LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი საქმის სიყვარული და გულწრფელი დაინტერესებაა” – შალვა ჩოჩელი

36
shalva-chocheli..

18 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანია „ზედაზენის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი სტუმრობდა, რომელმაც წარმატებულ სტარტზე, ლუდის წარმოების 21-წლიან გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– შალვა, თქვენ ერთი წლის წინ შეუერთდით „ზედაზენის“ ჯგუფს. რამდენად მარტივი იყო მარკეტინგის უკვე ჩამოყალიბებული სისტემის სათავეში ჩადგომა?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ „ზედაზენი“ ოჯახური კომპანიაა. ორი უმსხვილესი ლუდსახარში ჩვენმა ოჯახმა 1990-იანი წლების ბოლოს შექმნა, ახლა კი, აქტიურად ვაგრძელებთ საქმიანობას. სიმართლე ვთქვა, ბიზნესში ჩართვამდე ყველაფერი ბევრად მარტივად მეჩვენებოდა, მიკვირდა, რატომ არ ხორციელდებოდა გარკვეული იდეები და მხოლოდ საქმის დეტალურად გაცნობის შემდეგ მივხვდი, რამდენად რთულია სინამდვილეში წარმოება.

– რამდენად მსუბუქად შეელიეთ წარმატებულ სპორტულ კარიერას ბიზნესის სანაცვლოდ?

– 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს ქართველი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე ოლიმპიური თამაშების ნახევარ ფინალში რუს სპორტსმენს ხვდებოდა. ისედაც დაძაბული სიტუაციის ფონზე ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ქართველი ფალავანის გამარჯვება და მეც სწორედ მაშინ გამიტაცა ძიუდომ სერიოზულად. მართალია, მხოლოდ სამი წელი ვიასპარაზე, მაგრამ მაინც შევძელი თბილისის და საქართველოს ჩემპიონობის მოპოვება, ევროპისა და მსოფლიო ჩეპიონატებში მონაწილეობა და მეორე ადგილის დაკავება. ვერ ვიტყვი, რომ სპორტს სინანულის გარეშე შეველიე, თუმცა ბრიტანეთში სწავლისას არც დრო მქონდა ვარჯიშისთვის, არც შესაბამისი პირობები და ბოლოს საერთოდ დავანებე თავი.

– საინტერესოა, როგორ ინერგება „ზედაზენის“ კომპანიაში სიახლეები?

– სხვა კომპანიებისგან განსხავავებით ჩვენ არ გვყავს ცალკე გამოყოფილი კრეატიული ჯგუფი, თუმცა კოლეგებთან ერთად სისტემატურად ვიკრიბებით და სწორედ აზრთა ურთიერთგაზიარებით იბადება ახალი იდეები. სხვათაშორის, „ზედაზენი“ იმ იშვიათ კომპანიათა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც პროდუქციის დივერსიფიკაცია მოახდინა. მაღალი გადასახადების და ბაზრის შემცირების ფონზე ლუდის წარმოება ნაკლებად მზარდი ინდუსტრია აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ პროდუქციის გაფართოება და ჯერ პირველი ქართული ენერგეტიკული სასმელი „ვაილდერი“ გამოვუშვით, მერე პირველი ქართული ლიმონათი ქილაში, ამასთანავე, სწორედ ჩვენ ჩამოვასხით პირველი ლიცენზირებული ლუდი konik pilsner, რომელმაც სრულად შეცვალა საქართველოში ლუდის წარმოება, რადგან სწორედ მას მერე დაიწყეს უცხოურმა ბრენდებმა ჩვენს ქვეყანაში ლუდის ჩამოსხმა, 2017 წელს კი, ნატურალური წვენების ხაზი „ჩერო“ ჩავუშვით წარმოებაში, რომელიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია.

– რამდენადაც ვიცი, სწორედ თქვენი მოწვევით სტუმრობდ ცნობილი მსახიობი დოლფ ლუნდგრენი საქართველოს?

– სხვებთან ერთად ასორტიმენტში განსაკუთრებული – ვიკინების ლუდი „რაგნარიც“ გვაქვს, რომელიც შეფუთვითაც გამოირჩევა და გემოვნური თვისებებითაც. „რაგნარი“ შარშან გამოჩნდა პირველად ბაზარზე, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და წლის ლუდადაც დასახელდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კამპანიის გაგრძელება და პროდუქციის წარმოებაში მეტი ინვესტიციის ჩადება, მოლაპარაკებას ცნობილ მსახიობებთან, მათ შორის პირს ბროსნანთან, კიანუ რივზთან და ჯეისონ სტეტჰემთან ვაწარმოებდით, თუმცა საბოლოოდ მაინც დოლფ ლუნდგრენზე შევაჩერეთ არჩევანი, რადგან ჩავთვალეთ, რომ სწორედ წარმოშობით შვედი და ნამდვილი ვიკინგი მოერგებოდა ჩვენს ლუდს იდეალურად. სხვათაშორის, წარმატებულ სამსახიობო კარიერასთან ერთად ლუნდგრენმა დოქტორის ხარისხიც დაიცვა ქიმიის დარგში, საქართველოს შესახებ კი, პირველად 2008 წელს შეიტყო, როცა მოსკოვში ვიზიტისას ქართულ რესტორანში დაპატიჟეს საუკეთესო ღვინის დასაგემოვნებლად. თბილისში ლუნდგრენი ძმასთან ერთად ჩამოვიდა და ძალიან მოიწონა ჩვენი პროდუქცია, მისი ძმა კი, განსაკუთრებით მსხლისა და ტარხუნის ლიმონათით მოიხიბლა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, გაფართოვებას ხომ არ აპირებთ?

– რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად გაფართოვებასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. ახლო მომავალში ერთგვარი ტურისტული ცენტრის – ხელოსნების უბნის შექმნას ვგეგმავთ საგურამოში, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება ჭედურობის, თიხაზე მუშაობის და თექის ქსოვის ხელოვნების გაცნობის საშუალება. აუცილებლად მოვაწყობთ ე.წ. ლუდის ბაღებსაც, სადაც სრულად წარმოვადგენთ ჩვენს პროდუქციას.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– მართალია, ყოველდღიური ე.წ. ქეჟუალის სტილის სამოსი ბევრად კომფორტულია, მაგრამ საქმიან შეხვედრაზე მაინც კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას.

– რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?

– ჩვენთვის მთავარი მათი პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი თანამშრომლის საერთო გუნდს მორგება და კომპანიის დიდ ოჯახში გაერთიანება.

– რამდენად მარტივად მოიპოვეთ ნდობა საქმიანობის დასაწყისში და რამდენად მარტივია ახლა თავად თქვენი ნდობის დამსახურება?

– ახალბედასთვის ყოველთვის რთულია ნდობის მოსაპოვება. ვფიქრობ, მთავარი მონდომება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა. რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ მოთხოვნები ბევრად მკაცრი იყო, თუმცა მაინც შევძელი ოჯახის წევრების ნდობის მოპოვება.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას საკმარისი გამოცდილება სჭირდება. ჩვენს კომპანიაში ყველა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღება და ვფიქრობ, სწორედ ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან.

ბლიცკითხვები:

– „ზედაზენის“ სლოგანი?

– „აბა, რა!“

– რა პროფესიის არჩევას ნატრობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში ბიზნესმენობა მინდოდა. ასე რომ, ნაწილობრივ ავისრულე ოცნება.

– უცხოეთში შეძენილი გამოცდილებიდან რა გამოგადგათ ყველაზე მეტად?

– ვფიქრობ, ყველაზე ფასეული დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილებაა.

– საჩუქრის მიღება უფრო მოგწონთ თუ ჩუქება?

– ძალიან მიყვარს სხვისთვის საჩუქრის გაკეთება.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ახლა მეტწილად კინო მიტაცებს.

– საყვარელი ფილმი და მსახიობი?

– ძალიან მომწონს კრისტოფერ ნოლანის „ინტერსტელარი“.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ?

– „ესეც გაივლის!“

– როგორ ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ?

– სუფთა ჰაერზე ვსეირნობ.

– გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი და თავად როგორი კულინარი ხართ?

–  საყვარელი კერძი ჭვიშტარია, თვითონ კი, ძირითადად მაკარონს ვამზადებ.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– „ზედაზენის“ ლოგოს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი საქმის სიყვარული და გულწრფელი დაინტერესებაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია შეცდომების დაშვება და მათი სწრაფად გამოსწორება. მართალია, ხშირად ვკარგავთ მოტივაციას და გვიპყრობს სიზარმაცე, მაგრამ ყოვეთვის უნდა შევძლოთ საკუთარ თავში უარყოფითი თვისებების დაძლევა და საქმიანობის გაგრძელება, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება წარმატების მიღწევა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები