LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების“ დღის წესრიგი აზიანებს ნატოში გაწევრიანების გზას / შფოთვა, დეპრესია, კოგნიტური პრობლემები – “მეტი ყურადღება მივაქციოთ შვილებს” / 100-ზე მეტი ბიზნესკომპანია ქალთა გაძლიერებისთვის ერთიანდება / “კვირის თემის” პოდკასტი

5
@fortuna106.9 (5)
  • რა შედეგებით დასრულდა პრემიერმინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, რა გზავნილები მივიღეთ და რამდენად ჩნდება ახალი პერსპექტივები ინტეგრაციის გზაზე – გადაცემის სტუმარია თეონა აქუბარდია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი;

  •  პოსტკოვიდური გართულებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირისპირ  – რას ჰყვებიან მოქალაქეები და რა გამოსავალს გვთავაზობენ სპეციალისტები –  “კვირის თემის” სტუმარია ნანა აღაპიშვილი, საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის „ნდობა“ აღმასრულებელი დირექტორი;

  • 100-ზე მეტი ბიზნესკომპანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის ერთიანდება – ანა ფაშალიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი

ასეთი კრიტიკული ტექსტი მე არ მახსენდება, „ოცნების“ დღევანდელი დღის წესრიგი აზიანებს ნატოში გაწევრიანების გზას – თეონა აქუბარდია

 

რა შედეგებით დასრულდა პრემიერმინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, რა გზავნილები მივიღეთ და რამდენად ჩნდება ახალი პერსპექტივები ინტეგრაციის გზაზე – ამ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ისაუბრა.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოპოზიციასთან მუშაობისკენ მოწოდება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ დადასტურება იყო ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც ირაკლი ღარიბაშვილთან ნატოს სათავო ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგისგან მოვისმინეთ.

„აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის კონტექსტიც, რაც შექმნილია უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის ყოფნით, ამავდროულად, რუსეთის შანტაჟიც ნატოს მიმართ. რუსეთს არ აქვს ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ნატოს გადაწყვეტილებაზე, მიიღოს თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოს წევრად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ჩვენს წარმატებული რეფორმების დღის წესრიგზე, როგორც თავდაცვის ასევე, დემოკრატიულობის კუთხით და ამასთან, ნატოს წევრების გადაწყვეტილებაზე.

ის, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა, ამის გამეორება ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მიმართ მოწოდება გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების საკითხს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, ამბობს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე 2005 წლიდან მუშაობს და მას არ ახსენდება მსგავსი კრიტიკა ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან.

„იენს სტოლტენბერგის განცხადება ფაქტობრივად, 4 ძირითად საკითხს ეხებოდა.

პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და ოპოზიციასთან საუბარი

მედიის დამოუკიდებლობა

მართლმსაჯულების რეფორმა – ყბადაღებული სასამართლო კლანი, რომელიც რეალურად დიდ დაბრკოლებას უქმნის საქართველოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საგარეო ასპარეზზე, მათ შორის ნატოში წევრობის კუთხით.

ასევე, პირველად გაჩნდა კრიტიკა უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის კუთხით პარლამენტის მხრიდან. ეს კრიტიკა უკავშირდება მედიაში სუს-ის გამოჟონილ ფაილებს, სადაც იყო ფაქტები სასულიერო პირებისა და დიპლომატების უკანონო მოსმენებზე.

ის, რომ უსაფრთხოების სამსახურები უნდა იყვნენ თავიანთ კანონიერ ჩარჩოში, ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატოში წევრობისთვის. როდესაც საქართველომ დაიწყო უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, მათ შორის სპეცსამსახურების, ეს სწორედ იქიდან გამომდინარეობდა, რომ ჩვენ გვინდოდა გავმხდარიყავით ნატოს წევრები. შესაბამისად, ბოლო სკანდალი უფრო აუარესებს საქართველოს დემოკრატიულ სტანდარტს ნატოში გაწევრიანების კუთხით.

ამიტომ, ობიექტურად ვლაპარაკობ, რომ ძალიან რთულია რაიმე გასახარი იყოს იმ კრიტიკასთან მიმართებაში, რაც დემოკრატიულობის კუთხით ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერს თავის გამოსვლაში სიტყვა არ უხსენებია შიდა პოლიტიკასთან მიმართებაში“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნული გზავნილები ადასტურებს, რომ „ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოში შიგნით მიმდინარე პროცესებს და როგორც პარტნიორს, საქართველოს კიდევ ერთხელ სთხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ნატოში წევრობისთვის“.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა.

როგორც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, დავით ზალკალიანის განცხადებაში, რომ „მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი – ერთხმად იყო აღნიშნული, რომ საქართველო პრაქტიკულად უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა“, ახალი არაფერია.

“დიახ, საქართველო მოქმედებდა, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა, მაშინ როდესაც ავღანეთსა და ერაყში ჰყავდა თავისი სამხედროები გაგზავნილი. უტრირება იმის თქმა, როდესაც მთელი დასავლეთი შიდა ამბებითა და პოლარიზაციით შევაწუხეთ, თურმე რაღაც სიახლე და მიღწევა გვაქვს. მე არ მინდა მოვატყუოთ საკუთარი თავი და ჩვენი პარტნიორები. ფაქტია, რომ არ ტყუვდებიან. ნატოში წევრობა ჩვენი ინტერესია, ამიტომ ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ხალხის დაკვეთა და ჩაატაროს ის რეფორმები, რაც აუცილებელია ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, რასაც არ აკეთებს”, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდია, რომელიც ერთ-ერთია ოპოზიციონერი დეპუტატებიდან, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში არ იმყოფება, ესწრება პარლამენტის სხდომებსა და არის შარლ მიშელი შეთანხმების ხელმომწერი, აცხადებს, რომ ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკა არგუმენტირებულია და აქვე იშველიებს მმართველი პარტიის განცხადებას, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით. აქუბარდია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს აშკარა უარს ევროატლანტიკურ კურსზე.

„შარლ მიშელი დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიის დეპუტატები ბევრად ვართ პარლამენტში წარმოდგენილნი, თუმცა შეთანხმებაზე ანულირების განცხადება „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთდა, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ბოიკოტის რეჟიმში „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა ეს შეთანხმება და არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ნატოს სამიტზე პირველად იყო შიდა პოლიტიკური დოკუმენტი მოხსენიებული, როგორც გზა ნატოში წევრობის, რაც იყო შარლ მიშელის პოლიტიკური შეთანხება. სწორედ აქედან გადახვევა და გამოსვლა განიზრახა „ქართულმა ოცნებამ“, რაც გულისხმობდა მართლმსაჯულების რეფორმას, რომელთა დაკავშირებითაც კრიტიკა ჰქონდა ნატოს გენერალურ მდივანს პრემიერ ღარიბაშვილთან საუბრისას.

შეთანხმება ასევე გულისხმობდა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საარჩევნო კოდექსის, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებების.სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ეს ამბავი, არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, რაც გულისხმობს დემოკრატიულ განვითარებასა და ნატოში წინსვლას, არამედ ემსახურება ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.

მე არგუმენტის გარეშე კრიტიკას ხელისუფლების მიმართ არასდროს მივესალმები და დიახ, „ქართული ოცნების“ დღევანდელი დღის წესრიგი აზიანებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზას”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

„შეურაცხყოფილები, დაბნეულები იყვნენ… მეტი ყურადღება მივაქციოთ შვილებს“ – რას ჰყვებიან მოზარდები პანდემიისას

 

პოსტკოვიდური გართულებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირისპირ – ამ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაციის „ნდობა“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აღაპიშვილმა ისაუბრა.

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, იმ პერიოდში, როდესაც რეგულაციების გამო მოსახლეობა სახლიდან იშვიათად გამოდიოდა, ადამიანების ცხოვრება ძალიან შეიცვალა და უსუსურობისა და გაუგებრობის განცდა გამოიწვია.

ნანა აღაპიშვილმა მათი ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემნილ ცხელ ხაზზე ისაუბრა, რომელმაც პანდემიის პერიოდში დახმარება გაუწია იმ ადამიანებს, ვისაც უხილავ მტერთან ბრძოლაში ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.

„შეურაცხყოფილები, დაბნეულები იყვნენ, არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. მკაცრი შეზღუდვები იწვევდა დიდ უსუსურობასა და გაუგებრობას, რაღაც ციხეში ჯდომის განცდა ეუფლებოდათ ადამიანებს და ჰქონდათ რაღაც საშინელების მოლოდინი“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.

 

 

მისივე თქმით, ცხელ ხაზზე რეკავენ კოვიდგადატანილებიც, რომელთაც განკურნების მიუხედავად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა რჩებათ.

„ჩვენი მონაცემებით, უპირველეს ადგილას დავაყენებდი – შფოთვას. იმიტომ, რომ მათ კოვიდი აღარ აქვთ, გადაიტანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს უნდა გაუმჯობესდეს, არ უმჯობესდება და აქვთ მოლოდინი, რომ რაღაც ცუდი დაემართებათ ფიზიკური სისუსტე, რასაც მათ კოვიდი უტოვებს, უჩენთ განცდას, რომ შეიძლება არ არიან გამოჯანმრთელებულები, შეიძლება მათი ჯანმრთელობა ძალიან დაირღვა.

შფოთვა ემოციურად ძალიან რთული გადასატანია ადამიანებისთვის და ამისთვის მოგვმართავენ. გარდა შფოთვისა, ერთ-ერთი წამყვანი საკითხია, დეპრესია და მარტოობის განცდა, რომლის გამოც გვირეკავენ.

გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ ყურადღების და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევის პრობლემები. ერღვევათ მეხსიერება და უკვირთ – გადავიტანე კოვიდი და ახლა ამ მდგომარეობაში ვარ? რა მეშველება? ანუ აქვთ კოგნიტიური პროცესების გართულებაც.

პანდემია შეეხო ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ ნაწილს, აღვნიშნე მარტოობა და დეპრესია ანუ დაგვერღვა ურთიერთობები და აბსოლუტურად თავდაყირა დადგა ის მოდელი, რომლითაც ვურთიერთობთ (ნათესავებთან მისვლა-მოსვლა, შეხვედრები) სრულიად დაირღვა. ეს ძალიან უჩვეულოა და ცუდად მოქმედებს ადამიანებზე“, – აცხადებს ნანა აღაპიშვილი.

ფსიქოლოგმა მოზარდებში არსებულ პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებს განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არეალი ჩამოერთვათ.

„სკოლაში იშვიათად დადის, ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, მეგობრებთან ვერ დადის და აქაც წამოვიდა, მათი გაპასიურება, მოდუნება, მთელი დღე საწოლს არიან მიჯაჭვულები, ელექტრონულ ტექნიკას. ვირტუალურად კი ურთიერთობენ, მაგრამ არ აქვთ ცოცხალი ურთიერთობა და ამბობენ, რომ მე მეგობრები აღარ მყავს, აღარ მაქვს სურვილი და ვერც ვიძენ ახალ მეგობრებს.

მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა, კომუნიკაცია, ამ დროს ყალიბდება საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ამ ასაკში, რასაც ეგოს იდენტიფიკაციის ასაკს ვეძახი, ძალიან მნიშვნელოვანია რას მეუბნებიან, როგორ მიყურებენ ჩემი თანატოლები, როგორ ვუერთდები მათ, რას ვლაპარაკობ, რას ვკითხულობ, რას ვუზიარებ, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენები შევიქმნათ. ეს სფერო მოშლილია.

არიან პასიურები, ინტერესდაკარგულები. ზოგიერთს მომავლის ხედვაც კი აღარ აქვს“, – განაცხადა ნანა აღაპიშვილმა.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ძალიან კარგი იქნება არსებობდეს შესაბამისი სერვისები, სადაც ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, მივიდნენ, თუმცა ასევე, ამბობს, რომ პრობლემის აღმოფხვრის გზა შესაძლოა, ისევ ახლობლების წრეში მოინახოს.

„გამოსავალი ისევ ახლობლების წრეში შეიძლება მოიძებნოს. თუ ვისაუბრებთ მოზარდებსა და ბავშვებზე, გამოუძებნონ სხვა საქმიანობა, სხვა ინტერესები, ქუჩაში, პარკებში ბევრი ასეირნონ, იმისთვის, რომ მათ მინიმალურად მაინც მიეცეთ ეს კომუნიკაცია. უფრო მეტი ყურადღება და დრო დაუთმონ.

ისიც პრობლემა გახდა, რომ როდესაც სამსახურმა გადმოინაცვლა სახლებში, მშობლებმა დრო დაუთმონ შვილებს, რომლებიც გვერდით ჰყავდათ, მაგრამ საერთოდ არ რჩებოდათ დრო. ისედაც, ზოგადად, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მშობლებს არ რჩებათ დრო, რომ სათანადო ყურადღება მიაქციონ ხოლმე შვილებს. მეტი ყურადღება მივაქციოთ ერთმანეთს“,- განაცხადა ნანა აღაპიშვილმა “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

 

2017 წლიდან დღემდე 12 000 -ზე მეტი ქალის ცხოვრება შეიცვალა – 100-ზე მეტი ბიზნესკომპანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის ერთიანდება

 

100-ზე მეტი ბიზნესკომპანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის ერთიანდება – კონფერენცია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტსა და გზამკვლევს კომპანიებისთვის,  თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2014 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა ფაშალიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის შრომის საერთაშორისო მინიმალური სტანდარტები, რითაც ყველა, კარგმა დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს. ანა ფაშალიშვილის განმარტებით, სწორედ ამ პრინციპების დანერგვაში ეხმარებიან საქართველოში კერძო კომპანიებს.

 

 

„გლობალურად 6 000 კომპანიაა ხელმომწერი, საქართველოში ამ ეტაპზე 102 კომპანიაა, რომელთანაც ვმუშაობთ ეიჩარ პოლიტიკაზე, როგორ აყავთ თანამშრომლები, როგორ ხელშეკრულებებს უდებენ, როგორ ხდება გადამზადება, როგორია დაწინაურების პოლიტიკა, არის თუ არა დეკრეტული შვებულება, ამ საკითხებზე ვაძლევთ რეკომენდაციას. 100 კარგი ციფრია, მაგრამ საერთო ფონთან შედარებით, მაინც გამონაკლისია ისეთი კომპანიები, რომლებიც სერიოზულად უყურებენ ამ თემას.

სტერეოტიპებით გაჯერებული საზოგადოებაა. მაგალითად, ჩვენი კვლევებით, მოსახლეობის 87% თვლის, რომ მხოლოდ ქალის საქმეა საჭმლის კეთება. სახლის საქმეები, თუნდაც ბავშვის მოვლა, საჭმლის კეთება, ოჯახის ყველა წევრის ვალდებულებაა. შედეგად იმას ვიღებთ, რომ ქალები სამჯერ მეტად აუნაზღაურებელ შრომას ასრულებენ, ამის შედეგად უფრო ნაკლები ქალია დასაქმებული. ქალები უფრო ნაკლებ საათებსაც მუშაობენ, რადგან მათი დროის დიდ ნაწილს იკავებს აუნაზღაურებელი შრომა. აუცილებელია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და ამაში ქალთა ჩართულობა“, – განაცხადა ანა ფაშალიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ამ მიმართულებით გამოწვევები ყველა ეტაპზეა.

„როგორ დავდებთ ვაკანსიას, მაგალითად, ისეთ პოზიციებზე, როდესაც სქესი არ არის რელევანტური, სასიამოვნო გარეგნობის 35 წლამდე გოგოს ვეძებთ. შემდეგ ინტერვიუზე ვეკითხებით დაოჯახების გეგმებს, რასაც კაცებს არასდროს ვეკითხებით. ასევე, ბევრი კომპანია დღემდე არ აძლევს დეკრეტულ შვებულებას და კერძო სექტორში ვიცით, რომ არ არის სავალდებულო ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება.

პრობლემაა სახელფასო სხვაობა. ქალებს აქვთ უფრო დაბალი ხელფასი, ასევე, მკვეთრად გამიჯნულია პროფესიები. იმ სექტორში, რომელსაც კაცები ირჩევენ, აღმოჩნდა, რომ უფრო მაღალ შემოსავლიანი. ძალიან ბევრ კომპანიაში, საშუალო მენეჯერის პოზიციაზე ვხედავთ დასაქმებულ ქალებს, თუმცა როდესაც მაღალ მენეჯმენტზე ვსაუბრობთ, ვეღარ ადიან და ამას ვეძახით შუშის ჭერს, თითქოს არაფერი არ გიშლის ხელს, თუმცა არის ბარიერები“, – აღნიშნა ანა ფაშალიშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების პროექტებმა 2017 წლიდან დღემდე 12 000 -ზე მეტი ქალის ცხოვრება შეცვალა.

კერძოდ, ანა ფაშალიშვილის თქმით, მათმა ნაწილმა პროფესიული განვითარება შეძლო, ნაწილმა – სტიპენდია ან გრანტი მიიღო, ნაწილმა კი მენტორობის პროგრამები და სტაჟირება გაიარა. 2018-2021 წლებში მხოლოდ 35-მა კომპანიამ ქალთა გაძლიერებაზე 1,7 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

„ასევე, ძალიან გაგვიხარდა, რომ ქართულმა კომპანიებმა ყურადღება მიაქციეს შესყიდვებს ქალი მეწარმეებისგან. დაახლოებით, 1 700 000  ლარის ოდენობის სერვისების გაწევა მოხდა ქალთა გაძლიერების საკეთილდღეოდ. ასევე, მხოლოდ 2021 წელს ათმა კომპანიამ შეძლო 900 ათას დოლარზე მეტი დაფინანსების მოზიდვა ამ საქმიანობის განსახორციელებლად.

ვხედავთ, რომ კომპანიებისთვის ქალთა გაძლიერებაზე მუშაობა ფონდების მოზიდვის საშუალებაც ხდება, ამაში დონორთა ინტერესიცაა და ბევრი კომპანია, როგორც ბიზნეს მიმართულებას ანუ როგორ საკუთარი ბიზნესის გაძლიერების საშუალებად უყურებს. გვახარებს, რომ ასეთი მაგალითები ბევრია“, – განაცხადა ანა ფაშალიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები