LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ბერიძე: „შემდეგი ტური ნამდვილი საოცრება იქნება”

8
marinaberidze

გადაცემის ლაივი LIVE

20 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“, ქალბატონი მარინა ბერიძე სტუმრობდა, რომელმაც პროექტის „მხოლოდ ქართული“ მეორე სეზონზე ისაუბრა.

–  ქალბატონო მარინა, წარმატებული დებიუტის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ პოპულარული პროექტის მეორე სეზონი დაიწყო. რამდენად მოგწონთ ახალი კონკურსანტები?

– მეორე სეზონზე წარმატებით ავიღეთ სტარტი. პროექტმა ფანტასტიკური რეიტინგი მოიპოვა, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ გაიზრდება. ძალიან მიხარია, რომ წელს 10 ინდივიდუალური, მართლაც ნათელი კონკურსანტი გვყავს, მათ ზრდას და ევოლუციას კი, მაყურებელი საკუთარი თვალით იხილავს.

– ყველას აინტერესებს, რაც ჩაიწერეთ „ჯადოსნურ უბის წიგნაკში“ და რას ეტყვით ფინალში თქვენს რჩეულ კონკურსანტს?

– ჩანაწერებს ჯერჯერობით საიდუმლოდ შევინახავ, ფინალში კი, ყველა კონკურსანტს შევაფასებ და შთაბეჭდილებასაც გავუზიარებ.

– აღსანიშნავია, რომ პროექტში „ანა-ბანას“ სტუდიის აღზრდილებიც მონაწილეობენ…

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვების „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობა. ვფიქრობ, აუცილებელია ლაღი და შეუზღუდავი საბავშვო პროექტების არსებობა, რომელიც ბავშვს სიმღერასაც ასწავლის და კარგ გემოვნებისაც ჩამოუყალიბებს. მართალია, ძალიან მიჭირს მათი შეფასება, მაგრამ ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი ობიექტურობის, მეტიც სიმკაცრის შესახებ. სხვათაშორის, რაც უფრო კარგად ვიცნობ კონკურსანტს, მით უფრო მომთხოვნი ვარ მის მიმართ.

– რას ფიქრობთ პროექტში ე.წ. ცნობადი სახეების მონაწილეობაზე?

– პირადად მე წინააღმდეგი ვარ, რადგან მათ მეტი გამოცდილება, ნაცნობობის ფართო წრე და საკუთარი ფანკლუბები აქვთ, ახალბედა კი, შესაძლოა ძალიან ნიჭიერი, მაგრამ აბსოლუტურად გამოცდელია და არათანასწორ პირობებში უწევს კონკურენციის გაწევა.

– რით განსხვავდება წლევანდელი კონკურსი გასული სეზონისგან?

– სიმართლე ვთქვა, თავიდან ნაკლებად წარმოგვედგინა რა კონცეფცია ექნებოდა პროექტს და ამიტომ, გარკვეულწილად რისკზე წავედით, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც შევძელით ჩანაფიქრის განხორციელება და სასურველი შედეგის მიღწევა. იგივეს თქმა შემიძლია კონკურსანტებზე, რომლებიც, წელს ბევრად მომზადებული არიან. როგორც ჩანს, თვალი ადევნეს ჩვენს პროექტს და ზუსტად გაიაზრეს ჩვენი მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი სეზონი, მხოლოდ ზვიად ბოლქვაძის არანჟირების ფონზე წარიმართა, წელს კი, რამდენიმე ტური გვექნება ნიკოლოზ რაჭველის, ზვიად ბოლქვაძის და სხვათა მონაწილეობით.

– ჟიურიმ ხომ არ განიცადა ცვლილება?

– ჟიურის შემადგენლობა უცვლელი დარჩა, თუმცა ერთი წევრი კიდევ დაგვემატა, ზუსტად ისე, როგორც მთავარი წამყვანები. წელს „მხოლოდ ქართულს“ ისევ ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი წარუძღვებიან, რადგან პროექტი „რუსთავი 2“-ის ბრენდია, შეიძლება ითქვას, ჩვენი სავიზიტო ბარათია და ძალიან მეამაყება, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ.

– რამდენად მკაცრი იქნებით წელს კონკურსანტების შეფასებისას?

– გასულმა წელმა დამარწმუნა, რომ ბევრად მკაცრად უნდა შეირჩეს კონკურსანტები. ყოველთვის ძალიან მომთხოვნი ვიყავი და არც ახლა ვაპირებ შეცვლას. მართალია, ჟიურის სამივე წევრი ზუსტად ერთნაირად ვფიქრობთ, მაგრამ გიორგი შედარებით თავშეკავებულია, სოფო კი – ძალიან ზრდილი და გამოდის, რომ მხოლოდ მე შემიძლია ვიყო პირდაპირი. თუმცა, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობით და უზარმაზარი პრაქტიკის შეძენით, თამამად შემიძლია ვთვა, რომ რეზულტატიც ყოველთვის კარგი მაქვს.

– სერიოზული ხმაური გამოიწვია თქვენმა კომენტარმა დათო კენჭიაშვილის მისამართით…

– სამწუხაროდ, მე არ ვიცნობდი დათოს და არაფერი ვიცოდი მისი შემოქმედების შესახებ. ჩემთვის გულდასაწყვეტი ის შეურაცხმყოფა აღმოჩნდა, რომელიც ნამდვილად არ დავიმსახურე. ვფიქრობ, დროა ახალგაზრდებმა მეტი პატივისცემა გამოიჩინონ უფროსი თაობის მიმართ და ისწავლონ მათი დაფასება.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, მორიგი საბავშვო პროექტის გაკეთებას ხომ არ ფიქრობთ?

– „ანა-ბანა“ მართლაც არაჩვეულებრივი სტუდიაა, სადაც უამრავ ექსპერიმენტს ვატარებ. სულ ცოტა ხნის წინ ზვიად ბოლქვაძესთან ერთად გუნდი შევქმენი 30 ბავშვის შემადგენლობით, ასე რომ, ახალ პროექტებზე ჯერ ნაკლებად ვფიქრობ.

– რას შესთავაზებთ მაყურებელს „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ ტურში?

– გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ შემდეგი ტური ნამდვილი საოცრება იქნება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები