LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფაქტორები უშლის ხელს წყვილებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

13
nana-facacia-7-rcheva

გადაცემის ლაივი LIVE

წყვილებს შორის ურთიერთობები დაფუძნებულია სიყვარულზე, პატივისცემასა და ერთგულებაზე. ურთიერთობები ზოგჯერ ჩიხში შედის. რა ფაქტორები უშლის ხელს წყვილებში ურთიერთობების ნორმალიზებას – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნანა ფაცაციამ ისაუბრა.

რა ფაქტორები უშლის ხელს ურთიერთობების ნორმალიზებას?

წყვილთა შორის ურთიერთობები  საკმაოდ სენსიტიური და ფაქიზი თემაა. არსებობს წყვილთა შორის განსხვავებული ურთიერთობები, მათი პიროვნული ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მყარი ურთიერთობების საფუძველს სიყვარული და ურთიერთმიმღებლობა წარმოადგენს, ერთმანეთის პიროვნული ღირსებისა და გრძნობების პატივისცემა.

პრობლემები, რომელიც შეიძლება წყვილებს შეექმნათ ეს არის ერთმანეთის მიმართ გაზვიადებული მოლოდინები, ერთმანეთის გაიდეალურება, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობის მცირე პრობლემა მიიჩნევა კატასტროფიზაციად, ხდება მცირედი ფრუსტრაციის განზოგადება და გადაულახავ მდგომარეობად წარმოდგენა.

რა შეიძლება გახდეს კრიზისის მიზეზი?

წყვილებს შორის წარსულში განცდილმა ტრავმულმა გამოცდილებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ახალ ურთიერთობებზე, რაც შეიძლება გამოიხატოს ახალი ურთიერთობის დაწყების სირთულეებში, წარსული გამოცდილებიდან მიღებული ტრავმა შესაძლოა გარკვეული შიშისა და შფოთვის მიზეზი გახდეს ახალ ურთიერთობაში.  შესაძლოა გამოიწვიოს ახალი ნაცნობობისა და ახალი ურთიერთობის დაწყების სურვილის დაბლოკვაც.  მნიშვნელოვანია მოხდეს წარსულში განცდილი ტრავმის ბოლომდე გაცნობიერება და გადალახვა, რათა სრულფასოვნად წარიმართოს შემდგომი ურთიერთობა, შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალისტის ჩართულობა.

ასევე,  მტკივნეულად აღიქმება პარტნიორის მხრიდან  შედარება სხვა ადამიანებთან (ყოფილ პარტნიორთან), რაც შესაძლოა გახდეს წყვილთა შორის კონფლიქტის მიზეზი. მნიშვნელოვანია პარტნიორებმა ბოლომდე გააცნობიერონ უთანხმოებისა და გაუგებრობის მიზეზები.

წყვილთა შორის უთანხმოების მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორის არის განსხავებული შეხედულებები, გადამეტებული სწრაფვა  საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების,  ერთმანეთის პიროვნული გრძნობების, შეხედულებებისა და ღირსების უპატივცემულობა. ერთმანეთის გაგების, მზრუნველობისა და ყურადღების ნაკლებობა, ასევე სოციალურ ეკონომიკური ფაქტორები, ფსიქო-სექსუალური შეუთავსებლობა.

ნებისმიერ პიროვნულ ურთიერთობებს თან ახლავს კრიზისული პერიოდები, რაც კრიზისულ ფსიქოლოგიაში ყოველთვის უარყოფით კონტექსტში არ განიხილება, ვინაიდან კრიზისული პერიოდების წარმატებით გადალახვა უფრო ძლიერს და მყარს ხდის ურთიერთობებს. ხშირია ყოფილი პარტნიორის (ყოფილი ქმრის, ყოფილი ცოლის) ჩარევა პირად ცხოვრებაში, რაც ხდება კონფლიქტისა და უთანხმოების მიზეზი ახალ პარტნიორთან. ამიტომ საჭიროა, კარგად გააანალიზოთ ურთიერთობები, გამოემშვიდობოთ წარსულს და წერტილი დასვათ ძველ ურთიერთობებში. 

წყვილთა შორის პოზიტიური ურთიერთობების ფაქტორები…

წყვილთა შორის პრობლემის მოგვარებისა და პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების მზა რეცეპტები არ არსებობს, ვინაიდან  ნებისმიერი ურთიერთობა არის ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა შესაძლებელია ვისაუბროთ იმ ფუნდამენტალურ ასპექტებზე, რომელიც აძლიერებენ და გავლენას ახდენენ ურთიერთობის პოზიტიურ ფაქტორებზე.

მყარი ურთიერთობის საფუძველს უპირობოდ სიყვარული წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია ურთიერთობებში წყენის არ დაგროვება, გულახდილი საუბარი, ერთმანეთის მოსმენა, ურთიერთგაგება და მიმდინარე პრობლემების ერთობლივად დაძლევა.

წყვილებს შორის წარმატებული და მყარი ურთერთობები, ეს მათი უნარების დამსახურებაა, ხოლო წარუმატებებლი ურთიერთობებიც წყვილებს შორის გაუგებრობისა და შეცდომების შედეგია.

 7 რჩევა ნანა ფაცაციასგან:

  1. პრობლემები, რომლებიც ამწვავებს წყვილთა შორის ურთიერთობებს არის გადაჭარბებული მოლოდინები ერთმანეთის მიმართ და პარტნიორის წარმოდგენა „იდეალურ ხატად“, როცა ხდება მინიმალური ფრუსტრაციის კატასტროფიზაცია და ურთიერთობის ჩიხში მოქცევა.
  2. მნიშვნელოვანია წყვილთა შორის წარსული განცდილი ტრავმის ბოლომდე გაცნობიერება და გადალახვა, რათა წარსულმა ტრავმამ არ იქონიოს უარყოფითი გავლენა ახალ ურთიერთობაზე.
  3. მტკივნეულად აღიქმება პარტნიორის მხრიდან მათი შედარება სხვა ადამიანებთან და ნაკლოვანებებზე ხაზგასმა.
  4. კრიზისული პერიოდების წარმატებით გადალახვა აძლიერებს წყვილთა შორის ურთიერთობებს და მყარს ხდის მათ მომავალ პარტნიორობას.
  5. აუცილებელია წყვილმა გააცნობიეროს ერთმანეთის უარყოფითი და დადებით თვისებები.
  6. მნიშვნელოვანია წყენის არ დაგროვება, ერთმანეთის მოსმენა, გულახდილი საუბარი და მიმდინარე პრობლემის ერთობლივი დაძლევა.
  7. წარმატებული და მყარი ურთიერთობების ფუნდამენტალურ საფუძველს წარმოადგენს სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები