LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე: „ყოველთვის ხინჯად დამრჩება, რომ თავის დროზე ბარბრა სტრეიზანდის ჩამოყვანა ვერ მოვასწარი…“

6
მიხეილ-გიორგაძე

20 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მიხეილ გიორგაძე სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალზე „Jazz and Wine Kakheti“ ისაუბრა.

ბატონო მიხეილ, წელს რა სიახლეებს სთავაზობთ საზოგადოებას ფესტივალის „Jazz and Wine Kakheti“ ფარგლებში ?

წელს ფესტივალი 15 ოქტომბერს წინანდლის მამულში ჩატარდება. გვაქვს რამდენიმე სიახლე და პირველი დიდი სიახლე გახლავთ ის, რომ ფესტივალის ფორმატში გარკვეული ცვლილება, დამატება მოხდა. ამ წლიდან ყოველ წელს გვეყოლება სპეციალური სტუმარი ქვეყანა, რომელიც ამ ღონისძიების ფორმატის შესაბამისად თავის ღვინოს, სამზარეულოს და არტისტებს წარადგენს. წელს ჩვენი სტუმარი ამერიკის შეერთებული შტატები იქნება. მინდა,  დიდი მადლობა გადავიხადო აშშ-ს საელჩოს საქართველოში, რადგან ძალიან დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საკითხს. წელს გვეყოლება ამერიკელი მეღვინე, რომელიც კალიფორნიულ ღვინოს წარადგენს. არ არის გამორიცხული, საქართველოში მოღვაწე ამერიკელმა მეღვინეებმაც წარადგინონ თავიანთი პროდუქცია. ბუნებრივია, იქნებიან ამერიკელი შეფები, რომლებიც ე.წ „სთრით ფუდით“ გაუმასპინძლდებიან სტუმრებს.

რაც შეეხება ჯაზის ნაწილს, ჩვენი სტუმარი „კაილი ოდოერტის კვინტეტი“ იქნება. ეს ქალბატონი ძალიან ძლიერი პიანისტი გახლავთ, ის „ლინკოლნის ცენტრში“ ახალგაზრდებთან და ბავშვებთან მუშაობის ხელმძღვანელია და მისი ინიციატივით, რომელსაც ჩვენ, რა თქვა უნდა, იმ წამსვე მხარი დავუჭირეთ, დაგვემატა, რომელსაც „Jazz for kids“, ანუ „ჯაზი ბავშვებისთვის“ ჰქვია და სადაც ის ძალიან ხალისიანად, თავისი ბენდის წევრებთან ერთად დაკვრით, ბავშვებთან აქტიური ინტერაქციით და ა.შ ჯაზის სამყაროში შეუღებს კარს და ეცდება დააინტერესოს ისინი. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერები არიან არტისტები, როდესაც 10-12 წლის ბავშვები, თინეიჯერები მრავლად არიან მათ კონცერტზე, ხშირად ამის გამო სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებენ.

კარი ტრადიციულად 13:00 საათზე გაიღება და ღონისძიება ღვინის დეგუსტაციით დაიწყება. ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავიჭიროთ შედარებით პატარა მეღვინეობებს. მინდა, დიდი კმაყოფილებითა და სიხარულით აღვნიშნო, რომ მეღვინეების ენთუზიაზმი წლიდან წლამდე იზრდება. ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიგვწერონ, დაგვიტოვონ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ მათ დავუკავშირდებით. წელს 30-ზე მეტი მწარმოებელი გვეყოლება და როგორც უკვე გითხარით, მათ შორის იქნება სტუმარი ქვეყანაც. საინტერესო იქნება, ქართული ღვინოების მრავალფეროვნების ფონზე რამდენად დიდ ინტერესს გამოიწვევს სტუმარი ქვეყნის ღვინო. სტუმრებს ასევე შეეძლებათ შეიძინონ სტინგის, მერი ჯეი ბლაიჯის, ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის სახელობის ღვინოები, რამდენიმე ბოთლი სპეციალურად „Jazz and Wine“-ისთვის ჩამოვა . ეს ღვინოები ოფიციალურად მათი სახელით არის გამოშვებული.

აღსანიშნავია, რომ მუსიკის და ღვინის შერწყმა და ის არაჩვეულებრივი გარემო ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე…

ეს პროექტი და ეს ფორმატი ზოგადად მთელ მსოფლიოში რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ის მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის რეკლამირებისთვის, ისე პროდუქციის, ამ შემთხვევაში ღვინის, რომელიც მართლაც ეროვნული საგანძურია. პროექტი მნიშვნელოვანია კახეთის, როგორც ტურისტული ადგილის რეკლამისთვისაც. ამდენი ადამიანის, ვარსკვლავის ჩასვლა ნიშნავს ადგილობრივ ეკონომიკაში დამატებით შემოსავლებს, დამატებით სამუშაო ადგილებს და შესაბამისად, დამატებით გადასახადებს ,როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ბიუჯეტში. საბოლოოდ, ეს ყველაფერი წყალს ასხამს ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიცაა ტურიზმი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ფესტივალის მონაწილე მომღერალი, ელის ფრანსისი, რომელიც ელექტრო სვინგის დედოფლად არის წოდებული. ის თავის ბენდთან ერთად დღის პირველ ნახევარში, ღვინის დეგუსტაციის დროს იზრუნებს სტუმრების განწყობასა და მუსიკალურ ფონზე. ვფიქრობ, ყველა ძალიან ისიამოვნებს. შემდეგ იქნება კაილი ოდოერტის კონცერტი. საღამოს კი „ამფითეატრში“ ძალიან ცნობილი, ლეგენდარული ჯგუფი, „დი-ფაზი“ წარდგება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველას საცეკვაო განწყობაზე დააყენებს. რა თქმა უნდა, ღონისძიებების გადაწყობისას იქნება გარკვეული პაუზები, რომელსაც დიჯეი დათუნა მაჩაიძე შეავსებს.

რა შეგიძლიათ გვითხრათ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ?

დამსწრეთა რაოდენობიდან და ტერიტორიიდან გამომდინარე, არ ვიცი, რამდენად მასშტაბური იქნება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ძალიან კარგ დროს გაატარებთ „ისთერნ ფრომოუშენსის“ ახალ ლოკაციაზე ჩატარებულ კონცერტებზე, რომლებიც 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს ლისის ტბაზე, ბარში „კარი“ გაიმართება. 30 სექტემბერს ჰაუსის მამად წოდებული ძალიან მაგარი არტისტი, სისი როჯერსი ჩამოდის. 7 ოქტომბერს აღნიშნულ ბარში ლო ბერი ჩამოდის.

თქვენ მიერ ორგანიზებული ფესტივალების ფარგლებში რომელი სტუმრის ჩამოყვანას ისურვებდით, რომელი არტისტის ჩამოყვანის ოცნება ვერ აიხდინეთ?

არტისტებთან დაკავშირებით სურვილები ძალიან სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს მასშტაბების და სხვა მიზეზების თვალსაზრისით. ყოველთვის ხინჯად დამრჩება, რომ თავის დროზე ბარბრა სტრეიზანდის ჩამოყვანა ვერ მოვასწარი. პირდაპირი მნიშვნელობით შეყვარებული ვიყავი ამ ადამიანზე, როგორც არტისტზე და სულ ვოცნებობდი მის ჩამოყვანაზე. გული მწყდება, რომ თავის დროზე უფრო აქტიურად არ ვიმუშავეთ პრინსის ჩამოყვანაზე. ახლა ძალიან დიდ სახელებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა, 2023-2024 წლებს ვგულისხმობ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები