LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ, ვინც წელს საქართველოში ვერ იმოგზაურა – ქართველები სტუმართმოყვარეობას ამანათით უგზავნიან

4
-2020-10-06-12-07-55-441308

საქართველოს ფოსტამ ახალი კამპანია, სახელწოდებით Georgia By Post წამოიწყო. ქართველები რომ სტუმართმოყვარეობით ვართ ცნობილი, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა დღეს, როდესაც პანდემიამ მსოფლიოს საზღვრების ჩაკეტვა აიძულა, სტუმრებს ვეღარ ვიღებთ. შესაბამისად, ვერც ჩვენი მასპინძლობით ვიწონებთ თავს და ვეღარც ჩვენი პატარა ქვეყნის დაუჯერებელი ისტორიით, ბუნებით, კულინარიით და სხვა ბევრი რამით ვცდილობთ ჩამოსული ტურისტების გაოცებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ფოსტის უშუალო საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანიამ საინტერესო გამოსავალს მიაგნო… ამ გამოსავალის და ახალი კამპანიის შესახებ, „ბიზნესნიუსის“ ეთერში „საქართველოს ფოსტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოკა ბაინდურაშვილმა ისაუბრა.

გააგზავნე საქართველო ფოსტით!“ რას გულისხმობს და მოიცავს ეს კამპანია?

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პანდემიამ მთელს მსოფლიოს გვაიძულა საზღვრები ჩაგვეკეტა, ვეღარ გვემოგზაურა ერთმანეთთან და ჩვენც აღარ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობით გაგვეკვირვებინა დანარჩენი მსოფლიო, გადავწყვიტეთ, ფოსტის უშუალო საქმიანობიდან გამომდინარე, ამის რეალიზება მოგვეხდინა.

შესაბამისად, ქართველებისა და უცხოელებისთვის შევქმენით პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს, ატვირთოს ვიდეო, თუ რატომ მოსწონს საქართველო, რა იზიდავს ჩვენს ქვეყანაში, ჰქონია თუ არა ვიზიტი განხორციელებული… ჩვენი თანამოქალაქეები, ქართველები კი მათ უკეთებენ საჩუქრის შეთავაზებას, ქართულ სტუმართმოყვარეობას დებენ ამანათში და უგზავნიან მათ, ვინც ჩვენს ქვეყანაში წელს ვერ ჩამოვიდა.

– დაინტერესება უკვე თუ არის მომხმარებლების მხრიდან? ყველაზე ხშირად ვიდეორგოლებს რომელი ქვეყნებიდან გვიგზავნიან?

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 4 კონტინენტი სრულად მოვიცვით. ძალიან ბევრი ქვეყნიდან გვეკონტაქტებიან: საფრანგეთი, ისრაელი, ბრაზილია, ესპანეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კორეა – ყველა აღფრთოვანებულია და ყვება თავისი შთაბეჭდილებების შესახებ, ჩვენი ბუნების, კულტურის, ხელოვნების, საკვების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გვიზიარებენ. საკვების გაგზავნა სამწუხაროდ შეუძლებელია მათთვის, თუმცა ძალიან ორიგინალური საჩუქრები შეირჩა და უკვე გაიგზავნა რამდენიმე ადრესატთან.

-ეს კამპანია გარკვეულ პერიოდზეა გათვლილი? ანუ როდემდე შეძლებს მსურველი მისით სარგებლობას?

დიახ. ჩვენი კამპანია გარკვეულ პერიოდზეა გათვლილი და რაც მთავარია, ამ კამპანიის ფარგლებში, ამანათის გაგზავნა ხდება სრულიად უსასყიდლოდ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. კამპანია მიმდინარე თვის ბოლომდე ძალაში იქნება.

-ვისთან ერთად იმუშავეთ ამ კამპანიაზე?

კამპანიის კრეატირული იდეა ეკუთვნის სარეკლამო სააგენტო „რედბერს“ და მათივე შექმნილია ჩვენი პლატფორმაც. კამპანიას მრავალი გაცოცხლებული ისტორიით და ლამაზი ვიზუალებით შეხვდებით საქართველოს ფოსტის ფესბუქის, ინსტაგრამის და ტვიტერის გვერდზე, ასევე ჩვენი მედია პარტნიორის „Spend 4 Seasons in Georgia“-ს საკომუნიკაციო არხებზე

ამ ეტაპზე, თუ გაქვთ მიმდინარე სხვა კამპანიებიც, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირებას ემსახურება?

ჩვენი სერვისების მიმართულებით ცვლილება აბსოლუტურად არ განგვიხორციელებია. ამ კამპანიის გარეშეც, ჩვენს თანამოქალაქეებს ნებისმიერ ქვეყანაში აქვთ შესაძლებლობა, რომ გააგზავნონ სასურველი გზავნილები და ეს პროცესი მიმდინარეობს, არ არის გაჩერებული არც ერთი ქვეყნის მიმართულებით. რაღაც შეზღუდვები გვქონდა, თუმცა დღეისათვის, მათი უდიდესი ნაწილი მოხსნილია და თავისუფლად ხდება ფოსტის მიმოსვლა.

საკუთარი მომხმარებლისთვის უახლოეს პერიოდში კიდევ რის შეთავაზებას გეგმავთ?

მიმდინარე ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ ციფრული სერვისების მიმართულებით, რათა მომხმარებელს შევუქმნათ მეტი კომფორტი, რომ მათ ნაკლებად მოუწიოთ, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სახლიდან გამოსვლა, სერვისცენტრში მისვლა და ა.შ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ასევე ჩვენ დავნერგეთ და უკვე ხელმისაწვდომია სერვისცენტრში მისვლისთვის რიგის წინასწარი რეზერვაციის სერვისი, ასევე სახლიდან-სახლში გზავნილის სერვისი, რომელიც გულისხმობს, რომ მომხმარებელს კურიერი სახლში მიაკითხავს, აიღებს მის გზავნილს და სახლშივე მიუტანს ადრესატს. მეტი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, ჩვენ ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის ორგანიზაციების რეგულაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები