LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას საქმე და გუნდში შეუთანხმებლობის გამო გადამდგარი პრემიერ-მინისტრი – “კვირის თემის” პოდკასტი

5
fortuna.ge (3)

20 ივნისის საქმეზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს სანაცვლოდ პატიმრობა შეეფარდა, დღეს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. როგორც მანვე განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნია, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, პოსტის დატოვების მიზეზია ის, სასამართლოს გადაწყვეტილებას აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, გუნდში შეთანხმებას ვერ მიაღწია. დღესვე ქართულმა ოცნებამ, ფორს-მაჟორში, პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა და პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურად ირაკლი ღარიბაშილი წარადგინა – კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები ნინი ხუგაშვილთან ერთად რადიო “ფორტუნას” ეთერში “კვირის თემის” სტუმრებმა განიხილეს.

 

  • რა ნიშნით შეარჩია ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილი, იქნება თუ არა გახარიას წასვლა გუნდისთვის დანაკლისი და კიდევ ვინ დატოვებს პარტიას? – საუბრობს გურამ მაჭარაშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატი;

 

  • რას შეცვლის გახარიას გადადგომა და ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი მელიას საქმეში –  გადაცემის სტუმარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი”, გიორგი ხვედელიანი ;

  • რა ტიპის პოლიტიკური მოცემულობა მივიღეთ გახარიას ღარიბაშვილით ჩანაცვლებით – საკითხს განიხილავს ანალიტიკოსი ლია მუხაშავრია;

  • ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისი როგორ აისახება საგარეო ურთიერთობებზე – მოვლენებს აჯამებს გიორგი ლაბაძე – “საქართველო -3 ზღვის ინიციატივა”-ს წარმომადგენელი;

  • რა მოჰყვებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების მყისიერ აღსრულებას, რამდენად შეცვლის გახარიას წასვლა მოცემულობას – თემაზე საუბრობს ლადო ბოჟაძე, ანალიტიკოსი

 

რა ნიშნით შეარჩია ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილი, იქნება თუ არა გახარიას წასვლა გუნდისთვის დანაკლისი და კიდევ ვინ დატოვებს პარტიას?

 

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს კარგი გამოცდილება როგორც მინისტრობის, ასევე პრემიერ-მინისტრობის, ამიტომ ძალიან მარტივად დავამტკიცეთ მისი კანდიდატურა, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად განაცხადა.

მისი თქმით, გუნდი არ განიცდის დეფიციტს, აქვს კადრების რესურსი როგორც პრემიერ-მინისტრობის, ასევე სხვა თანამდებობებზე დანიშნოს კადრები.

„ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა ძალიან მარტივად დავამტკიცეთ გამომდინარე იქიდან, რომ ის არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მას აქვს კარგი გამოცდილება როგორც პრემიერ-მინისტრობის, ასევე მინისტრობის. აქვს ქარიზმა, ის „ქართული ოცნების“ წიაღიდანაა და დარწმუნებული ვარ, კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებას“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მან განმარტა, რომ გიორგი გახარიას განსხვავებული გადაწყვეტილება ჰქონდა ნიკა მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების  ვადებთან დაკავშირებით და არა იმასთან დაკავშირებით, ნიკა მელია იმსახურებდა თუ არა პატიმრობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ ინფორმაცია ზუსტად მიიღოს“ .-  აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, გახარიას გადაწყვეტილება დროში სწორად არ იყო მიღებული, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა და დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ექნებას იმის პრობლემა, რომ გააგრძელოს ის ძირითადი ხაზი, რომელსაც 12 წლის განმავლობაში მიყვება.

 

იქნება თუ არა გახარიას წასვლა გუნდისთვის დანაკლისი?

„ეს ჩვეულებივი ბუნებრივი პროცესია, რომელიც ყველგან და მათ შორის ქართულ პოლიტიკაშიც შეიძლება მოხდეს. ასე რომ ძალიან მტკივნეულადაც არ უნდა აღვიქვათ ეს ნაბიჯები. „ქართულ ოცნებასა“ და ქართულ პოლიტიკას ნამდვილად არ ექნება იმის პრობლემა, რომ გააგრძელოს ის ძირითადი ხაზი, რაც მას აღებული აქვს 2012 წლიდან“, – ამბობს მაჭარაშვილი.

 

გურამ მაჭარაშვილი გამორიცხავს, რომ გახარიას წასვლის შემდეგ გუნდიდან სხვებმაც გადაწყვიტონ წასვლა.

„გუნდში მოტივაცია უფრო გაიზარდა, გადავწყვიტეთ ქვეყანა გუნდური პრინციპებით გვემართა. გუნდში ითქვა, რომ ახლა კიდევ უფრო აუცილებელია ერთიანობა და არანაირი საფუძველი არ არსებობს, გუნდიდან წასვლა კიდევ ვინმემ გადაწყვიტოს.

ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა გვექნება. მაგრამ გამოვრიცხავ, რომ გუნდიდან კიდევ ვინმე წავიდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

„ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მოსვლით გუნდის გენერალური ხაზი არ შეიცვლება.

 

„ღარიბაშვილის მოსვლით  ქვეყნის განვითარება ძველი კურსით გაგრძელდება. ჩვენი მიზანი იქნება ქართული სახელმწიფოს ერთიანობა, დემოკრატიული პრინციპებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ერთგულება. ქვეყანაში კანონის უზენაესობა და  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – ამბობს მაჭარაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობა” 7 წელზე მეტია ამბობს, რომ “ასრულებს” ქართულ ოცნებას, თუმცა ვხედავთ, რომ ისინი ყოველ ჯერზე განიცდიან მარცხს.

საფრთხეს ჩვენ არ ვხედავთ ოპოზიციაში, საფრთხეებს ვხედავთ კანონის შეუსრულებლობაში, რომელსაც არ დავუშვებთ – განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა  რადიო “ფორტუნას” ეთერში.

 

რას შეცვლის გახარიას გადადგომა და ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი მელიას საქმეში

 

 

„ქართული ოცნების“ პოზიცია  ნიკა მელიასთან დაკავშირებით რჩება უცვლელი, მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა დაემორჩილოს კანონს. თუ რა გეგმები აქვს შექმნილ ვითარებაში მელიას გუნდს, ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა  გადაცემაში „კვირის თემა“  ისაუბრა.

ხვედელიანი განმარტავს, რას ნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ დაბრუნება.

„დაახლოებით 3 კვირის წინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაინახა, რომ ქვეყანაში დღითიდღე მძიმდებოდა პოლიტიკური კრიზისი. შექმნა ახალი პლატფორმა და პარტიის განახლება დაიწყო. შეიძინა ახალი იდეა, რომლის მთავარი მიზანი იყო, შექმნილიყო გამაერთიანებელი პლატფორმა, სადაც სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანებს შესაძლებლობა ექნებოდათ,  ემუშავათ ქვეყნის პრობლემებზე. დავიწყეთ ეს პროცესი და ძალიან მალე გააცოცხლეს ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე.

ნიკა მელიას დააკისრეს შეიძლება ითქვას,  გირაოს გირაო. კიდევ უფრო დაამძიმეს პოლიტიკური კრიზისი, პარლამენტმა შეუწყვიტა სადეპუტატო მანდატი. გუშინ გუნდში გაიმარჯვა საღმა აზრმა და პარტიის ოფისი შტურმით არ აიღეს. როგორც აღმოჩნდა, ეს მოხდა გახარიას გამო.  პრემიერი გახარია წავიდა თანამდებობიდან და მოიყვანეს ღარიბაშვილი.

რითიც ღარიბაშვილმა პრემიერობისას თავი დაგვამახსოვრა, არის სიძულვილის ენა, არის აგრესია, პოლიტიკური ბოღმა. ჩვენ არ გვახსოვს მისი გაკეთებული არანაირი მნიშვნელოვანი საქმე. 

ის არაა პოლიტიკურად დამოუკიდებელი ფიგურა. ის შესამჩნევად დამოკიდებული იყო ბიძინა ივანიშვილზე, მის განწყობასა და მის ხასიათზე.

გამოირჩოდა იმით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ იყო ძალიან აგრესიულად განწყობილი. აქედან გამომდინარე გასაგებია, რას გეგმავს „ქართული ოცნება“. მან პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაიტანა სოციალური პრობლემები.

ცალსახად გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი რა ტიპის პრემიერ-მინისტრი იყო, როგორი ადამიანი და როგორი პოლიტიკოსია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მისი პრემიერად ხელმეორედ არჩევა იმის გარანტია იქნება, რომ კიდევ უფრო სწრაფად ჩატარდება ამ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – აცხადებს ხვედელიანი. 

კითხვაზე, რა გავლენას იქონიებს მელიას საქმეზე პრემიერ მინისტრის შეცვლა, მელიას თანაგუნდელი პასუხობს:

“მელიამ თავიდანვე თქვა, გირაოს არ გადავიხდი და ვერც დამიჭერთო.  მელია ვერ დააკავეს და დღეს რასაც ვუყურეთ, ცალსახაა, რომ მას ვერ მომავალში დააკავებენ“.

ჟურნალისტები მუდმივად კითხულობდნენ, რა არის თქვენი გეგმაო. ის კი ყოველთვის პასუხობდა, მაქვს პოზიცია, რომ რელიც არის მართალი მორალურად, სამართლებრივად და პოლიტიკურად. ვდებ ფსონს ამ სიმართლეზე და ეს თავის შედეგს მოიტანსო. სწორედ ამ შედეგის მომსწრე ვართ დღეს. –  ამბობს ხვედელიანი.

 

 

რა ტიპის პოლიტიკური მოცემულობა მივიღეთ გახარიას ღარიბაშვილით ჩანაცვლებით

 

 

პრემიერის გადადგომით პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან  მივიღეთ აღიარება, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზიზშია ჩათრეული, ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში  „კვირის თემა“  ანალიტიკოსმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად არჩევის შემდეგ ქვეყნის სამშვიდობოდ გაყვანას უნდა შეეცადოს.

„პრემიერის გადადგომა  უტყუარი დასტურია იმის,  რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია. ვფიქრობ, ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, თუკი პრემიერად არჩეული ღარიბაშვილი არ შეცვლის იმ პოლიტიკას, რომლის გამოც გადადგა გიორგი გახარია და თუკი ის არ შეეცდება, მოიყვანოს პროფესიონალი და გამოცდილი ხალხი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და თუ არ შეეცადა, კრიზიზში მყოფი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას ხელახალ არჩევნებამდე“. – ამბობს მუხაშავრია.

ანალიტიკოსი ამბობს, გახარიას მინისტრთა კაბინეტს კვალიფიციურ პერსონებად ვერანაირად მიიჩნევს.

„სამწუხაროდ ვერ ვიტყვით, რომ გახარიას მინისტრთა კაბინეტში კვალიფიციური პერსონები არიან. ვხედავთ, რომ  კრიზისის გაღრმავება სწორედ მათი მმართველობის დროს მოხდა. მგონი, ქვეყანაში ყოველმხრივი კრიზისია“. – ამბობს მუხაშავრია.

 

 გახარიას წასვლა „ქართული ოცნებისთვის“ დიდი დარტყმაა

 

ისეთი ლიდერის წასვლა, როგორიც გახარიაა, ძალიან სერიოზული დარტყმაა „ქართული ოცნებისთვის“, მით უფრო რომ ბიძინა ივანიშვილმა ის  ფორმალურად თუ ოფიციალურად დატოვა. ბევრ პატიოსან მოქალაქეს, რომელიც აქამდე გუწრფელად მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, დღეს გაუჩნდება განცდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო პარტიაში.  არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების უნიჭოდ აღსრულებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანა ასეთ კრიზისშია“. – ამბობს მუხაშავრია და დასძენს, რომ  ხელისუფლებას უნდა ეყოს ჭკუა, რომ საზოგადოება უკიდურეს პოლარიზაციამდე არ მიიყვანოს.

„არადა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცეცხლზე ნავთს ასხამს და ცდილობს, მეტი ხანძარი გააჩინოს. ეს ამ ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის საზიანოა.“- აცხადებს მუხაშავრია.

კითხვაზე, რომელი მხარეა დათმობისთვის მზად, ანალიტიკოსი პასუხობს:

„პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და არა უკიდურესი დაძაბულობის ჩამოგდება მხარეებს შორის.

ნიკა მელია გახდა ყველას დასაცავი და მათ შორის მათი, ვისაც „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში აკრიტიკებდა. მათ შორის მეც, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვიბრძოდი მათ წინააღმდეგ, თუმცა, დღეს ვფიქრობ, რომ უნდა ვიდგე ნიკა მელიას გვერდით და უნდა დავიცვა, რადგან ამ ადამიანს სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ ექცევა ხელისუფლება.“- განმარტავს მუხაშავრია. 

 

ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისი როგორ აისახება საგარეო ურთიერთობებზე

 

ნიკა მელის დაპატიმრება, გიორგი გახარიას გადადგომა, ახალი პრემიერობის შემოთავაზება ფორსმაჟორში, რა გავლენებსა და გამოხმაურებებს უნდა ველოდოთ, რას ცვლის ეს ფაქტი საერთაშორისო ასპარეზზე. ამ თემაზე „საქართველო-3 ზღვის ინიციატივა”-ს წარმომადგენელმა“ გიორგი ლაბაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ იყო გადაჭარბებული მოლოდინი, რომ როდესაც ჯო ბაიდენი გახდებოდა აშშ-ს პრეზიდენტი, ელჩს გაიწვევდნენ, თუმცა ასეთი რამ არ მოხდა. ძალიან აქტიური და დადებითი ადამიანია კელი დეგნანი და მისი გაწვევის მოლოდინი, რა თქმა უნდა, სრული აბსურდი იყო.

შეერთებული შტატების პოზიცია საკმაოდ აქტიური იყო წინა ადმინისტრაციის პერიოდში. კონგერსმენების წერილები იქნებოდა ეს თუ  სენატორების გზავნილები. საკმაოდ იყო ისეთი მომენტები, რომლის გამოყენება უკეთ შეეძლო როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.

დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სენატორ ჯიმ რიშის მოსაზრება, რომელმაც განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებული საკითხები კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოში მხარეებს შორის გარკვეულ კრიზიზს. ეს ხაზს უსვამს საქართველოში არსებულ მართმსაჯულებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რომ გავყვეთ ჩვენ ამ ორპარტიული მხარდაჭერის საკითხს, კიდევ იქნება სენატორების მხრიდან პოზიციების დაფიქსირება. ასევე მოსალოდნელია, რომ კონგრესმენები ადამ კინზინგერის მხრიდან პოზიციების დაფიქსირება. არ ვისურვებდი, რომ საქართველოში ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ვიცე- პრეზიდენტისა და პრეზიდენტის დონეზე გახდეს გაცხადებების გაკეთება საჭირო“. – ამბობს ლაბაძე.

კითხვაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები იმიჯის კუთხით უკვე არის ნეგატიური და  უფრო მკაცრ განცხადებებს უნდა ველოდოთ? თუ ეს არის პროცესები, რომელიც თუ დროულად დარეგულირდა, გამოსწორებას მარტივად დაექვემდებარება, ლაბაძის სიტყვებით:

„ეს თემა დამოკიდებულია, ნიკა მელიას დაკავება არდაკავებაზე. ჯიმ რიშის დამოკიდებულებაც საბოლოო ჯამში დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე. მართალია, ის აღარაა  სენატის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარე, (რესპუბლიკელება უმრავლესობა დაკარგეს), თუმცა ის საგარეო მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, აქედან გამომდინარე მის პოზიციას დიდი მნიშვნელობა ექნება“.- აცხადებს ლაბაძე.

„დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,”- ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

 

რა მოჰყვებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების მყისიერ აღსრულებას, რამდენად შეცვლის გახარიას წასვლა მოცემულობას

 

 

რას ნიშნავს მოცემულობა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას ტოვებს, იმის გამო, რომ  გუნდში შეთანხმებას ვერ მიაღწია ნიკა მელიას გამო? –  ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ ისაუბრა..

„ქართული ოცნების“ დეპუტატები  საუბრობენ, რომ უთანხმოება არა უშუალოდ გადაწყვეტილებასთან, არამედ აღსრულების ვადებთან დაკავშირებით გაჩნდა. ლადო ბოჟაძე „კვირის თემაში“ განმარტავს, რა მოხდა რეალურად ქართულ პოლიტიკაში.

„რა თქმა უნდა, სასამართლო გადაწყვეტილება პოლიტიკური გუნდის განხილვის საგანი ვერ  გახდებოდა. ეს გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. აქ საუბარია აღსრულების ნაწილზე. იცით, რომ კანონმდებლობა  გარკვეულ ვადებს ამ თვალსაზრისით არ ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობასა“ და ოპოზიციურ ძალებს მაქსიმალურად სურდათ დესტაბილოზაციის მოწყობა, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ისინი ღიად საუბრობდნენ მსხვერპლზე, დაპირისპირებაზე და ა.შ. ამ ყველაფრისთვის თავის არიდების მიზნით გადადგა გახარია. თუმცა ეს მოულოდნელი იყო, როგორც ჩვენთვის, შეიძლება მისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რა მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

თუ ის აპირებდა გადადგომას, შეეძლო, მანამდე გამოეხატა  პოზიცია. მისულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ესაუბრა ოპოზიციასთან, ეთქვა, რომ სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას ვერ დატოვებდა აღუსრულებლად.

წარმოიდგინეთ, საუბარია იმაზე, რომ სახელისუფლო ერთი შტოს ხელმძღვანელი მეორე სახელისუფლებო შტოს გადაწყვეტილებას და მის აღსრულებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთი რამ სრულიად წარმოუდგენელი იყო.

კი ბატონო, დავლოდებოდით აღსრულებას და დავლოდებოდით, რა პროვოკაციაზე წავიდოდა „ნაციონალური მოძრაობა“  და თუნდაც დანარჩენი ოპოზიცია და მერე აეღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ახლა ყველა საუბრობს, რომ თითქოს ჩვენ სამოქალაქო ომის ზღვარზე ვართ“.-ამბობს „კვირის თემასთან“ ლადო ბოჟაძე.

ბოჟაძე ამბობს, რომ მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას შეეწირა გახარიას თანამდებობა.

„უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებოდა პირველი ნოემბრისთვის და არა 31 ოქტომბრისთვის. სწორედ 1 ნოემბერს მოიხსნა ნიკა მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად.  მერე, როდესაც არ გამოვიდა არჩევნების გაყალბების სცენარით რევოლუცია, ჩაირთო სხვა მექანიზმი. სწორედ  დღევანდელი მოვლენების მიზეზებისთვის გახდა ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე, რომ მერე ყველას ეთქვა, რომ ის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა. 

არადა მანამდე იცით, რომ ნიკა მელიამ გირაოც გადაიხადა, სამაჯურიც გაიკეთა და მართლმსაჯულების სისტემას ემორჩილებოდა. ნიკა მელიასთვის რა შეიცვალა? თუ ის მანამდე ემორჩილებოდა მართლმსაჯულებას, მერე რატომ გადაიფიქრა? პირველ ნოემბერს მათ უნდოდათ ტემპერატურის აწევა, ვერ აწიეს და ახლა სხვა სცენარით მიდიან. სამწუხაროდ ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პროვოკაციას შეწირა გიორგი გახარიამ საკუთარი თანამდებოდა“.- აცხადებს ლადო ბოჟაძე.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი იყო მანამდე ქვეყნის პრემიერ- მინისტრი და ამიტომ საგარეო და საშინაო კუთხითაც „ქართული ოცნების“ მხრიდან პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელება იყო ყველაზე ოპტიმალური და სწორი გადაწყვეტილება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები