LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია საკუთარი მოლოდინების და შესაძლებლობების სწორად მართვა – კახა მაღრაძე გადაცემაში „წარმატების ფორმულა“

7
kaxa-magradze

10 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიის „ჯეპრა“ უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე სტუმრობდა.

მდიდარი სამუშაო გამოცდილება ბატონმა კახამ არასამთავრობო ორგანიზაციებში ტრენერად და კონსულტანტად, მედიაში კი, ჟურნალისტად და სცენარისტად მუშაობით შეიძინა. 2004 წელს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიაში „ჯეპრა“ გადაინაცვლა, სადაც ჯერ კონსულტანტის და პროექტების მენეჯერის, 2007 წლიდან კი, უფროსი კონსულტანტისა და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოსტი ჩაიბარა.

– ბატონო კახა, უამრავ სფეროში მოსინჯეთ საკუთარი შესაძლებლობები. სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– გეთანხმებით, მართლაც უამრავი სამსახური შევიცვალე. სხვადასხვა სფეროში, გარემოსა და კოლექტივში ვიმუშავე და როგორც საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი, დღესაც აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებს ვეჭიდები. ყოველთვის ერთდროულად მიწევს რამდენიმე საქმის კეთება და როგორც ჩანს, სწორედ ესაა ჩემი კომფორტი.

– იყო დრო, როცა კომპანიების ხელმძღვანელები არ თვლიდნენ საჭიროდ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერთან კონსულტაციას, მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი მოგმართვდნენ და მნიშვნელოვნად ართულებდნენ თქვენს მუშაობას. დღეს რამდენად აქტუალურია მსგავსი პრობლემა? 

– თითქმის 15 წელია ამ სფეროში ვსაქმიანობ და განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ ვამჩნევ. ადრე კომპანიების ხელმძღვანელები უბრალოდ ვერ აცნობიერებდნენ მსგავსი მომსახურეობის აუცილებლობას, დღეს კი, მართალია იციან, რომ საჭიროა პიარზე პასუხისმგებელი ადამიანი, მაგრამ მისი დანიშნულება არ ესმით, რაც არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებთა, არამედ ამ სფეროში დასაქმებულთა ბრალიცაა, რადგან ყველა ძალიან ზედაპირულად აღვიქვავს საზოგადოებასთან ურთიერთობას, მთავარი მედიაში გამოჩენა, საზოგადოებასთან ცალმხრივი კომუნიკაცია ჰგონიათ და წარმოდგენა არ აქვთ პიარის რეალურ დანიშნულებაზე, რაც კომუნიკაციის გზით ნდობის ფორმირებას გულისხმობს და საკმაოდ რთული, შრომატევადი სამუშაოა.

– თავად ვისი კონსულტაციით სარგებლობთ?

– გააჩნია, რა საკითხზე მჭირდება კონსულტაცია. ზოგჯერ ქალიშვილები მეხმარებიან, ზოგჯერ მეგობრები, თუმცა მეტწილად მაინც თვითონ ვუწევ საკუთარ თავს კონსულტაციას, რადგან აზრადაც არ მომდის, რომ სხვასახაც შეიძლება ვკითხო რჩევა.

– სამომავლოდ სად გეგმავთ საკუთარი ძალის მოსინჯვას?

– საგანმანათლებლო სფეროში მინდა გააქტიურება და ძალიან მიზიდავს კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების თემა.

– როგორ იბადება „ჯეპრაში“ კრეატიული იდეები?

– „ჯეპრას“ პოლიტიკა თითოეულ კლიენტთან თითო მენეჯერის მიმაგრებას და ინდივიდუალურ მუშაობას ითვალისწინებს, ანუ ერთი ადამიანია პასუხისმგებელი მთელ პროექტზე და სწორედ ის აკომპლექტებს გუნდს, წარმართავს კრეატიულ პროცესს. რა თქმა უნდა, აუცილებლობის შემთხვევაში მუშაობაში გაერთიანებული ძალით ვერთვებით, თუმცა ძირითადად, კლიენტმა ზუსტად იცის რა სჭირდება და მცირე გუნდიც წარმატებით აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.

– რამდენად მზარდია კლიენტთა რაოდენობა?

– მართალია, ბოლო წლებში დინამიკა დადებითია, მაგრამ ჩვენი ბიზნესი არ ითვალისწინებს კლიენტთა რიცხვის ზრდას, რადგან ჩვენთვის მთავარი სტაბილური, მსხვილი კლიენტების მოზიდვა და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობა.

– რა განსხვავებაა რეკლამასა და პიარს შორის?

– ტექნოლოგიურად რეკლამა და პიარი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, თუ მედიაში ინფორმაცია სარეკლამო ჭრილში ხვდება – ის რეკლამაა, ნებისმიერ სხვა სივრცეში კი – პიარი. ამასთანავე, რეკლამა ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი პროდუქტი საუკეთესოა და სწორედ მასზე უნდა გააკეთო არჩევანი, პიარი კი, ბევრად ვრცელ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირს და საკუთარი დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს. გამომდინარე აქედან, პიარი უფრო კეთილგანწყობის და ნდობის მოპოვებაზე ორიენტუირებული კომუნიკაციის საშუალებაა.

– რა განსაკუთრებული წესებით ხელმძღვანელობს „ჯეპრა“?

– განსაკუთრებული წესები არ გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, ადეკვატურად შევასრულოთ კონტრაქტის პირობები და დავდოთ ის შედეგი, რასაც კლიენტს შევპირდით, შეფერხებების შემთხვევაში კი, დროულად გავაფრთხილოთ პრობლემების არსებობის შესახებ.

– მთავარი „ხრიკი“, რომელსაც საქმიან შეხვედრაზე იყენებთ?

– ხრიკებს ნაკლებად მივმართავ, რადგან გულწრფელობა მირჩევნია. შესაძლოა ძველმოდურად ან გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია. სხვათაშორის, საკმაოდ ხშირად მიწევს კლიენტის დარწმუნება, რომ მას ჩვენი მომსახურება არ სჭირდება.

– რამ შეიძლება გაიძულოთ საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტა?

– ძალიან არ მიყვარს როცა არაადექვატურად აღიქვამენ არსებულ ამოცანს, ჩვენს კონსულტაციას და არარეალური მოლოდინი აქვთ. თუ დამკვეთთან მიჭირს საერთო ენის გამონახვა, უკეთესია საერთოდ დავშორდეთ ერთმანეთს.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– კომფორტულად ჩაცმა მიყვარს, რადგან ვფიქრობ, გარდერობი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ცხოვრების სტილს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად, რადგან სხვა გზა არ მაქვს.

ბლიცკითხვები:

– არის თუ არა „სტრატეგიული დაგეგმარება საზოგადოებასთან წარმატებული ურთიერთობისთვის“ თქვენი სამაგიდო წიგნი?

– რა თქმა უნდა.

– ახალი ნაშრომის გამოცემას როდის გეგმავთ?

– სავარაუდოდ მომავალ წელს.

– რა გაღიზიანებთ და მოგწონთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– ძალიან მაღიზიანებს არაადეკვატურობა და ზედმეტი ემოციები, სამართლიანობა კი, ძალიან მომწონს.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „არ მცალია“.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სოციალურ ქსელში აქტიურობა?

– არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ აუცილებელიცაა.

– რომელ მედიასაშუალებას ენდობით ყველაზე მეტად?

– ადამიანების ნდობა მირჩევნია, ამიტომ ყოველთვის ვამოწმებ ინფორმაციას იმ მედიასაშუალების წარმომადგენლებთან, ვისგანაც ინფორმაციას ვიღებ.

– როგორ გეგმავთ ახალი წლის შეხვედრას. განსაკუთრებული სადღესასწაულო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

– რამდენიმე წელი გუდაურში ვხვდები, სადაც წამყვანის პროფესიას ვითავსებდი, თუმცა „გავიზარდე“ და ახლა მხოლოდ სახლი, ოჯახთან ერთად მინდა დღესასწაულის აღნიშვნა.

– ხართ თუ არა გატაცებული სპორტით?

– ძალიან მიყვარს ცურვა.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– ჯერ ვცურავ, მერე ვსაუზმობ და ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, მთავარია საკუთარი მოლოდინების და შესაძლებლობების სწორად მართვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები