LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოწვევების წინაშე დგას სოციალური მედია მარკეტინგი 2020 წელს – FM ქოუჩი

4
giorgi-berekichidzee-newssss

რა გამოწვევების წინაშე დგას სოციალური მედია მარკეტინგი 2020 წელს – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი” ტრენერმა გიორგი ბერეჩიკიძემ ისაუბრა.

მსოფლიო გაციფრულება დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაფერი დაჩარებულია…

მსოფლიოს გაციფრულება კარგა ხნის წინ დაიწყო. რამოდენიმე ათეული წელია, მაშინ, როცა შეიქმნა ისეთი კომპანიები, როგორიცაა Google, Amazon, Ebay, Yahoo და სხვ. გაციფრულება იყო შედეგი იმისა, რომ შეიქმნა მოთხოვნა www-ზე. კომპიუტერული მოწყობილობები აღარ იყო ფუფუნების საგანი. ჩვენთან, საქართველოში ეს ამბავი ცოტა მოგვიანებით დაიწყო, თუმცა თუ შევადარებთ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტთან წვდომის სტატისტიკას სხვა, თუნდაც განვითარებულ ქვეყნებს, დიდად არ ჩამოვრჩებით.

ადამიანი სოციალური არსებაა. მეგობრებთან ერთად თუ სახლში მარტო, ჩვენ გვჭირდება სოციალიზაცია. ინტერნეტი და მოწყობილობები კი ამ საქმეს წარმოუდგენლად გვიმარტივებენ.

ჩვენი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ტელეფონთან ან კომპიუტერთან ვატარებთ, სოციალურ მედია პლატფორმებზე. ამის დასტურად მარტო ეს სტატისტიკა რად ღირს, რომლის მიხედვითაც, საშუალო ადამიანი:

  1. Facebook-ზე ატარებს 1 საათს დღეში
  2. Instagram-ზე – 53 წუთს დღეში
  3. Youtube-ზე – 40 წუთს დღეში

ეს 3 ყველაზე დიდი და დამკვიდრებული სოცმედია პლატფორმა ხომ კარგი, მაგრამ ამის მიღმა რამდენი იყენებთ ამ აპლიკაციებს: Tiktok, Linkedin, Viber, WhatsApp, Skype, Twitter, Pinterest და სხვა მრავალი. ამ პანდემიის ეპიცენტრში კი ყველა, ლექტორ-მასწავლებლიან-კომპანიებიანად Zoom-ში გადავერთეთ კომუნიკაციისთვის.

როგორ უნდა მოერგონ კომპანიები არსებულ რეალობას?

როგორმე უნდა შევეგუოთ და მოვერგოთ. განსაკუთრებით კი კომპანიები, რადგან დაუწერელი კანონია – სადაც მომხმარებელია, იქ უნდა იყო შენც.

ბრენდებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლო სოცმედია პლატფორმა, სადაც მათი აუდიტორია თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს მარკეტინგის, რეკლამირების დინამიკა ბევრად უფრო სხვაა, ვიდრე ჩვენ ყველამ უნივერსიტეტებში, კოტლერში ვისწავლეთ. რაღა დროს კოტლერია, სოციალური მედია ისე სწრაფად იცვლება.

სოციალურ მედია პლატფორმებს საკუთარი მოქმედების წესები აქვს – უნდა მოვარგოთ კონტენტი, გავითვალისწინოთ, ვინ არის ჩვენი მომხმარებელი, ავითვისოთ პლატფორმის ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს ტექნოლოგიური თუ კონტენტის მიმართულებით. ერთი რამ, რაც ყველა სოციალურ მედიას აერთიანებს, თვითონ სახელშია, მაგრამ ყველას გვავიწყდება: საქმე გვაქვს სოციალურ პლატფორმებთან. ბრენდებიც სოციალიზაციის ნაწილი არიან. უფრო მეტიც, ბრენდებიც ისეთივე „იუზერები“ არიან პლატფორმის, როგორც სხვა მომხმარებლები. შესაბამისად, როგორც რიგითი მომხმარებლები, ისე მოვიქცეთ პლატფორმებზე, ვიყოთ ავთენტურები, ღია და გახსნილი მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის. რეალურად, არავის არ აინტერესებს 20%-იანი ფასდაკლება, თუკი ეს ფასდაკლება საინტერესო ფორმით არ არის ინტეგრირებული კონტენტში.

სამწუხაროა, მაგრამ ბიზნესების დიდ ნაწილს საკუთარ სოციალურ მედია გვერდებზე ისეთ პოსტებს უშვებენ, რომელსაც თვითონ არასდროს არ მოიწონებენ, წაიკითხავენ ან ბოლომდე უყურებენ. მაშ, რაღა თქვას მომხმარებელმა, რომელსაც ძალისძალად ვატენით არასასურველ, უინტერესო კონტენტს და ვუბინძურებთ ისედაც გადატვირთულ პლატფორმას?

უნდა ვიყოთ ავთენტურები, შეძლებისდაგვარად გვქონდეს 1-1-ზე კომუნიკაცია მომხმარებელთან, გავაკეთოთ ინვესტიცია მომავალში (თან დივერსიფიკაციით სხვადასხვა სოციალურ მედია მლატფორმებზე), და ვაკეთოთ მუდმივი ანალიზი – რა მოხდა ჩვენს თავს რატომ, როდის და როგორ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები