LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიჰაუსი: ვგეგმავთ, მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი ბრენდები, რომლებსაც ჯერ არ იცნობენ საქართველოში

12
Untitled

ზუსტად მეხუთე დღეა, რაც ქვეყანაში სავაჭრო სექტორმა მუშაობა განაახლა. რას ამბობენ ამ სექტორის წარმომადგენლები, როგორია საზოგადოების აქტიურობა – ამ თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ისაუბრა.

„მიჰაუსი“ შუა პანდემიის დროს, 2020 წლის ზაფხულში გაიხსნა და მასში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. როგორც ჯავახიშვილი ამბობს, აღნიშნულმა ინვესტიციამ გაამართლა და ამაზე ბევრი ფაქტორი მიუთითებს.

-როგორ აფასებთ მუშაობის განახლების თითქმის ერთ კვირიან მონაკვეთს? რამდენად მაღალია საზოგადოების აქტიურობა?

მოსახლეობის ინტერესი და მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ჩვენ რეგულაციების შემსუბუქებამდე და ჰიპერმარკეტის გახსნამდე, ონლაინ ვაგრძელებდით მუშაობას, თუმცა ძალიან ხშირად გვწერდა მომხმარებელი და კითხულობდა, როდის გავიხსნებოდით. ახლა, ჩვენც ძალიან გვიხარია რომ გახსნილები ვართ და ჩვენს მოსახლეობასაც, რადგან მათ უკვე ადგილზე შეუძლიათ შეიძინონ ის პროდუქცია, რაც სურთ. მოგეხსენებათ, სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა მაინც საკმაოდ რთულია ონლაინ.

– ამ ეტაპზე, რა გამოწვევები რჩება სავაჭრო სექტორის წინაშე?

ზუსტად ერთი წელია, ჩვენ ვართ პანდემიურ სიტუაციაში. მსოფლიომ არსებულ რეალობას ძალიან მალე აუწყო ფეხი და განვითარდა ახალი მიმართულებები, მაგალითად გააქტიურდა ონლაინ პლატფორმები, ონლაინ მაღაზიები გაიხსნა და ა.შ… საქართველო კი, მე ვფიქრობ, საჭირო დონეზე ვერ განვითარდა ონლაინ გაყიდვების კუთხით. დღესდღეობით, მე როდესაც მჭირდება რაღაცის შეძენა ონლაინ, მაინც მიჭირს, რადგან ქართულმა დიჯითალ სამყარომ ისე სწრაფად ვერ აუბა ფეხი ახალ რეალობას, როგორც საჭირო იყო. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვადაპტირდით 2 აპლიკაციაში – ეს არის საჭმელების აპლიკაციები. ბიზნესის დანარჩენი მიმართულებები ონლაინ პლატფორმების კუთხით, ისე ვერ განვითარდა როგორც საჭირო იყო და ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა. მეორე გამოწვევა – ალბათ, ადამიანების განვითარებაც ვერ არის იმ დონეზე, რომ ონლაინ შეიძინონ ყველაფერი. ესეც პრობლემაა, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ბიზნესსექტორის მთავარი გამოწვევა არის – ონლაინ განვითარება. უკვე 21-ე საუკუნეა და გვინდა არ გვინდა, უნდა განვვითარდეთ ამ მიმართულებით.

-როგორია თქვენი მოლოდინები, რა დრო დასჭირდება სრულიად სავაჭრო სექტორს იმისთვის, რომ აღიდგონოს ძალები?

კონკრეტულად ჩემს სეგმენტს თუ ავიღებთ, მაშინ მინიმუმ 6 თვე მაინც იქნება საჭირო, რომ აღვიდგინოთ ძალები. ახლა ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ სხვადასხვა აქტივობები, ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ ადამიანებში სტიმულის მიცემა იმისთვის, რომ იყიდონ პროდუქტი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ დამოკიდებული ადამიანებზე და თუ ადამიანები არ გავიდნენ სამსახურებში, თუ არ იმუშავეს, თუ არ ექნათ ხელფასი, ეს საკმაოდ რთული თემაა. ვფიქრობ, 15 თებერვლიდან, რომ გაიხსნება ბიზნესების დიდი ნაწილი საქართველოში, ამ დღიდან, 6 თვე დასჭირდება ბიზნესს, რომ ისევ დაეწიოს იმ რიტმს, რა რიტმშიც იყო.

-თუ გაქვთ უკვე ზარალი დათვლილი, რაც პანდემიამ „მიჰაუსს“ მიაყენა?

როდესაც დაიწყო პანდემია, პირველ რიგში, რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ შევქმენით ანტიკრიზისული საბჭო და გავწერეთ თავიდან ბიუჯეტები. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ ახლა სტაბილურად ვართ, როგორც ასეთი – ზარალი არ გვინახავს.

-მსმენელს „მიჰაუსის“ საქმიანობის შესახებაც რომ შევახსენოთ – სად არის ჰიპერმარკეტი წარმოდგენილი, რას მოიცავს მისი საქმინობა და რა გეგმები გაქვთ 2021 წელს?

„მიჰაუსი“ არის წარმოდგენილი თბილისში, ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზის ტერიტორიაზე, ჯუმბერ ლეჟავას 22 ნომერში. ჩვენი სამომავლო გეგმები არის ის, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ მშენებლობისა და რემონტის პროცესი და შევთავაზოთ ისეთი პროდუქცია, ისეთი ბრენდები, რომლებსაც ჯერ ისინი არ იცნობენ საქართველოს ბაზარზე და შევთავაზოთ ისეთი აქციები, რომლებიც ყველას მისცემს საშუალებას, რომ ყიდვის პროცესი გახადოს მარტივი.

ამ ეტაპზე, ჩვენთან დასაქმებულია 1000-მდე ადამიანია და მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში, ჩვენ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ და არ მოგვიხდა კადრების შემცირება.

-პროდუქციის მომწოდებლები სხვადასხვა ქვეყნები არიან, თუ ერთი კონკრეტული ქვეყნიდან ახორციელებთ იმპორტს?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ჩინური ჰოლდინგის „ჰუალინგის“ წევრი, ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ჩვენთან არის მხოლოდ ჩინური პროდუქცია. ეს არის მცდარი აზრი, რადგან ჩვენთან წარმოდგენილია პროდუქცია მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან – დაახლოებით 26 ქვეყნიდან. გვაქვს როგორც მაღალი ხარისხის ჩინური პროდუქცია, ასევე ევროპული, ამერიკული და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი პროდუქცია, რაც მთავარია, „მიჰაუსში“ შესაძლებელია ქართული ნაწარმის შეძენაც.

– გაამართლა პანდემიის პერიოდში განხორციელებულმა 15 მილიონიანმა ინვესტიციამ?

ამ კითხვაზე მარტივად გიპასუხებთ – ამ ინვესტიციას რომ არ გაემართლებინა, დღეს მე არ ვიქნებოდი თქვენთან გადაცემაში. ამ ინვესტიციამ რომ გაამართლა, ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ფეისბუქგვერდი, ნათელი მაგალითია ჩვენი ონლაინ სივრცე. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები საქართველოში, ვინც მომხმარებელს შევთავაზეთ ონლაინ მაღაზია. ახლაც დავაანონსებ თქვენს ეთერში, რომ ჩვენ უკვე ვთავაზობთ საზოგადოებას “აიოსიდან” და “ანდროიდიდან” გადმოწერონ ჩვენი მაღაზიის აპლიკაცია. ამ ინვესტიციამ გაამართლა იმ კუთხითაც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვყავს ძალიან ბევრი სტუმარი, ვინც „მიჰაუსში“ ყიდულობს პროდუქციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები