LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მედალფა“ – ვაპირებთ, რეგიონებში კიდევ უფრო მეტი სამედიცინო სერვისი დავამატოთ

4
91925135-1317899091714107-1178552005413568512-n

მაშინ, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერდა – ბუნებრივია, სამედიცინო ბიზნესი ფუნქციონირებას აქტიურად აგრძელებდა, თუმცა, იყო ბევრი გამოწვევა. კარანტინის პერიოდში, პაციენტების მიმართვიანობა 60%-ით და მეტითაც კი შემცირდა, ხალხი სამედიცინო დაწესებულებებში მისვლისგან თავს იკავებდა – ამის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში ჰოსპიტალური ქსელის ,,მედალფას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა ისაუბრა.

-ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ რა გამოწვევების წინაშე დააყენა COVID 19-მა?

ცხადია, „მედალფასაც“ შეეხო ის გამოწვევები, რომლებიც სრულიად მსოფლიოს წინაშე დგას. ჩვენი ჰოსპიტალური ქსელი ყველა მიმართულებით იყო ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, დაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად: ცხელების კლინიკები, სადაც პაციენტების პირველადი მიღება ხდებოდა და კლინიკები, სადაც უშუალოდ ვირუსის მატარებლებს მკურნალობდნენ. „მედალფას“ სრული შემხებლობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩვენი კლინიკების ნაწილი იყო ცხელების კლინიკები, ხოლო ნაწილში – ვმკურნალობდით ვირუსის მატარებლებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აჭარაში მხოლოდ „მედალფას“ კლინიკა იყო, რომელიც კოვიდ ინფიცირებულებს მკურნალობდა, სრულად გადავაკეთეთ არსებული კლინიკა და მოვარგეთ ამ ტიპის პაციენტებს. სხვა დანარჩენ კლინიკებში, რომლებიც „მედალფას“ ქსელში შედის, გვქონდა ცხელების კლინიკები.

-როგორ ფუნქციონირებდით მაშინ, როცა ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებული იყო? იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რომლებსაც „მედალფა“ პაციენტებს სთავაზობს, ბოლო თვეების განმავლობაში მოთხოვნა ხომ არ შემცირდა?

ჩვენთანაც ანალოგიური სიტუაცია იყო, როგორც სხვა სფეროებში -მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მაქსიმალურად თავს იკავებდნენ პაციენტები კლინიკებში მოსვლისგან. დღეს სამედიცინო სფერო და დაფინანსება მოწყობილია ისე, რომ თითოეულ პაციენტზეა მიმაგრებული. ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ კლინიკა შემოსავალს იღებს მხოლოდ პაციენტით. გამომდინარე იქიდან, რომ კარანტინის პერიოდში, პაციენტების მომართვიანობა 60%-ით და მეტით შემცირდა, ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახა ჩვენს შემოსავლებზე. თუ სხვა სფეროს შეეძლო დროებით შეეჩერებინა საქმიანობა, ან შეემცირებინა, ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა – ვმუშაობდით გაათმაგებული ძალებით, თუმცა შემოსავლები შეგვიმცირდა, ხარჯები კი- გაგვეზარდა. აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს, რომ არა მისი მხარდაჭერა, ნამდვილად გაუჭირდებოდა „მედალფას“ 5 კლინიკას ფინანსურად.

– სახელმწიფოსგან რა ტიპის დახმარება სჭირდება სამედიცინო ბიზნესს, ამგვარი ფინანსური პრობლემების წინაშე რომ არ აღმოჩნდეს?

ეს ძალიან რთული და ფართო სფეროა. რამე მზა რეცეპტი არ არსებობს, ამიტომაც არის, რომ სამედიცინო სფერო ერთადერთია მსოფლიოში, რომლის უნიფიცირებული და უნივერსალური მოდელი არ არსებობს. თუ სხვა სფეროებში არსებობს გამოცდილებაზე დაფუძნებული, მზა რეცეპტები, როგორ უნდა იმართოს ესა თუ ის დარგი, ჩვენ შემთხვევაში – თითქმის ყველა ქვეყანას ინდივიდუალური სამედიცინო მოდელი აქვს, რაც მის ბიუჯეტზე, მის ეკონომიკაზე მორგებულია.

სახელმწიფოს მხრიდან, ალბათ, შეიძლება რამდენიმე თეზისის ჩამოყალიბება: პირველ რიგში- სწორი დათვლა უშუალოდ სამედიცინო მომსახურებისა, ეს იქნება ოპერაციული, თუ სხვა მომსახურება. სწორი დათვლა და სწორი დაფინანსების მოდელის შექმნა – ეს არის ამოსავალი წერტილი. ამის შემდეგ არის კიდევ სხვა საკითხები, თუნდაც იგივე დაზღვევის საკითხი. არსებობს კერძო სადაზღვეო და არსებობს სახელმწიფო ჯანდაცვა- აქ მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს მიზნობრივი ჯგუფების გადანაწილება, სეგმენტაცია.. შემდეგ კიდევ სხვადასხვა გზები არსებობს და სხვადასხვა საკითხები, როგორიც არის ზედნაშენი პროექტები. მაგალითად, დღეს არ შეუძლია კერძო სადაზღვეოთი მოსარგებლეს საყოველთაოთი ისარგებლოს, მაშინ როდესაც საყოველთაოთი ამბულატორიული სეგმენტი შეიძლება გაიუმჯობესოს კერძოთი… სწორი სეგმენტაცია მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ უფრო სრულფასოვანი მომსახურება მიიღოს, როგორც სტაციონარული ისე ამბულატორიული, ნაკლები დანახარჯით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი ჯანდაცვაში არის სწორი დათვლა უშუალოდ სამედიცინო მომსახურებისა.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსებაც… სამედიცინო სფერო იცით, რომ არის ყველაზე ძირადღირებული და სწრაფადგანვითარებადი დარგი, რომელსაც მუდმივად სჭირდება ინვესტიცია. რომ შევადაროთ ჩვენი სამედიცინო სფერო წლების წინ და ახლა, იმ დაფინანსებამ რაც 2013 წელს მოხდა, გამოიწვია მედიცინის განვითარება. იმდენად სწრაფად განვითარდა დაწესებულებები, აპარატურის მხრივ, რომ განათლების სფერომ მოთხოვნა მიწოდებაზე, შეიძლება ითქვას, რომ ვერც აუწყო ფეხი… რას ნიშნავს ეს – დაფინასების კუთხით იყო გარკვეულად სწორი ნაბიჯები. ეს ნაბიჯები, ეს დაფინანსებები დღეს მცირდება, მაშინ როდესაც ყველაფერი გაძვირდა, ყოველდღე უფრო მეტი ინვესტიციაა საჭირო, რათა შეძლოს ადამიანმა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების მიღება.

– რამდენი ფილიალით არის წარმოდგენილი ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ ქვეყნის მასშტაბით და რა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიღებაა თქვენთან შესაძლებელი?

გვაქვს 5 სრული სტაციონარულ-ამბულატორიული დაწესებულება: შიდა ქართლში – კერძოდ კასპში, გურიის სამივე რაიონში, ერთი ბათუმში. გვაქვს კიდევ ერთი – მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულება მახინჯაურში. რაც შეეხება სერვისებს, რაიონის დონეზე ვაწვდით ზუსტად იმ მოცულობისა და ხარისხის მომსახურებას, რასაც იღებს პაციენტი დღეს ნებისმიერ დიდ ქალაქში. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დიდი სიამაყე არის ის, რომ პირველად საქართველოში, სწორედ კომპანია „მედალფამ“ შემოიყვანა უძველესი იაპონური კომპანია „ჰითაჩი“, რომელიც ფუძემდებელია ექოსკოპიის.

– მიმდინარე წლის ბოლომდე, თუ გაქვთ გეგმები, რომელთა განხორციელებასაც აუცილებლად აპირებთ?

პანდემიამ გეგმები ისევე როგორც ყველას, ჩვენც შეგვიცავალა. თუმცა, ვაპირებთ თითოეულ რაიონში კიდევ უფრო მეტი სამედიცინო სერვისი დავამატოთ, განვავითაროთ ჩვენი ფილიალები აპარატურულად. გარდა ამისა, მუდმივად ვზრუნავთ რეგიონებში ადგილობრივ კადრებზე, ვეხმარებით მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლაშიც კი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები