LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა ალიბეგაშვილი: “სადებიუტო სპექტაკლშივე გავხდი ჩემი საყვარელი მსახიობის პარტნიორი”

30
lela-alibegashvili

გადაცემის ლაივი LIVE

29 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მსმენელთა და თეატრის მოყვარულთა თხოვნით მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ლელა, კინოსა და თეატრში ხანგრძლივი და საკმაოდ ნაყოფიერი საქმიანობის ფონზე, მაინც რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

– მართალია, მეორე კურსზე ვიყავი, როცა ბატონმა სერგო ფარაჯანოვმა მთავარი როლი შემომომთავაზა საკუთარ ფილმში “ამბავი სურამის ციხისა”, მაგრამ კინოს მსახიობად მაინც ნაკლებად ვთვლი თავს. დღევანდელისგან განსხვავებით, როცა რეჟისორს პირველ რიგში ფინანსების მოძიებაზე უწევს ზრუნვა, გასული საუკუნის 80-იან წლებში კინოსტუდია ძალიან აქტიურად მუშაობდა, წელიწადში რამდენიმე ფილმს იღებდა და მეც უამრავი შეთავაზება მქონდა როგორც კინოსტუდიიდან, ისე ტელევიზიიდან. თუმცა, ფარაჯანოვთან მუშაობის შემდეგ, თითქმის ყველა წინადადება უინტერესოდ მომეჩვენა. შესაძლოა, ცოტა ამპარტავნულად გამოვიდა, მით უფრო, რომ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ძალიან არ მინდოდა ბანალური პერსონაჟების განსახიერება. ბატონმა ტრისტან სალარიძე ისიც კი მითხრა, რომ ამდენი უარის შემდეგ, საერთოდ აღარ მიმიწვევდნენ კინოში, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილება არ მაინც არ შევცვალე და სიმართლე ვთქვა, დღესაც არ ვნანობ.

– უნიჭიერეს მსახიობებთან და რეჟისორებთან მუშაობის შემდეგ, ვისთან თანამშრომლობას გამოყოფდით ყველაზე მეტად?

– რა თქმა უნდა, ყველა ძალიან მიყვარს და დიდ პარტივს ვცემ. პირველი გამოცდილება, ქალბატონ ზინა კვერენჩხილაძის პარტნიორობით შევიძინე. თეატრალურ ინსტიტუტიში ლილი იოსელიანის ჯგუფში ვიყავი, რომელიც განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა და ხშირად გვიმეორებდა, რომ სტუდენტურ სპექტაკლებში მთავარი როლის შესრულება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, დიდ სცენაზე წარმატებას. სწორედ მან გვირჩია შევიარაღებულიყავით კალმით და რვეულით, დავსწრებოდით რეპეტიციებს, დავკვირვებოდით და მოგვენიშნა ყველაფერი, რასაც ვნახავდით, რადგან მხოლოდ ასე შევიძენდით გამოცდილებას. ამ განწყობით მივედი თეატრშიც, თუმცა ბედმა გამიღიმა, სულ ახალბედამ მივიღე როლი მიუზიკლში „მერი პოპინსი“, რომელშიც მთავარ როლს ქალბატონი ზინა ასრულებდა და ძალიან გამიხარდა, რომ სადებიუტო სპექტაკლშივე გავხდი ჩემი საყვარელი მსახიობის  პარტნიორი.

– საინტერესოა, ოპერაში როგორ აღმოჩნდით?

– იმ პერიოდში სპექტაკლში „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“ ვთამაშობდი, რომელიც ბატორმა რობერტ სტურუამ, ლაშა თაბუკაშვილის არაჩვეულებრივი პიესის მიხედვით დადგა. სხვათაშორის, „იასამანი“ ის იშვიათი სპექტაკლია, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა და დღემდე საოცარი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ წარმოდგენის დროს მითხრა ბატონმა რობერტმა, რომ ჯანო კახიძის თხოვნით „კარმენის“ დადგმას გეგმავდა, ჩემთვის კი, როლი ჰქონდა შერჩეული. რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა ოპერის სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობამ, მით უფრო, რომ ძალიან თბილად მიმიღეს მომღერლებმა და პირველ რიგში, თავად ბატონმა ჯანსუღმა, თუმცა ზოგს ძალიან არ ესიამოვნა ჩემი მისვლა.

– გაქვთ თუ არა საყვარელი როლი და სპექტაკლი?

– ძველი პერსონაჟებიდან ძალიან მიყვარს ნია „იასამნიდან“ და ლილიენი „საშობაო სიზმრიდან“. ახლა კი, მარია კალასზე ვარ შეყვარებული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები