LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გეგმით უნდა დაბრუნდეს ევროკავშირის მედიატორი საქართველოში და როგორია ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესის მოგვარების გზები – “კვირის თემის” პოდკასტი

7
კვირის თემა 25 მარტი

ერთხელ შეუსრულებელი მისიის შემდეგ, რა გეგმით უნდა დაბრუნდეს ევროკავშირის მედიატორი საქართველოში, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას დაბრუნებით და როგორია ქართული პოლიტიკის ბუნდოვანი პერსპექტივა – საუბრობს ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ;

ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე ნაპრალი გაჩნდა, რომელმაც ფერდობი ორად გაყო. რა გახდა მეწყრული ზონის გამომწვევი ვაშლიჯვრის ფერდობზე და როგორ ხედავენს სპეციალისტები პრობლემის მოგვარების გზებს? – საკითხს განიხილავს ვახტანგ ბალავაძეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით

გადაცემა “კვირის თემის” წამყვანია: ნინი ხუგაშვილი

 

 

რუსეთი ევროკავშირის მედიაციას ისე აღიქვამს, როგორც საკუთარ უკანა ეზოში ხელის ფათურს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მას ეს ხელი დაუმოკლოს: ხათუნა ლაგაზიძე

 

„რუსეთი სარგებლობს თითოეული დღით, რომელსაც ოპოზიციური ლიდერები ციხეში ატარებენ და როდესაც პარლამენტი ცარიელია“.-  სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას ქართული  პოლიტიკური ელიტისთვის წესით ის ბიძგი უნდა მიეცა, რომელიც მოლაპარაკებებს შედეგიანს გახდიდა. მაგრამ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უკან დახევას არ გეგმავენ.

ევროპა არ კარგავს ქართველი პოლიტიკოსების შერიგების იმედს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.

როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება და ვინ ასხამს რეალურად რუსეთის წისქვილზე წყალს, თემაზე  პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა. 

 

რეალურად რა გვითხრეს ამერიკელმა სენატორებმა 

 

„განცხადებებში იყო საუბარი მიტაცებულ სასამართლოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე.

იყო საუბარი, რომ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარი წაშლილია.

იყო საუბარი, რომ მედიის წინააღმდეგ სამწუხაროდ  გარკვეულ ქმედებებს ახორციელებს ხელისუფლება.

იყო არჩევნებზე  დაშინების მცდელობებზე საუბარი.

უმნიშვნელოვანესია, რომ განცხადებებში ისმოდა წუხილი რუსეთის მზარდ ჩარევასთან დაკავშირებით.

მინდა მსმენელისთვის განსაკუთრებით გავუსვა ხაზი იმ რაკურსს, რა რაკურსითაც ეს მოგვაწოდეს სენატორებმა. მათ ფაქტობრივად ისაუბრეს ჰიბრიდულ ომზე, რომელიც მიმდინარეობს  საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან. ეს რამდენიმე ასპექტშია საგრძნობი. შიდაპოლიტიკაში ჩარევა და წახალისება იმ პოლიტიკოსებისა,  თუ პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ პირდაპირ თუ ირიბად.

სენატორებმა გვითხრეს, რომ ეკონომიკაზე ზემოქმედება თავისი დამანგრეველი საცეცებით, კიბერუსაფრთხოების ხელყოფა, საინფორმაციო სივრცის ხელყოფა და რაც უმნიშვნელოვანესია საზოგადოების დაქსაქსვისა და დაპირისპირების მცდელობა – ეს ყველაფერი არანაკლები საფრთხეა საქართელოსთვის, ვიდრე რუსეთის პირდაპირი სამხედრო ოკუპაცია და მიგვახვედრეს, რომ ეს არის საქართელოს მენტალობის მენტალური ოკუპაცია, ანუ  კაპიტულანტური განწყობის დამკვიდრება საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებში იმგვარად, რომ რუსეთისთვის ერთი დღის საქმე იყოს (ღმერთმა დაგვიფაროს) სამხედრო ოკუპაცია.

კიდევ არსებობს ერთი რაკურსი რაც თვალში ძალიან მოსახვედრია.

ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშიც კომენტარებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში 2 ძირითად ფაქტორზე და ასახელებენ პირდაპირ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და ყურადღებამისაქცევი შუაშისტური პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთის თვალში მათ სჭირდებათ გაცილებით მეტი ძალისხმევა, რომ დასავლეთის თვალში რომ წონიან პარტიებად აღიარონ“. -აცხადებს პოლიტოლოგი „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

ვინ ატარებს პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ინტერესებს

 

„სენატორებმა ვერ დაინახეს ახალი პოლიტიკური პარტიების სახით იმგვარი მოთამაშეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ ქართულ პოლიტიკაში და ეს ყველაზე დამაფიქრებელია, ამაზე პოლიტიკური ელიტა უნდა დაფიქრდეს.

დასავლეთს სჭირდება იმგვარი მასტაბილიზებელი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც გარანტი იქნება ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და ასევე გარანტი იქნება, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება ქვეყანაში და ასევე –  ქვეყნის პოლიტიკური კურსის.  მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ დასავლეთს ეუბნებოდა, რომ მილიონიანი არმია გვყავს ამომრჩევლის და ახლა დაიწყო „ნაციონალების“ მხრიდან რევანში. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად ამისგან დამზღვევი პოლიტიკური ცენტრის აუცილებლობას დღეს დასავლეთი ხედავს. სასურველი იყო, ამ მიმართულებით პოზიციონირება აქამდე მოეხდინა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და იგივე „გირჩს“  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ამ ფონზე საგულისხმოა გახარიას განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად დაანონსა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა ფრაზით, რომლითაც მან დასავლეთს მიმართა, რომ მისი მიზანია, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, ევროპული დღის წესრიგი შექმნა“. – ამბობს ლაგაზიძე.

 

 

 

 

ვის გვერდით იქნება გახარია

 

“ყოფილი პრემიერი ხელცარიელი არ შემოდის პოლიტიკურ ველში.  ის ხელდამშვენებული შემოდის საკუთარი ელექტორატით.  ამ ეტაპზე მისი ელექტორატი არის, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც იმედგაცრუებულია მმართველი ძალით, მაგრამ არც არსებული სხვა პარტიებისკენ მიუწევს გული. მეორეს მხრივ, ეს არის „ქართული ოცნების“ ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხმას იმიტომ კი არ აძლევდა, რომ მოსწონდა, არამედ იმიტომ რომ მასში ხედავდა „ნაციონალური“ რევანშისგან დამცავ ფარს. ამ ხალხის სოლიდური ნაწილი ახლა გახარიაში დაინახავს ამ დამცავ ფარს. რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მათ ინტერესებს წარმოადგენს. ჩემი ვარაუდით  „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის სულ მცირე 10-დან 15-%-მდე გახარიას საბაზისო ელექტორატია. მისი ელექტორატის ზრდა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის წიაღში. ასევე, „ენდიაის“ კვლევამ აჩვენა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა კოლოსალურად გაიზარდა და ეს სრულიად გასაგებია. ამომრჩეველს იმედები გაუცრუა როგორც პოზიციამ, ისე ოპოზიციამ. რამდენად შეძლებს ამ ნიშის დაკავებას გახარია, ამას დრო გვიჩვენებს.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ გახარიას გზა პოლიტიკაში მხოლოდ ია-ვარდით იქნება მოფენილი და ეკლები არ გამოერევა. იმის მიხედვით ის არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი თუ დამოუკიდებელი მოთამაშე, მის წინააღმდეგ  გალაშქრებას ხელისუფლებისგანაც უნდა ველოდოთ და ოპოზიციისგანაც.

მას პასუხი აქვს გასაცები როგორც 20 ივნისზე, ასე ანაკლიის პროექტზე და კიდევ სხვა საკითხებზე.

 

რა შეცვლის კრისტიან დანიელსონის მეორედ ჩამოსვლა

 

„რომ გითხრათ, განსაკუთრებული იმედით ვუყურებ -მეთქი ამ პროცესს, არ ვიქნები მართალი. კომპრომისზე წასვლის სურვილი, არც ერთ მხარეს არ აქვს, მაგრამ ამ შემთხევაში დღის წესრიგში დგას რამდენიმე საკითხი.

წარმოუდგენელია, მათ მეორედ გამოეგზავნათ მედიატორი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ მინიმუმ სახის შენარჩუნებას შეძლებენ.  ეს მათთვის საგარეო პოლიტიკური გამოწვევაა.

ეს არის რეგიონი, სადაც რუსეთი მედიატორის როლს არ უთმობდა არავის, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ჩვენ ეს „მედიაცია“ ვნახეთ ყარაბაღში. რუსეთი ამას ისე აღიქვამს, როგორც საკუთარ უკანა ეზოში ევროკავშირის ხელის ფათურს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ხელი დაუმოკლოს ევროკავშირს, მაგრამ ევროკავშირი კარგად გრძნობს, როგორ რეგიონში აკეთებს მედიაციას და ამით იმის ხაზს უსვამს, რომ რეგიონის დათმობას არ აპირებს.

მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახისა და იმიჯის შენარჩუნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუნდაც კიდევ შემდგომი ეტაპები გახდეს საჭირო, ის უკან არ დაიხევს და ამისთვის უნდა გაითვალისწინოს, „ქართული ოცნების“ სიჯიუტე და ჟინი. მოლაპარაკების დღის წესრიგს მან შესაბამისი ბერკეტებიც უნდა გამოაყოლოს იმისათვის, რომ შედეგი დადგეს ამ მოლაპარაკებაში და ეს უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ნაკარნახევი, რომელიც,  რა თქმა უნდა, თანხვედრაში იქნება ევროკავშირის ინტერესებისა ამ რეგიონში. გარკვეულ დათმობებზე ალბათ ოპოზიციასაც მოუწევს წასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უნდა იყოს შემხვედრი მიმართულებით სიარული.

დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება: შარლ მიშელი

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მედიაციის მთავარი შედეგი უნდ აიყოს, ის რომ საფუძველი ჩაეყაროს იმგვარ რეფორმებს, რომლებიც მომავალში დააზღვევენ ქვეყანას კრიზისებისგან და

ასეთი რეფორმაა სასამართლოს რეფორმა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.

ესაა მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და ა.შ. აღარ აქცევს პოლიტიკურ იარაღად.

ესაა საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, დაწყებული საარჩევნო სისტემიდან, დამთავრებული იმგვარი საარჩევნო სისტემის შექმნით, რომელიც არჩევნების გაყალბებას მინიმუმამდე დაიყვანს“. – აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

 

 

ფერდობი სანამ წონასწორობის წერტილს არ იპოვის, არ გაჩერდება – დამოუკიებელი ექსპერტი ორად გაყოფილი ფერდობის გადარჩენის გზები  

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ნუცუბიძე- ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე გაჩნდა ნაპრალი, რომელმაც ფერდობი ორად გაყო.

მწყერის საშიშროებამ ბევრი შეაშინა.  საქართველოში მოიწვიეს გერმანელი ექპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ პრობლემა კომპლექსურია და მისი მოგვარების ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს.

საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს – გერმანელი ექსპერტების პირველი დასკვნა

ერთია, რას ხედავს საზოგადოება და მნიშვნელოვანია, რაზე საუბრობენ პროფესიონალები.

როგორია საკითხის გადაჭრის გზები და რა სამუშაოები უნდა გატარდეს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით ვახტანგ ბალავაძემ ისაუბრა.

 

 

„რეალურად გვაქვს 2 მოცემულობა.

1) რა არის მიზეზი წარმოშობის, რამ გამოიწვია მეწყრული ზონის შექმნა.

2) ამ მოცემულობაში, რაც ახლა გვაქვს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

მეწყრული პროცესი შეიძლება გამოეწვია ბუნებრივ პროცესებს. წლების განმავლობაში ვიცით, ამ ფერდობის მდგომარეობა  და იქ მიმდინარე მოვლენები.

მეორეა, მშენებლობა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ანალოგიური მდგომარეობა, მაგრამ არსებობს კიდევ  მესამე შესაძლებლობა. ორივე მოცემულობის ერთობლიობა. გზის მშენებლობამ დააჩქარა ეს პროცესები.

ყველაფრის დადგენა შესაძლებელია კომპლექსური ექსპერტიზის  ჩატარებით. კომპლექსური დასკვნის ერთ ნაწილში იგულისხმება გეოლოგია, არსებული ფერდის შესწავლა და მეორე ნაწილია რამდენად სწორად იყო ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები. საპროექტო თვალსაზრისით შესაძლოა, სწორად იყო ყველაფერი გაწერილი, მაგრამ საკითხავია, სწორად იყო თუ არა  დაცული სამშენებლო უსაფრთხოების ყველა წესი“, – ამბობს ინჟინერი.

 

შეიძლებოდა თუ არა სამშენებლო სამუშაოების წარმოება ვაშლიჯვრის ფერდობზე

 

„პირველი რითაც იწყება ნებისმიერი მშენებლობა, არის საინჟინრო კვლევა-ძიების სამუშაოები. კვლევები კი სხვადასხვა სახისაა, გეოდეზიური და გეოლოგიური. არ აქვს მნიშვნელობა მეწყერულია თუ არა, ტერიტორია. ესაა სავალდებულო სამუშაოები, რომელიც უნდა ჩატარდეს და ამის შემდეგ ხდება საპროექტო გადაწყვეტილების მიღება.

ინჟინრების ამოცანაა, რომ რთული, კომპლექსური პრობლემები გადაჭრან“, – აღნიშნა ბალავაძემ.

 

ან უნდა დაველოდოთ რა მოხდება, ან პროცესი მართვადი უნდა გახდეს

 

რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს მოცემულობა, როდესაც ფერდობმა დაკარგა წონასწორობა და დაძრულია. სანამ ის წონასწორობის წერტილს არ იპოვის, არ გაჩერდება. ჩვენ არ ვიცით, როგორ იმოქმედებს. მარცხნივ ჩაწვება, თუ მარჯვნივ ან დარჩენილი ფერდი როგორ იმოქმედებს. ამიტომ არის რომ ყველაზე სწრაფად რაც შეიძლება რომ გაკეთებულიყო, ეს არის ერთის მხრივ შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები და მეორე ნაწილია კომპლექსური კვლევა. ორი შესაძლებლობაა ბუნებაში: ერთია, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ მოიქცევა ფერდი, (რაც არაპროგნოზირებადს ხდის მდგომარეობას) და მეორეა, რომ ეს პროცესი მართვადი გახდეს. მართვაში არ ვგულისხმობ მარტო დაკვირვებას. აუცილებელია კონკრეტული საინჟინრო ღონისძიებების დანერგვა, ეს კი ნიშნავს, რომ ამ ფერდის მოშლა უნდა იყოს მართვადი“. – აცხადებს ინჟინერი.

 

რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში

 

„პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, არის ის, რომ არ დაიმალოს ინფორმაცია, იმისთვის, რომ დარგის მცოდნე ადამიანს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.

5 მოთხოვნა, რომელიც ვაშლიჯვრის მოსახლეობას აქვს – რა წერია საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში

ადგილზე უნდა გაკეთდეს: გამაგრება, ფარების დაყენება, მიმართულების მიცემისთვის მიწის  ტერასულად მოჭრა, სხვა ბევრი ღონისძიებებიც შეიძლება, გატარდეს.  უნდა გადაწყდეს განხორციელებადია თუ არა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს გამაგრებითი სამუშაოების გატარება. როცა ვამბობთ მიწის მოჭრას, იქ უნდა შევიდეს ტექნიკა და იმ ტექნიკას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ფენის მოხსნა.

შესაბამისად ეს ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა დაიწყოს  სამუშაოები. ღონისძიებების გატარება უნდა დაიწყოს სწრაფად და მნიშვნელოვანია, რომ არა რაიმე მარჩიელობიდან გამომდინარე. უნდა არსებობდეს ინფორმაცია, იმ კვლევისა და დაკვირვების შესახებ, რომელიც უკვე დაიდო.  ნებისმიერ  ასეთ სამუშაოს სჭირდება გათვლა და სწორად დაგეგმვა.

გაკეთდება წინაღობები, მოიჭრება ფერდის გარკვეული ნაწილები. მეწყრულ ადგილზე უსაფრთხო მისასვლელს გზების მოწყობა სჭირდება. სამუშაოები უნდა დაიწყოს ძალიან მალე“.-აღნიშნა ბალავაძემ „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები