LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემებია გამოსასწორებელი სკოლებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

44
tatia-makharashvil

გადაცემის ლაივი Live

მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში და მასწავლებლებთან კოორდინაცია აუცილებელია სკოლებში დღეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად. რა პრობლემებია დღეს სკოლებში და როგორ უნდა მოხდეს მათი გადაჭრა, გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თაია მახარაშვილი.

რატომ გახდა აუცილებელი მშობელთა სკოლის დაარსება?

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მიზნად ისახავს განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას მშობელთა შესაძლებლობების განვითარებისა და მათი ჩართულობის გაზრდის გზით. ბუნებრივია, სწორედ ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება „მშობელთა სკოლა“, რომლის კონცეფცია გასული წლის შემოდგომაზე შევიმუშავეთ.

ორგანიზაციამ შეიმუშავა 4-ნაწილიანი ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს სკოლაში ძალადობისა და ბულინგის შემთხვევაში მშობლის როლს, მშობელთა ჩართულობის მექანიზმებს სკოლაში, რა უფლებები და მოვალეობები აქვს მშობელს, და როგორია მშობელსა და სკოლას შორის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები.

თუ რისგან შედგება თითოეული ეს კომპონენტი, ამაზე ლაპარაკი ალბათ შორს წაგვიყვანს, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ზოგადად, რომ როგორც მოძალადის, ისე ძალადობის მსხვერპლის ქცევის შეცვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის და მშობლის ჩართულობას. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ის აგრესიისკენ მიდრეკილი მოსწავლეები, რომლებსაც ხშირად ესაუბრებიან მასწავლებლები ამ საკითხებზე, ასწავლიან კონფლიქტის გადაწყვეტის არაძალადობრივ გზებს და ხელს უწყობენ კლასში მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას, გუნდურობის განვითარებას, ადვილად ცვლიან ქცევას. თუ ამას ემატება ოჯახშიც ანალოგიური მიდგომა და მშობელი და მასწავლებელი თანხმდება პრობლემის გადაჭრის გზებზე, ეს იდეალური გამოსავალია. ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში, საჭიროა მან სკოლაშიც და ოჯახშიც იგრძნოს მზრუნველობა და მხარდაჭერა, უნდა იგრძნოს, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხს სერიოზულად ეკიდებიან უფროსები და სულაც არ ფიქრობენ, რომ ეს ბავშვური გართობაა. თუკი მშობლები და მასწავლებლები ძალადობის მსხვერპლსაც უხსნიან მოძალადის ქცევას და სთავაზობენ მასთან მშვიდობიანად გამკლავების გზებს, ასევე წააქეზებენ მის ამგვარ ქცევას, მაშინ დიდი შანსია, რომ მან არ მიიღოს გამოუსწორებელი ტრავმა და თანდათან დაძლიოს ეს პრობლემა.

რაც შეეხება მშობელთა ჩართულობის გზებს, ამისთვის არსებობს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში მონაწილეობის კარგი მაგალითები. ამ მხრივ უცხოეთში უფრო მრავალფეროვანი პრაქტიკაა. სკოლასთან იქმნება მშობელთა კლუბები, მშობელთა ერთობები, რომლებიც მასწავლებლებთან შეთანხმებით გეგმავენ არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობებს, მშობელთა კითხვის საათებს, მშობელთა პროფესიული არჩევანის შესახებ გაკვეთილებს, მშობელი, როგორც თანამასწავლებელი, ექსკურსიებში მშობელთა როლი მხოლოდ ხაჭაპურების და ქათმების მომარაგებით როდი შემოიფარგლება. ეს არის შესაძლებლობა, როცა ბავშვებს მშობლებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად, თავისუფალ გარემოში ასწავლონ მნიშვნელოვანი საგნები, განუვითარონ კომპეტენციები. ამ შემთხვევაში ორივე მხარე მოდელები არიან და ბავშვი მათგან არამარტო სხვადასხვა საკითხს სწავლობს, არამედ სოციალურ ნორმებს და კოოპერაციის პრინციპებსაც ეცნობა.

იმისათვის, რომ მშობელთა ჩართულობა სკოლაში ეფექტიანი იყოს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მშობელსა და სკოლას შორის კომუნიკაციის ფორმებს. პირველ რიგში ეს უმთავრესია ბავშვებში კომუნიკაციის ჯანსაღი და სწორი ფორმების გამომუშავებისთვის, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვების ქცევაზე და გადაწყვეტილებებზე ყველაზე ხშირად სწორედ სამი ჯგუფი ახდენს გავლენას: მშობლები, მასწავლებლები და თანატოლები. იმას, რაც ჯერ კიდევ არ იციან პატარებმა, სწავლობენ უფროსებისგან, შესაბამისად კომუნიკაციის ფორმები სწორედ ისაა, რასაც ძირითადად მასწავლებლებისა და მშობლების ქცევისა და გამოხატვის ფორმების მოდელირებით იმეცნებენ ბავშვები. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მათი ურთიერთობა თანამშრომლობაზე, კეთილმოსურნეობაზე და ურთიერთპატივისცემაზე იყოს დაფუძნებული. ამის გარეშე სასკოლო საზოგადოების განვითარებას შანსი არ აქვს. მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი ერთ მხარეს უნდა იდგნენ და ერთმანეთის მხარდაჭერით უკეთეს შედეგს და მეტ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე ურთიერთდაპირისპირებით.

რაც შეეხება სკოლასა და მშობელს შორის სამართლებრივ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს აქვს უფლებები და მოვალეობები. სკოლას აქვს უფლება, არადისკრიმინაციულად შეზღუდოს სკოლის ტერიტორიაზე მშობელთა და სხვა პირთა უფლებები, თუ ეს ხელს უშლის სკოლის საქმიანობის განხორციელებას ან საფრთხეს უქმნის წესრიგს, გარდა ამისა, აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნა, იმისათვის, რომ ბავშვი მის კედლებში ჯანსაღად ვითარდებოდეს და იღებდეს ხარისხიან განათლებას. რაც შეეხება მშობლის უფლებებს და მოვალეობებს, ყოველი მშობელი მოვალეა, იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვი ყოველ დილით მოწესრიგებული, ნამეცადინები გაუშვას სკოლაში, თვალყური ადევნოს, რომ ბავშვმა მოამზადოს გაკვეთილები, არ იყოს მშიერი, ხელი შეუწყოს მასწავლებლის სასწავლო სტრატეგიების განხორციელებას სახლის პირობებშიც. ამის პარალელურად, მშობელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი შვილის განათლებისთვის სათანადო პირობების შექმნა სკოლაში, როგორც განათლების ხარისხის, ისე სასკოლო გარემოსა და მასწავლებლების კვალიფიციურობისა და ღირებულებების მხრივ და სკოლის ადმინისტრაციაც ამ მოთხოვნებს შესაბამისად უნდა ეპასუხებოდეს. ეს ის მინიმუმია, რომლის დაცვა აუცილებელია ორივე მხრიდან.

რა შედეგები აჩვენა მშობლებთან შეხვედრებმა?

მშობელთა სკოლის ტრენინგები აქამდე უკვე ჩატარდა ხაშურში, თელავში, გორში, ახალციხესა და ზუგდიდში. როგორც ტრენინგებზე, ისე საინფორმაციო შეხვედრებზე და საკონსულტაციო სატელეფონო ხაზზე ძირითადად რამდენიმე პრობლემა იკვეთება რომელსაც მშობლები აფიქსირებენ: ძალადობრივი გარემო სკოლაში; ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმების დაცვის ხარვეზები; სწავლა-სწავლების მოძველებული მეთოდები. გარდა ამისა, იკვეთება, რომ მიუხედავად სიმრავლისა, მშობლები მაინც მარტონი არიან ამ პრობლემების წინაშე. როდესაც სკოლაში ამაზე საუბარს იწყებს ერთი ან ორი მშობელი, დანარჩენი ჩუმდება, რადგან ერიდება სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლების გაღიზიანებას. ამის გამო, საერთო საქმე, მოსწავლეები ინტერესი ზარალდება. ხშირად გაუგებარიცაა, რატომ არ სურს ადმინისტრაციას, მოუსმინოს მშობელს, მითუმეტეს, თუ ეს მშობელი მისაღები ფორმით გამოხატავს თავის აზრს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმ სკოლაში, სადაც სკოლის დირექტორი კარგი მენეჯერია და შეუძლია საზოგადოებასთან ურთიერთობა, მშობლებსაც, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ნაკლები პრობლემები აქვთ. ამიტომ, ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არამარტო მასწავლებლების კორპუსის გადახალისებასა და განვითარებაზე, არამედ სკოლის უკეთესი მენეჯერების შერჩევაზე და მათ მოტივირებაზე. ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებაც ცხადყოფს, რომ ყველა ასეთი დირექტორი არათუ მოდის თანამშრომლობაზე, არამედ თვითონაა ინიციატორი მივიდეთ სკოლაში და მშობლებს შევხვდეთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ დირექტორებს მშობლებთან თანამშრომლობის განვითარების ძალიან კარგი პოტენციალი აქვთ.

რა რჩება გამოსასწორებელი სკოლებში?

უამრავი რამ. დღეს რეალობა ასეთია:  სკოლა ვერ იძლევა ხარისხიან განათლებას და 21-ე საუკუნისთვის გამოსადეგ აუცილებელ უნარებს. მოსწავლეებს რეპეტიტორის გარეშე უჭირთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება; სკოლის ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელია, რითიც ბავშვს ერთმევა უფლება, განათლება მიიღოს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, ფსიქიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. ბავშვთა მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობა, ანტისანიტარია საპირფარეშოებში, ბუფეტის არქონა ან უხარისხო საკვები – ეს ჩვენი სკოლების ყოველდღიურობაა; იმის ნაცვლად, რომ მასწავლებლები მთლიანად გადართულები იყვნენ მათ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაზე, ფიქრი უწევთ როგორ გაუმკლავდნენ უმწვავეს სოციალურ ფონს და ყოველდღიურ პრობლემებს, მათი ანაზღაურება დაბალია, მათ კომპეტენციას კი ვერ შველის ტრენინგები; ამ ყველაფერს ხშირად ემატება ზოგადსაკაცობრიო, დემოკრატიული ღირებულებების დეფიციტი. რაც შეეხება კომპეტენტურ პედაგოგებს, თავსმოხვეული „რეფორმების“ და ცვლილებების გამო, მათ დრო არ რჩებათ, რომ მოსწავლეების საჭიროებებზე იფიქრონ;  დირექტორები ანგარიშვალდებულები არიან რესურს-ცენტრების, სამინისტროს, ხელისუფლებების და არა სამეურვეო საბჭოს, სასკოლო საზოგადოების, მშობლების და რაც მთავარია, მოსწავლეების წინაშე. მათი ანაზღაურება დიდად არ აღემატება მასწავლებლებისას, პასუხისმგებლობა კი უზღვავი აქვთ. პრობლემა ყველა მხარეს არის, თუმცა მისი ობიექტურად შეფასებისა და ერთიანი ძალისხმევით გამოსწორების ნაცვლად მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები ურთიერთბრალდებებით ვართ დაკავებული. ეს უნდა შეიცვალოს. აქეთ უნდა წავიდეს ყველას ძალისხმევა.

7 რჩევა თაია მახარაშვილისგან:

1. დადგენილია, რომ მშობლის და მასწავლებლის თანამშრომლობა, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზეც კი აისახება. იქონიეთ კონტაქტი მასწავლებელთან, თუნდაც ტელეფონით. თუ კვირაში ერთხელ ვერა, თვეში ერთხელ მაინც მიდის სკოლაში და შეხვდით შვილის მასწავლებლებს. მიიღეთ ინფორმაცია არამარტო მისი აკადემიური მოსწრების, არამედ გაკვეთილზე მისი ქცევის, აქტიურობის, ჩართულობის და კლასში ურთიერთობების შესახებ. თუ ბავშვს ქცევის უჩვეულო ცვლილება შენიშნეთ, აუცილებლად მოიკითხეთ ამის შესახებ კლასის დამრიგებელთან და ფრთხილად გაესაუბრეთ ბავშვსაც.

2. გაარკვიეთ, რა მეთოდების და სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით ასწავლიან თქვენს შვილს. ეცადეთ, ხელი შეუწყოთ მასწავლებლებს, რომ ბავშვმა სახლში ნაყოფიერად იმუშაოს. ესაუბრეთ შვილს გაკვეთილის ან დავალების შესახებ, დაინტერესდით რას აკეთებს, მიეცით რჩევა, რადგან მშობლის დაინტერესება ბავშვის მოტივაციის ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს.

3. ეცადეთ, თქვენი დახმარება გაკვეთილების მომზადებისას არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ რჩევებით და გაკვეთილის გამოკითხვით. შეუქმენით ბავშვს მეცადინეობისთვის საჭირო პირობები. თუ ზარმაცობს, ეცადეთ, მამოტივირებელი საუბრით და პრინციპულობით, თუმცა არა სიმკაცრით დაამარცხოთ მისი სიზარმაცე.

4. კვლევები აჩვენებს, რომ მასწავლებლის მიერ სისტემატურად განხორციელებული პრევენციული აქტივობები დადებითად აისახება საკლასო გარემოზე და მკვეთრად მცირდება ძალადობის რისკები. ამისათვის აუცილებელია, მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად გეგმავდნენ ასეთ აქტივობებს. ბავშვები სკოლაშიც და ოჯახშიც უნდა ხედავდნენ, რომ ძალადობა დაგმობილია და არა წახალისებული. თუ კლასში ყველა ბავშვის მშობელი და მასწავლებელი ასე მოიქცევა, ჩვენ ერთობლივი ძალებით შევამცირებთ ძალადობას. ამ პრობლემას ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ უთმობს სათანადო ყურადღებას.

5. გაითვალისწინეთ, რომ სკოლაში გარემოსა და მიდგომების შეცვლა დამოკიდებულია ადმინისტრაციის და მასწავლებლების ნებაზე, ამაში სკოლა თავისუფლებით სარგებლობს, ამიტომ, თუ წარმოიქმნება პრობლემა, არ მოერიდოთ მასზე საუბარს. მთავარია ბავშვი და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვა. გახსოვდეთ, რომ სკოლა მოკავშირედ უნდა აქციოთ და ეცადოთ, რომ კომუნიკაცია საკითხის გადაჭრაზე ორიენტირებული იყოს და არა ბრალდებებზე. ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე, მტკიცედ მოსთხოვეთ სკოლას პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრა.

6. რა ხდება მაშინ, თუ თანამშრომლობაზე არ მოდის არც მასწავლებელი და არც ადმინისტრაცია? – მიმართეთ განათლების სამინისტროს განცხადებით, რომელშიც დეტალურად აღწერთ პრობლემას და მასთან დაკავშირებით სკოლის უკუკავშირს. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზაციას „მშობლები განათლებისთვის“, სადაც გაგიწევენ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებიან სხვადასხვა წერილის თუ განცხადების შედგენაში და ჩაერთვებიან სკოლის დისციპლინური კომიტეტის თუ სამეურვეო საბჭოს ფარგლებში თქვენი საკითხის განხილვაში.

7. გჯეროდეთ, რომ მშობლების ერთიანობით ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. თუ მშობლები გაერთიანდებიან და გააქტიურდებიან, შესაძლებელი გახდება, უფრო მალე მივიღოთ უკეთესი ხარისხის განათლება და ჯანსაღი სასკოლო გარემო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები