LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი, რაც პაციენტს ეკრძალება, არ უნდა გაიცინოს: როგორია ღრძილის როლი ესთეტიურ სტომატოლოგიაში

17
IMG-0665

გადაცემას “Smile Care” სტუმრობდნენ თეა ნაცვლიშვილი – სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ქირურგი პაროდონტოლოგი, ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, საქართველოს პაროდონტოლოგთა და იტალიის პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის ასოციაციის წევრი. ალბიუსის პერიოკლუბის წევრი და ნინო გელაშვილი – საერთაშორისო სტომატოლოგიური ცენტრის ქირურგი პაროდონტოლოგი.

გადაცემის თემა გახლდათ “ღრძილის როლი ესთეტიურ სტომატოლოგიაში”.

რა არის პაროდონტოლოგია?

თეა – პაროდონტოლოგია ეს არის დარგი, რომელიც შეისწავლის კბილის ირგვლივი ქსოვილების ჯანმრთელობას თუ სხვადასხვა დაავადების მიმართულებებს, ღრძილს და მის ირგვლივ ქსოვილის ჯანმრთელობას. მოკლედ, ეს დარგი მოიცავს ყველაფერს, რაც კბილის და ღრძილის ირგვლივ ქსოვილებს შეეხება.

რა არის რეცესია, რა ფაქტორების გავლენით ვლინდება, როგორ უნდა ვუშველოთ?

დღევანდელი პაციენტის მოთხოვნა არ არის მხოლოდ ფუნქცია, ანუ ის, რომ კბილი ჰქონდეს, არამედ მნიშვნელოვანია ესთეტიკური მხარეც. ამაში კი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ კბილის სტრუქტურას, არამედ ღრძილს, მის ფორმას, ფერს, მდებარეობას. სწორედ ღრძილის რეცესიაა ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სხვადასხვა მიზეზების გამო ღრძილი ასდის ზემოთ ან ჩასდის ქვემოთ. ღრძილი ფორმასა და ზომაში იკლებს და კბილების ზომა იზრდება.

შესაძლებელია თუ არა, რომ რეცესიის გამო კბილი დაიკარგოს?

თანამედროვე კლასიფიკაციით, ღრძილის რეცესია არა დაავადებად, არამედ მდგომარეობადაა მიჩნეული. ბუნებრივია, კბილი ღრძილით უნდა იყოს დაფარული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში რეცესიის შედეგად კბილი არ იკარგება. რეცესიას შეუძლია გამოიწვიოს პაროდონტიტი, ეს კი არის დაავადება, რაც წარმოქმნის კიდეც სერიოზულ პრობლემებს.

ღრძილის რეცესიის თანამედროვე მკურნალობა რას მოიცავს?

ღრძილის რეცესია წარსულში ქრონიკულ დაავადებად მიიჩნეოდა, დღეს კი მისი მკურნალობის პლასტიკური მეთოდები არსებობს. ანუ რეცესიის დახურვა ღრძილის ქსოვილის გადანერგვის გზითაა შესაძლებელი. გააჩნია იმას, თუ რომელი სახის რეცესიასთან გვაქვს საქმე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამ პრობლემას პლასტიკური ქირურგიით და მიკროქირურგიით ვაგვარებთ.

ნინო, რას ნიშნავს „ღრძილოვანი ღიმილი“?

„ღრძილოვანი ღიმილის“ განმარტება არ არსებობს და ეს ინდივიდუალური აღქმის საკითხია. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ღრძილი, რომელიც 3 მმ-ზე მეტად ჩანს გაღიმების დროს, არის კიდეც „ღრძილოვანი ღიმილი“. ღიმილის ესთეტიკას ქმნის ყბის ძვლები, კბილები, ტუჩები და ღრძილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

რა შეიძლება იყოს „ღრძილოვანი ღიმილის“ განვითარების მიზეზი?

„ღრძილოვანი ღიმილი“ შესაძლოა რამდენიმე მიზეზით განვითარდეს. მაგალითად, ზედა ყბის ჭარბი ზრდით, როდესაც გაღიმების დროს ტუჩი მოკლე ჩანს, ღრძილის ქსოვილი კი ზედმეტად დიდი. მეორე მიზეზია, ზედა ტუჩის ჰიპერმობილობა, როდესაც ზედა ტუჩის კუნთები ზედმეტადაა განვითარებული და ღიმილის დროს ტუჩი ძალიან ზემოთ ადის. კიდევ ერთი ფაქტორია, ცვეთა და კომპენსატორული ამოჭრის მექანიზმი, რომელსაც დაგვიანებული ამოჭრა ჰქვია. არსებობს კბილის ძვლიდან ამოჭრის აქტიური და პასიური პერიოდი. აქტიური პერიოდია, როცა ძვლიდან ამოდის კბილი, ხოლო პასიური – როცა მის გარშემო ადაპტირდება რბილი ქსოვილები.

საინტერესოა, როგორ ხდება დიაგნოსტირება?

დიაგნოსტირება ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით, ასევე ანესთეზიის ფონზე, როდესაც პაროდონტოლოგიური ზონდის გამოყენებით ვადგენთ ძვლის კიდის და ღრძილის კიდის მდებარეობას. მკურნალობის ტექნიკას მიღებული ინფორმაციის მიხედვით განვსაზღვრავთ.

როგორია პლასტიკური მანიპულაცია, მკურნალობის მეთოდებზე რომ ვისაუბროთ..

თეა – ღრძილის რეცესიის დახურვის უამრავი ტექნიკა არსებობს. მთავარია ექიმმა სწორი დიაგნოსტიკა ჩაატაროს და კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში საუკეთესო მეთოდი შეარჩიოს. ერთი ნიუანსია ის, რომ დონორული ზონა გვჭირდება, რადგან მოკლებული ქსოვილი შევავსოთ. როგორც წესი, ყველაზე ხშირად ამ ქსოვილს სასის ლორწოვანი ადგილიდან გადმოვნერგავთ ხოლმე.

 

რამდენად მტკივნეულია პოსტოპერაციული პერიოდი?

ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, რადგან არის უმტკივნეულო. პაციენტისთვის არ არის საჭირო დაძინება ან სხვა დამატებითი გაუტკივარება. რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდს, ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი კვირა. პირველი, რაც პაციენტს ეკრძალება, არ უნდა გაიცინოს. გარდა ამისა, პაციენტს ევალება, რომ გამოიყენოს სავლებები, ჩაიტაროს სწორი ჰიგიენა, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი. თუმცა, არ არის ეს ისეთი ტრავმული ოპერაცია, რომ ამის საჭიროება წარმოიქმნას.

ღრძილოვანი ღიმილის კორექციის დროს, როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?

ნინო – ეს პროცედურაც ანესთეზიით კეთდება და არის აბსოლუტურად უმტკივნეულო. ხდება ღრძილის კიდეების მოკვეთა, კბილის იდეალური ფორმის პროპორციების მიხედვით. პოსტოპერაციული პერიოდიც უმტკივნეულოა, ანტიბიოტიკსაც კი არ ვნიშნავთ. ქსოვილის აღსადგენად მხოლოდ სავლებს ვიყენებთ.

ჰიგიენა მნიშვნელოვანია, რათა ბევრი პათოლოგია არ განვითარდეს. რამდენად მნიშვნელოვანია ირიგატორის გამოყენება?

თეა – პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ჯაგრისი. თუმცა, არსებობს კბილთაშორის სივრცეები, სადაც ჯაგრისი ვერ შედის და ამ დროს გვეხმარება ირიგატორი.

დაბოლოს, რამდენად მნიშვნელოვანია ორთოპედიული და ორთოდონტული კონსტრუქციების დროს რეცესიის და ღრძილოვანი ღიმილის პლასტიკა?

ნინო – ორთოპედიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ღრძილოვანი ღიმილის გამოსწორება, რადგან ორთოპედიული მკურნალობის შემდეგ მიღებული შედეგი ისეთი ეფექტური და ესთეტიკურად ლამაზი არ გამოდის, როგორც ღრძილის დაკორექტირების დროს. ის პაციენტები, ვინც ეს პროცედურა ჩაიტარა, საბოლოო შედეგით აღფრთოვანებული არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები