LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის მე-15 დღე უკრაინაში / პუტინი კვლავ იმუქრება, ამჯერად ბირთვული ომით / ვინ არის მტერი და ვინ იქნება გამარჯვებული? / “კვირის თემის” პოდკასტი

9
@fortuna106.9 (13)

ომის მე-15 დღე უკრაინაში

სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ, დღეს პირველად შეხვდნენ ერთმანეთს  – ვინ რა შეიძლება დათმოს და რა საკითხებზე შეთანხმებაა შესაძლებელი? რა მთავარი პოლიტიკური ამოცანები აქვს დღეს საქართველოს? – გადაცემის სტუმარია ნიკა ჩიტაძე, ანალიტიკოსი;

პუტინი კვლავ იმუქრება, ამჯერად ბირთვული ომით

უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, რა ტიპის საფრთხეები აქვს საქართველოს და რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად – გადაცემის სტუმარია ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი;

ვინ არის მტერი და ვინ იქნება გამარჯვებული?

როგორია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობები საქართველოში  – „კვირის თემის“ სტუმარია ACT-ის უფროსი კონსულტანტი, მარიამ საყევარიშვილი

უკვე, უნდა იყოს მცდელობები პირდაპირი კონტაქტი დამყარდეს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან – რა პოლიტიკური ამოცანები აქვს საქართველოს უკრაინაში ომის ფონზე

 

ომის მე-15 დღეს, უკრაინაში სურათი თითქმის უცვლელია – რუსეთის არმიამ, ინტენსიური დაბომბვის მიუხედავად, ვერ მოახერხა აეღო სამიზნე ქალაქები. უკრაინული მედიის გარდა, ამაზე საუბრობენ ექსპერტები და ანალიტიკოსები საქართველოშიც.

უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რუსეთისთვის მოვლენათა განვითარების ვერანაირ პოზიტიურ სცენარს ვერ ხედავს ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე და მიიჩნევს, რომ რუსეთის პოზიციების დასუსტება საქართველომ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ ნიკა ჩიტაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

 

 

„ვფიქრობ, რუსეთის დასუსტება საქართველომ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს, ვინაიდან რუსეთს აღარ შეეძლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მხარდაჭერა იმ დონეზე, რა დონეზეც აქამდე ახორციელებდა. ვგულისხმობ იმას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 99%-ის ფორმირება რუსეთიდან გადმორიცხული თანხების ხარჯზე ხდებოდა. დღეს ეს რუსეთს გაუჭირდება.

მგონია, რომ უკვე უნდა იყოს რაღაც მცდელობები იმისთვის, რომ პირდაპირ კონტაქტები დამყარდეს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. შესაძლებელია, ბევრ ადამიანს ჰქონდეს სურვილი გადმოვიდეს ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიებზე. პირველ რიგში, ეს ეხება ახალგორის რაიონსა და გალში ქართულენოვან მოსახლეობას“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომსაა და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთმა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური წარუმატებლობა განიცადა, რამაც მისი პოზიციების შერბილებაც გამოიწვია.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 200 ათასიანი არმიით იყო წარმოდგენილი, ბლიცკრიგი ჩაეშალა და დღეს, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ვიცით, როგორ ხდება რუსეთიდან კაპიტალის გადინება, 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთი მოკლებული იქნება იმ ფაქტს, რომ ევროპულ ბაზარზე განახორციელოს მნიშვნელოვანი ექსპორტი.

ამ სამხედრო, ეკონომიკური თუ საინფორმაციო წარუმატებლობებიდან გამომდინარე, რუსეთის პოზიცია თანდათანობით იცვლება და რბილდება თავიდან რუსეთის მოთხოვნა იყო დენაციფიკაცია, ფაქტობრივად, უკრაინის სახელმწიფოს მოსპობას აპირებდა. დღეს შეარბილა პოზიცია და საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ ცნოს ყირიმი, როგორც რუსეთის შემადგენლობაში და აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“. იცვლება მოთხოვნები, შესაბამისად, რუსეთი ნელა, მაგრამ უკან იხევს.

 

 

რუსეთი შეეცდება კუდის მოქნევას, თუნდაც ის მუქარა, რომ მან შესაძლებელია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ესეც კუდის მოქნევის ერთ-ერთი ფაქტორია. ქალაქების ალყაში მოქცევა ვერ მოახერხა და ახლა მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, ვერ მოახერხა კიევის სამ დღეში აღება და ახლა დასავლეთს ემუქრება.

ეს არის შანტაჟი. ბუნებრივია, ეს არის სისუსტე და თანდათან ცდილობს დათმობაზე წავიდეს და როგორმე გამოვიდეს ღირსეულად“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ამავე გადაცემაში, ანალიტიკოსი გამოეხმაურა გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან ომი „გაყინოს“.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა არა უახლოეს მომავალში.

„ომის გაყინვა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიაა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა ეს არ მოხდება უახლოეს დღეებში. რუსეთი ახლა მაქსიმალურად შეეცდება აწარმოოს მოლაპარაკება უკრაინასთან და დემოკრატიულ საერთაშორისო საზოგადოებასთან, იმაზე რომ ვთქვათ, არ გამოვიყენებ ბირთვულ იარაღს, შევაჩერებთ საომარ მოქმედებებს, ოღონდ აღიარებულ იქნას დონეცკი და ლუგანსკი. თუ ეს არ გამოუვიდა და იმედია, რომ არ გამოუვა, შემდგომში ყირიმს ჩაეჭიდება”, – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

 

 

 

“ფიქრობდა, რომ უკრაინა ადვილი ლუკმა იქნებოდა, მომდევნო 2 კვირა უმძიმესი იქნება” – გაბედავს თუ არა პუტინი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას

საბედნიეროდ, სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული შეიარაღების გამოყენებას პუტინი ვერც ამ ეტაპზე გაბედავს, – ამის შესახებ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ პუტინის მუქარაზე საუბრისას ანდრო გოცირიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში რუსეთი დაუსჯელი არ დარჩება.

 

 

 

ამასთან, ანდრო გოცირიძე აღნიშნავს, რომ რუსეთი დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ დასავლურ ცივილიზაციას ეომება და შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება.

“პუტინმა სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული შეიარაღების გამოყენება რომც გაბედოს, ეს არ იქნება დაუსჯელი. მას ამის ტექნიკური საშუალებაც არ აქვს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბირთვული ომის მუქარის შესახებ განაცხადა და ფაქტობრივად, დასავლეთთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე ხელი აიღო, ცხადია, რომ მისი ნებისმიერი ბირთვული ობიექტი მონიტორინგის ქვეშ არის და ისინი ტექნიკურად ძალიან ჩამორჩებიან დასავლურ ანალოგებს.

რაც შეეხება ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ შეიარაღებას, რომელსაც ლოკალურად მეტად დამანგრეველი მოქმედება შეიძლება ჰქონდეს, ასეთის გამოყენება ცხადია, არ გამოირიცხება უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა უამისოდაც, უკრაინის გმირული წინააღმდეგობით გაბოროტებულმა რუსეთმა, ბოლო დღეებში ძალიან დამანგრეველი შეიარაღება გამოიყენა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. რასაკვირველია, რუსეთისთვის ეს არის ის ნაბიჯები, რაც დასავლური ცივილიზაციის მიღმა აყენებს”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი ამბობს, რომ “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სწრაფი წარმატების ილუზია აღარ არსებობს”, ახლა მომდევნო ორი კვირა განსაკუთრებით მძიმე იქნება, რადგან მისივე სიტყვებით, “გაბრაზებული, გამწარებული კრემლი ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლიც იზრდება”.

“ვინაიდან სახელმწიფო უწყებების გარდა, სადაზვერვო ინფორმაციას არავინ ფლობს, პროგნოზის გაკეთება რასაკვირველია, რთულია, თუმცა შესაძლოა, ჩართული ქვეყნების მოქმედებები მიღმა რაღაც გეგმა დავინახოთ, რატომ დგამენ ამა თუ იმ ნაბიჯს.

რუსეთმა ნელ-ნელა ამოიღო თავისი დეკლარაციებიდან სიტყვა – დენაციფიკაცია, რაც გულისხმობს ზელენსკის რეჟიმის შეცვლას, ჩამოგდებას და სასურველი პერსონის შეცვლას, ასეთი აღმოჩნდა იანუკოვიჩი, რომელმაც გუშინ, უკრაინელ ხალხს წმინდა რუსული კლიშეთი მიმართა.

ზოგადად, უკრაინელებში მამის სახელი ნაკლებად გამოიყენება და რუსია ერთადერთი ერი, რომელიც მიმართვის ამ ფორმას იყენებს.

რუსეთი, ალბათ, უფრო მეტად კონცენტრირდება კიევის ხანგრძლივვადიან ალყაზე და შეეცდება, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის ფასად მოახდინოს უკრაინის შერყევა, კაპიტულანტური განწყობების გამოწვევას, რადგან პირველი და მძლავრი წინააღმდეგობა, სამხედრო შეიარაღებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის მოსახლეობაში ნახა.

 

 

საინტერესოა, რომ არა მხოლოდ ეთნიკურად უკრაინელები, არამედ ეთნიკურად რუსები, რუსულენოვანი უკრაინელებიც კი გახდნენ ისეთი წინააღმდეგობის ბლოკპოსტი, რომელიც რუსეთმა ვერ დასძლია ხარკოვში, ოდესაში და მარიუპოლში, სადაც უკრაინელი მოსახლეობა ნაკლებად არის.

რუსეთი ფიქრობდა, რომ ეს მისთვის ადვილი ლუკმა იქნებოდა. მსჯელობა იმაზე, რომ მომდევნო ერთი და ორი კვირა იქნება უმძიმესი, იმიტომაა რომ რუსეთი გაბოროტებულია და ეცდება დასაჯოს მშვიდობიანი მოსახლეობა.

მეორე, 10 დღეზე – ორ კვირაზე მეტხანს, რუსეთს უბრალოდ არ ეყოფა იმ შეიარაღების, რაკეტების რაოდენობა, იმ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის შემადგენლობა ან ხარისხი, რომელიც საჭიროა ამ ტიპის ომის განხორციელებისთვის.

არის კიდევ ერთი ფაქტორი – იმთავითვე უკრაინის გარშემო მობილიზებული შეიარაღებული ძალების რაოდენობა უკრაინის სრულად ოკუპაციისთვის უბრალო მათემატიკური გათვლებითაც კი არ იყო საკმარისი და მით უმეტეს, არ არის საკმარისი ხანგრძლივვადიან ომის წარმოების დროს, როდესაც ტექნიკა მწყობრიდან გამოდის, ლოჯისტიკა გადმოდის წინა პლანზე და უკვე ჩანს, რომ რუსეთს ამ მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს.

რუსებმა აღიარეს წვევამდელების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, ამ არაადამიანურ აქტს რუსეთის საქართველოსთან ომის დროსაც მიმართავდა, უბრალოდ ახლა მათ ეს იმიტომ აღიარეს, რომ განტევების ვაცს მოძებნიან საკუთარ გენერალიტეტში, ვისაც დამბრალდება ამ პირველი ფაზის ჩაფლავება”,- განაცხადა ანდრო გოცირიძემ “ფორტუნას” ეთერში.

 

 

 

პუტინი გახსნილი ძალით ყველა ფრონტზე ვერ იომებს – რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთიდან შემოსული ხალხის დიდი ნაკადი

 

უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემფორტუნასგადაცემაშიკვირის თემარუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა და განმარტა, რა რისკების შემცველი შეიძლება გახდეს ქვეყანაში რუსების მასობრივი შემოსვლა

“2019 წელს საქართველოში ტურიზმის ბუმი იყო, დღეს ეს ბუმი არ არის. როდესაც ჩაკეტილ ქვეყანაში იმდენივე ტურისტი შემოდის, რამდენიც ტურიზმის პიკზე შემოდიოდა, როცა  ჯერ „გავრილოვის ღამეც“ არ იყო, ცხადია, ეს არის გაზრდილი შემოდინება.

მეორე საკითხი – ესენი არ არიან ლტოლვილები და ჩვენ არც ჰუმანიტარული კანონმდებლობა არ გვავალდებულებს მათ მიღებას. ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დისკომფორტს გაურბიან.

არ არის გამორიცხული, რუსეთმა სცადოს მათ საფარის ქვეშ დივერსიული ჯგუფების შემოყვანა საქართველოსთან მომდევნო კონფლიქტისათვის, რადგან დღეს რუსეთი გახსნილი ძალით ყველა ფრონტზე ვერ იომებს.

შემოვუშვათ თუ არა? ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის გადასაწყვეტია, მაგრამ თუკი ვუშვებთ არ არის გამორიცხული გარკვეული საფილტრაციო, საგანგებო რეჟიმების დაწესება, როდესაც ელემენტარული გადამოწმდება რა პერიოდით შემოდის პიროვნება და მას დაუწესდება ფილტრი ვთქვათ, ერთჯერადად რამდენი ხნის გატარება შეუძლია საქართველოში.

ასევე, ეკონომიკური დაცვის თვალსაზრისით, შესაძლებელია ისეთი ეკონომიკური ბერკეტების დახვედრება, რომელიც არ გამოიწვევს ზემოქმედებას. ჩვენს ფინანსებსა და ვალუტის კურსზე და არ მიეცემა საშუალება რუსეთს, ამ დიდი ნაკადის ქვეშ, მისთვის ხელსაყრელი ჰიბრიდული საფრთხეების დააყენოს საქართველოს წინაშე.

წამყვანის კითხვაზე, დღეს ხედავს თუ არა ამ საფრთხეებს, ანდრო გოცირიძე ასე პასუხობს:

“ბუნებრივია, როდესაც ქვეყნიდან უმართავი ნაკადი შემოდის და ამ ნაკადის ფილტრაციას უკვე ობიექტურად ვერ ახერხებს შესაბამისი სამსახური, ამაში არ შეიძლება მოქალაქემ რისკი არ დაინახოს, ამას არ სჭირდება უსაფრთხოების საკითხების ღრმა ცოდნა”, – განაცხადა უსაფრთხოების სისტემის სპეციალისტმა “ფორტუნას” გადაცემაში.

 

 

 

 

„ამ ომს ჩვენი მოსახლეობა ძალიან პერსონალურად აღიქვამს“ –  როგორია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობები საქართველოში

 

 

უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე, კვლევის გლობალურმა კომპანიამ “ეისითი” საქართველოს მოსახლეობის განწყობები შეისწავლა. სატელეფონო კვლევა 2022 წლის 4-6 მარტს ჩატარდა და 809 რესპონდენტი გამოიკითხა. შერჩევის ცდომილებამ კი 4.2 % შეადგინა.

ACT-ის უფროსი კონსულტანტმა, მარიამ საყევარიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, რომ უკრაინისადმი ადამიანური სოლიდარობის გარდა, მოსახლეობის აბსოლუტურმა პროცენტმა (84%) აღნიშნა, რომ რუსეთი მტერია.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული კითხვა პირდაპირი ფორმით იყო დასმული და მასზე ასეთი უმრავლესობით გაცემული დადებითი პასუხი მიანიშნებს, რომ ეს კონკრეტული საკითხი ამ ადამიანებში ეჭვს არ იწვევს.

„კიდევ უფრო მაღალი იყო მაჩვენებელი კითხვაზე, არის თუ არა უკრაინაში რუსეთის ქმედებები სამხედრო დანაშაული. 91% ფიქრობს, რომ ეს სწორედ ასეა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ 10-დან 9 ადამიანი თვლის, რომ ამ კონფლიქტში ამ კონფლიქტში რუსეთი ახორციელებს სამხედრო დანაშაულს უკრაინის წინააღმდეგ“, – თქვა მარიამ საყევარიშვილმა.

 

 

მისივე განცხადებით, მიუხედავად მრავალი წინაპირობისა, მოსახლეობის ნახევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ომის დაწყება უკრაინის ტერიტორიაზე

„ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი (49%) მაინც არ ელოდა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე. 17% მოელოდა საომარ მოქმედებებს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში, ყოველი მესამე გამოკითხული კი მოელოდა ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, კიევშიც (31%).

ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენი მოსახლეობის 2/3 ამ ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს. 12% პესიმისტური პროგნოზით გამოირჩევა და თვლის, რომ შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს ამ ომში“, – ამბობს ACT-ის უფროსი კონსულტანტი.

მისივე თქმით, 10-დან 9 გამოკითხული უკრაინას გულშემატკივრობს  და ომში მისი გამარჯვება უნდა (88%).

„არ შეგეშინდეთ დანარჩენი 12% არ ამბობს, რომ რუსეთის გამარჯვება უნდა, სულ ერთი პროცენტია, ვინც ამბობს, რომ უნდა რუსეთმა გაიმარჯვოს“, – დასძინა მარიამ საყევარიშვილმა.

მისივე განცხადებით, კვლევის მონაცემი ცხადყოფს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაწყებული ომი მოსახლეობისთვის მტკივნეული თემაა. როგორც მარიამ საყევარიშვილმა თქვა, თითქმის ყველა გამოკითხული (96%) მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება. 87% თვლის, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“.

 

 

 

„ასევე, 72% მოელის, რომ „თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება“. პრინციპში გასაგებია, რომ ადამიანური სოლიდარობის გარდა, რაც ყველას გაგვაჩნია უკრაინის მიმართ, ამას დამატებით პრაგმატულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეები. მეტსაც გეტყვით, გამოკითხულთა ნახევარი მოელის, რომ არ ვართ დაზღვეული, რომ რუსეთი მაინც შემოიჭრება საქართველოში“, – თქვა ACT-ის უფროსმა კონსულტანტმა.

მარიამ საყევარიშვილმა კვლევაში მონაწილეთა ასაკობრივ ზღვარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევითმა შერჩევამ მოიცვა სრული ზრდასრული მოსახლეობა და ამ კვლევაში მათ ყველა ასაკის მოსახლეობა ჰყავდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები