LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდის შემდგომი გართულებები და მათი მართვა – პროფესორი ზაზა ავალიანი გადაცემაში ,,პულსი”

9
zazaavaliani-pulsi

გადაცემის ლაივი LIVE

11 ივნისს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზაზა ავალიანი სტუმრობდა, რომელმაც მეტად აქტუალურ თემაზე – პოსტპანდემიურ სიტუაციასა და კორონავირუსის შემდგომ გართულებებზე ისაუბრა.

– ბატონო ზაზა, პანდემიის პერიოდში მუდმივად ფრონტის წინა ხაზზე იყავით. როგორ შეაფასებთ დღევანდელ, პოსტკოვიდურ სიტუაციას?

– მართალია, კოვიდი ნელ-ნელა უკან იხევს, მაგრამ აქტუალური ხდება პოსტკოვიდური გართულებები. “ლონგ კოვიდის” ტერმინიც კი დამკვიდრდა, რომელიც შეფასების კრიტერიუმად, ერთგვარ სტატუსად იქცა კოვიდის ნაკლებად შესწავლილ გართულებების განსასაზღვრად. სამწუხაროდ, არც კოვიდია სრულად შესწავლილი. მეცნიერები მონდომებით ცდილობენ ერთის მხრივ, კოვიდის ალგორითმის გამოკვლევას, მეორეს მხრივ, პოსტკოვიდური მდგომარეობის სტრუქტურირებას და გენეტიკური კოდის დადგენას, მით უფრო, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა კომპლექსურ დარღვევებს და პათოლოგიებს აერთიანებს. საქართველოში პოსტკოვიდური მდგომარეობის ფართომასშტაბიანი შესწავლა შიდსის და ინფექციური პათოლოგიების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ბატონ თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით და კოვიდგადატანილი 500 პაციენტის მონაწილეობით. კვლევაში სხვადასხვა პროფილის მედიკოსები, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის სპეციალისტები, ნევროლოგები და ჩვენი ცენტრის მედიკოსები ჩაებნენ, რომლებიც სასუნთქი სისტემის დარღვევით წარმოქმნილ გართულებებს ერთის მხრივ, სტანდარტული გამოკითხვის – ჩივილების მოსმენის და გაანალიზების, მეორეს მხრივ, ინსტრუმენტული,  ფუნქციური და ლაბორატორიული კვლევის მეთოდით იკვლევენ. ფილტვის ალგორითმის სრული ფუნქციური მახასიათებლების შესწავლა ახალი – ბოდიპლეტიზმოგრაფიის მეთოდით ხორციელდება, მაღალი სარწმუნოობით გამოირჩევა თვითონ ბოდიპლეტიზმოგრაფის აპარატიც, რომელიც დიდი იშვიათობაა საქართველოში, თუმცა ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან პენტაგონის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ საჩუქრად.

– რა მდგომარეობაა აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში?

– თამამად შეიძლება ითქვას, რომ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრი ბოლო წლების ერთგვარი ნოუჰაუ, რადგან სახელმწიფომ დააარსა. სხვათა შორის, რეაბილიტაციის გაიდლაინი, რომელიც პულმონოლოგთა და ფთიზიატრთა ასოციაციამ მოამზადა რეაბილიტოლოგთა ასოციაციასთან ერთად, პირველი ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტია რეაბილიტაციის თვალსაზრისით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯგუფ “ქართუს”, რომელმაც მართლაც გრანდიოზული პროექტი განახორციელა, არა მხოლოდ შენობის მშენებლობაზე, არამედ მიმართულების განვითარებაზეც იზრუნა და აბასთუმანში ფილტვის ცენტრი დააფუძნა. 100 საწოლზე გათვლილ სანატორიულ ცენტრს მკურნალობის და რეაბილიტაციის საკუთარი გეგმა აქვს, რომლითაც წარმატებით ხელმძღვანელობს.

– რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, თითქოს გართულებები მხოლოდ იმ პაციენტებს აღენიშნებათ, ვინც კოვიდი გადაიტანა მძიმედ?

– ბრიტანული კვლევის თანახმად, რომელმაც 48 ათასი პაციენტი გააერთიანა, კოვიდის გადატანიდან 3-4 თვის შემდეგ 30 პროცენტის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ  იძულებული გახდა სტაციონარში დაბრუნებულიყო. მეტიც, 10 პროცენტმა საერთოდ ვერ გაუძლო გართულებებს და გარდაიცვალა. შეუძლებელია ცალსახა პასუხის გაცემა, რადგან უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, სარწმუნო მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევა კი, არ არსებობს. სხვათა შორის, მრავლად არიან პაციენტები, ვინც კოვიდი მსუბუქად გადაიტანა, გართულებები კი, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. აუცილებლად გასათვალისწინებელია თანმხლები დაავადებებიც, რომლებიც ერთგვარი დომინოს პრინციპით მოქმედებენ და უფრო ართულებენ მდგომარეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები