LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ჭირვეულობის შეტევებს ბავშვებში – ფსიქოლოგი რუსო სამხარაძე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან

24
nana-facacia-7-rcheva

გადაცემის ლაივი LIVE

ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომლისთვისაც უცხოა ბავშვური ისტერიკა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უგრძნია თავი უხერხულად საზოგადოებაში ბავშვის ისტერიკული ქცევის გამო. განვითარების პროცესში მყოფი თითქმის ყველა ბავშვის ცხოვრებაში, როგორი დამჯერი და უპრობლემოც არ უნდა იყოს ის, დგება ბავშვური ბრაზის შეტევების პერიოდი. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი რუსო სამხარაძე.

როდის იწყება პირველი გარდატეხის პერიოდი?

ფსიქოლოგების აზრით, ბავშვებს პირველი გარდატეხის პერიოდი მცირეწლოვნობისას – 3-4 წლის ასაკში აქვთ. სწორედ ეს ასაკი მიიჩნევა ყველაზე კრიტიკულად, როცა ბავშვები ამა თუ იმ სურვილის მისაღწევად ხშირად მიმართავენ ისტერიკას.

ბრაზის შეტევები, ეგრეთ წოდებული „ტანტრუმი“, აღწერს ისეთ ქცევებს, როდესაც ბავშვი მძაფრად აპროტესტებს რაიმეს – ყვირის, ტირის, იქნევს ხელებს და ფეხებს, გაწვება იატაკზე. ამ დროს ჭირს ბავშვის დამშვიდება, გარდა იმ შემთხვევის თუ დავუკმაყოფილებთ სურვილს.
იმისთვის, რომ თავი გავართვათ ბავშვის ჭირვეულ გამოვლინებებს, უპირველესად საჭიროა, გავარკვიოთ მისი გამომწვევი მიზეზი.

ბავშვური ისტერიკის ძირითადი მიზეზებია:

გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის სურვილი – ხშირად ისტერიკა ბავშვისთვის საკუთარი ემოციების, გრძნობების გამოხატვის ერთადერთი ხერხია, განსაკუთრებით – ერთ წლამდე, ვინაიდან ამ პერიოდში მას არავითარი სხვა გზით არ შეუძლია უკმაყოფილების, დისკომფორტის, ტკივილის გამოხატვა. ამ ასაკის ბავშვი მეტისმეტად პატარაა იმისათვის, რომ სხვაგვარად მოახდინოს რეაგირება მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, ამიტომ ის ხშირად მიმართავს ისტერიკას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამოსდის კბილები, სტკივა მუცელი, თავი – ამ ყველაფერს ბავშვი საფრთხედ აღიქვამს და ტირის. ტირილით გამოხატული ემოციური რეაქცია ბავშვისთვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, რომ დისკომფორტის შესახებ გვამცნოს.

ნერვული სისტემის მოუმწიფებლობა – ხშირია შემთხვევა, როდესაც მეტყველებას დაუფლებული ბავშვი, რომელსაც უკვე სიტყვიერადაც შეუძლია თავისი ემოციების გამოხატვა, კვლავ ისტერიკას მიმართავს ამა თუ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს მეთოდი მისთვის ნაცნობია; გარდა ამისა, მისი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ უზრუნველყოს სტრესზე ნორმალური რეაქცია ან სხვაგვარად გამოხატოს შინაგანი განცდები.

ვითარების, გარემო პირობების შეცვლა – ნებისმიერი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოს სტაბილურობის შეგრძნება, რომელშიც არსებობა უწევს. ცხოვრების დადგენილი, უცვლელი წესები ბავშვს კეთილდღეობისა და დაცულობის განცდას უჩენს. ამიტომ გარემოში მომხდარი ცვლილებები (მეორე ბავშვის დაბადება, ბინის გამოცვლა, საბავშვო ბაღში შეყვანა, მშობლებთან დაშორება, მშობლების განქორწინება და სხვა) უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და, დიდი ალბათობით, შესაძლოა ისტერიკის მიზეზადაც იქცეს.

გადაღლა, შიმშილი, უძილობა, დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების სიუხვე – არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ისტერიკას იწვევს გადაღლა, ავადობა, გამოუძინებლობა, შიმშილი სტრესი, შიში ან დღის განმავლობაში ემოციებით გადატვირთვა.

უფროსების ქცევის კოპირება – თუ ბავშვი ხედავს, როგორ მართავს ოჯახის რომელიმე, მისთვის ავტორიტეტული წევრი ისტერიკას, სავსებით შესაძლებელია, ამ ქცევის კოპირება მოახდინოს. როდესაც პატარები ხშირად ხდებიან მშობლების მრისხანების მოწმეები, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ნორმაა.

მანიპულაცია – მანიპულირებას ისტერიკის საშუალებით ზოგი ბავშვი უფრო ადრეულ ასაკშიც ახერხებს . თუმცა 3 წლამდე ეს შედარებით იშვიათია, რადგან 2-3 წლის ასაკამდე, ბავშვის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნილება, როგორც წესი, დაუყონებლივ კმაყოფილდება. მშობლის პირველი უარი ბავშვისთვის ძნელი ასატანია, ამიტომ ის ყოველგვარ ხერხს იყენებს სასურველის მისაღებად და მიზნის მისაღწევად.

ზოგჯერ სიტყვა „არა“ ,რაიმეზე უარის თქმა ბავშვს ისტერიკაში აგდებს, დედა კი დასამშვიდებლად ყველა სურვილს უსრულებს და მის მოთხოვნებს ეთანხმება, ბავშვი ხვდება, რომ ისტერიკით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე სიტყვებით და ის მომავალშიც შეეცდება ამ ხერხის გამოყენებას, რაც ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მის პიროვნულ განვითარებაზე. სიტყვა „არა“ კარგავს მნიშვნელობას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას. რადგან ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა განისაზღვროს უფროსების მხრიდან რა არის დასაშვები და რა არა.

 

ბავშვის მხრიდან მანიპულაცია ხშირია მშობლების განქორწინების შემთხვევებში. როდესაც ბავშვი ეუბნება დედას, შენ თუ არ გამიკეთებ, გააკეთებს მამა ან პირიქით. ამ დროს მშობლები გაუცნობიერებლად ხდებიან მანიპულაციის ობიექტები.  მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვი იჩაგრება და ყველა სურვილს უსრულებენ. ამიტომ ასეთ დროს საჭიროა ემოციებს არ ავყვეთ. 

7 რჩევა რუსო სამხარაძისგან:
1. ბავშვების გაღიზიანებისა და ისტერიკის თავიდან ასაცილებლად,მშობლებმა პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ბავშვის დღის რეჟიმი იყოს დაცული.

2. მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს შორის იყო მკაფიო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რისი უფლება აქვს ბავშვს და რისი – არა; რა მოეთხოვება მას და რა – არა. ოჯახს სადაც იზრდება ბავშვი უნდა ქონდეს შემუშავებული წესები, რომელსაც იცავს ოჯახის ყველა წევრი, ასეთი სტაბილური, წინასწარმეტყველებადი გარემო ბავშვს თავს აგრძნობინებს უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ.

3.თანმიმდევრულობა, სტაბილურობა, არა ურთიერთგამომრიცხავი აღზრდის სტილი უნდა დაიცვან მშობლებმა იმისთვის რომ თავიანთი პატარას ემოციური ფონი უფრო მშვიდი და ქცევა უფრო მართვადი იყოს. მთავარია, ყველა წევრმა მისდიოს შეთანხმებას. თუკი ოჯახის ერთი წევრი რაიმეს უკრძალავს ბავშვს, მეორე კი ნებას რთავს, ეს მეტად არევს ბავშვის ქცევას და მხოლოდ უფროსებით მანიპულირების სწავლაში დაეხმარება.

4. წინაპირობების გათვალისწინება და გარემოს სტრუქტურირება ასაკის მიხედვით. მაგალითად, თუ ბავშვს სურს ისეთი ნივთის აღება, რაც საზიანოა, მარტივად შეგიძლიათ, მსგავსი ნივთები (მაგალითად, ბასრი საგნები) მოათავსოთ ისეთ ადგილას, რომ არ მოხვდეს მისი თვალთახედვის არეში. ან, მაგალითად, თუკი იცით, რომ ძილის წინ ბავშვთან ერთად ფიზიკურად აქტიურ თამაშებში ჩართვის შემდეგ ჭირს მისი დასაძინებლად მომზადება და რთულდება მისი ჩაძინების პროცესი, მსგავსი აქტივობების ნაცვლად, შესთავაზეთ ბავშვს სხვა, მეტად მშვიდი აქტივობა.

5. გადართვა, სხვა, უფრო საინტერესო შთაბეჭდილებაზე ყურადღების გადატანა – ეს ხერხი შედარებით კარგად მუშაობს ემოციური შეტევის დასაწყისში. ბავშვის ყურადღება საკმაოდ ლაბილურია და ის ადვილად გადაერთვება, მაგალითად, ბავშვის მიერ წამოწყებული მოთხოვნა (მივცეთ მაკრატელი) შეიძლება შეიცვალოს ლამაზი, ფერადი ან ხმოვანი სათამაშოს შეთავაზებით.
6. ისტერიკის და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად და პრევენციისთვის, ფსიქოლოგები მშობლებს ბავშვთან მეტი დროის გატარებას, მათთან ერთად აქტივობებში ჩართვასა და მათთან ერთად თამაშს ურჩევენ.

7. ემოციებისა და გრძნობების ეფექტიანდ გადმოცემის სწავლება – მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს იმ შეგრძნებების, გრძნობებისა და ემოციების ვერბალიზებაში, სიტყვებით გადმოცემაში, რომლებიც აწუხებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები