LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გეგმა აქვს ბიზნესს ტურიზმის სექტორის გადასარჩენად / რას ამბობს კოვივაქცინებზე ჩატარებული კვლევები – “კვირის თემის” პოდკასტი

6
კვირის თემა 22 აპრილი

ლარი უფასურდება – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კი დღეს, ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლება დაასახელა. თავისმხრივ ტურიზმის სექტორი რეგულაციების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. რა კონკრეტული მოთხოვნები აქვთ მათ და როგორ ხედავენ ტურიზმის სექტორის გადარჩენის გეგმას, რომელიც როგორც ვხედავთ პირდაპირ კორელაციაშია ეკონომიკის ზრდისა და   ვალურის კურსის ნიშნულებთან მიმართებაში –

 “კვირის თემის” სტუმარია – შოთა ბურჯანაძე, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

 

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ კოვიდვაქცინების მოპოვება შეიძლება მესამე მსოფლიო ომსაც შევადაროთ, თუმცა საზოგადოებრივი აზრის მართვა და ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციისადმი ნდობის მოსაპოველლად უმნიშვნელოვანესია. კოვიდვაქცინებზე რა მიმართულებით ტარდება კვლევები მსოფლიოში და როგორია უახლესი დასკვნები?

ზაზა წერეთელი – ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი განიხილავს საკითხს “კვირის თემაში”

 

 

რატომ ითხოვენ ბიზნესასოციაციები პრემიერთან შეხვედრას? რა გეგმა აქვს ბიზნესს ტურიზმის სექტორის გადასარჩენად?

 

ტურიზმის სექტორი რეგულაციების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. კონკრეტულ მოთხოვნებსა და ტურიზმის სექტორის გადარჩენის გეგმაზე  “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ისაუბრა.

 

 

“ერთი წლის განმავლობაში ამირან გამყრელიძე კატა-თაგვობანას გვათამაშებს – ჩაგვკეტავს, გაგვხნის და ეს მავანს გამოსავალი ჰგონია”

 

შოთა ბურჯანაძის განცხადებით, აუცილებელია ცალკეული სფეროების წარმომადგენლებმა მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ინდივიდუალურ გზები შესთავაზონ. მისივე თქმით, პრემიერთან შეხვედრის მთავარი მიზანი იმ ერთობლივი ფორმატის შექმნაა, რომლითაც კონკრეტული გზები შემუშავდება რეგულაციების ეფექტური მართვისთვის. 

“ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ამირან გამყრელიძე კატა-თაგვობანას გვათამაშებს. ჩაგვკეტავს, გაგვხსნის, ჩაგვკეტავს, გაგვხნის და ეს მავანს გამოსავალი ჰგონია, რომ ამით გადავარჩენთ კოვიდვითარებას. დღეს უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავიაროთ იმ დანის პირზე, სადაც არც ეკონომიკას ვავნებთ და არც კოვიდვითარებას.

ციფრები იმატებს, ამ სიტუაციას სჭირდება რეგულაციები. რაც არსებობს ან უნდა გამკაცრდეს აღსრულება იმ სფეროების მიხედვით, სადაც აუცილებელია ან უნდა მოხდეს ადმინისტრირება. მარტო ფურცელზე დაწერილი, რომ რესტორანში დაცული იყოს ესა და ეს, არ იყოს ივენთები, არ არის საკმარისი, რადგან არსებობენ ამ სფეროში ადამიანები, რომლებმაც ეს შესაძლოა ბოროტად, არაკეთილსინდისიერად გამოიყნონ და გამართონ ქელეხი, ქორწილი. ამას სჭირდება შემოწმება.

მარტო იმ საკითხის დასმა, რომ საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება, არასწორია. სამწუხაროდ, საქართველო არ არის გერმანია, სკანდინავიის ქვეყანა, სადაც როგორც კი გამოცხადდება რაღაც კანონი, მათთვის არის უმნიშვნელოვანესი. მეგობარმა მომიყვა, ჩემს მეგობარს ვკითხე, გერმანიაში როგორი სიტუაციაო – თქვა, რომ ერთ ადამიანზე მეტის მიღება სახლში სტუმრად არ შეიძლებაო. ვკითხე- ვინ აკონტროლებს-თქო. მითხრა – რათ უნდა კონტროლი, ხომ ითქვა არ შეიძლება და მორჩაო.

ნორვეგიის პრემიერი დააჯარიმეს, დაბადების დღეზე ათზე მეტი, 13  ადამიანი ჰყავდა სტუმარი. დაჯარიმდა ქვეყნის პრემიერი. ეს მოთხოვნილება საზოგადოების რიგით წევრთან ვერ გვექნება, რადგან ჩვენთან თუ ამ კუთხით კანონი დაირღვა, ვერც პრემიერს ვერ გაუბედავს დღეს ვერავინ დაჯარიმებას.

სარესტორნო ბიზნესის დაკეტვა იწვევს უკონტროლო ქეიფების ჩატარებას – კერძო სექტორი

ქვეყანაში, როდესაც ექიმები არ იცრებიან და გადაცემები კეთდება, რამდენად მავნებელია ვაქცინა, წარმოიდგინეთ, რა რეალობაში ვართ? და ჩვენ უნდა მოვთხოვთ საზოგადოებას, მამა რომ დაასაფლავა, ქელეხი არ გაუკეთოს? ამიტომ, უნდა მოხდეს ადმინისტრირება, რომ ობიექტი დაჯარიმდეს.

დედაქალაქში მოქმედ ტრასპორტში პიკის საათებში უბრალოდ წარმოუდგენელია იმ პირობების დაცვა, რომელიც დაცული უნდა იყოს. ამიტომაც, ასეთი ვითარება, რომ არ იყოს მთავრობამ პიკის საათებში ან უნდა აკონტროლოს სიტუაცია ან უნდა დაამატოს ტრანსპორტი და არა ის, რომ მივუშვი და მორჩა. ან ჩაკეტვით ან სრულიად გაღებით ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ. მიუხედავად პირბადეების მოთხოვნისა, დისტანციის დაცვისა გამოსავალი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ის არის გადამრჩენი.

პრემიერმინისტრის მოთხოვნა იყო კონსულტაციები და დიალოგი ბიზნესის წარმომადგენლებთან. შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით, ეს არის სამუშაო შეხვედრის სურვილი და არა მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა. იმდენად რთულია დღეს სიტუაცია, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თემაზე შეუძლია კრიტიკა, თუმცა, ჩვენ ამას არ ვითხოვთ.

ჩვენ ვითხოვთ, სამუშაო ჯგუფის შედგენას. იმ სფეროში,რომელსაც მე წარმოვადგენ კონკრეტულად, წარვუდგინო შესაბამისი საკითხები და მათ გარშემო ვითანამშრომლოთ. თუ მივიღებ ადეკვატურ პასუხს,რომ ეს ასე კი არა, ასე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დავთანხმდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, ჩვენს წინადადებას უნდა დათანხმდნენ.

როდესაც დეკემბრის თვეში, კოვიდ შემთხვევების მატება იყო, მოლები გაიხსნა სულ რაღაც 8 დღით, მილიონამდე ადამიანი გაატარა მოლებმა და არათუ აფეთქება, პირიქით, უკუსვლა იყო. რესტორნები, რომლებიც დღეს არიან გახსნილი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შექმნიან იმ პრეცედენტს, რომლითაც შესაძლოა კოვიდ შემთხვევებმა მოიმატოს.

თუ თავყრილობა არის პრობლემა, ეს არის სეფებში, სხვადახვა ადგილებში, სადაც ადამიანები კლუბებს ხნიან დანგრეულ შენობებში, ეს არის გასაკონტროლებელი. გამყრელიძემ და მისმა თანამოაზრეებმა ვერ გაყვეს რესტორანი, კლუბი, კაფე-ბარი და სეფა ერთმანეთისგან და ერთიან სიბრტყეში განიხილავენ. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ მიდგომა ერთია.თუ ტურისტი არ მივიღებთ, ვერ ვუყურებ ეკონომიკის ამუშავების შესაძლებლობას”. – განცხადა ბურჯანაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

თუ დღეს ტურიზმის სფეროს გადარჩენისთვის კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გასტროტურიზმი ჩამოიშლება.

 

“ტურიზმის სფერო ქვეყნის ეკონომიკის 8%-ია. აქ დაახლოებით, 300 ათასამდე პირდაპირ თუ ირიბად დასაქმებული ადამიანია, რომლებიც წლის განმავლობაში მილიარდნახევრიან ეკონომიკას ქმნის.

ეს ციფრები მეტყველებს, რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტული ბიზნესი. რა თქმა უნდა, ტურიზმში თუ ცალკეულად გამოვყოფთ, სარესტორნო ბიზნესი არის ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ხშირ შემთხვევაში ჩამოდის გასტროტურისტი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში არსებული იმ არაჩვეულებრივი კერძებით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეიქმნა. დღეს თუ არ ვისურვეთ და არ ვიფიქრეთ გადარჩენაზე, გასტროტურიზმი ჩვენი ქვეყნიდან ამოვარდება, რადგან ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები უბრალოდ აღარ იარსებებენ”- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ლარის კურსის ვარდნის ძირითადი ფაქტორი შეფერხებული ტურიზმია: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 

კონტროლდება მხოლოდ  თბილისი, რეგიონებში კი ადამიანი უბრალოდ ვერ ხვდება, რატომ არ უნდა გადაიხადოს ქორწილი ან ქელეხი

 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძეე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ აცხადებს, რომ მაშინ, როცა თბილისში რესტორნები მკაცრად კონტროლდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კატა – თაგვობანას გვათამაშებს, რეგიონებში რესტორნების კონტროლი არ ხდება.

„ვთანამშრომლობთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ფერაძესთან. განვიხილავ ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს. დეპარტამენს 60 ადამიანი ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით დაქვემდებარებული. კონტროლდება მხოლოდ  თბილისი. ადამიანური რესურსის ნაკლებობაა. რეგიონებში ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რატომ არ უნდა გადაიხადოს ქელეხი, ან რატომ არ უნდა გადაიხადოს ქორწილი“. – აცხადებს ბურჯანაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ყოფილა შემთხვევები, როდესაც პრობლემის მოგვარებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ პრობლემას ვაწყდებით.

„რეგიონებში თითქმის უიშვიათესია რესტორანი, სადაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან იქნება, თუ ხელისუფლებიდან, არ იყოს გარკვეულად დაკაშირებული რესტორატორთან. ამ შემთხვევაში კი პრობლემებზე  თვალის დახუჭვა ხშირად ხდება. საერთოდ რომ დაკავშირებული არ იყოს ფინანსურად სახელმწიფოს წარმომადგენელთან, ნაცნობობის გამო ნებისმიერ რეგიონში როცა ვიღაც გარდაიცვლება, მობილიზებულია მთელი რაიონი.

ეს შეიძლება გავიგოთ ჩვენი, ქართული ტრადიციის ბრალდებად და არა ბრალდებად, რომ ადამიანები ვიღაცის გამო თვალს ხუჭავენ“, – ამბობს შოთა ბურჯანაძე.

 

კომენდატის საათი არის კრიმინალის აღმოფხვრის შესაძლებლობა, ანეგდოტია, რომ ვითომ ვირუსს აკავებს

 

კომენდატის საათი ცხრა საათზე არის ანეგდოტი, რომელიც ვითომ აკავებს ვირუსს,  განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

ბურჯანაძის თქმით, პანდემიის შეჩერება კომენდანტის საათით შეუძლებელია.

„უნდა მივყვეთ იმ მაგალითებს, რაც სხვა ქვეყნებში ხორციელდება. თუ რომელიმე ქვეყანაში 6 საათამდეა კომენდანტის საათი, ასევე უნდა შევხედოთ, რას აკეთებს ქვეყანა ამ კომენდანტის დაწესების შემდეგ იმ სფეროებისთვის, რომელიც ზარალდებიან და როგორია კომპენსირება.

დღეს, კომენდანტის საათი არის პოლიტიკური თემა და კრიმინალის აღმოფხვრის შესაძლებლობა. კომენდატის საათი არაა ის, რითაც შევზღუდავთ ადამიანების მობილობას.

თუ ჩვენ კომენდანტის საათს მინიმუმ 12:00 საათამდე გადავწევთ, სარესტორნო სფერო  შედარებით ამოისუნთქებს. ადამიანი რვის ნახევარზე ამთავრებს  სამუშაოს რესტორანში, იმიტომ რომ სახლში უნდა მივიდეს. 

სამუშაოს შემდეგ საქეიფოდ აღარ მიდიხარ, მიდიხარ სავახშმოდ.  ეს ქმნის გარკვეულ შესაძლებლობებს, რომ ეკონომიკა განვითარდეს.

დღეს ჩემი თანამშრომლები ხელფასს 20 %-ით ნაკლებს იღებს, იმიტომ რომ არ აქვთ შესაბამისი სამუშაო საათები. შაბათ-კვირას ვერ იღებენ ხელფასს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენი სფეროდან დაახოებით 25 მილიონი ბიუჯეტში ვერ შედის.

რესტორანში, სადაც ივენთი აკრძალულია, ერთი პატრულის მანქანა გააკონტროლებს. ჩვენთან არაა რესტორნები მიმოფანტული. რამდენიმე უბანია, სადაც რესტორნებია განთავსებული“, – აცხადებს ბურჯანაძე “კვირის თემასთან“ საუბარში.

ბურჯანაძის თქმით, სექტორის გადარჩენისთვის და კოვიდვითარების არგართულებისთვის საჭიროა, შაბათ-კვირას რესტორნების დაშვება მინიმუმ იმ საათამდე, რომ შესაძლებელი იყოს მობილობის დაცვა.

„აუცილებელია ვაქცინაცია და რეგულაციების კონტროლის აღსრულება“, – ამბობს ბურჯანაძე და დასძენს, რომ ნეგატიური  ინფორმაციის ტირაჟირება უნდა შეწყდეს.

„ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება ეკონომიკას ამუხრუჭებს. ეკონომიკას ქმნის განწყობები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფუჭი განწყობები. ამიტომაც რაც შესაძლებელია, დადებითად უნდა იქნას წარმოჩენილი და  საზოგადოებამდე მიტანილი, რომ  მას სურვილი ჰქონდეს ფულის ხარჯვის და ეკონომიკაში ფულის ჩადების“.- აცხადებს შოთა ბურჯანაძე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“.

 

 

 

რა კვლევები ტარდება მსოფლიოში კოვიდვაქცინების შესახებ და როგორია უახლესი დასკვნები?

 

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ კოვიდვაქცინების მოპოვება შეიძლება შევადაროთ მესამე მსოფლიო ომსაც, თუმცა საზოგადოებრივი აზრის მართვა და ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციისადმი ნდობის მოსაპოველლად უმნიშვნელოვანესია.

კოვიდვაქცინებზე რა მიმართულებით ტარდება კვლევები მსოფლიოში და როგორია უახლესი დასკვნები – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „ფორტუნას“ გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა.

 

 

„ვაქცინები გლობალურ იარაღად გადაიქცა ბევრი ქვეყნის ხელში, მაგალითად ჩინეთი და რუსეთი პოლიტიკური იარაღადაც კი იყენებს. ეს მოხდა ალბათ იმის გამო, რომ ვაქცინების  წარმოება ჯერჯერობით არაა ისეთი, რომ ის მთელ მსოფლიოსთვის საკმარისი იყოს, იმ სიტუაციაში, როცა ყველას სურს აცრა.

იქმნება პრობლემები და უკვე რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინა თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გამოსაყენებლად დაიწყო“. – ამბობს წერეთელი „კვირის თემასთან“ საუბარში.

ვაქცინები ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, როგორ შეიძლება ვაქცინის გაკეთება, როდესაც ის ერთი წელიც არაა, რაც არსებობს. 

„ყველა ვაქცინას, რომელიც კოვიდპანდემიასთან ბრძოლისთვის შეიქმნა, აქვს გადაუდებელი მოხმარების ნებართვა. ნებართვის გაცემა გულისხმობდა იმას, რომ ვაქცინების წარმოება და გამოყენება დაიწყო და მასზე ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობს. აკვირდებიან, როგორ ეფექტურობას და შედეგებს. განსაკუთრებით საინტერესოა ის კვლევები, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში და ისრაელში. ეს ის სამი ქეყანაა, სადაც ვაქცინაციით მოცვა ძალიან დიდია. შესაბამისად უამრავი ადამიანია აცრილი და დიდი მასალა შეგროვდა იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად ეფექტიანია ეს ვაქცინია და მართლა მუშაობს თუ არა.

ის სამი ვაქცინა, რომელიც ყველაზე ცნობილია და ამ მომენტისთვის მუშაობს, ესაა „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, სამივე ვაქცინამ აჩვენა, რომ ეფექტიანია როგორც დაავადების, ისე ჰოსპიტალიზაციის შემცირებაში და ასევე დაავადების სიმძიმის შემცირებაში.

სამივე ძალიან ეფექტურია.

ისრაელში პისიარ ტესტებით დადასტურდა, 92 %-ით შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც ვაქცინაცია ჩატარდა. დანიაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში დაიწყო სამედიცინი პერსონალის აცრა. კვლევებით დადატურდა, რომ სამედიცინო პერსონალში 90 %-ით შემცირდა დაინფიცირებულთა რიცხვი.

„ასტრაზენეკამ“ გაერთიანებულ სამეფოში აჩვენა, რომ 70 % -ით შემცირდა დაინფიცირებულთა რაოდენობა იმ ადამიანებში, რომლებიც  აცრილები იყვნენ“, – აღნიშნა ზაზა წერეთელმა თემაზე საუბრისას.

ყველაზე გავრცელებული შეკითხვა: აცრილი რომ ვარ, დამემართება თუ არა კორონავირუსი?

 

„ვაქცინების მთავარი დანიშნულება იყო, ავადმყოფობის სიმძიმე შემცირებულიყო. ეს ნიშნავს, რომ არის შესაძლებლობა, აცრილს შეხვდეს ვირუსი. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით დიდია იმ შემთხვევაში, როდესაც აცრილების რაოდენობა ბევრი არაა.

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ აცრილების მხოლოდ 2-3 პროცენტს შეიძლება შეხვედროდა ეს დაავადება. მაგრმა აცრის შემდეგ ვირუსის შეხვედრა აღარაა საშიში, რადგან  დაავადება ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად მიმდინარეობს.

ისრაელისა და ბრიტანეთის მაგალითი რომ ავიღოთ, დაახლოებით 60 %-ით შემცირდა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვაქცინები ძალიან ეფექტურია და ეფექტიანად მუშაობს“.- აღნიშნა ზაზა წერეთელმა „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

როგორ მზადდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და რატომ იყენებენ მაიმუნის თირკმელს „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ შექმნისას

 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ იმ სავარაუდო პერიოდზე საუბრობს, როდესაც ადამიანები ვაქცინაციის შემდეგ ვირუსისგან დაცულები არიან.

მისი თქმით, არასწორია ზოგიერთი ადამიანის შეხედულება, რომ ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ მშვიდად არიან და უსაფრთხოების წესებს აღარ იცავენ.

ვაქცინაციის პროცესს თავისებურებები ახასიათებს, ცნობილია, რომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ გარდა ყველა ვაქცინა მოითხოვს ორჯერ აცრას. როგორი უნდა იყოს, ჩვენი ქცევა ამ დროს. თემაზე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში ზაზა წერეთელმა ისაუბრა.

„ადამიანები ფიქრობენ, რომ როგორც კი პირველ აცრას ჩაიტარებენ, ყველაფერი დამთავრებულია და შეიძლება ცოტათი ამოისუნთქონ თავისუფლად. სამწუხაროდ ეს ასე არაა.

ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ იწყებს ადამიანის ორგანიზმი ძლიერი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რომელიც წინ აღუდგება კოვიდვირუსს.

„ფაიზერის“ შემთხვევაში ორ დოზას შორის არის სამი კვირა შუალედი და როგორც კვლევებმა აჩვენა, მეორე დოზის შემდეგ 7-დან 10 დღემდე მაქსიმალურად ყალიბდება იმუნიტეტი. პირველი აცრის შემდეგ კი არის იმუნიტეტი, მაგრამ ისეთი ძლიერი არა, რომ კორონავირუსისგან ბოლომდე დაგვიცვას.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, 10-დან 12 კვირა უნდა იყოს დოზებს შორის პერიოდი. კვლევებმა აჩვენა, რომ პირველი სამი კვირის განმავლობაში, იმუნიტეტის ჩამოყალიბება ჯერ არაა დაწყებული. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში განსაკუთრებით პირველი სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და კორონავირუსისგან თავი მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“. – ამბობს ზაზა წერეთელი „ფორტუნასთან“.

 

რამდენ ხანს გვიცავს ვაქცინა

 

„ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ „ფაიზერი“ და „მოდერნა“ მინიმუმ ცხრა თვის განმავლობაში იქნება ძალიან ეფექტური.

„ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, შესაძლოა, ყოველ წელიწადში ერთხელ დამატებითი დოზების მიღება დაგვჭირდეს იმისათვის, რომ ჩვენი იმუნიტეტი გავაძლიეროთ.

ასევე ვარაუდობენ, რომ „მოდერნას“ ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი ადამიანს მინიმუმ ცხრა თვე ექნება“. – განმარტა წერეთელმა.

 

ვაქცინების დამზდების მეთოდები

 

„მსოფლიოში სამი სხვადასხვა მეთოდით დამზადებული ვაქცინები გვაქვს.  „ფაიზერი“ და „მოდერნა“ სრულიად ახალი მეთოდით,ე.წ. მესეჯერული, ერენემზე დამზადებული ვაქცინებია.

გამოყნებულია მეთოდი, რომლის დროსაც მათ გაშიფრეს კოვიდვირუსის ცილის გენომი და სწორედ ამ ცილის გენომი შეაღწევს ადამიანის ორგანიზმში და ამ დროს ადამიანის უჯრედში ხდება ცილის წარმოქმნა, რომლის მიმართაც ანტისხეულები ყალიბდება ორგანიზმში.

ე.წ. ინაქტიური მეთოდით,  ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკია“ შექმნილი. მათ აიღეს რამდენიმე სახის კოვიდვირუსი, რომელიც  და იმ პაციენტებისგან გამოყვეს, რომელიც ჩინეთში იყვნენ და შემდეგ ამ ვირუსის გამრავლება მაიმუნის თირკმელში მოხდა. შემდეგ ხდება ამ ვირუსის ინაქტივირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს გამრავლების საშუალება აღარ აქვს. ინაქტივირებული ვირუსი შემდგომ იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას. ამიტომააცაა, შეცდომით, რომ ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოში ახალი მეთოდით დამზადებულ ვაქცინები გამოიწვევს ადამიანში დეენემის შეცვლას, რაც ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება.

საუბარი იყო, რომ ძველი მეთოდით დამზადებულ მეთოდს ვენდოთო. გასაგებია, ყველა ადამიანის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რომელს აირჩევს, უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ მეცნიერება ძალიან წინ წავიდა. ვაქცინის შექმნის ახალი საშუალებებია,  რომელიც 10 და 15 წლი წინ შეუძლებელი იყო“. – ამბობს წერეთელი.

 

როგორ მუშაობს ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამებზე 

 

„კვლევებმა აჩვენა და მეცნიერები ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის შტამის მიმართ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა  ვაქცინა მუშაობს. ჯერჯერობით მეცნიერებმა არ იციან, როგორ მუშაობს ბრაზილიურ და სამრეთ აფრიკული შტამის მიმართ ვაქცინები, იმიტომ რომ ეს შტამები ახლა გამოჩნდა.

ახალი მეთოდოლოგიით დამზადებული ვაქცინების უპირატესობა არის ის, რომ როგორც კი გავშიფრავთ ახალი შტამის გენს, თქვენ შეგიძლიათ, დაიწყოთ მისი წარმოება. შესაბამისად „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მოდიფიცირება და ახალ შტამებზე მორგება უფრო ადვილად მოხდება, ვიდრე ეს ძველი ტიპის ვაქცინების შემთხვევაში იყო შესაძლებელი“. – ამბობს ზაზა წერეთელი „კვირის თემასთან“.

 

იწვევს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უშვილობას – რას ამბობს კვლევები

ქმნის თუ არა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები, როგორია ვაქცინების ნეგატიური გავლენები – ეს არის შეკითხვები, რომელიც ვაქცინაციის წინ ბევრს უჩნდება. თემაზე ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

„როდესაც ვაქცინები დამტიცდა და მიეცა გადაუდებელი მოხმარების უფლება, დოკუმენტში ჩაწერილი იყო, რომ ევროპის წამლების სააგენტო და ამერიკის წამლების მარეგულირებელი ყველა ამ ვაქცინაზე ყოველთვიურ მონიტორინგს ჩაატარებდა. ანუ ვაქცინაციის ყველა უკუჩვენების ანალიზი ხდება.

თრომბების შემთხვევების დროული გამოვლენა, რომელიც „ასტრაზენეკასთან“  და შემდეგ „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“ დაფიქსირდა, ვაქცინის მონიტორინგის გამათული სისტემის არსებობის დამსახურებაა.

მეც გამიგია საუბარი იმის შესახებ, რომ ვაქცინა ახდენს გავლენას რეპროდიციულ ჯანმრთელობაზე.

ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი, მომეძიებინა, თუნდაც ერთი კვლევა, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობდა. სამწუხაროდ ასეთი კვლევა ჯერ არსად არ დევს. ინფორმაცია ვრცელდება ანტივაქსერების მიერ, მაგრამ ფაქტობრივად რაიმე კვლევა ხელში არ გვიჭირავს.  ანუ ეს არის მოარული ჭორი და ინფორმაცია, რომელიც მუსირებს საზოგადოებაში“, – ამბობს ზაზა წერეთელი.

 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველის მთავარი მოწოდება

 

„ჩვენ ყველანი აუცილებლად უნდა ავიცრათ და სწრაფად უნდა დამთავრდეს იმუნიზაციის პროცესი, უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობა იყოს აცრილი მოკლე დროში იმისათვის, რომ  არ მივცეთ ვირუსს იმის საშუალება, რომ ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცეს, მაგრამ ამავე პერიოდში არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ახალ რეალობაში. მიუხედავად იმისა, აცრილები ვართ თუ არა, უნდა დავიცვათ ყველა  წესი, რომელიც ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას:

ესაა პირბადე, დისტანციის დაცვა და მასობრივი თავშეყრისგან თავის არიდება. უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსი ჩვენს გვერდითაა“. – ამბობს ზაზა წერეთელი ფორტუნასთან.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები