LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „ჩემთვის ხელი არასდროს არავის შეუწყვია“

17
ნინი-შერმადინი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ნინი შერმადინი, რომელმაც გადაცემაში თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ დაწვრილებით ისაუბრა. 

გადაცემის ლაივი LIVE

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან პირველი ნაბიჯები, პირველი წარმატება…

ეს იყო 20 წლის წინ, 13 წლის ვიყავი. როცა პირველი სიმღერა ჩავწერე, „არ დაგელოდები“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც დღემდე პოპულარულია და მალე გაჰიტდა. ჩემი ძმა იყო მაშინ ჩემი პროდიუსერიც, მენეჯერიც, მამაც. „ფორტუნა პლუსიდან“ გადავდგი ჩემი პირველი ნაბიჯები პოპულარობისკენ. შემდეგ იყო ნიცას სკოლა, შემდეგ „ჯეოსტარი“, „იურმალა“, „იმედის ტალღა“ და ა.შ… ბევრი პროექტი იყო.

შენი აზრით, რატომ დაპაუზდა ქართული შოუბიზნესი?

ალბათ, ყველა ქვეყანაში ხდება ხოლმე რაღაც პაუზები, როცა ვეღარ პროგრესირებს შოუბიზნესი, ან უბრალოდ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობა არ უწყობს ხელს. მახსოვს 90-იან წლები, როცა სტადიონები ივსებოდა ჯგუფ „სახეზე“. მაშინ ქართული მუსიკა უფრო პოპულარული იყო. ჯგუფმა „სახემ“ დაუდო საფუძველი ქართული შოუბიზნესის აღმავლობას. ასევე ლელა წურწუმია არის ის მომღერალი, რომელიც ავსებდა და გაავსებს საკონცერტო დარბაზებს; მერაბ სეფაშვილი…. ახლა ყველაფერი თითქოს გადავიდა ონლაინ რეჟიმში, ჩაქრა ყველაფერი, აღარც ტელევიზიაა აქტუალური. ახალ თაობას აღარ აინტერესებს ავტოგრაფების აღება. ალბათ, ამერიკული ზეგავლენაა. იმიტომ რომ იქ, კაფეში, შეიძლება მოპირდაპირე მხარეს გეჯდეს ლეონარდო დიკაპრიო და შენ არ ადგები და არ ეტყვი, რომ ფოტო გინდა მასთან. მის სივრცეს პატივს სცემ. ახლა ისევ დაიწყო ძველი ჰიტების გაცოცხლება. თითქოს კონცერტებიც დაიწყო, ქართველი მსმენელი ისევ უბრუნდება ქართულ სიმღერას.

მახსოვს, დედა მუდამ თან გახლდა ხოლმე კონცერტებზე…

დედა იყო ჩემი მოტივატორი, სწორედ მისი დამსახურება, მე რომ ვმღერი. მახსოვს, 8 წლის ვიყავი, წვიმდა, ბარათაშვილი ხიდზე მოვდიოდით მე და დედა. მანქანამ გაგვიჩერა, ცოლ-ქმარი იყო. მე უკან დავჯექი და ბედნიერმა დავიწყე სიმღერა. ქმარი მიუტრიალდა ცოლს და უთხრა, ირმა ნახე, საშენო ბავშვიო, დედაჩემმა უთხრა, თქვენ ირმა ღვინიაშვილი ხომ არ ბრძანდებითო. ამის შემდეგ დამიბარა და 9 წლიდან გამზარდა ირმამ, ერთადერთი – არ გავუჩენივარ, დანარჩენი ყველაფერი გამიკეთა. კაბებსაც კი მიკერავდა, მის სახლში მეძინა, მაჭმევდა, მამეცადინებდა. „ნუცას სკოლაში“ დედაჩემმა ძალით, ცრემლებით მიმიყვანა, მე ვამბობდი და მეგონა, რომ ყველაფერი ნაცნობობით ხდებოდა და არ მქონდა იმედი, თუმცა ამიყვანეს.

რატომ გადაწყვიტე ამერიკაში წასვლა?

10 წელი გავიდა უკვე, რაც წავედი. ეს გადაწყვეტილება ლაშა ონიანის ნათქვამის გამო მივიღე. „ევროვიზიის“ ბექვოკალში ვიყავით, ანრის გამოსვლის დროს, ლაშამ ასეთი ფრაზა თქვა, მაშინ ხარ შემდგარი მომღერალი, როცა უცხო ქვეყანაში ზურგჩანთით წახვალ და თავს დაიმკვიდრებ. ეს ფრაზა გულზე მომხვდა. მანამდე ნიუ-იორკში ფატუნას ჩვენებაზეც ვიყავი, დამამახსოვრდა ქაოსური ქუჩები, რეჟიმი. მაშინ ჩემს გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ ვიფიქრე, რატომაც არ მეცადა. როდესაც საკონსულოში ელჩმა მკითხა, რატომ გინდა ამერიკაში წასვლაო, ვუპასუხე, რომ მინდოდა ჩემი მომავლის აწყობა. ვუთხარი, რომ დარჩენას არ ვაპირებდი, საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა. ასევე ვუთხარი, რომ ჩემი და ჩემი ქალიშვილის მომავლის აწყობაც მსურდა. არც დამელაპარაკა, ისე მომაწოდა ვიზა და მითხრა, კეთილი იყო შენი ფეხი ამერიკაშიო. შემდეგ „ბროდვეის“ სკოლაში მივედი, უფასო სწავლით დამაჯილდოვეს. ეპიზოდურ სპექტაკლებში ვთამაშობდი. იქ მოვხვდი კასტინგით. არასდროს ჩემთვის, ჩემი მშობლებისა და ირმა ღვინიაშვილი გარდა, ხელი არავის შეუწყვია. ერთი პატარა ბიძგიც არ მოუცია, ყველაფერს ჩემი მებრძოლი ხასიათის დამსახურებით მივაღწიე. „ბროდვეიში“ ვიცოდი, რომ არ ამიყვანდნენ, მაგრამ, მე უბრალოდ, მათი აზრის მოსმენა მაინტერესებდა, ვკითხე, დავრჩე ამერიკაში თუ წავიდე ჩემს ქვეყანაში-მეთქი. ამ შეკითხვაზე გაოცდნენ, იმღერეო, მეც დავიწყე სიმღერა და ყველა ფეხზე ადგა. ბოლოს მითხრეს, ვერ აგიყვანთ ამ სპექტაკლზე, მაგრამ შენ ისწავლი ჩვენთანო, ეს იყო ჩემი ოცნების ახდენის პირველი დღე.

რამდენად მარტივია ამერიკაში წასვლა და იქ ცხოვრება?

თუ იქ, ამერიკაში, არავინ გეგულება, ვინც დაგხვდება, მოგეხმარება, მაშინ არა, თუ არ მოგიწევს ქუჩაში დაძინება, მაშინ შეიძლება, თუკი რაიმე დანაზოგი გაქვს, რათა მოიძიო სამსახური, ბინის ქირა გადაიხადო. აურაცხელი ემიგრაცია მოაწყდა ბოლო პერიოდში ამერიკას. სანაპიროზე სკამებზე სძინავთ. არ ღირს ასე წამოსვლა. ეს წამებაა, მე ამას არავის ვურჩევ. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი. ახლა ბანკში ვმუშაობ. ქართველები სხვადასხვა შტატიდან მოდიან ხოლმე, რომ მე მნახონ. მსურს, ყველას დავეხმარო, ამიტომაც ვარ იქ საბანკო სფეროში წარმატებული.

შენ ამერიკაში იყავი, როცა მშობლების დაკარგვის შესახებ გაიგე, რამ გადაგატანინა ეს ყველაფერი?

დედამ დამირეკა და მითხრა, როგორ დაგიმალო და როგორ არ გითხრა, რომ მამას ფილტვის სიმსივნე აქვს, საკმაოდ მძიმედ არისო. არ ვიცი, როგორ, რანაირად, საიდან ვიშოვე რესურსი, გადავაფრინეთ სტამბოლში, ექიმს ვთხოვე,  მე მესაუბრეთ-მეთქი. მე ვიცოდი პირველი დარტყმის საკუთარ თავზე მიღება. მითხრა, მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს,  ნუ გააწვალებ, 3-დან 6 თვემდე აქვს დრო,  მშვიდად გაატარეთ ეს პერიოდიო. ვერ დავუშვი, ვერ გავიგე, რა მითხრა. მამაოს ვთხოვე, რომ მისთვის ეს ეთქვა. 5 წუთის ნაზიარები იყო, როცა წავიდა… მამა ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ვერ ჩამოვედი აქ, საზღვრები იყო ჩაკეტილი, ვერც ვიტირე. მამა აპრილში გარდაიცვალა, ნოემბერში მე და დედას ერთდროულად დაგვემართა კოვიდი, 22 დეკემბერს დამირეკეს, რომ აღარ იყო. ამ დღეს მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დადგა აპოკალიფსი. მეგონა, ამას ვერასდროს გადავლახავდი. დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა ისევ და ისევ მშობლების გამო.

რა სიახლეები ელოდება შენს გულშემატკივარს?

ისევ ვბრუნდები ამერიკაში, 22 სექტემბერს მაქვს ქართულ-ამერიკულ დღეებზე გამოსვლა. ნიუ-იორკის მერმა მიმიწვია და ამერიკისა და საქართველოს ჰიმნებით ვხსნი ღონისძიებას. ასევე რამდენიმე ახალი სიმღერაც მაქვს. ამ სიმღერებს მალე ჩავწერთ და თქვენი რადიოს მეშვეობით პრემიერაც შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები