LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი გოგიჩაიშვილი: „შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ“

„ჩემთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ამ კონკურსის მიღმა არ არის მხოლოდ ის სტატუსი, რომ ხარ ლამაზი ქალი. შენ ხდები შენივე ქვეყნის ელჩი და როცა საერთაშორისო ასპარეზზე წახვალ უნდა შეგეძლოს იმსჯელო სხვადასხვა თემაზე, წარადგინო შენი ქვეყანა და ბევრ ადამიანს, სხვადასხვა ქვეყნიდან, გააცნო შენი კულტურა, ისტორია. იყო კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე და კეთილგანწყობილი. რაზეც ვსაუბრობ, დიდი გამოცდილებაც არის და სტრესიც.

ნებისმიერ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და „მის საქართველოსაც“ ასე მივუდექი. მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავი და წარმატებული ასპარეზობისთვის ყველაფერი გვერდზე გადავდე. აუცილებლად უნდა ვთქვა, კონკურსში, თვრამეტი ულამაზესი გოგონა მონაწილეობდა. ასეთი კონკურენციის პირობებში დარწმუნებული ვერაფერში იქნები, მაგრამ ჩემი მოკრძალებული რჩევა ასეთია – შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. თუ რაღაცის მაქსიმალურად გწამს და გჯერა, მთელი სამყარო დაგეხმარება იმაში, რომ ყველაფერი დაგიფასდეს.

ბევრი დრო მაქვს ახლა იმისთვის, რომ კარგად მოვემზადო. დრო ისეთი რესურსია, რომელიც უკან არ ბრუნდება. მინდა, რომ ჩემი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად წარვდგე „მის მსოფლიოზე“. შესაძლოა ბევრმა არ იცის ამიტომ აქვე ვიტყვი. გარდა იმისა, რომ ეს არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ისეთ პროექტებში ერთვები, რომელიც მსოფლიოს მეტი სიკეთისკენ მოუწოდებს, მთავარი ის არის, რომ წარადგინო პროექტი. სილამაზე სუბიექტური ცნებაა, ამიტომ მსგავს კონკურსებში ელოდებიან ადამიანს, რომელიც კარგს გააკეთებს საკუთარი ქვეყნისთვის. ჩემი მთავარი მიზანის ეს არის. მინდა, ერთი დიდი კეთილი საქმე გაკეთდეს და ამას ვაანონსებ იმიტომ, რომ ვიცოდე, ჩემგან ადამიანები რაღაცას ელიან.“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნინი გოგიჩაიშვილმა სილამაზის კონკურსისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მის საქართველო 2019“ მაქსიმალურად ემზადება საქართველო ღირსეულად წარადგინოს. ნინიმ კონკურსის მიმდინარეობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი და, ნანუკა გოგიჩაიშვილი იყო.