LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქმედებს თუ არა კულტურული მრავალფეროვნება ურთიერთობებზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

14
lali-badridze-7rcheva

მოქმედებს თუ არა კულტურული მრავალფეროვნება ურთიერთობებზე – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოთერაპევტმა ლალი ბადრიძემ ისაუბრა.

რამდენად მოქმედებს კულტურული მრავალფეროვნება ურთიერთობებზე?

სამყაროში ყველაფერი ცვალებადია, სულ ცოტა ხანია,ისეთი უეცარი ცვლილებების მომსწრენი და მონაწილენი გავხდით, რომ ჯერ გააზრებულიც არ გვაქვს წესიერად. კაცობრიობის ისტორიაში პირველად, მოწმენი გავხდით, როგორ იქმნება „ურთიერთგადაჯაჭული” საზოგადოება, რომლის მთავარი მახასიათებელიც კულტურული ნაირფეროვნებაა. დღევანდელ, მრავალკულტურულ საზოგადოებას ახასიათებს გახსნილობა და კომუნიკაბელურობის მზარდი დინამიკა. თუმცა ამის მიუხედავად, პიროვნებიდან დაწყებული ორგანიზაციებისა და ქვეყნების დონეზე ხშირად ურთიერთობათა დისბალანსია, რაც გაუგებრობათა ჯაჭვურ რეაქციებს წარმოშობს.

ადამიანი არამარტო უნიკალური ქმნილებაა, ის შემოქმედიცაა. თუმცა რას შევქმნით, დიდად არის დამოკიდებული აღზრდის თავისებურებებზე და იმ გარემოზე, სადაც ვყალიბდებით და ვვითარდებით. ადამიანების ბუნებას უცნაური, სახასიათო თვისება აქვს, ჩვენი ქმედებები განსაზღვრულია არა თავად რეალობის არსებობით, არამედ სუბიექტური აღქმით ამ რეალობის მიმართ.

მიუხედავად ობიექტური ჭეშმარიტებისა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია შინაგანი განუყოფელი ღირებულება, ხშირად ისინი ისე ვმოქმედებეთ, თითქოს ამ ღირებულებას საერთოდ არც  კი ვიცნობეთ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ  საკუთარი ფასეულობებს ღრმად არ ვიცნობთ.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს მიდრეკილება გვაქვს, რომ აზრთა შორის სხვაობა და ამით წარმოშობილი გაუგებრობა  კონკრეტული პიროვნების ქმედებებისა და გრძნობების თავისებურებებს მივაწეროთ, რაც დისჰარმონიასა და კონფლიქტს იწვევს ურთიერთობებში.

ბუნებრივი, ადამიანები, განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, მაგრამ ბევრი რამ გვაქვს მსგავსი და საერთო. მაშინაც კი როდესაც სხვადასხვა რელიგიურ, რასობრივ, კულტუროლოგიურ სივრცეს მივეკუთნებით. სწორედ ამას შესწავლას მიუძვნა თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის ფუძემდებელმა ნ. პეზეშკიანმა, მან სხვა მეცნიერებთან ერთად შეისწავლა-გააანალიზა 20-ზე მეტი კულტურა.

რა არის კულტურა?

ეს არის ის გამოცდილება,რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა ტრადიციების, წარმოდგენების, ღირებულებებისა და ქცევის თავისებურებების სახით. მასში იგულისხმება ის წესები და ნორმები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები ვახდენეთ საკუთარი სამყაროს ინტერპრეტირებას და ვახორციელებეთ ამა თუ იმ ქმედებას. ბუნებრივია, ნებისმიერ ქვეყანას, ქალაქს, ოჯახს, ორგანიზაციას თუ ცალკეულ პირს თავისი საკუთარი, განუმეორებელი, განსხვავებული კულტურა გააჩნია. ამდენად, მნიშვნელოვანია ტრანსკულტურული მიდგომის გათვალისწინება, რომელიც ურთიერთობებათა სწორად ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს.

თუ სიღრმისეულად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალურ კულტურას წარმოადგენს. საზოგადოებრივ ურთიერთობებს კი სწორედ ცალკეული ინდივიდები ქმნიან. ამიტომ, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის ხედვას, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული როგორ დარეგულირდება საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები, ორგანიზაციის მიზნები თუ ამოცანები, როგორ განიხილება კონფლიქტები პიროვნულ თუ ორგანიზაციულ დონეზე, როგორ მოგვარდება ურთიერთობებში წამოჭრილი პრობლემები, როგორ იმართება კრიზისული სიტუაციები და იგეგმება კრიზისის შემდგომი პროცესები. საზოგადოებრივი ურთიერთობების დროს კონფლიქტის მიზეზების პასუხის მისაღებად საჭიროა დავსვათ შეკითხვები. ერთ-ერთი ძირეულია: რა არის განმასხვავებელი და რა არის საერთო დაპირისპირებულ მხარეთა შორის. ეს საშუალებას გვაძლევს გავითვალისწინოთ თითოეული ადამიანის მენტალიტეტი, ხასიათი და რაც მთავარია, დავაფასოთ მისი უნიკალურობა.

რა არის მნიშვნელოვანი დაბალანსებული ურთიერთობების შესაქმნელად?

უნდა გავიაზროთ, რომ შეხედულებათა შორის განსხვავებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუგებრობა, იმედგაცრუება, შიში, აგრესია და კონფლიქტი, თუმცა, მეორე მხრივ, ეს განსხვავებულობა შეიძლება აღვიქვათ, როგორც დამატებითი, შემავსებელი საზრისი, რომელიც სწავლის, ცოდნისა და ქცევის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე  ურთიერთობაში წამოჭრილ სირთულეთა დასაძლევად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ: თითოეული ადამიანის წარმოდგენა რეალობაზე უნიკალურია, მისი ,,სამყაროს რუკა”თავისთავში მოიცავს: მისი გარემოცვის უნიკალურ, ჯგუფურ გამოცდილებას, რომელიც გროვდებოდა საუკუნეთა მანძილზე და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ასევე, უნიკალურ ინდივიდუალური გამოცდილებას.

ბუნებრივია, რომ ორი ადამიანის შეხედულება და მოლოდინი სამყაროს მიმართ ისევე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც მათი გამოცდილება. ამან შეიძლება მიგვიყვანოს და სამწუხაროდ, ხშირად მივყავართ კონფლიქტთან, რომელიც გამოწვეულია ჩვენი მენტალობის მოდელიდან  გადახვევის შიშით.

საკუთარი შეხედულებების ერთგულება ბუნებრივია, მაგრამ ხანდახან ის იწვევს  ჩვენს ფოკუსირებას საკუთარ შეხედულებებსა და მოლოდინებზე, რაც რეალობის იგნირირებას იწვევს. ამ შემთხვევაში სინამდვილე მხოლოდ სტიმულატორის როლს თამაშობს, რომელიც დადებით ემოციებს იწვევს მენტალური მოდელისა და რელობის დამთხვევისას. აცდენის შემთხვევაში კი შიშისა და აგრესიის წყარო ხდება.

მეორე მხრივ, ,,სხვისი რუკა”, რომელიც მოიცავს სხვა ადამიანის, სხვა ჯგუფის გამოცდილებასა და სიბრძნეს, შეიძლება ფასდაუდებელი საჩუქარი გახდეს განსხვავებული აზრის სახით, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას მოგვცემს გადავლახოთ საკუთარი შეზღუდული გამოცდილება და ბევრად მეტი შევიმეცნოთ. იმისათვის რომ ასეთი საჩუქრის გამოყენება შევძლოთ, მოგვიწევს  საკუთარი შიშების გადალახვა, ყურადღების გადატანა რეალობაზე და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა.

ნ. პეზეშკიანი წერდა: თუ ადამიანს აქვს ერთი ვაშლი და მას გაუცვლის მეორე ადამიანს, რომელსაც ასევე ერთი ვაშლი აქვს, მაშინ თითოეულ მათგანს ისევ ერთი ვაშლი ექნება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანს აქვს ერთი იდეა და მას გაუცვლის ადამიანს, რომელსაც ასევე ერთი იდეა აქვს, მაშინ თითოეულ მათგანს ორ-ორი იდეა გაუჩნდება.

ამქვეყნად არავინ არის ვალდებული ჩვენს მოთხოვნილებებს  შეესაბამებოდეს, შესაბამისად არც ჩვენ გვაქვს ამის ვალდებულება. ყველაფერი ერთმანეთის მიღებაზე, გაგებასა და ურთიერთპატივისცემაზეა  დამოკიდებული.

ღრმა ურთიერთობაში დიდ როლს თამაშობს ინტერესებისა და ქცევის ნორმათა თანხვედრა. უნდა გავიაზროთ, რომ ის, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს, უინტერსო კი არაა, უბრალოდ ჩვენი დამოკიდებულებაა ასეთი და უდავო ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს. ჯანსაღი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარის შეძენა ნებისმიერი, ადეკვატური ადამიანისთვის რთულ ამოცანას არ წარმოადგენს. ერთ-ერთი ძირითად უნარია, შეგვეძლოს სხვა ადამიანების, მათი კულტურის გათვალისწინება.იმის გააზრება, რომ ერთიდაიგივე უნარს, სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ღირებულება აქვს. ის რაც ერთისთვის დიდ არაფერს არ ნიშნავს, მეორე ადამიანისთვის შეიძლება ძალიან დიდი ღირებულება ჰქონდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები