LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია შევაფასოთ რა არის ჩვენი ინტერესის სფერო – FM ქოუჩი

60
sofojiadze2010

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ დავისახოთ პროფესიული მიზნები და როგორ გავიგოთ რა გვაინტერესებს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი”ტრენერმა სოფო ჯიაძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს იყო წარმატებული?

თითოეულ ჩვენგანს ყველა დღესასწაულსა, თუ მნიშვნელოვან მომენტში ერთ-ერთი რასაც ყველაზე ხშირად გვისურვებენ წარმატებაა. მაგრამ, რა არის წარმატება, ან რა შემთხვევაში ვთლით ადამიანს წარმატებულად? წარმატება ინდივიდუალურად აღიქმება და ის ყველას თავისებურად ესმის. შეიძლება წარმატება ვიღაცისთვის მაღალ სამსახურებრივ პოზიციასთან, ან თუგინდ მატერიალურ კეთილდღეობასთან ასოცირდებოდეს; ვიღაცისთვის საზოგადოებაში ცნობადობასა და აღიარებასთან. თუმცა, ჩემთვის წარმატება საკუთარი მიზნების მიღწევა და შედეგის განცდაა. მიზნები კი, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას სხვადასხვა გვაქვს. რაც არც ერთჯერადია და ჩვენი ცხოვრების ეტაპების მიხედვით, მუდმივად ცვალებია. ისევე, როგორც შეუძლებელია ყოველთვის იყო წარმატებული, ან ერთხელ ახვიდე მწვერვალზე და მოიწყო კომფორტის ზონა – სადაც უკვე არაფრის შეცვლაა საჭირო.

შესაბამისად, იმისთვის რომ პროფესიულ საქმიანობაში გავხდეთ წარმატებული უნდა გვქონდეს მიზნები, უნდა ვიცოდეთ რა გვინდა ვაკეთოთ და რას გვინდა მივაღწიოთ. ასევე, მნიშვნელოვანია მათი სწორად დასახვა.
ჩვენი პროფესიული წარმატებისთვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პროფესიის სწორად შერჩევაა. როდესაც ბავშვობაში გვეკითხებიან ვინ გვინდა გამოვიდეთ, მარტივია უპასუხო: პრეზიდენტი, კოსმონავტი, მასწავლებელი, მეხანძრე, ვეტერინარი და ა.შ. მაგრამ, რაც უფრო ვიზრდებით და იზრდება ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა, კითხვა – რას აპირებ ცხოვრებაში? კიდევ უფრო სტრესული ხდება. რადგან თითქოს უკვე დაბადებიდან უნდა იცოდე რა როლში გინდა მთელი ცხოვრება გაატარო.

პროფესიას ძირითადად პატარა ასაკში ვირჩევთ, ამ დროს ხშირ შემთხვევაში რთული ამოსაცნობია რა გვსურს სინამდვილეში…

ჩვენ პროფესიას ძირითადად 17-18 წლის ასაკში ვირჩევთ, მაშინ როდესაც ფაქტიურად ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა საქმე დგას ასარჩევად გამზადებული პროფესიების ვრცელი ჩამონათვალის უკან; არ ვიცნობთ ჩვენს თავსა და შესაძლებლობებს. ხშირია შემთხვევები როდესაც პროფესიულ არჩევანს ჩვენს ნაცვლად მშობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები აკეთებენ. ჩვენ ხშირად გვესმის რით იამაყებდნენ ჩვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები – მაგრამ მთავარია რა გვინდა ჩვენ, რადგან შეუძლებელია სიამოვნება მოგვიტანოს საქმემ, რომელიც არ გვიყვარს.

თუ თქვენ ხართ კარიერული არჩევანის წინაშე, ან ხართ პროფესიაში, სადაც გრძნობთ რომ თქვენი ადგილი არ არის, პირველი ნაბიჯი რაც ამ თავსატეხის ამოხსნაში დაგვეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობაა.
დაფიქრდით როგორი გინდათ იყოს თქვენი ცხოვრება და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი.

ყველას გვაქვს ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, გაიხსენეთ რა გიყვართ და რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას, რომელი საგნებია თქვენთვის ყველაზე საინტერესო და რა სფეროში ხართ ყველაზე ძლიერი.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უნარების სწორად შეფასება, მაგალითად გვიყვარს თუ არა ადამიანებთან ურთიერთობა; უფრო განვითარებული გვაქვს ზეპირი, თუ წერითი კომუნიკაციის უნარები. თუგინდ ბავშობაში თამაშის დროს მოგვწონდა კონსტრუქციების აგება, ხატვა, მუსიკის შექმნა, თუ ტექნოლოგიები. მოგვწონს ლიდერობა, თუ უფრო ვირჩევთ შესასრულებელ საქმეს. მოგვწონს საჯაროდ სიტყვით გამოსვლა, თუ ფართო აუდიტორიაში პირიქით დისკომფორტს ვგრძნობთ. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველანი აღმოვჩენილვართ სხვადასხვა სიტუაციაში, სადაც უკეთ დაგვინახავს ჩვენი შესაძლებლობები.

რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ინტერესების სფერო?

მნიშვნელოვანია შევაფასოთ რა არის ჩვენი ინტერესის სფერო, რა გამოგვდის უკეთ, პიროვნული ღირებულებები, როგორ სამუშაო გარემოში ვიგრძნობდით თავს კარგად, რა სტილის საქმის კეთება გვინდა. გარკვეული პროფესიები ძალიან სტრესულია, დიდ დროს და ენერგია მოითხოვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია თუგინდ ვიცოდეთ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის როგორი ბალანსისთვის ვართ მზად.
ძალიან გაგიმართლათ თუ პირველივე მცდელობისას იპოვეთ თქვენი ოცნების პროფესია, თუმცა ადამიანების დიდი ნაწილისთვის საკუთარი საქმის ძიება უფრო ვრცელი პროცესია და არაერთ პროფესიულ ექსპერიმენტს უკავშირდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც რაღაც საქმეს დიდი ენთუზიაზმით, მოტივაციით, ინტერესით ვიწყებთ, თუმცა პროცესში აღმოვაჩენთ, რომ რეალობა ჩვენი მოლოდინებისაგან მკვეთრად განსხვავებულია და ეს სულაც არ არის ის საქმე რისი კეთებაც გვინდა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯერ თუ კიდევ ვერ იპოვეთ თქვენი საქმე, ეს წარუმატებლობას სულაც არ ნიშნავს. მით უფრო დღეს, როდესაც ჩვენ ირგვლივ უამრავი შესაძლებლობაა. არ შეწყვიტოთ ძიება, თქვენი თავის განვითარება, სიახლეების სწავლა, ახალი შესაძლებლობების გამოყენება. ცხოვრების ეტაპზე ძალიან ხშირად სხვა ადამიანებისგან, მხარდაჭერის ნაცვლად მოისმენთ – რა არ გამოგივათ, რას ვერ შეძლებთ, რა არ იმუშავებს – სწორედ ამიტომ, მთავარია თვითონ რამდენად გვჯერა საკუთარი თავის.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ყველას გვაქვს ცვლილებების, შეცდომებისა და წარუმატებლობის უფლება. რადგან – რა გინდა აკეთო ცხოვრებაში – ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად პასუხგასაცემი კითხვაა. იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება არ დავხარჯოთ კითხვებში, რა იქნებოდა, რომ … რა მოხდებოდა, რომ … მნიშვნელოვანია პირველ რიგში უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი, ვიცოდეთ რა გამოგვდის საუკეთესოდ და რისი კეთება გვანიჭებს სიამოვნებას. პროფესიის არჩევის ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ საკუთარი უნარ-ჩვევები, თვისებები, ინტერესები და მიზნები – სწორედ საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით დავსახოთ.
პირადად მე არასდროს ვიზეპირებდი და მივყვებოდი – 10 შეცდომას, რომელიც არ უნდა დავუშვათ, ან 25 ნაბიჯს წარმატებისკენ და ანალოგიურ მზა წესებს. ჩვენი უპირატესობა სწორედ ჩვენი ინდივიდუალურობაა, ჩვენი ცხოვრება კი ამ ინდივიდუალური არჩევანისა და გადაწყვეტილებებისგან შედგება.

წარმატებისა და თვითგანვითარებისკენ სწრაფვა, ეს მუდმივი პროცესი და მოგზაურობაა. რომელსაც არ აქვს მხოლოდ აღმავალი გზა, სადაც ბევრი სირთულის გადალახვაა საჭირო და მუდმივად გიხდება ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის.

წარმატების მისაღწევად გვიან არასოდეს არის, მთავარია თქვენთვის რა არის წარმატება, რამდენად გჯერათ საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები