LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუსვენრობა, უძილობა, ჰიპერაქტიურობა, ჭირვეულობა, როდის უნდა მივმართოთ ექიმს – ბავშვთა ნევროლოგის რეკომენდაციები

38
ekaterine-chubinidze-pulsi-show

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემის „პულსი“  სტუმარია კლინიკა „ენმედიცის“ ბავშვთა ნევროლოგი ეკატერინე ჩუბინიძეა, რომელმაც  ბავშვთა  ნევროლოგიურ დარღვევებზე ისაუბრა.

– რა ჩივილებით მოგმართავენ პატარების მშობლები?

ეკატერინე ჩუბინიძე: ნერვული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ ემბრიონული განვითარების ადრეულ ფაზაში იწყება და გრძელდება დაბადების შემდგომაც. სინდრომები, ჩივილები და სიმპტომები სხვადასხვა ასაკისათვის განსხვავებულია. მაგალითად, 0-1 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელმა შესაძლოა მოგვმართოს ისეთი ჩივილებით, როგორიცაა ბავშვის მოუსვენრობა, ჩაძინების და ძილის უწყვეტობის პრობლემა,ზედმეტი აქტიურობა ან პირიქით, ზედმეტი მოდუნება, ჭირვეულობა. მინდა აღვნიშნო, რომ სასურველია ამ ასაკში სპეციალისტის მიერ კონტროლდებოდეს ბავშვის  ნეირო და ფსიქომოტორული განვითარების პროცესი მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაიმე სახის ჩივილები.

ორი წლის ასაკიდან იწყება უკვე მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, ქცევით-ემოციური ტიპის პათოლოგიები.

3-4 წლის ასაკიდან და ზემოთ გვხვდება სწავლასთან და გარემოსთან ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები , მეტყველებისას ბორძიკი და ა.შ.

-აქედან გამომდინარე ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით რა უნდა გააკონტროლოს და შეამოწმოს ექიმმა-ნევროლოგმა 0-დან 1 წლამდე ასაკის პატარებში?

ეკატერინე ჩუბინიძე: ძირითადად ეს არის ნეირო-მოტორული და ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხება. ორი წლის ასაკიდან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სამეტყველო გარემოს.

-ვისაუბროთ ისეთ პრობლემაზე როგორიცაა ძილის რეჟიმის დარღვევა, ან ე.წ. დღე-ღამის შენაცვლება, როდესაც ბავშვს დღე სძინავს და ღამით ღვიძავს, თქვენ ახსენეთ ასევე ჭირვეულობაც. სად გადის ზღვარი, რომლის შემდეგაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში? როდის არის სპეციალისტის ჩარევა აუცილებელი?

ეკატერინე ჩუბინიძე: როგორც აღვნიშნე, ამ ასაკში რეკომენდირებულია ბავშვი იყოს ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმის მიუხედავად, არის თუ არა ჩივილები. რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ინდივიდუალურად დგინდება ბავშვისთვის არის თუ არა რამე საშიში.

-მინდა გკითხოთ ძუძუთი კვების მნიშვნელობაზეც.ერთი შეხედვით მსმენელს შესაძლოა უცნაურად მოეჩვენოს ეს შეკითხვა ნევროლოგთან,რადგან ნუტრიციოლოგიაზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება და ის ემოციური მიჯაჭვულობა, რომელიც დედა-შვილს შორის ჩნდება ძუძუთი კვების დროს?

ეკატერინე ჩუბინიძე: იმ სხვა ღირებულებებთან ერთად, რაც ბუნებრივ კვებას გააჩნია ფიზიოლოგიურად, ძუძუთი კვება ქმნის დედა-შვილს შორის განსაკუთრებულ ემოციურ სიახლოვეს. ძუძუთი კვება საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ დედის დეფიციტით გამოწვეული ნეირო-ბიოლოგიური დარღვევები, რომლებიც დაახლოებით 2-3 წლის ასაკში ვლინდება.

-დედის დეფიციტი ბავშვებში საკმაოდ გავრცელებულია. მიუხედავად იმისა,რომ დედა საკმარის ყურადღებას იჩენს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის ფიზიკურად ვერ იმყოფება შვილთან გარკვეული დროის განმავლობაში. რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ბავშვზე ნევროლოგიური კუთხით?

ეკატერინე ჩუბინიძე: ცალკეული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც კონკრეტულად დედის დეფიციტი იწვევს, არ არსებობს. მაგრამ იმ მრავალი ფაქტორიდან რაც იწვევს ბავშვებში ნევროლოგიურ დარღვევებს,  სხვებთან კომბინაციაში გვევლინება დედის დეფიციტის ფაქტორიც. ამით შესაძლოა გამოწვეული იყოს მეტყველების დარღვევები, ჩაკეტილობა, ფსიქო-ემოციური ტიპის დარღვევები. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია , ამიტომ ანამნეზის შეკრება ხდება ინდივიდუალურად პაციენტსა და მშობლებთან ინტერვიუს შემდეგ.

-რას ურჩევდით დედებს, რომლებიც დასაქმებულები არიან და ამის გამო მაინც უწევთ გარკვეული დროით ბავშვის დატოვება?

ეკატერინე ჩუბინიძე: ვურჩევდი მეტ სამეტყველო კონტაქტს ბავშვთან. დედასა და შვილს შორის სამეტყველო კონტაქტი ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას იწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დედის ხმა ნაყოფს უფრო დაცულად აგრძნობინებს თავს და ეს დაბადების შემდეგ ძალიან ბევრ რამეზე აისახება დადებითად.

-მეტყველების დარღვევები ახსენეთ, რომელ ასაკში უნდა ვივარაუდოთ, რომ სახეზეა მეტყველების დარღვევა? ქართულ რეალობაში ძალიან ხშირია ოჯახის წევრების მაგალითის მოყვანა, რომ ბავშვის ოჯახის რომელიმე წევრი ოთხ წლამდე არ ლაპარაკობდა და განგაშის საფუძველი არ არსებობს. არადა ეს ხშირად დაგვიანებული დიაგნოსტირების მიზეზი ხდება.

ეკატერინე ჩუბინიძე: სწორად შენიშნეთ. ძალიან ხშირად მშობლები 3-4 წლის ასაკს ელოდებიან. მაგრამ მე გეტყვით, რომ ორი წლის ბავშვი უკვე უნდა ამბობდეს ორსიტყვიან წინადადებებს. სიტყვებს გამართულად და მიზანმიმართულად უნდა წარმოთქვამდეს. უნდა ჰქონდეს რეაგირება საკუთარ სახელზე, ჰქონდეს თამაშის და სხვებთან ურთიერთობის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვის ნევროლოგიური განვითარების ეტაპები ინდივიდუალურია და შესაძლოა არაფერი საგანგაშო არ იყოს იმაში, თუკი ორი წლის ასაკში ბავშვს არ შეეძლება იმ ყველაფრის გაკეთება, რაზეც ვისაუბრე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თავის დაზღვევის მიზნით მაინც საჭიროა ასეთ დროს სპეციალისტის ჩარევა, რომ არ იყოს რაიმე სხვა სახის დარღვევა, მაგალითად თავის ტვინის ფუნქციონირების.

-მინდა გკითხოთ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ძალიან ხშირად ხდება მშობელთან უშუალო კონტაქტის ჩანაცვლება ტექნოლოგიებთან ურთიერთობით. ბავშვებს წვდომა აქვთ მობილურ ტელეფონებსა და სხვადასხვა მოწყობილობებზე. რამდენად შეიძლება ამან მეტყველებითი დარღვევები გამოიწვიოს და რამდენად მისაღებია მსგავსი ჩანაცვლება?

ეკატერინე ჩუბინიძე: მესმის, რომ თანამედროვე ეპოქაში ბავშვების სრული იზოლაცია ტექნიკისაგან შეუძლებელიცაა და მიუღებელიც. მშობლები მოუცლელობის გამო ძალიან ხშირად აძლევენ შვილებს საშუალებას, დიდი დრო გაატარონ ეკრანთან და საბოლოოდ ეს იწვევს ე.წ. „მიშვებული ბავშვის სინდრომს“. ასეთი მიდგომა დიდ გავლენას ახდენს ბავშვის არა მხოლოდ მეტყველების განვითარებაზე, არამედ მის ფსიქოტიპზე. მიუხედავად იმისა,რომ ეკრანთან ყოფნისას ბავშვს მხედველობითი და სმენითი უნარები უვითარდება, ეს მაინც არ არის სრულყოფილი პროცესი, რადგან ხშირად იწვევს რეალური სამყაროს ვირტუალურით ჩანაცვლებას, ჩაკეტილობას და სხვა ადამიანებთან კონტაქტის სურვილის გაქრობას. მაშინ, როდესაც ბუნებაში თამაში, ფიზიკური დატვირთვა და ადამიანებთან კომუნიკაცია იწვევს ბავშვის ადაპტაციას გარემოსთან, მისი სოციალური უნარების განვითარებას, აჩვევს საკუთარი აზრის გამოთქმას და უყალიბებს გამართულ მეტყველებასაც. ჩემი აზრით, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ გაჯეტებზე წვდომა,მხოლოდ განსაზღვრული დროის ფარგლებში. ისინი არ უნდა გახდნენ ეკრანზე დამოკიდებულნი.

-ენაბორძიკობაზე, როგორც გავრცელებულ და აქტუალურ პრობლემაზე რას გვეტყვით? რას გვეტყვით ლოგონევროზის შესახებ, რომელ ასაკამდე უნდა იყოს მშობელი ყურადღებით და როდის უნდა მიმარტოს სპეციალისტს?

ეკატერინე ჩუბინიძე:  ლოგონევროზი შეიძლება განვითარდეს  ნერვული სისტემის დეფექტის ან სტრესის ფონზე.ეს არის მეტყველების რითმის და თანმიმდევრობის დარღვევა, რომელიც ძლიერდება ემოციური დატვირთვის დროს. დიაგნოზი დაახლოებით 3-4 წლის ასაკში ისმება.ლოგონევროზი ძალიან იშვიათადაა თვითდაძლევადი. მას ძირითადად კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, რომელშიც ნევროლოგთან ერთად ფსიქოლოგი და ლოგოპედი უნდა ჩაერთონ.

-მინდა გკითხოთ ბავშვთა ჰიპერაქტიურობაზეც. სად გადის ზღვარი ცელქ და ჰიპერაქტიურ ბავშვს, ხასიათსა და დიაგნოზს შორის?

ეკატერინე ჩუბინიძე:  ბავშვობს ზოგადად ხშირად ახასიათებთ სიცელქე, მოუსვენრობა, უყურადღებობა. მაგრამ როცა ეს ყველაფერი უკვე  მის  უკვე ასაკთან მიმართებაში შეუფერებელია და ბავშვს პრობლემას უქმნის თანატოლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, უკვე საჭიროა მშობელმა მიმართოს ექიმს. ჰიპერაქტიურობის დიაგნოზი დაახლოებით 6-7 წლის ასაკში ისმება, თუმცა სიმპტომები სახეზე შესაძლოა 2,5-3 წლის ასაკიდან იყოს.

ეს სიმპტომებია: არატიპიური ძილის რეჟიმი, კვებითი ამოჩემება, გარკვეული სახის აკვიატებები და უმართავი ქცევა.

-ახლახანს სკოლა დაიწყო და ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია. თქვენი აზრით, როდის არის ბავშვი მზად სკოლაში წასასვლელად და  რას ნიშნავს სკოლისთვის მზაობა?

ეკატერინე ჩუბინიძე:  სკოლაში მისვლა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ახალი გარემო, რომელთან ადაპტაციის დროსაც ბავშვს შესაძლოა პრობლემა შეექმნას. ზოგიერთი მშობელი  თვლის, რომ ბავშვის სკოლისთვის მზაობას განაპირობებს რამდენად კარგად წერს ან კითხულობს იგი. თუმცა პირველ რიგში ბავშვს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიური მზაობა, იგი მზად უნდა იყოს  ინტელექტუალურად და ემოციურად, ამიტომ ბავშვის სკოლაში მიყვანამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია, რათა ბავშვს დავეხმაროთ ადაპტაციაში და თავისი ინტელექტუალურ-სოციალური უნარების უკეთ რეალიზებაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები