LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი გოგონები საკმაოდ წარმატებულად უწევენ კონკურენციას სლავური გარეგნობის მოდელებს” – „არტ-FM“ 

21
tako-chxeidze-lika-kvaracxelia-art-fm

24 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მოდელები თაკო ჩხეიძე  და ლიკა კვარაცხელია ესტუმრნენ, რომლებმაც სამოდელო ბიზნესზე და ქართველი მოდელების წარმატებაზე ისაუბრეს.

-თაკო, პირველ რიგში საინტერესოა როგორ უთავსებ ერთმანეთს საოჯახო და სამოდელო საქმიანობას?

თაკო ჩხეიძე: ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორ ვათავსებ ოჯახს და ჩემს საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან შრომატევადი და სასიამოვნოა, ადვილი არ არის საქმისა და ოჯახის შეთავსება. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ გამომდის. ყველა ქალისთვის მთავარია შვილები და ოჯახი, რომელიც შემდეგ გვაძლევს სტიმულს საყვარელი საქმე ვაკეთოთ.

-დღეს ვსაუბრობთ სამოდელო ბიზნესზე.  დღესდღეობით საერთაშორისო ბაზარზე ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობენ ქართველი მოდელები. როდესაც თქვენ დაიწყეთ მოღვაწეობა, თითზე ჩამოსათვლელი იყო იმ ქართველი მოდელების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ გამართულ ჩვენებებში მონაწილეობდნენ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცნობილი არიან ქართველი დიზაინერებიც. თბილისის მოდის კვირეულმა კი საგრძნობლად შეუწყო ხელი არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიის განვითარებას, არამედ საქართველოს შესახებ მოდის საერთაშორის წრეებში ცნობადობის ამაღლებას. რა ხდება დღეს მოდის ინდუსტრიაში, რა ეტაპზე ვართ?

თაკო ჩხეიძე : ჯერჯერობით საქართველოში მოდის ინდუსტრია მაინცდამაინც დიდი ბიზნესი არ არის. მაგრამ ქვეყნისთვის მოდის ინდუსტრია ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მოდით დაინტერესებული ადამიანები ხშირად სტუმრობენ საქართველოს ქართველი დიზაინერების და მოდელების გასაცნობად. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყანა უცხოელი დიზაინერებისათვის გადაღებების ერთ-ერთი საყვარელი ლოკაციაა. რასაკვირველია ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი თბილისის მოდის კვირეულს.

-რამდენად მოთხოვნადები არიან დღესდღეობით ქართველ მოდელებზე და რამდენად აქტიურები არიან თავად მოდელები, როგორი ვითარებაა ამ თვალსაზრისით?

ლიკა კვარაცხელია: ჩვენი მოდელები ძალიან ბევრ კარგ ჩვენებაში იღებენ მონაწილეობას და რაც მთავარია,ძალიან ბევრი კარგი ჟურნალის გარეკანზე ხვდებიან. ეს ჩვენთვის უფრო ღირებულია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ჩვენებას მოყვეს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მოდაში საგრძნობლად შეიცვალა პარამეტრები, ყველა დიზაინერი და ფოტოგრაფი ეძებს ინდივიდუალიზმს, სწორედ ამიტომ ქართველი გოგონები საკმაოდ წარმატებულად უწევენ კონკურენციას სლავური გარეგნობის მოდელებს.  ყველას სურს განსაკუთრებულ და სახასიათო მოდელთან მუშაობა. სიმაღლე 180 სმ-დან დავიდა 169-170 სმ-მდე. ამ სიმაღლის გოგონები უკვე თავისუფლად გამოდიან ყველა ჩვენებაზე და გადაღებებშიც მონაწილეობენ.

-რომ ვისაუბროთ იმ კონკრეტულ ჟურნალებზე, რომლებისთვისაც ქართველ გოგონებს იღებენ და იმ ჩვენებეზბე, სადაც ისინი მონაწილეობენ. ვის უფრო მეტი შანსი აქვს, დაიმკვიდროს თავი დიდ მოდაში?

ლიკა კვარაცხელია: შანსი ყველას აქვს. ეს არის ამ სფეროს უდიდესი პლუსი,რომ შანსი აქვს ყველას. ასე ვერ გამოვარჩევთ. ყველა მოდელს აქვს თავისი მომენტი,რომელიც შეიძლება დღეს დადგეს და შეიძლება მომავალში. წინასწარ ამას ვერ განსაზღვრავ. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ „ჯეომოდელსის“ გოგონები დემნა გვასალიას ჩვენებაზე ექსკლუზიურად მიემგზავრებიან, ბევრს მეტყველებს. ამან დიდად შეუწყო ხელი ჩვენს გოგონებს, რადგან კასტინგის დირექტორები და სააგენტოების წარმომადგენლები უკვე ცნობენ მათ.

-ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ ქართველ მოდელებს?

ლიკა კვარაცხელია:  ყველა ქვეყანაში არის მოთხოვნა. განსაკუთრებით საინტერესოა აზიის ბაზარი და მოდელები  ძალიან დიდი გამოცდილებას იღებენ აზიურ ქვეყნებში გამართულ ჩვენებეზე. თუმცა მოდის კვირეულების დროს ისინი ძირითადად ევროპაში არიან, ლონდონში, პარიზში ან მილანში.

-თაკო, მე ვიცი რომ თქვენ დემნა გვასალიასთან მეგობრობთ. მაინტერესებს ხომ არ აპირებს იგი საქართველოში ჩამოსვლას თუნდაც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ?

თაკო ჩხეიძე:  ჩემი და დემნას მეგობრობა თანამშრომლობაშიც გადაიზარდა. როგორც ლიკამ აღნიშნა, ჩვენი მოდელები ექსკლუზიურად იღებენ მონაწილეობას მის ჩვენებაში. ძალიან მალე სიახლესაც შემოგთავაზებთ, თუმცა ინტრიგას დავტოვებ და ამის შესახებ ახლა არ ვისაუბრებ. დემნას ძალიან უყვარს საქართველო და ძალიან გულშემატკივრობს ქართულ მოდას. მისგან ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ჟესტია ჩვენებებისთვის ქართველი მოდელების წაყვანა, რადგან ეს მათი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ასეთ დიზაინერთან ურთიერთობა მოდელებისთვის დიდი ბედნიერებაა.

-ოდესმე თუ გქონია რაიმე შენიშვნა მის კოლექციასთან დაკავშირებით?

თაკო ჩხეიძე: არასდროს. ეს ჩემს კომპეტენციაში არც შედის და შესაბამისად შენიშვნები არასოდეს გამომითქვამს რომელიმე ქართველი დიზაინერის ან კვირეულის სტუმრის კოლექციის მიმართ. დემნა საერთოდ არ განიხილება მათ შორის, ვისი კოლექციის მიმართაც შეიძლება შენიშვნა მქონდეს. მის საქართველოში ჩამოსვლას რაც შეეხება, როგორც კი ექნება დრო აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ დემნას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს.

-რას ურჩევდით ქართველ მოდელებს? როგორ გახდნენ პოპულარულები და  როგორ მიიღონ ბევრ ჩვენებაში მონაწილეობა?

თაკო ჩხეიძე : პოპულარობისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო და ეს ერთ დღეში არ მოდის. მთავარი მიზანი პოპულარობა არ უნდა იყოს, არამედ კარიერული ზრდა. რასაკვირველია დიდი მნიშვნელობა აქვს სააგენტოს, მაგრამ მარტო სააგენტო მოდელის პოპულარობას ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობა, მუდმივი განვითარება და მოთმინების უნარი.

ლიკა კვარაცხელია: მოდელობის მსურველებს პირველ რიგში ვეტყოდი, რომ თუკი სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ამ საქმიანობით, მოგვმართონ. ჩვენ მათ გავესაუბრებით და დავემხარებით სამოდელო საქმიანობის დაწყებაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები