LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მიირთვით თევზი, უჯრედისი და ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტი” – ენდოკრინოლოგის რჩევები დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის

32
ramazyurashvili2024

გადაცემის ლაივი LIVE

20 ნოემბერს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი”  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დიაბეტის თავისებურებებსა და მისი მართვის მეთოდებზე ისაუბრა.

– ბატონო რამაზ, 14 ნოემბერი დიაბეტის საერთაშორისო დღეა. როგორ აღნიშნეთ პროფესიონალური დღე პანდემიის ფონზე?

– სხვა ღონისძიებების მსგავსად, წელს დიაბეტის დღეც ონლაინ-რეჟიმში აღინიშნა. თუმცა, ჩვენ ლექციებთან ერთად ჟურნალიც გამოვუშვით, რის შესახებ დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციასაც მოვახსენეთ. მთავარ თემად ექთნების საქმიანობა ავირჩიეთ, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ დიაბეტის მკურნალობისას, თუმცა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო კვალიფიციური ექთნების სერიოზულ დეფიციტს განიცდის.

– რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა დიაბეტის თავისებურებების შესახებ?

– საბედნიეროდ, თბილისში დიაბეტის მქონე პაციენტები კარგად იცნობენ დაავადებას და მისი მართვის წესებს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი რეგიონების მოსახლეობაზე. სინამდვილეში, დიაბეტი არა იმდენად დაავადება, რამდენადაც ცხოვრების წესია, თუ ადამიანი იცავს რეჟის და მართავს დაავადებას,  მაშინ ჯანმრთელზე მხნედ გრძნობს თავს. აღსანიშნავია, რომ პაციენტების უმეტესობას დიაბეტი სიმპტომების გარეშე უვითარდება, დაავადების დიაგნოზირება კი მხოლოდ გართულებების შემდეგ ხდება შესაძლებელი, როცა პერიფერიული ნერვული სისტემა, გული, თირკმელები და თვალები ზიანდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მკურნალობის დროულად დაწყება, საუკეთესო პრეპარატად კი, დღემდე ინსულინი რჩება.

– თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია, ენდოკრინოლოგების თანამშროლობა სხვა დარგის მედიკოსებთან თუნდაც ინფექციონისტებთან განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მით უფრო, რომ კოვიდის დაავადების საფრთხის წინაშე სხვებზე მეტად სწორედ დიაბეტიანი პაციენტები არიან?

– ნამდვილად არ გვაქვს ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რადგან აქამდე ამის აუცილებლობა არ იყო, რამდენიმე თვეში კი, პრაქტიკულად შეუძლებელია ახალი სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც ორივე სპეციალობას შეითავსებენ. ამასთანავე, ადრე თუ გვიან პანდემია დასრულდება, დიაბეტი კი, ისევ აქტუალური იქნება. თუმცა ორივე დაავადებას აქვს საერთო, რადგან დიაბეტი დიდი ხანია ჭარბწონიანების დაავადებად ითვლება, კოვიდი კი, სულ ცოტა ხნის წინ იქცა ასეთად, იტალიელი მედიკოსების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელსაც ამერიკელბიც დაეთანხმნენ.

– სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით რამდენად მაღალია დიაბეტით დაავადებულთა და კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობა?

– თითქმის წელიწადია კოვიდს ვებრძვით. ამ პერიოდში 50 მილიონი ადამიანი დაავადდა ვირუსით მთელ მსოფლიოში, დიაბეტიანთა რაოდენობამ კი გასულ წელს 470 მილიონს მიაღწია და სავარაუდოდ, წელს უფრო მეტი იქნება. კოვიდმა 2 მილიონი ადამიანი შეიწირა, დიაბეტის მსხვერპლმა კი, 4 მილიონს გადააჭარბა.

– რას ურჩევთ დიაბეტიან პაციენტებს პანდემიის პირობებში, რა უნდა გაითვალისწინო და როგორ დაიცვან თავი დაავადებისგან?

– დიაბეტიანებმაც ის ზოგადი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ, რაც დანარჩენებმა – მოერიდონ ხალხმრავლობას, დაიცვან დისტანცია და ჰიგიენის ნორმები. მიირთვან თევზი, უჯრედისი და ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტი, მიიღონ ვიტამინი D3 და ცინკი, შეივსონ მაგნიუმის მარაგი. აუცილებლად უნდა მიიღონ საკვები დღეში სამჯერ, თუმცა ნოყიერად მხოლოდ სადილობა შეიძლება, საუზმე და განსაკუთრებით ვახშამი კი, შედარებით მსუბუქი უნდა იყოს. ვისაც წონაში მომატება სურს იდეალური წონა 30-ზე უნდა გაამრავლოს და სწორედ ამდენი კალორია მიიღოს, ვისაც წონის შენარჩუნება სურს – 25-ზე უნდა გაამრავლოს, მას კი, ვისაც დაკლება უნდა, 20 უნდა გაამრავლოს იდეალური წონაზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები