,,ორივე ვცდილობთ ერთმანეთის გახარებას" - ქეთა თოფურია სტუმრად ,,არტ-Fm"-ში

გადაცემის ლაივი LIVE

25 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი ქეთა თოფურია სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.

– ქეთა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალის პედაგოგის სპეციალობით სწავლობდი. რამდენად იყენებ შენს მრავალწლიან გამოცდილებას როგორც პედაგოგი?

– პირველ კურსზე ვსწავლობდი, როცა მოსკოვში მომიწია გადასვლა, ამიტომ ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება. თუმცა, ისეთი სკოლა გავიარე მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობით, ნამდვილად ვერცერთი სასწავლებელი ვერ შეედრება.

– პანდემიის მიუხედავად, მაინც აქტიურად მუშაობ ახალ პროექტებზე. რამდენად ახერხებ კონცერტების მოწყობას?

– ბოლო კონცერტი ორი თვის წინ მოვაწყვეთ. ახლა კი, ალბომზე ვმუშაობთ, რომელიც სავარაუდოდ სექტემბრის თვეში გამოვა. საბედნიეროდ, რუსეთში პანდემიამ ნაკლებად შეაფერხა მუსიკალური ინდუსტრია, მით უფრო, რომ დიდი ხანია დაიწყო ვაქცინაცია.

– ბავშვის შეძენის შემდეგ ძალიან სწრაფად დაიბრუნე ჩვეული ფორმა. საინტერესოა, რაიმე განსაკუთრებული მეთოდი ხომ არ გაქვს?

– არანაირი მეთოდი არ მაქვს. პირველი ორსულობის დროს 19, მეორედ კი – 22 კილოგრამი მოვიმატე, თუმცა არაფერი მეტყობოდა, რადგან ძალიან თხელი კიდურები მაქვს და მთელი წონა მუცლის არეში დაგროვდა. არასდროს ვიცავ დიეტას, რადგან არ შემიძლია შიმშილი, თუმცა ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, წონის დასაკლებად კი, ძალიან ბევრს წყალს ვსვამ და ბევრ ცილას ვიღებ.

– თავის დროზე ძალიან ბევრი იწერებოდა შენს მეუღლეზე, რომელიც ყოველთვის საოცარი სიურპრიზებით განებივრებს,

– რა თქმა უნდა, როცა შესაძლებლობა გაქვს, ყოველთვის საყვარელი ადამიანის განებივრებას ცდილობ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ორივე ვცდილობთ ერთმანეთის გახარებას.

– როგორ შეხვდა ოლივია უმცროსი ძამიკოს დაბადებას?

– მართალია, ბევრი მაფრთხილებდა, რომ ბავშვებს ეჭვიანობა ჩვევიათ და ოლივიასაც გაუჭირდებოდა ოჯახის ახალი წევრის მიღება, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, საოცრად უყვარს და უფრთხილდება პატარა ძამიკოს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– მუდმივად ვაწყობთ კონცერტებს უცხოეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მასშტაბურ შოუს კი, ალბომის გამოსვლის შემდეგ გავაკეთებთ. სავარაუდოდ რამდენიმე კონცერტს მოსკოვში გავმართავთ, მერე კი, უცხოურ ტურნეს დავგეგმავთ. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ბათუმშიც ვგეგმავდით ჩამოსვლას, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კონცერტების გადადება მოგვიწია. ძალიან არ მინდა პროვოკაციულ გამოსვლებს აყოლა, მაგრამ გული მწყდება, რომ საქართველოში ვერასდროს ვახერხებთ გამოსვლას. უსიამოვნებების მიუხედავადა, მაინც ძალიან ბევრი ახლობელი მყავს, ვისთანაც ძველებურად ვაგრძელებ ურთიერთობას.

– აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის დროს აქტიურად ეხმარებოდი შენს ქართველ მეგობრებს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდებოდა ფინანსური მხარდაჭერა,

– რა თქმა უნდა, როცა შესაძლებლობა მაქვს, ყველას სიამოვნებით ვეხმარები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი