LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა დმანისში / როგორ გავხადოთ გზები უსაფრთხო/ როგორ უპასუხა ბიზნესმა პანდემიას? “Meliora 2020” – “კვირის თემის” პოდკასტი

12
kviris Tema 20.05.2021

რა პრობლემა გამოკვეთა დმანისში განვითარებულმა მოვლენებმა –  არსებობს თუ არა ადგილობრივების მორიგი დაპირისპირების საშიშროება ? – “კვირის თემის” სტუმარია გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი

 

მსოფლიო მასშტაბით, ყოველ 24 წამში 1 ადამიანი იღუპება  ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზით, სტატისტიკა სავალალოა საქართველოშიც  – როგორ გავხადოთ გზები უსაფრთხო? რა როლი აქვს პრობლემის გადაჭრაში მულტისექტორულ ჩართულობას – ისაუბრა რატი ზაუტაშვილმა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა

 

 როგორ უპასუხა ბიზნესმა პანდემიას მაშინ, როცა თავადაც ურთულესი პერიოდი ჰქონდა, რა ინიციატივები დასახელდა  „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020“- ის ფარგლებში ? გადაცემის სტუმარია ლელა ხოფერია – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR-ის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი

 

 

დმანისში განვითარებული მოვლენები გამოფხიზლებისთვის შესაძლოა, კარგიც იყოს, მიხვდნენ, რომ პრობლემა არსებობს: გიორგი კანაშვილი

 

რა პრობლემა გამოკვეთა დმანისში განვითარებულმა მოვლენებმა. გავიდა რამდენიმე დღე. შესაძლებელია,  ცივი გონებით შევაფასოთ მომხდარი. რას აგვარებს და რას ვერ აგვარებს სახელმწიფო ეთნიკური კონფლიქტის დროს.

თემაზე კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

 

 

„პრობლემა მრავალწახნაგოვანია. არავისთვის არის გასაკვირი, რომ საქართველო მულტირელიგიური და მულტიეთნიკური ქვეყანაა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 10 %- მდე ეთნიკური უმცირესობები არიან. არის რეგიონები, სადაც სხვადასხვა რელიგიური წარმოშობის ხალხს უწევთ ერთად ცხოვრება.

ეს სიჭრელე ობიექტურად სიმდიდრეა, მაგრამ თუ პროცესებს სწორედ არ წარვმართავთ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც და ზოგადად მსოფლიოშიც, ხშირად, სწორედ ეს ხდება ხოლმე დაპირისპირების საგანი.

ხელისუფლება ცდილობს, რომ ყოფით პრობლემამდე დაიყვანოს დმანისში მომხდარი, თუმცა, მგონი არ ღირს.

დიაგნოზის დასმა აუცილებელია. ეს არ იყო ისეთი პროცესი, რომელიც ჩვენ გვინახავს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ან ცხინვალის რეგიონში, სადაც ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოთხოვნებში ტრანსფორმირდა.

ძალიან რთულია იმის უარყოფა, რომ ამ კონფლიქტს ჰქონდა ეთნიკური შეფერილობა, იმიტომ რომ ყოფითი პრობლემისას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები არ მობილიზდებიან, რასაც დმანისში ჰქონდა ადგილი“. – ამბობს კანაშვილი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

სახელმწიფო გვეუბნება,  ნუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს ეთნიკურ დაპირისპირებაშიო, იგივე მოსაზრებას ავითარებს საპატრიარქო, ომბუსმენი გვეუბნება, რომ ყოფითი პრობლემის მიღმა უნდა ვეძებოთ რეალური მიზეზები  – სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი?

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ  არის ეთნიკური უმცირესობები სრულფასოვნად არ არიან წარმოდგენილი ფართო პოლიტიკურ ცხოვრებაში, სოციალურ ცხოვრებაში.  როგორც თვითონ ამბობენ, შესაბამისი განათლების მიღების პრობლემაა.

ხშირად უბრალოდ შესაძლებლობები არ ყოფნის სახელმწიფოს, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა ენა სათანადოდ აითვისონ. ეს ყველაფერი ერთად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს.

ამას ყველაფერს ემატება პოლიტიკური განზომილება. იგივე ქვემო ქართლში აქვთ ქართველბს განცდა, რომ წინა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იჩაგრებოდნენ და უფრო მეტი აქცენტი აზერბაიჯანელებზე კეთდებოდა, ვიდრე ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაზე. ახლა აზერბაიჯანელებს აქვთ განცდა, რომ ქართველები ბევრნი არიან, სახელმწიფო მათ უფრო უწევს ანგარიშს და ეთნიკურ აზერბაიჯენელებს ყურადღებას არ აქცევენ.

ჩვენნაირ საზოგადოებაში ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ხაზს უნდა უსვამდნენ იმას, რომ ასეთი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა.

 

 

ყველა ეროვნების წარმომადგენლი შეიძლება იყოს მინისტრის მოადგილეც, პარტიის თავმჯდომარეც და რომ მათ ქართველზე არანაკლებ კარგად შეუძლიათ იმუშაონ და ისაუბრონ კანონებზე. მგონი, მნიშვნელოვანია ამაზე აქცენტის გაკეთება და უკეთ წარმოდგენა ამ ხალხის.

ხშირად ვყოფილვარ ქვემო ქართლში. განსაკუთრებით გამკვირვებია ახალგაზრდები რა თაობა მოდის. პროგრამაში „ერთს პლიუს ოთხი“, (საკუთარ ენაზე  აბარებენ გამოცდას), ათასობთ ახალგაზრდა არის ჩართული. უამრავი ახალგაზრდაა უკვე, ვინც თბილისში ჩამოვიდა, ისწავლა.  ქართულად ლაპარაკობს, კონტაქტები გაუჩნდა და მეგობრები ჰყავს. ეს თვისობრივად ცვლის გარემოს.

ეს ხალხი სრულად არის უკვე მზად, რომ სრულად ჩაერთონ პროცესებში. ახლა პოლიტიკური ნებაა იმისთვის საჭირო, რომ ეს პროცესი სხვა ხარისხზე გადავიდეს.

ძალიან ცოტა რამაა გასაკეთებელი იმისთვის, რომ სიტუაცია შემობრუნდეს და იყოს უკეთესი“. – აღნიშნა გიორგი კანაშვილმა „კვირის თემასთან“.

 

რას აგვარებს და რას ვერ აგვარებს სახელწიფო

 

„არსებობს კონფლიქტის განმეორების შანსი. ეჭვი მეპარება, რომ ამით დასრულდეს ყველაფერი. რამაც შეიძლება დაგვამშვიდოს ამ შემთხვევაში ისაა, რომ მე ვერ ვხედავ, დაინტერესებას ვერც ადგილობრივ ქართველებსა და ვერც ადგილობრივ აზერბაიჯანელ მოსახლეს შორის, რომ ამ დაპირებას კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიეცეს. ამავე რეგიონში, ისეთ გარეაქტორებსაც ვერ ვხედავ, რომლებსაც  გავლენა აქვთ ამ ორ თემზე და აქვთ სურვილიც. შეიძლება ვიღაცეებს ჰქონდეს მათი შეჯახების სურვილი, მაგრამ დიდი გავლენა არ აქვთ. რეგიონში ყველაზე სერიოზული გავლენა თბილისსა და ბაქოს აქვთ და მგონია, რომ არც ერთ მათგანს არ აქვთ სურვილი, რომ კონფლიქტი გადაიზარდოს დიდ მასშტაბებში.  რუსეთს რომ ჰქონოდა დიდი გავლენა, ამის რეალიზებას მოახდენდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.

რუსეთს სადაც ჰქონდა რაიმეს გაფუჭების საშუალება, გააფუჭა.

ქართველების და არამხლოდ ქართველების შეცდომა ისაა, რომ ხშირად გვინდა ჩვენი პასუხისმგებლობა მოვიხსნათ და რუსეთს გადავაბრალოთ ხოლმე.

არა მგონია რუსეთის, ან სხვა ვინმეს ბრალი იყოს მომხდარი, რომ ვუყურებდი, რას  წერდნენ სოციალურ ქსელში.

მედიის როლიც დიდი იყო.  ადგილობრივები წერდნენ, რომ ძალიან გაზვიადებული იყო მომხდარი.

კავკასიაში ცნობილია, რომ ნაციონალიზმით დაავადებული ვართ და ყველა მხრიდან მოდის ეს აგრესია.

ამიტომ აუცილებელია პოზიტიური ნაბიჯების წამოწევა. სახელმწიფოს როლი ეს უნდა იყოს.

აზერბაიჯანელებს ძალიან ბევრი კარგი რამ აქვთ გაკეთებული საქართველოსთვის.  ერეკლე მეორეს აქტიურად ედგნენ გვერდში. პირველი რესპუბლიკის დროს დადებით როლს თამაშობნენ. სახელმწფო იმისთვის არის, რომ ეს ყველაფერი წამოწიოს და გადაიტანოს სახელმძღვანელოებში.

პრობლემის მოგვარების უმთავრესი როლი აქვს ხელისუფლებას.

დმანისში განვითარებული მოვლენები გამოფხიზლებისთვის შესაძლოა, კარგიც იყოს, მიხვდნენ, რომ პრობლემა არსებობს“. – ამბობს გიორგი კანაშვილი „ფორტუნასთან“.

 

 

 

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, ყოველ 24 წამში ერთი ადამიანი იღუპება – როგორ გავხადოთ გზები უსაფრთხო

 

17-დან 23 მაისამდე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეექვსე გლობალური კვირეული მიმდინარეობს. 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება ეს დღე და მისი გზავნილია – ქუჩებში სიცოცხლისთვის.

თემა კი ურბანულ გზებზე სიჩაქარის ლიმიტის შემცირებაა, რაც საკუთარ თავში ბევრად მწვანე და უსაფრთხო გარემოს გულისხმობს.

თბილისში გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა, მთავარი მოწოდებით – გავხადოთ გზები უსაფრთხო.

საქართველში ის პირველად ხორციელდება. თემაზე, თუ როგორ უნდა გავხადოთ გზები უსაფრთხო,  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან მიმართულების ხელმძღვანელმა, რატი ზაუტაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

 

 

„ ჩვნ ვუწევთ ფასილიტაციას როგორც სამოქალაქო სექტორს, ისე კერძო და სამთავრობო სექტორებს. გაეროს გლობალური შეთანხმება ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელშიც გაერთიანებულია 13 ათასზე მეტი ბიზნესი და 20 ათასი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, რომლის ინიცირებაც ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გააკეთა 2000 წელს და მას შემდეგ ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა.

2015 წელს გაერომ შეიმუშავა მდგრადი განვითარების დღის წესრიგი. განისაზღვრა მდგრადი განვითარების 17 მიზანი, მათში გაერთიანებულია 169 ამოცანა და ხშირ შემთხვევაში ეხეხება როგორც ადამიანების კეთილდღეობას, ისე ნებისმიერ პარტნიორული პროექტების განხორციელებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქსელი საქართველოს ხუთი მიმართულებაზე მუშაობს, ჩვენ შევჯერდით საგზაო უსაფრთხოების პროექტზე, რომელიც რამდენიმე ნაწილად დავყავით.

დღევანდელ შეხვედრაზე  სამოქალაქო სექტორი და ბიზნესის წარმომადგენლები გვყავდა მოწვეული, რომლებიც აქტიურად ოპერირებენ ჩვენს ყოველდღიურობაში.

იქნება ეს სადისტრიბუციო კომპანიები თუ მოპედების კომპანიები,  ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საგზაო უსაფრხოების სისტემა არის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.

ერთია, რა ხდება გლობალურად და მეორეა, რა სიტუაცია გვაქვს რეალურად ჩვენს ქვეყანაში.

ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებთ მილიონ სამასი ათასი ადამიანი იღუპება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო. ეს სტატისტიკურად რომ აღვიქვათ ნიშნავს, რომ 24 წამში ერთი ადამიანი იღუპება. რაც სამწუხარო რეალობაა.

რაც შეეხება საქართველოს, ეს გასულ წელს შეადგენდა 450 ადამიანს, მაშინ როდესაც 2019 წელს 481 იყო.

როდესაც გაერო შეჯერდა ამ სტატისტიკებზე, მათ შეიმუშავეს კონკრეტული გეგმა, რომელიც შეეხებოდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას და მიიღო რეზოლუცია გასულ წლის აგვისტოში, რომელსაც დაერქმა „მოქმედების ათწლეული“, ის 2021 წლიდან 2030 წლამდე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ასახავს.

პროგრამას აქვს ამბიციური მიზანი – ფატალური შემთხვევები შემცირდეს 50 %-ით“, – აღნიშნა რატი ზაუტაშვილმა.

 

როგორ შეგვიძლია შევამციროთ ფატალური შემთხვევები

 

„ვფიქრობთ, რომ  სახელმწიფოს როლი ამ საკითხების გადაჭრაში არ არის საკმარისი და აუცილებელია, რომ იმ სოციუმში, რომელშიც ბიზნესი და თითოეული ჩვენგანი ვართ  ჩართული, როდესაც გამოვდივართ სახლიდან მივდივართ თუნდაც იგივე ბიზნესთან, ვყიდულობთ საკვებს, ვიღებთ სერვისს. აუცილებელია, რომ ეს ბიზნესებმა გაითავისონ და მიიღონ კონკრეტული მონაწილეობა ამ პროექტში, რომ უფრო კონრეტულ შედეგებით ვიმსჯელოთ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სასერთიფიკატო მოდულზე, რომელიც სრულიად უფასოდ გაუზიარდება ბიზნესსექტორს. დღეს ძალიან კარგი უკუკავშირი წამოვიდა მათგან. მივიღეთ კარგი ინიციატივები და შემოთავაზებები. ბიზნესი მზადაა, რომ  დაატრენინგოს თავისი როგორც დასაქმებულები, ისე გაუზიაროს ეს დოკუმენტი ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს.

ეს მოდული შედგება საერთაშორისო გამოცდილებიდან. ლოკალური საჭოროებებიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ჩვეულ ჭრილში დავანახებთ საგზაო მოძრაობას, მორგებული იქნება ქართულ რეალობას“. – ამბობს რატი ზაუტაშვილი.

 

რამდენ ხანში შეიძლება დავინახოთ კონკრტული შედეგი

 

„ის ამბიციური გამოწვევა, რომელიც ფატალური შემთხვევების  50%-იან შემცირებას გულისხმობს, მიღწევადი იქნება, თუ ჩვენ ყოველწლიურ დინამიკაში 7% -ით შევამცირებთ იმ რაოდენობას, რომლებიც ყოველდღიურად იღუპებიან.

ეს პრობლემა დაძლევადია, თუ ყველა ჩვენგანი დავდგებით იმ ერთ ფურცელზე და ვიტყვით, რომ მნიშვნელოვანია ცნობიერება ამაღლდეს და საზოგადოებამ იცოდეს ქცევის წესები, ეს ხომ ჩვენს ყოველდღიურ პასუხიმგებლობაზე და ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც ბიზნესმა, ისე სამოქალაქო სექტორმა, სწორად მივიტანოთ ადამიანებთან სათქმელი, მათთვის გასაგები ტერმინოლოგიით მოხდეს ახსნა, რომ ეს არ იყოს რაღაც მოდული, რომელიც შეიძლება, ვერ გაიგოს ადამიანმა. ამასთან ერთად, დატრენინდგნენ მუნიციპალიტეტის მძღოლები, ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ დედაქალაქში“. – ამბობს რატი ზაუტაშვილი „კვირის თემასთან“ საუბარში.

 

 

 

 

პანდემიის პერიოდში ქართულმა კომპანიებმა სოციალური სოლიდარობის მისაბაძი მაგალითი აჩვენეს – „მელიორა 2020“-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

 

 

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „მელიორა 2020“-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ სირცეში გაიმართა. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა, კომპანიები იმ პროექტებისა თუ იცინიატივებისთვის დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში კორორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

„მელიორა“ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR-ის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლელა ხოფერიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა კორპორაციული პასუხისმგებლობის რა პროექტები განახორციელეს ამ პერიოდში ბიზნესის წარმომადგენლებმა. 

 

 

როგორ უპასუხა ბიზნესმა პანდემიას მაშინ, როცა თავადაც ურთულესი პერიოდი ჰქონდა

 

„მელიორა 2020“ ხორციელდება ევროკავშირისა და კონტრადადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რომ გახდეს ის დამოუკიდებელი, მდგრადი და გამჭვირვალე.

 

„კოვიდპანდემიამ მთელი მსოფლიო სირთულეების წინაშე დააყენა. ძალიან ბევრი კვლევა და ძალიან ბევრი მსჯელობა იყო იმ თემაზე, თუ როგორი არის ბიზნესის როლი და კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფუნქცია ახალ რეალობაში. დადასტურებული რეალობაა, რომ ახალ კრიზისულ სიტუაციაში კიდევ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა, მდგრადობა და ძალიან ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ის კომპანიები, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტით ხელმძღვანელობდნენ, ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ ამ კრიზისის წინაშე.

ქართულ კომპანიებს, მიუხედავად ურთულესი რეალობისა, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. დიდი ქვეყნების უმძლავრეს კორპორაციებსაც კი ძალიან გაუჭირდათ და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, ბევრად მეტი სირთულე იყო. ქართულმა კომპანიებმა სოციალური სოლიდარობის მაღალი და მისაბაძი მაგალითი აჩვენეს“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში  ლელა ხოფერია.

კითხვაზე, რა ამოცანები გადაჭრეს, კომპანიებმა კოვიდპანდემიის დროს, ლელა ხოფერია პასუხობს:

„წლევანდელი „მელიორა“, განსხვავებით წინა წლებისგან ეძღვნებოდა მხოლოდ კოვიდ-19 -ის კრიზისის საპასუხოდ განხორციელებულ პროექტებს.

ამიტომ გვქონდა მხოლოდ 4 კატეგორია.

  • კომპანიების მხრიდან თანამშრომლების მხარდაჭერა;
  • კომპანიების მხრიდან მომხმარებლებისა და მომწოდებლების მხარდაჭერა;
  • საზოგადოების მხარდაჭერა, როგორც მოწყვლადი ჯგუფების, ასევე საზოგადოების;
  • კომპანიების მხრიდან მცირე ბიზნესისა და განსაკუთრებით დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა;

თითოეულ კატეგორიაში შესაძლებელი იყო 2 კომპანიის გამოვლენა.

თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობის ინიციატივები გამოიხატებოდა ძირითადად იმაში, თუ როგორ ზრუნავდა კომპანია უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ შეენარჩუნებინა ყველა თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა.

ბევრმა კომპანიამ პროდუქციის ახალი ხაზიც კი შეიმუშავა, როდესაც გაჩერდა ის პროდუქცია, რომელიც აღარ იყო აქტუალურია.

ბევრი კომპანია გადავიდა ინტერნეტფორმატზე, შექმნეს ვირტუალური ოფისები. გარდა ამისა კომპანიები ზრუნავდნენ თავიანთი თანამშრომლების კეთილდღეობაზე. ვისაც მოუწია სახლში მუშაობა, იზრუნეს მათ მორალურ და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. ავადგამხდარი თანამშრომლებისთვის ფარავდნენ მკურნალობის ხარჯებს. როცა გაჩერდა ტრანსპორტი, თანამშრომლების ტრანსპორტირებას ახდენდნენ. კომპანიები ცდილობდნენ, თანამშრომლებს  სირთულეების გადალახვაში დახმარებოდნენ.

მცირე მეწარმეებს განსხვავებული პრობლემები ჰქონდათ. მაგრამ  ცდილობდნენ, მომხმარებლების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო, როდესაც ეპიდემია მძვინვარებდა და ახერხებდნენ, რომ მცირე მომწოდებლებისთვის შეექმნათ მოქნილი გრაფიკები, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემდა, რომ ამ ახალ რეალობაში არ გაჩერებულიყვნენ და გაეგრძელებინათ პროდუქციის მიწოდება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მოწყვლადი ჯგუფების, მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერა. ყველაფერი კეთდებოდა, რომ  ინტერნეტსწავლებაზე გადასულიყვნენ. მცირე კომპანიების მხარდაჭერა ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო“. – განაცხადა „კვირის თემაში“ სტუმრად ნინი ხუგაშვილთან.

 

„მელიორა 2020“-ის გამარჯვებულები გახდნენ

 

თანამშრომელთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია – BDO, პროექტი „ლავირება ახალ რეალობაში – BDO-ს ვირტუალური ოფისი“
  • გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია – ემბისი, პროექტი „თანაშრომელთა მხარდაჭერა COVID პანდემიის პერიოდში“

მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია – ჯიპიაი ჰოლდინგი, პროექტი „სრული სადაზღვევო მომსახურება ონლაინ“

საზოგადოების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია – საქართველოს ბანკი, პროექტი „განათლების მხარდაჭერა ონლაინ სწავლების პერიოდში“
  • გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია – ფეა თრიიზ, პროექტი „საზოგადოების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში“

მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია – ტერაბანკი, პროექტი „ტერაბანკი ბიზნესკლიენტების მხარდასაჭერად“
  • გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია – Onesoft, პროექტი „Onesoft მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები