LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაციენტი ისე გადის პროცესს, რომ ვერავინ იგებს: რა არის და როგორ ხდება ელაინერებით მკურნალობა

57
IMG-0504

გადაცემა Smile Care-ს სტუმრები იყვნენ ექიმი ორთოდონტი ანა მეჩეხია და კომპანია “ინდივიდუალ ლაინის” წარმომადგენელი საქართველოში სვეტლანა ბურდოიანი. გადაცემის თემა, რომლის წამყვანია ქირურგ-იმპლანტოლოგი ზურაბ შეყილაძე, გახლდათ ყბა-კბილთა ანომალიების მკურნალობა ელაინერით.

რას მოიცავს ორთოდონტული მკურნალობა?

ორთოდონტული მკურნალობა ეს არის სხვადასხვა სახის ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მკურნალობა, კბილების გასწორება ორთოდინტული აპარატების დახმარებით.

ორთოდონტული მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

ორთოდონტული მკურნალობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა. შეიძლება იყოს აპარატების დახმარებით, ფიქსირებული ანუ ბრეკეტ სისტემით, თუ სხვა სახის მოსახსნელი აპარატებით, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ახალი და მნიშვნელოვანია ელაინერი.

საინტერესოა, რა არის ელაინერი?

ელაინერი ეს არის მოსახსნელი, ორთოდონტული კაპი, რომელიც არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და მისი მეშვეობით ვასწორებთ კბილთა დგომის ანომალიებს.

რამდენი ხანია, რაც საქართველოში ელაინერით მკურნალობის მეთოდი დაინერგა?

ზოგადად მსოფლიოში ელაინერებით მკურნალობის მეთოდი 1997 წელს დაინერგა, ხოლო საქართველოში 2016 წლიდან. კომპანია და ლაბორატორია “ინდივიდუალ ლაინი” აწარმოებს ელაინერებს. უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ეს მეთოდი ერთ-ერთი მოწინავეა და ჩვენთანაც ეს ტენდენცია სულ უფრო აქტუალური ხდება. მომრავლდა ისეთი პაციენტების მომართვიანობა, ვინც სწორედ ამ გამჭვირვალე კაპებს ითხოვს.

როგორ სწორდება ამ გამჭვირვალე კაპით კბილები? როგორ იგეგმება მკურნალობა?

მკურნალობა იყოფა ორ ეტაპად – კლინიკური და ლაბორატორიული. კლინიკური ეტაპი მოიცავს იმას, რომ პაციენტი იკეთებს სრულ დიაგნოსტიკას, იქნება ეს რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა, პირის ღრუს მოწესრიგება, ორთოდონტული მკურნალობისთვის მომზადება. შემდეგ კი პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენის სურათი, პირის ღრუს და ვიზუალის სურათები იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც უკვე აგრძელებენ დაგეგმარების მეორე, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს.

რას მოიცავს ლაბორატორიული მხარდაჭერა?

პაციენტის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ექიმი გვაწვდის მის კლინიკურ ფოტოებს, ტომოგრაფიას და სკანს ანუ ციფრულ ანაბეჭდს. ეს ინფორმაცია ჩვენს პროგრამულ სოფტში ხვდება და ციფრული შედეგი იქმნება, რომელსაც მოგვიანებით კლინიკას ვაწვდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ფოტოებისა და ვიდეოს სახით პაციენტის მკურნალობის საბოლოო შედეგის ნახვაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პაციენტი წინასწარაა ინფორმირებული თუ რა პერიოდი დასჭირდება მკურნალობის საბოლოო შედეგის დადგომას.
ეს ინფორმაცია გადაეცემა კლინიკას და შემდეგ უკვე პაციენტთან შეთანხმებით 3D პრინტერზე ელაინერების დამზადებას ვიწყებთ. ჩვენს ლაბორატორიაში ყველაფერი ციფრულად მზადდება, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს.

რა უპირატესობა აქვს ელაინერებით მკურნალობას სხვა მეთოდებთან შედარებით?

პირველ რიგში, ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ელაინერებით მკურნალობა გარშემომყოფთათვის უხილავია. პაციენტი ისე გადის ამ პროცესს, რომ ვერავინ იგებს. მეორე უპირატესობაა ის, რომ არ იცვლება დიქცია. ასეთი მკურნალობა 30%-ით უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ორთოდონტული აპარატებით. პაციენტმა იცის, თუ რამდენი დრო და რამდენი კაპი დასჭირდება მკურნალობისთვის და რა შედეგამდე მივა. ძალიან დიდი კომფორტია ისიც, რომ მას ჰიგიენური პროცედურების ჩატარება შეეძლება – მოიხსნის ელაინერს, პირის ღრუს სრულფასოვნად მოიწესრიგებს და შემდეგ მის ტარებას გააგრძელებს.

რამდენად ხშირად სჭირდება პაციენტს კორექციისთვის ვიზიტი?

ეს არის ელაინერის ერთი ძალიან დიდი უპირატესობა, რომ პაციენტი არ არის მიჯაჭვული ექიმზე. ბუნებრივია, ელაინერის სწორად მოხმარება მნიშვნელოვანია, პაციენტმა ის დღე-ღამეში 22 საათის განმავლობაში უნდა ატაროს, რათა 2 კვირაში მომდევნო ელაინერზე შეძლოს გადასვლა. თუმცა, არ არის აუცილებელი ამ ორ კვირაში ერთხელ მოვიდეს ექიმთან. თუკი ადამიანს გადატვირთული რეჟიმი აქვს, საზღვარგარეთ ცხოვრობს, შეუძლია ელაინერები თავადაც გამოიცვალოს, რადგან წინასწარ ეცოდინება თუ რომელი კაპის შემდეგ რომელი უნდა გაიკეთოს. ბუნებრივია, ექიმსა და პაციენტს შორის მუდმივი კომუნიკაციაა.

აქვს თუ არა ელაინერს უკუჩვენებები, იწვევს თუ არა ძვლის სტრუქტურის ცვლილებას, მინანქრის დაზიანებას?

ელაინერი არის ძალიან დამზოგველი, როგორც ძვლისთვის, ასევე პაროდონტის სხვა ქსოვილებისთვის. მკურნალობის დროს კარიესის განვითარების რისკი ნულამდე დადის, პაციენტი უკეთ იცავს ჰიგიენას და პირის ღრუსაც უკეთ აწესრიგებს. მკურნალობის დაწყებამდე კი ყველა არსებული პრობლემა მაქსიმალურად გვარდება.

თავად ელაინერი მზადდება ჰიპოალერგიული, ბიოთავსებადი, უსაფრთხო მასალისგან და პაციენტის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

ვისაც ვინირები, გვირგვინები აქვს, ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება მკურნალობა?

ორთოპედული კონსტრუქციების და თერაპიული რესტავრაციების შემთხვევაში პირდაპირი ჩვენებაა ელაინერებით მკურნალობა. ამ დროს არ იცვლება არაფერი და ელაინერი პაციენტის პირის ღრუს ერგება.

მცირე დეფექტის დროს, თუკი პაციენტს ერთ ყბაზე სჭირდება კბილების გასწორება, ამ შემთხვევაში კაპი ორივეზე კეთდება?

ელაინერები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავგეგმოთ ან ერთი ყბა ან ორივე ერთდროულად. ეს პაციენტის ნება-სურვილსა და კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.

არის თუ არა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ელაინერით მკურნალობა არ შეიძლება?

არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ზოგადადა ორთოდონტული მკურნალობაა უკუჩვენება. მაგალითად, ძვლოვანი ქსოვილიდან გამომდინარე, პარადონტოლოგიური ინდექსიდან გამომდინარე.

თუმცა, ზოგჯერ პაციენტს ჰიბრიდულ ანუ კომბინირებულ მკურნალობას ვთავაზობთ. ვიწყებთ ბრეკეტებით და ვასრულებთ ელაინერებით, ან პირიქით. ამ დროსაც პაციენტისთვის კომფორტია ის, რომ მკურნალობის ვადა მინიმუმამდეა შემცირებული.

ელაინერებს მკურნალობის დროს თუ აქვს უკუჩვენებები?

ელაინერებს ფაქტობრივად არანაირი უკუჩვენება არ აქვს. იმ შემთხვევაშიც, თუკი პაციენტი რომელიმე კაპს დაკარგავს, უმოკლეს დროში მივაწვდით შემცვლელს. ყველაფერი საქართველოში მზადდება, ამიტომ ამ პროცესს უმოკლესი დრო სჭირდება.

სჭირდება თუ არა ელაინერებს განსაკუთრებული მოვლა?

რეკომენდაცია, რომელსაც პაციენტს ვაძლევთ არის ის, რომ ელაინერი უნდა მოიხსნან ჭამის დროს, შემდეგ მოიწესრიგონ პირის ღრუ და ისევ უკან გაიკეთონ. სითხეების მიღების დროს მისი მოხსნა საჭირო არ არის.

აქვს თუ არა ელაინერს ასაკობრივი ზღვარი?

ელაინერით მკურნალობას 12 წლიდან ვიწყებთ. ზედა ზღვარი საერთოდ არ გვაქვს, მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეიძლება.

როგორია ამ მეთოდის ბიუჯეტი, სხვაობა ბრეკეტით მკურნალობასა და ელაინერით მკურნალობას შორის?

ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველაფერი საქართველოში დავამზადოთ. სწორედ ამიტომ, მკურნალობის ღირებულება ძალიან ხელმისაწვდომია. პაციენტს არ სჭირდება მუდმივი კონსულტაცია კორექციისთვის, მოტეხილი ბრეკეტის შეცვლა, რაც ძალიან ხშირი შემთხვევაა. რომ შევადაროთ ეს ყველაფერი, ბრეკეტისა და ელაინერის შემთხვევაში ერთი და იგივე ფასი გამოდის.

დაბოლოს, ელაინერების მოხსნის შემდეგ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი?

ამ შემთხვევაშიც პროცედურა ბრეკეტების მკურნალობის იდენტურია. ელაინერების მოხსნის შემთხვევაში მზადდება რეტაინერები, სხვა შემთხვევაში ვერ დაფიქსირდება მიღებული შედეგი. ამიტომ პაციენტმა ეს ეტაპიც უნდა გაიაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები