მიხარია, რომ ბედი ცნობილ მომღერლს ნიკ უესტს დაუკავშირა და 11 მაისს ქორწილიც წინანდალში გამართავს.

– თამუნა თქვენს სამუსიკო სკოლას “ნიჭიერთა ათწლედს” რა გეგმები აქვს?

– რა თქმა უნდა, ძალიან კარგია როცა ადამაინს თანდაყოლილი ნიჭი აქვს, თუმცა განათლების გარეშე მაინც შეუძლებელია წარმატების მიღწევა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი დონის სკოლების არსებობა, რომელთა შორის ერთ-ერთი  სწორედ „ნიჭიერთა ათწლედია“. სხვათაშორის, 2011 წლეს, იუნესკოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩვენც გავხსენით ჯაზის ჯგუფი, რომელმაც მუსიკალური იმპროვიზაციის ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეები გააერთიანა. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი სკოლა ერთადერთია, სადაც აბსოლუტურად უფასოდ შეიძლება განათლების მიღება, ამიტომ ყველას და პირველ რიგში, თანამედროვე მუსიკით გატაცებულ ახალგაზრდებს ვთავაზობ მისაღებ გამოცდებში საკუთარი ძალის მოსინჯვას.

– თქვენი ძმა, ცნობილი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ხომ არ გეგმავს ახლო მომავალში თბილისში ჩამოსვლას?

– გიორგის ძალიან დატვირთული წელი აქვს და სამწუხაროდ, ხშირად ვერ ახერხებს  ჩამოსვლას, თუმცა, მაისის თვეში 30 წლის ხდება და რამდენიმე დღით ალბათ მინც გვესტუმრება, რადგან სწორედ თბილისში უნდა დაბადების დღის აღნიშვნა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები