LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჟვანია: „გული მწყდება, რომ ზურას პოლიტიკურ შეხედულებებს გამგრძელებელი არ გამოუჩნდა, რადგან მისმა გუნდმა სწორი გზის მოძიება ვერ შეძლო”

14
sandro-kalandadze-manana-chvania

გადაცემის ლაივი LIVE

26 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“ სტუმარებმა ქალბატონმა ნინო ჟვანიამ და სანდრო კალანდაძემ ახალგაზრდა მეცნიერების და ხელოვანების კონკურსზე „წინანდლის პრემიაზე“ ისაუბრეს, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება 10 დეკემბერს.

– ქალბატონო ნინო, „წინანდლის პრემია“ ბატონმა ზურამ დააარსა. საინტერესოა, როგორ გაჩნდა კონკურსის შექმნის იდეა?

– პრემია 1998 წელს დაარსდა, როცა არა მხოლოდ კულტურული და მეცნიერული აქტივობა იყო რთული, არამედ ზოგადად უჭირდა ქვეყანას. საბედნიეროდ, ზურამ მაინც შეძლო ახალგაზრდებთან შეხვედრა, მათთან დაინტერესდა, რისი გაკეთება შეიძლებოდა მეცნიერების, ხელოვნების გასავითარებლად და სწორედ მათი შეთავაზებით გადაწყვიტა ამგვარი ღონისძიების მოწყობა.

– კონკურსის ორგანიზება მართლაც უაზარმაზარ ენერგიას მოითხოვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა. რამდენად გეხმარებიან სახელმწიფო სტრუქტურები?

– პრემიის დაარსებისას ზურა პარლამენტის თავჯდომარე იყო, ამიტომ ხელისუფლებაც აქტიურად იყო ჩაბმული კონკურსის მოწყობაში. პირველი დაჯილდოვება თეატრალურ სარდაფში გაიმართა და საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოვიდა, რადგან პრეზიდენთან ერთად მთავრობის უამრავ წევრს უმასპინძლა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ზურას მეგობარს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს შევთავაზე პრემიის აღდგენა და სწორედ მისი დახმარებით შევძელით ჩანაფიქრის განხორციელება, პრეზიდენტის ფონდის გაუქმების შემდეგ კი, იძულებული გავხდით მთვარობისთვის მიგვემართა და საბედნიეროდ, წელს ქვეყნის ბიუჯეტიდან მივიღეთ დაფინანსება. თუმცა, “ზურაბ ჟვანიას ფონდი”, მსხვილი კომპანიებიც აქტიურად გვეხმარებიან, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.

– სანდრო, თქვენთვის რას ნიშნავს „წინანდლის პრემია“?

– ჩემთვის დიდი პატივია ამგვარ კონკურსში მონაწილეობა. ვფიქრობ, „წინანდლის პრემია“ პირველ რიგში, კონკურენტულ გარემოს ქმნის და ხელოვანებს გააქტიურების, ბევრად ხარისხიანი პროდუქტის შექმნის სტიმულს გვაძლევს. მართალია, წელს პრემიაზე მხოლოდ მე ვარ წარდგენილი, მაგრამ ჯემალ ქარჩხაძის სპექტაკლის „მდგმური“ დადგმაში, რომლის პრემიერი სულ ცოტა ხნის წინ შედგა, მთელი კომპანია მონაწილეობდა.

– რა სიახლეა თქვენს კომპანიაში?

– თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ მხოლოდ ხუთი თვის წინ შეიქმნა, თუმცა ძალიან ინტენსიურად და რაც მთავარია, ახალი პრინციპით ვმუშაობთ, ერთგვარი ლაბორატორია მოვაწყვეთ და აქტიურად ვიკვლევთ ჩვენს პროფესიას.

– ქალბატონო ნინო, რა არის „წინანდლის პრემიის“ მთავარი მიზანი?

– კონკურსი, რომელიც პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვისაა საინტერესო, რადგან სწორედ მათთვის გაკეთდა, მუდმივად მუშაობაშია ჩაბმული. ზაფხულში ერთგვარი სემინარის მოწყობაც კი გვინდოდა სვანეთში, რადგან 20 წლის მანძილზე კონკურსმა 120 მონაწილეს მოუყარა თავი და სწორედ მათი მიმდინარე პროექტების გაცნობა გვსურდა, თუმცა არეულობის გამო ვერ შევძელით მაღალმთიანი რეგიონის სტუმრობა. ამასთანავე, წელს რამდენიმე ახალი, მათ შორის ფოტოგრაფიისა და არქიტექტურის ნომინაციის დამატებას ვგეგმავდით, თუმცა ისევ ფინანსების სიმცირემ შეგვიშალა ხელი.

– რამდენ ნომინაციაში გამოვლინდება გამარჯვებული?

– წელს რვა ნომინაცია გვაქვს. ინტენსიურად ვემზადებით დაჯილდოვებისთვის, რომლის ორგანიზებაზე, დადგმასა და გაფორმებაზე ჩვენმა ლაურეატებმა იზრუნეს. მიხარია, ახალგაზრდების აქტიურობა, უამრავი იდეა აქვთ და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ მათ გათვალისწინებას. სხვათაშორის, წელს ნომინანტებსაც თვითონ შეარჩევენ, რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება.

– განაწყენებული ნომინანტები ხომ არ გყავთ?

– რა თქმა უნდა, ნაწყენიც ბევრი გვყავს, რაც ზოჯგერ მათი, ზოგჯერ ჩვენი ბრალია. თუმცა, მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას და შემდგომ თანამშრომლობას მაინც ვახერხებთ.

– ინტერესეთით ადევნებდით თვალს კინოფორუმის პროგრამას. როგორ შეაფასებთ ქართულ კინოს?

– სიმართლე ვთქვა, სრულიად შემთხვევით მოვხვდი ფორუმზე, თუმცა ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მართალია, საკმაოდ მძიმე, სოციალური პრობლემებით დატვირთული ფილმები იყო წარმოდგენილი, მაგრამ ხუთივე ძალიან მომეწონა. სამწუხაროდ, ქართულ კინოს მწირი ბიუჯეტი აქვს, ამიტომ პროდუქციაც ნაკლებია.

– განვლილ ცხოვრებაზე როცა ფიქრობთ, რა გაკვირვებთ ყველაზე მეტად?

– ძალიან მაკვირვებს ადამიანებში დაგროვილი ნეგატივი, რადგან ბოლო დროს, უარყოფითს უფრო მეტს ვხედავ, ვიდრე დადებითს.

– შეკითხვა, რომელსაც მუდმივად უსვამთ საკუთარ თავს?

– ყოველ დილას ვეკითხები საკუთარ თავს, რისი გაკეთება შემიძლია. სურვილი ბევრი მაქვს, თუმცა ყველაფერი  არ გამომდის, ამიტომ ის მაინც უნდა გავაკეთო, რაც შემიძლია. გული მწყდება, რომ ზურას პოლიტიკურ შეხედულებებს გამგრძელებელი არ გამოუჩნდა, რადგან მისმა გუნდმა სწორი გზის მოძიება ვერ შეძლო, მე კი, ძალა არ მეყო, მიმეღო მისი მემკვიდრეობა, რადგან პოლიტიკას არასდროს ვთვლიდი საკუთარ საქმედ.

– ნიჭსა და იღბალს შორის რომ გქონდეთ არჩევანი, რომელს აირჩევდით?

– რა თქმა უნდა, ნიჭს, რადგან ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა.

– როგორ ფიქრობთ, როგორ გახასიათებენ უცნობები?

– მემგონი ცუდად არ მახასიათებენ.

– ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერი უნდა მოსინჯოო. საინტერესოა, რას ვერ გაბედავთ თვითონ და რის მოსინჯვას ურჩევთ სხვას?

– გაუბედავი არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ ყველაფერი მოვსინჯე, რისი შანსიც მომეცა.

– რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

– ყველას დღევანდელი დღით ცხოვრებას ვურჩევ, რადგან ბევრი მომავლით ილუზიით, ბედნიერების დევნაში კარგავს დროს და მთელ ცხოვრებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები