LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუდამ თანამედროვე 1890 წლიდან!“ – „ბორჯომი” საახალწლოდ სიურპრიზებით გაგვანებივრებს

7

22 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანიის „IDS ბორჯომი საქართველო” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნიცა ჩოლოყაშვილი სტუმრობდა.

პირველი სამუშაო გამოცდილება ნიცამ 1995 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლისას შეიძინა, როცა პირველი არხის ანალიტიკურ გადაცემაში „დღე“ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, სხვადსხვა არხსა და გადაცემაში 10-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კი, კვალიფიკაცია შეიცვალა და ახლა უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელობდა პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს, 2006 წლიდან კი, კომპანიის „IDS ბორჯომი საქართველო” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

– ნიცა, თქვენი მდიდარი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად მნიშვნელოვანია მუშაობდე იქ, სადაც კომფორტულად გრძნობ თავს?

– ვფიქრობ, კომფორტულ გარემოში მუშაობა პირველ რიგში, ყოველდღე ახალი მიზნის დასახვას, ნებისმიერი გამოწვევის წარმატებით დაძლევას და საბოლოო შედეგის მიღწევას გულისხმობს.  გამოწვევების გზა „ბორჯომში“ უკვე მე-13 წელია გრძელდება და მართალია, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ძალიან მსუბუქად მივუყვები ცხოვრების გზას, თუმცა ასე არაა, რადგან კომპანია მუდმივად იზრდება, პროგრესირებს და ჩვენც ვალდებული ვართ, მასთან ერთად განვითარდეთ. უამრავი გამოწვევა გვაქვს და სწორედ ამიტომაა მუშაობა საინტერესო.

– რა არის კომპანიის „IDS ბორჯომი საქართველო” კრეატიული ჯგუფის მთავარი მიზანი?

–  ჩვენი მთავარი მიზანი – მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლის შეთავაზებაა მისთვის მისაღები – კრეატიული რეკლამის ან თუნდაც მარტივი კომუნიკაციის ფორმით, რადგან ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია, კლიენტისთვის სწორად გათვლილი გზავნილის მიწოდება. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ „ბორჯომი“, რომელიც „ასაკის“ მიუხედავად, მაინც ყოველთვის თანამედროვედ გამოიყურება, არამედ ჩვენს პორტფელში არსებული სხვა ბრენდებიც, მათ შორის „ლიკანი“ და „ბაკურიანი“ მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული. მაგალითად, „ლიკანი“ განახლებული სახით, „ბაკურიანი“ კი, „დისნეისთან“ კოლაბორაციაში წარსდგა მომხმარებლის წინაშე.

– თქვენი აზრით, როგორ უნდა შეინარჩუნოს კრეატიულმა გუნდმა მუდმივი მოტივაცია?

– პირველ რიგში, იმ კომფორტული გარემოს შექმნაა საჭირო, სადაც ყველა შეძლებს თავისუფლად და შემოქმედებითად აზროვნებას. მართალია, კომპანიას საკმაოდ დიდი გუნდი ჰყავს პიარისა და მარკეტინგის ჩათვლით, მაგრამ ჩვენ ყველა პროექტზე კოლექტიურად ვმუშაობთ. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ ერთად გავედით ქალაქგარეთ და სწორედ ხეების დარგვის აქციაზე დაიბადა „ბორჯომის გმირის“ იდეა, რომელიც ყოველ წელს წაახალისებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში ჩაბმულ ადამიანებს. გასული წელს  ბორჯომის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე გმირები უკვე დავაჯილდოვეთ, რაც საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის.

– რამდენად მკაცრია კომპანიის შინაგანაწესი?

– განსაკუთრებული შეზღუდვები ნამდვილად არ გვაქვს, მხოლოდ თამბაქოს მოწევაა აკრძალული.

– რამდენადაც ვიცი, ყოველ დილას გულდასმით ამოწმებთ ინფორმაციას. თქვენი აზრით, რომელია ყველაზე საიმედო წყარო პრესა თუ ელექტრონული მედია?

– სწრაფად ცვალებად სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების მუდმივად კურსში ყოფნა. ასე რომ, დილაც ინტერნეტთან „ურთიერთობით“, ლოკალური და მსოფლიო ინფორმაციის გაცნობით იწყება, რადგან სწორედ ამომწურავი ინფორმაციის ფლობა გვეხმარება მუშაობასა და ნოვატორული იდეების ჩამოყალიბებაში.

– რა სიახლეს შესთავაზებთ მომხმარებელს საახალწლო დღესასწაულებზე?

– რა თქმა უნდა, უამრავი საახალწლო სიურპრიზი გვაქვს მომზადებული, თუმცა გახმაურებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

– რა სტილის სამოსს ანიჭებთ უპირატესობას საქმიან შეხვედრაზე?

– ვფიქრობ, საქმიან შეხვედრაზე მთავარია თავს გრძნობდე კომფორტულად. არაა აუცილებელი მკაცრი, ოფიციალური სამოსის მორგება, მთავარია ყოველთვის მოწესრიგებული იყო და შესაბამისად გამოიყურებოდე.

– გაქვთ თუ არა საყვარელი ბრენდი?

– გამორჩეულად არცერთი არ მომწონს, რადგან სამოსს ყოველთვის განწყობის მიხედვით ვირჩევ.

– უცნაურია, მაგრამ თქვენი ოდესღაც იშვიათი სახელი, დღეს ერთგვარ ბრენდადაა ქცეული,

–  გეთანხმებით. წლების წინ მართლაც საკმაოდ იშვიათი იყო. მეტიც, დედას ხშირად ვეკითხებოდი, რატომ დამარქვა ასეთი უცნაური სახელი, რაზეც მპასუხობდა, რომ გავიზრდებოდი და ყველაფერს თვითონ მივხვდებოდი. საოცარია, მაგრამ დღეს მართლაც ძალიან პოპულარულია ჩემი სახელი.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებასაც ყოველთვის სწრაფად ვიღებ და რეალიზაციასაც მაქსიმალურად სწრაფად ვცდილობ.

ბლიცკითხვები:

– როგორია „ბორჯომის“ სლოგანი?

– „მუდამ თანამედროვე 1890 წლიდან!“ – ვფიქრობ, სწორედ ასე შეიძლება ბორჯომის საუკეთესოდ დახასიათება.

– კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– ძალიან მომწონს ჩინური სამზარეულო და სახლშიც ხშირად ვამზდებ ჩინურ კერძებს.

– თვითონ რა ინტენსივობით მიირთმევთ ბორჯომს?

– სულ მცირე დღეში ერთხელ მაინც ვსვამ.

– როგორ იწყება თქვენი დილა – ნატურალური წვენით თუ ფინჯანი ყავით?

– პირველ რიგში წყალს ვსვამ და მხოლოდ მერე მივირთმევ ყავას.

– გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– სახლში, ბავშვთან ერთად, რადგან ძალიან მომწონს მასთან საუბარი.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან საინტერესო მოსაუბრე ბრძანდებით და ძალიან მომწონს თქვენთან სტუმრობა.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– ფერწერულ ნახატებს ვაგროვებ და ზოგჯერ თვითონაც ვცდილობ ხატვას.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ზღვის პეიზაჟს დავხატავდი.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ძალიან მინდოდა ასტრონავტობა.

– სად გაემგზავრებოდით სამოგზაუროდ?

– სიამოვნებით გავისეირნებდი მთვარეზე.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– მართალია, ბანალურად ჟღერს, მაგრამ მთავარია გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები