მამუკა ნემსაძე - „ფიზიოლოგიური მშობიარობა ყოველთვის უკეთესია“

გადაცემის ლაივი LIVE

„პულსის“ სტუმარია კლინიკა „ღია გულის“ სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი. მამუკა ნემსაძე.

-ბატონო მამუკა, ვისაუბროთ საკეისრო კვეთის ტენდენციებზე. რას უკავშირდება ეს ყველაფერი და რატომ ამჯობინებენ ქალბატონები ხშირად საკეისრო კვეთას?

-ორსულობის ლოგიკური დასასრული მშობიარობაა. ბუნებას ორგანიზმისთვის მომზადებული აქვს მთელი რიგი რესურსები, რომ ეს პროცესი ბუნებრივად დასრულდეს. ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის ორგანიზმს აქვს თუნდაც სისხლის საკმარისი რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ოპერაციის დროს არ იკარგება იმდენი სისხლი, რამდენიც მშობიარობისას,ორსულობისას ორგანიზმში მიმდინარე პროცესები მიმართულია იმისკენ, რომ ეს დანაკარგი ქალმა ადვილად აიტანოს. ეს პროცესი, რომელიც თითქოს ძალიან ტრავმულია, არის სრულიად ბუნებრივი. ამ პროცესს გააჩნია უამრავი დადებითი მხარე. ზოგადად, რაც ბუნებრივია, ის ყოველთვის უკეთესია.

-მიუხედავად ამისა, ხელოვნურ ჩარევასაც აქვს ხოლმე მიზეზები და ამიტომ მინდა განვიხილოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული სუბიექტური და ობიექტური მომენტები.

-დიახ, არსებობს მომენტები, როდესაც შეიძლება ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ხდება სამედიცინო ჩვენებებით ინდუცირებული ნაადრევი მშობიარობები, ისეთ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ბავშვს ან დედას, ასეთ შემთხვევაში ხდება ბავშვის ნაადრევად გამოყვანა ბუნებრივი გზებით ან საკეისრო კვეთით. არსებობს თეორიები, რომლებიც ორსულობის შენარჩუნებაზე და მშობიარობის დაწყებაზე გარკვეული ფაქტორების გავლენას სწავლობს. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ნაყოფის ფაქტორი. ხშირად ის თვითონ წყვეტს, რომ გარეთ გამოვიდეს და იწყება ნაადრევი მშობიარობა. მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ბავშვის ფილტვები უკვე მზადაა დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის. შესაძლოა მას საკვების ნაკლებობის ფონზე გამოიყოფა კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი, რაც ნაადრევი მშობიარობის დაწყებას იწვევს. ორსულობისას მთელი რიგი ორგანოები ადრეული ეტაპიდანვე ფუნქციონირებს. მაგალითად, 3 კვირიდან მუშაობს გული,12 კვირიდან ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი და ა.შ. პირველი სასიგნალო სისტემა, რომელიც ბავშვს უვითარდება, არის სმენა. ბავშვს მუცელშივე ესმის მშობლების ხმა, მათი სითბო, ეს დადებითი ემოცია აუწონავი მნიშვნელობისაა და მისი მნიშვნელობა შეუფასებელია. დაბადების შემდეგ დედის მოფერება ძალიან დიდ როლს ასრულებს ბავშვის დამშვიდებაზე სამშობიარო გზების გავლის მერე. მიუხედავად იმისა რომ ეს ბუნებრივია, დაბადება ძალიან სტრესულია. ამ ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით საყურადღებო დაბადების შემდეგ არის ფილტვები, რადგან ეს არის ორგანო, რომელსაც ყველაზე პირველად ეხება გარემოს მკვეთრი ცვლილება. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი, რომელიც წყალშია, უცებ ხვდება ჰაერზე. პირველი, რაც ახალშობილმა უნდა გააკეთოს, არის ყვირილი. მან უნდა იყვიროს და წყლის გარემოდან ჰაერის გარემოში გადმოვიდეს. წარმოიდგინეთ წყლით გაჟღენთილი ღრუბელი, რომელსაც ხელს უჭერთ. ბუნებრივია, უამრავი წყალი გამოვა. ასეა ბავშვის გულმკერდიც სამშობიარო გზების გავლის დროს. შესაბამისად, ფილტვები თავისუფლდება. პირველი ყვირილი კარგად აჩვენებს ფილტვების მომწიფებას და უზრუნველყოფს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას.

გარდა ამისა, ბუნებრივი მშობიარობის დროს დედა შვილს ჩუქნის არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ ბაქტერიულ აბჯარს, რაც შემდეგში ახალშობილს ძალიან დასჭირდება, ისინი მას იცავენ მავნე ბაქტერიების შემოჭრისაგან. დედის რძეში არის ანტისხეულები და პირველივე ძუძუთი კვების მომენტიდან დედა აიარაღებს ახალშობილს სხვა, მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი კანის კანთან კონტაქტი. ეს ყველაფერი შეუცვლელია.

რა ხდება საკეისრო კვეთის დროს? უფრო სწორად რა არ ხდება?  ბავშვის ფილტვების გათავისუფლება სითხისგან. თუ თქვენ დილაობით შვიდ საათზე დგებით, მაგრამ ხუთზე გაგაღვიძეს, გექნებათ ნაკლები ენერგია. ასეა საკეისრო კვეთის შემთხვევაშიც – ბავშვის გარეთ გამოყვანა ხდება დროზე ადრე. საკეისრო კვეთის დროს საკმაოდ ხშირია რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, ამის გამო ახალშობილი შესაძლოა რეანიმაციაში აღმოჩნდეს. იმუნური სისტემა მოუმზადებელია ახალ გარემოსთან შესახვედრად, ამიტომ შესაძლოა ასეთ დროს ბავშვს დაემართოს რაიმე ინფექცია და საავადმყოფოდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაეწეროს.

-საინტერესოა, ეს ყველაფერი იციან თუ არა დედებმა ვინც თავად განსაზღვრავს და ადგენს თუ როდის უნდა გაჩნდეს მისი შვილი, სხვადასხვა მოსაზრებების გამო? რა შეუძლია ექიმს ამ შემთხვევაში და რამდენად შეუძლია შეაცვლევინოს ქალბატონს გადაწყვეტილება?

-მნიშვნელოვანია ისიც, თუ როდის კეთდება საკეისრო კვეთა. კვლევებით დადგენილია, რომ 37-38 კვირაზე საკეისროთი დაბადებული ახალშობილები შეიძლება მოხვდნენ რეანიმაციაში ოთხჯერ ხშირად, ვიდრე 39-40 კვირაზე დაბადებულები. ვინც ცდილობს შვილის დაბადება რაიმე თარიღს დაამთხვიოს, უნდა იცოდეს, რომ მერე ამას მოსდევს პრობლემები ახალშობილთან. ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი კომპონენტი საკეისრო კვეთის დროს ეს არის ახალშობილის კანით კანთან კონტაქტი დედასთან ან მამასთან. პანდემიის გამო მამები ამაში ნაკლებად არიან ჩართული. არადა ეს აუცილებელია, რადგან დაბადებისას ახალშობილს სხეულის ტემპერატურა აქვს 37.5. დაბადების შემდეგ ის ხვდება გარემოში, სადაც ტემპერატურა 20-25 გრადუსია. როცა ის ნაადრევადაა დაბადებული, მისი თბორეგულაციის ცენტრი კარგად არ მუშაობს და ეს მისთვის სტრესია. ამიტომ კანით კანთან კონტაქტი უმნიშვნელოვანესია. ბუნებრივი მშობიარობის დროს ბავშვი იღებს უნიკალურ ცილებს და სუბსტანციებს, რაც ახალშობილს საკეისრო კვეთის დროს აკლდება. საინტერესოა, რომ აშშ-ში ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ საკეისროთი დაბადებული ბავშვები ბევრ რამეში ჩამორჩებიან თანატოლებს, მაგალითად გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, ნაკლები აქვთ მოტივაცია, სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ ტესტებშიც ნაკლებ ქულებს აჩვენებენ. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია იმ ფიზიოლოგიური მექანიზმების ზემოქმედების ნაკლებობასთან, რაც ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს მოქმედებს. ამ მხრივ კვლევები დღესაც გრძელდება.

-თქვენ ახსენეთ ტერმინი ოპერაცია საკეისრო კვეთასთან მიმართებაში.არადა ქალბატონებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საკეისრო კვეთა მიაჩნიათ ბუნებრივი მშობიარობის ჩვეულებრივ ალტერნატივად…

-რასაკვირველია, საკეისრო კვეთა ჩვეულებრივი ოპერაციაა თავისი პოსტ-ოპერაციული გართულებებით. ეს არის მუცლის ღრუში შესვლა, რომელიც არის როგორც ოპერაციულ, ასევე ანესთეზიურ რისკებთან და ინფექციურ გართულებებთან დაკავშირებული. ეს არის პრობლემები, რომლებიც მაშინვე შეიძლება გაჩნდეს, თუნდაც საშვილოსნოდან სისხლდენა შეიძლება იყოს გაცილებით ძლიერი, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობისას. საკეისრო კვეთის შემდეგ არსებობს საშვილოსნოს ამოკვეთის რისკი,შესაძლოა საშარდე სისტემას შეექმნას პრობლემა, შეიძლება რეაბილიტაცია მოხდეს გვიან და ა.შ.

-რამდენად ხშირად ახერხებთ ქალბატონების გადარწმუნებას, როდესაც მათ არ სჭირდებათ საკეისრო კვეთა, მაგრამ ამბობენ, რომ სურთ მისი გაკეთება?

-ვფიქრობ, რომ საჭიროა ორსულის განათლება დასაწყისშივე.მას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. ადრე არსებობდა მთელი რიგი მდგომარეობები, რომლებიც ითვლებოდა საკეისრო კვეთის ჩვენებად, თუმცა დღეს ასე აღარ არის. მედიცინა ვითარდება და მიდგომებიც იცვლება. ეს ჩვენებები იყო მაგალითად ბავშვობაში განვითარებული მენჯ-ბარძაყის პრობლემა, მიოპია, მხედველობის პრობლემა და ა.შ. დღესდღეობით ბუნებრივი მშობიარობა შეიძლება მთელი რიგი პათოლოგიებით, რომლებსაც ადრე განვიხილავდით როგორც ჩვენებას საკეისრო კვეთისათვის. გასაგებია, რომ ზოგჯერ საკეისრო კვეთის ჩვენება მართლაც არის, მაგალითად 40 წელს გადაცილებულ ქალბატონთან, რომელმაც ბოლო შანსი გამოიყენა და ინ ვიტრო განაყოფიერება გაიკეთა. თუმცა წყვილისათვის, ვისაც რამდენიმე შვილი უნდა, საკეისრო კვეთა არ არის კარგი არჩევანი. ჩემი აზრით, საკეისრო კვეთის მოთხოვნა, თუ არ არის ამის საჭიროება, არასწორია. ზოგადად, ბუნებრივი მშობიარობის მართვა გაცილებით რთულია და ამიტომ მე მესმის, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახალგაზრდა სპეციალისტები სიხარულითაც აკეთებენ საკეისროებს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ბუნებრივი ყოველთვის უკეთესია.