LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება, თავდაუზოგავი შრომა და ნებისმიერი საქმის მთელი გულით, სრულფასოვნად შესრულებაა – ქეთევან ხიშტოვანი

131
qetevan-xishtovani

4 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“  საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმ-დერმატოლოგი ქეთევან ხიშტოვანი  სტუმრობდა.

ქეთევანი საერთაშორისო კვლევების და კონფერენციების მუდმივი მონაწილეა, გამოქვეყნებული აქვს უამრავი სტატია, აქტიურად აწყობს საქველმოქმედო ღონისძიებებს და თანამშრომლობს უცხოურ ორგანიზაციებთან, სულ მალე კი, მიერ დაარსებული ჟურნალი „პედიარტი“ გამოვა, რომელიც პირველი გამოცემა იქნება ბავშვთა აღზრდასა და ჯანმრთელობაზე.

– ქალბატონო ქეთი, როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალმა იდეალური ფორმა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე?

– გეთანხმებით, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და ფორმის შენარჩუნება მართლაც ძალიან რთულია. ვფიქრობ, მთავარი შინაგანი კულტურა და მონდომებაა, რადგან სურვილის შემთხცვევაში ყოველთვის შეიძლება დროის გამონახვა, მით უფრო, რომ კარგ ფორმაში ყოფნა თვითრწმენასაც გვმატებს და მუშაობაშიც გვეხმარება.

– რატომ აირჩიეთ მედიკოსის პროფესია?

– ექიმების ოჯახში გავიზარდე და ყოველთვის აქტიურად ვინტერესდებოდი მედიცინით. ვფიქრობ, ექიმის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პროფესიაა, რადგან არაფერი ჯობია ადამიანებზე ზრუნვით დამსახურებულ პატივისცემას. ექიმი ხომ სწორედ ის ადამიანია, ვინც პაციენტის ჯანმრთელობის სასარგებლოდ ნებისმიერ დროს, სიტუაციაში მზადაა უარს თქვას საკუთარ ინტერესებზე და არასდროს დაიზარებს მის ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემას და რჩევის მიცემას.

– რა არის პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის მთავარი მიზანი?

– პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაცია, რომელიც გასულ წელს დაარსდა და ევროპის ბავშვთა დერმატოლოგიის ასოციაციის წევრი გახდა, ექიმებს, პატარა პაციენტებს და მათ მშობლებს მუდმივად სიახლეებს, ტრენინგებს, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას და უფასო კონსულტაციას სთავაზობს, ყოველთვის აქტიურადაა ჩაბმული საქველმოქმედო ღონისძიებებსა და სხვა სოციალურ პროექტებში. ჩვენი ასოციაციის მთავარი მიზანი დერმატოლოგიის დარგის გასაძლიერება და იმ ერთიანი სტანდარტის შექმნაა, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობაზეც იზრუნებს და მის უფლებებსაც დაიცავს.

– რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ უცხოურ ორგანიზაციებთან?

– ქართული ორგანიზაციების პარალელურად, რომელთაც უფასო კონსულტაციას და პროდუქციის შეფასების შემდეგ რეკომენდაციას ვუწევთ, საკმაოდ ბევრ უცხოურ ასოციაციასა თუ კავშირთან ვთანამშრომლობთ.

– რამდენადაც ვიცი, მკითხველს სულ მალე ექნება თქვენი ჟურნალის „პედიატრის“ გაცნობის საშუალება?

– ჟურნალი „პედიარტი“ ჩვენი ასოციაციის პრეზენტაციის და პირველი კონფერენციის პარალელურად შეიქმნა. მართალია, აქამდე მხოლოდ ორგანიზაციებში რიგდებოდა, მაგრამ ახლა, განსხვავებული შინაარსით, ბევრად მსხვილი ტირაჟით გამოვა და ნებისმიერის ინტერესს დააკმაყოფილებს, რადგან უამრავ სასარგებლო რჩევას შევთავაზებთ მშობლებს ბავშვისა და საკუთარი თავის მოვლაზე.

– როგორია თქვენი დღის განრიგი?

– მომდევნო დღის გეგმა ყოველთვის წინასწარ მაქვს გაწერილი, ამასთანავე, ყოველდღე ვვარჯიშობ, საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ სპორტულ დარბაზს და მაქსიმალურად ვზრუნავ კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზე.

– გაქვთ თუ არა საყვარელი აქსესუარი?

– საათი ერთადერთი აქსესუარია, რომელიც ყოველთვის თან მაქვს.

– რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?

– პირველ რიგში, საქმიან პარტნიორს ვაფასებ, რომელიც აუცილებალდ მომღიმარი და ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქმიან შეხვედრაზე ჩაცმის სტილი?

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე კლასიკური სტილი მაქვს არჩეული, რადგან მხოლოდ ასეთ სამოსში ვგრძნობ თავს კომფორტულად.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას გააჩნია. მართალია, მეტწილად ზუსტად ვიცი, როგორ ვიმოქმედო, მაგრამ რადგან ზოდიაქოს ნიშნით ტყუპები ვარ, ამიტომ ხშირად ვორჭოფობ.

ბლიცკითხვები –

– ფრაზა, რომელსაც ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

-Impossible is nothing! მართალია, ხმამაღლა არ ვამბობ, მაგრამ ფიქრებში ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს.

– საჩუქრის გაკეთება უფრო გხიბლავთ თუ მიღება?

– ორივე ერთნაირად მომწონს.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ?

– ვცურაც, მიყვარს მუსიკა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება. ერთი სიტყვით, ყველაფერი მომწონს რაც პოზიტიური ენერგიით მავსებს.

– თქვენი საყვარელი წიგნი?

– გამორჩეული წიგნი არ მაქვს. ხშირად ვკითხულობ დერმატოლოგიურ ატლასს და ვეცნობი სამეცნიერო ნაშრომებს.

– როგორ ამშვიდებთ პაციენტებს?

– ვარწმუნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– მზეს, ცას და ბედნიერ ადამიანებს.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, მთავარი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება, თავდაუზოგავი შრომა და ნებისმიერი საქმის მთელი გულით, სრულფასოვნად შესრულებაა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება წარმატების მიღწევა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები