LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოციმციმე არითმიის სიმპტომები და დაავადების დიაგნოსტირების მეთოდები – პულსი

127
giorgi-chxolaria

7 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კარდიოლოგ-არითმოლოგი გიორგი ჩხოლარია სტუმრობდა, რომელმაც მეტად აქტუალურ პრობლემაზე – მოციმციმე არითმიაზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, მოციმციმე არითმია საკმაოდ გავრცელებული და მეტად ვერაგი დაავადებაა, რომელმაც განსაკუთრებული აქტუალურობა ბოლო წლებში შეიძინა. კონკრეტულად რას ნიშნავს წინაგულების ფიბრილაცია ანუ მოციმციმე არითმია?

– მოციმციმე არითმია – გულის ქაოტური მუშაობაა, როცა ირღვევა გულის ტუმბოს ფუნქცია. მართალია, პათოლოგია მეტწილად 65 წელს გადაცილებულ პაციენტებს აღენიშნებათ, მაგრამ ბოლო პერიოდში ახალგაზრდებშიც საკმაოდ გავრცელდა, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დიაგნოზის დროულად დასმა და შემდგომი მკურნალობაც ბევრად გამარტივდა.

– რა იწვევს ამგვარ პათოლოგიას და შეიძლება თუ არა მისი თავიდან აცილება?

– მოციმციმე არითმია საკმაოდ მძიმე პათოლოოგია, რომელსაც ზოგჯერ კარდიოლოგიური და ფილტვისმიერი, ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის და ჰემატოლოგიური პრობლემები იწვევს, თუმცა გენეტიკურიც შეიძლება იყოს და რადგან დაავადებაში მთელი ორგანიზმია ჩართული, აუცილებელია სრულფასოვანი კვლევის ჩატარება, რათა ზუსტად განისაზღვროს გამომწვევი მიზეზები.

– რა სიმპტომებით ხასიათდება მოციმციმე არითმია?

– პათოლოგია გულისცემის ძლიერი აჩქარებით ხასიათდება, პაციენტი სწრაფად იღლება, უჭირს სუნთქვა და მოხრჩობის შეგრძნება უჩნდება. სხვათაშორის, რაც უფრო „ახალგაზრდაა“ პათოლოგია, მით უფრო აგრესიული ფორმით გამოიხატება, წლების მანძილზე გაგრძელებული ავადმყოფობის სიმპტომები, პირიქით – ნაკლებად ვლინდება, რემისია კი, მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან სინამდვილეში პათოლოგია ვითარდება და სულ უფრო რთულდება მისი მკურნალობა. ასე რომ, ყველამ, ვისაც თუნდაც უმნიშვნელო ჩივილები აქვს, დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია დაავადების განსზაღვრა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

– რამდენად რთულად მიმდინარეობს დაავადება სეზონური გრიპის ფონზე?

– მართალია, მოციმციმე არითმია პირდაპირ კავშირში არაა გრიპთან, მაგრამ ხშირად იწვევს  გართულებებს ფილტვების ანთებით, პლევრიტით და ბრონჰიტით, რაც თავისუფლად შეიძლება იქცეს მოციმციმე არითმიის გამომწვევ მიზეზად. ამასთანავე, ზამთრის სეზონზე ბევრი ალკოჰოლურ სასმელს ეტანება, ნაბახუსევზე კი, მოციმციმე არითმიას უჩივის. თუმცა, იმდენად ჩვეულია მსგავსი მდგომარეობა, რომ ნორმადაც კი მიჩნია, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

– საინტერესოა, დაავადების დიაგნოსტირების რა მეთოდები არსებობს?

– მოციმციმე არითთმის დიაგნოსტიკა საკმაოდ მარტივია, საკმარისია კარდიოგრაფიული კვლევის, გულის ექოსკოპიის და ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორინგის გავლა, თუმცა დაავადების მიზეზის დასადგენად, ბევრად მასშტაბური გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო.

– რამდენად მომზადებულია  ჯანდაცვის პირველადი რგოლი დიაგნოზის სწორად დასასმელად და პაციენტის კარდიოლოგ-არითმოლოგთან მისავლენად?

– თუ პაციენტის მდგომარეობა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მკურნალიობის შემდეგ გაუმჯობესდა, მაშინ არითმოლოგთან გადამისამართება აუცილებელი არაა, მაგრამ თუ მედიკამენტების მიუხედავად პაციენტს მაინც აქვს ჩივილები, მაშინ სწორედ ოჯახის ექიმმა უნდა ურჩიოს სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, რომელიც შემდგომ მედიკამენტურ ან ქირურგიული მკურნალობას დანიშნავს. სხვათაშორის, გავრცელებული აზრი, თითქოს მოციმციმე არითმია არ იკუნება – მცდარია, რადგან სინამდვილეში დაავადება სრულად იკურნება.

– კონკრეტულად რას გულისხმობს ქირურგიული ჩარევა?

– პაციენტებს სერიოზულად აფრთხობთ ქირურგიული ჩარევის პერსპექტივა, თუმცა სინამდვილეში, პროცედურა საკმაოდ მარტივია, რადგან უსისხლოდ, პრაქტიკულად განაკვეთის გარეშე და მხოლოდ ერთ ჩხვლეტით კეთდება.

– როდის დაინერგა კრიო აბლაციის მეთოდი და რამდენად წარმატებულად ხორციელდება  საქართველოში?

– მართალია, კრიო აბლაციის ინოვაციური მეთოდით ოპერირება სკმაოდ ძვირია, მაგრამ ის მაინც პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, საქართველოში კი, 2016 წელს დაინერგა, როცა მისი დაფინანსება ჯანდაცვის პროგრამებით გახდა შესაძლებელი.

– რა გართულებები ემუქრება პაციენტს დაგვიანებული დიაგნოსტიკის ან მკურნალობის უგულველყოფის შემთხვევაში?

– მოციმციმე არითმია ხშირად ხდება იშემიური ინსულტის მიზეზი, რომლის მკურნალობა საკმაოდ რთულია და ხშირად ლეტალური შედეგიდაც სრულდება. ამასთანავე, დაავადება მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, მით უფრო, თუ პაციენტი ახალგაზრდაა.

– რამდენიმე დღის წინ საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია „მეტრონიკის“ ორგანიზებით მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. კონკრეტულად რა მიზანს ისახავდა მასშტაბური ფორუმი, რომელსაც უამარავი მედიკოსი სტუმრობდა?

– ფორუმი მოციმციმე არითმიის მკურნალობის, კერძოდ, კრიო აბლაციის მეთოდის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავდა მიზნად. 2-წლიანი პრაქტიკის მანძილზე საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს – 200-ზე მეტი ოპერაცია განვახორციელეთ და სწორედ ამ შედეგების გაცნობა გვსურდა ჩვენი კოლეგებისთვის. სხვათაშორის, მსგავსი შეკრებები სისტემატურად იმართება და მომავალშიც ვგეგმავთ მოწყობას, რათა არა მხოლოდ მოციმციმე არიითმიაზე, არამედ გულის სხვა პათოლოგიებზეც გავმართოთ დისკუსია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები